თბილისის ავარიული შენობები

თბილისის ავარიული შენობები

რამდენად სახიფათოა თბილისში არსებული ავარიული შენობები მოსახლეობისთვის და რატომ ეშინიათ ყოველი დღის გათენებ? - ამ საკითხითქართული სიტყვა” 13 ივნისის ტრაგედიამდე დაინტერესდა და ავარიულ შენობებში მცხოვრები რამდენიმე ოჯახ მოინახულა, სადაც კატასტროფული მდგომარეობა დახვდა.

“ყველა ხელისუფლებას მივმართეთ, მაგრამ დახმარებას არავინ გვიწევს, არადა, ლამისაა, შენობა თავზე დაგვენგრეს. რაც თავი მახსოვს, ეს შენობა სულ წითელ ზონაშია მოქცეული. აქედან რამდენიმე ოჯახი ქირითაა გასული. აქ გაჩერება, პრაქტიკულად, შეუძლებელია - რემონტს აღარ ექვემდებარება. უნდა დაინგრეს და ახლიდან აშენდეს. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ინვესტორები არ არიან. თუ ინვესტორი გამოჩნდება, ბედნიერები ვიქნებით. გამგეობას რომ მივმართეთ, გვითხრეს, დაგიფინანსებთ, მაგრამ ინვესტორი თქვენ უნდა ნახოთო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ აქ 4 სართულიანზე მეტის აშენება არ შიძლება, არავინ მოდის - მოგება არ დარჩება, რადგან ორი სართული მაინც ჩვენ გვინდა.

ქირით გასვლა შემოგვთავაზეს, მაგრამ რა აზრი? - ქირის ფული, მაქსიმუმ, 2 წელი გადაგვიხადონ. ორი წლის მერე რა უნდა ვქნათ? ისევ აქ უნდა მოვიდეთ. ამიტომ წასვლაში გამოსავალს ვერ ვხედავთ..

ოჯახში ოთხნი ვართ. ამჟამად, მხოლოდ ჩემი ვაჟი მუშაობს. აქამდე, გოგონაც მუშაობდა, ხელფასი 250 ლარი ჰქონდა, მაგრამ ახლა უმუშევარია. იმის საშუალება არ გვაქვს, რომ გავიდეთ და სხვაგან ვიცხოვროთ”, - ამბობს მეტროსადგურ “300 არაგველის” მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები.

“ქართული სიტყვა” თბილისის მერიას დაუკავშირდა და შეეცადა, გაერკვია, თუ რა ელის ავარიულ შენობებს. როგორც გაირკვა, ამჟამად თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური  43 ავარიული შენობის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოებს ახორციელებს. უკვე დაასრულა 13 ავარიული შენობის გამაგრება-გაძლიერება. ასევე, მიმდინარეობს 26 ავარიული შენობის გამაგრება-გაძლიერების საპროექტო სამუშაოები.

რაც შეეხება გამგეობებში მიმდინარე პროექტებს:

დიდუბის რაიონის გამგეობამ 2014 წლიდან დღემდე 16 ავარიული შენობის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები ჩაატარა. ამჟამად კი, 4 შენობის გამაგრება მიმდინარეობს.

ვაკის რაიონის გამგეობას დაწყებული აქვს პროექტირების სამუშაოები 4 ავარიული შენობის გამაგრებაზე. გარდა ამისა, წლის ბოლომდე 10 ავარიული შენობის გამაგრებას გეგმავს.

გლდანის რაიონის გამგეობამ 2014-ის აგვისტოდან დღემდე სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია 12 კორპუსს ჩაუტარა.

სამგორის რაიონში 2014 წელს 3 ავარიული სახლი გამაგრდა. 2015 წლის ბოლომდე კი, 2 ავარიული შენობის გამაგრების სამუშაოები დასრულდება;

ისნის რაიონში 2014 წლიდან დღემდე 16 ავარიული შენობა გამაგრდა. წლის ბოლომდე იგეგმება 3-4 ავარიული კორპუსის გამაგრება.

კრწანისის რაიონის გამგეობამ, 2014 წელს, კაპიტალურად გაამაგრა ერთი საცხოვრებელი სახლი საიათნოვას 19 ნომერში. წელს იგეგმება 7 სახლის გამაგრება (პუშკინის 11, ეფრემ მცირის 6, ასათიანის 20, ლესელიძის I ჩიხი 4, რუსთავის გზატკეცილი 10, რუსთავის გზატკეცილი 12, საიათნოვას 20)

ჩუღურეთის რაიონში 2014 წელს 61 ავარიული სახლი გამაგრდა.  2015 წლის იანვრიდან დღემდე გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები 43 სახლს ჩაუტარდა (აქედან 14 სახლის გამაგრება დასრულებულია, 29 სახლის კი, - მიმდინარეობს). წლის ბოლომდე კიდევ 10 სახლი გამაგრდება.

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ 2014 წლიდან დღემდე სულ 39 ავარიული შენობა გაამაგრა. წლის ბოლომდე გამაგრდება 13 შენობა, საიდანაც 3 მიმდინარეა.

“თბილისის განვითარების ფონდი 2014-2015 წლებში 33 ავარიული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.

ავარიული შენობის გამაგრებისას ფონდი იღებს ვალდებულებას და სამუშაოების დასრულებამდე საკუთარი ხარჯებით გაჰყავს ოჯახები ქირით.

ავარიული სახლების გამაგრების მიმართულებით მნიშვნელოვანია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აქტიურობა. გამგეობებს მჭიდრო კომუნიკაცია აქვთ ამხანაგობებთან. არსებობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანადაფინანსების პროგრამა, რომელიც სახლების გამაგრებით სამუშაოებსაც ითვალისწინებს. 100%-დან 90%-ს აფინანსებს გამგეობა, ხოლო 10%-ს საკუთარი ხარჯებით ამხანაგობა ფარავს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ავარიული ბინების გამაგრება ამხანაგობის მიმართვის საფუძველზე ხორციელდება”, - ნათქვამია მერიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.