საშიშია თუ არა ვაკის სასაფლაოდან გავრცელებული გვამური შხამები. მაია ნიკოლეიშვილის შოკისმომგვრელი ინტერვიუ

საშიშია თუ არა ვაკის სასაფლაოდან გავრცელებული გვამური შხამები. მაია ნიკოლეიშვილის შოკისმომგვრელი ინტერვიუ

დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილიქართულ სიტყვასთან“ 13 ივნისის სტიქიისას წალეკილი ვაკის სასაფლაოდან ამოსულ უარყოფით ენერგიასა და მომწამვლელ ნივთიერებებზე საუბრობს. რა არის .. გვამური შხამი, რომელიც წყალმა, საფლავებთან ერთად, სხვადასხვა ტერიტორიაზე მიმოფანტა და ჩარეცხა, როგორი აურა აქვს სასაფლაოს, რეალურად არსებობენ თუ არა და რატომ გვეშინია სულების? - ყველა ამ შეკითხვაზე პასუხს წინამდებარე ინტერვიუდან მიიღებთ.

მაია ნიკოლეიშვილი: - არ ვიცი, თბილისში საფლავებთან დაკავშირებით რა ნორმები არსებობს, მაგრამ ვიცი, რომ ეკატერინე მეორეს განკარგულება ჰქონდა გაცემული, გზა, რომელიც უნდა გაევლო, სასაფლაოსთან არ უნდა ყოფილიყო. სხვათა შორის, სპეციალობის მიუხედავად, ჩემთვის ყოველთვის უსიამოვნოა გზა, რომელიც სასაფლაოსთან გადის და რაღაცნაირ დისკომფორტს მიქმნის. ასე რომ, ყოველდღიური მიმოსვლისას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ სასაფლაოსთან არ გავიარო.

- რატომ, უარყოფით აურას გრძნობთ? მე, მაგალითად, საერთოდ ვერაფერს ვგრძნობ...

- არ ვიცი... ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს. უფრო სწორად, ეს რაღაც სხვაა... ვერაფრით შევძლებდი ისეთ ადგილას ცხოვრებას, სადაც სასაფლაოს გავლა მომიწევდა... ჩემი შვილი სკოლაში ბაგებში დადიოდა. ხშირად მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, ბავშვს სიცხე აქვსო. შინ რომ მომყავდა, სიცხე უქრებოდა... არადა, არ იტყუებოდა, მართლა ჰქონდა და როცა იმ ადგილს გამოვარიდებდი, სიცხე თავისით უკლებდა. სკოლასთან სასაფლაო იყო.... სკოლა რომ შევცვალეთ, მსგავსი აღარაფერი განმეორებულა. მაშინ ისეთი პატარა იყო, რომ გამორიცხულია, გაცნობიერებული ჰქონოდა, თუ რა იყო სასაფლაო. ეს რაღაც შიგნიდან მოდიოდა...

- სასაფლაოს ყოველთვის აქვს აურა, რომელსაც ზოგი განსაკუთრებულად გრძნობს და უფრთხის... ასეა, არა?

- ტრადიციული მართლმადიდებელი ვარ, ანუ ქრისტიანობაც ისევე ტრადიციულად მივიღე, როგორც ქართველობა, თუმცა ღმერთმა მაპატიოს, ისეთი ეკლესიური ვერ ვარ, როგორსაც ვისურვებდი, ვყოფილიყავი... რწმენასთან ჩემი სპეციალობით მივედი... მახსოვს, როცა ლენინგრადში ვმუშაობდი, ჯვარი მეკეთა, მიჩანდა და კათედრის გამგემ მთხოვა...

- მოიხსენიო?

- არა, ისიც მორწმუნე იყო და ჩუმად მთხოვა, მართლმადიდებლურად, ჯვარი არ უნდა ჩანდეს, განსაკუთრებით, იმ გარემოში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ამიტომ დამალულად ატარეო. მაშინ, კომუნისტური პარტია ბოლო წლებს ითვლიდა, თუმცა მაინც არსებობდა და არ შეიძლებოდა, კათედრის თანამშრომელს ჯვარი ეტარებინა...

- ქალბატონო მაია, რწმენა რა არის?

- როგორც გითხარით, რწმენამდე ჩემი პროფესიით მივედი... ჩემთვის, როგორც ყველა მოკვდავისთვის, ადამიანის მოკვდავობის საკითხი მძიმეა. აქედან გამომდინარე, რწმენა, მართლმადიდებლობა ჩემთვის კომფორტულია, რადგან სულის უკვდავობას აღიარებს. დიახ, რწმენა სულის უკვდავობაა. რწმენა, რომელიც სულის უკვდავობას არ აღიარებს, ტრადიციულადაც რომ მიმეღო, ალბათ, შევიცვლიდი.

სხეული სულის ტანსაცმელია. ეს ისაა, რასაც ჩემი პროფესიით ვხედავ, ისაა, სადამდეც ჩემი პრაქტიკით მივედი და მერე გავიგე, რომ ეკლესიაც, თურმე, იმავეს ამბობს. მაშინ ამდენი არ ვიცოდი, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ სული სხვა იყო... მისდამი რაღაც მოწიწებას განვიცდი, მაგრამ სხეული მხოლოდ დროებითი სამყოფელია და მეტი არაფერი, ოღონდ სულისთვის სხეული, რა თქმა უნდა, სულერთი არაა!

სხვათა შორის, თავის დროზე სასაფლაოების შემოღობვა ორგანიზებულობის მაჩვენებელი იყო. ეკატერინე დიდმა კი ასეთი ნორმა დააწესა: ქალაქის საზღვრიდან 100 საჟენზე ახლოს სასაფლაო არ უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პროფესიის მესამედი გვამების ექსპერტიზაა, ქალაქში სასაფლაო ჩემთვის სერიოზული დისკომფორტია. ჩემთვის სასაფლაოზე მისვლა რაღაც სხვა რიტუალია...

- ამ დროს ხომ არ გგონიათ ხოლმე, რომ მიცვალებულები გიყურებენ?

- არა, უბრალოდ, ვიცი, რომ იქ ძალიან ბევრი სულის ტანისამოსია თავმოყრილი. ადამიანის სული უკვდავია და მის მიმართ უფრო მეტი მოწიწება მაქვს, ვიდრე - სხეულის.

ერთი ამბავი გამახსენდა და გიამბობთ: მაშინ მეათე კლასში ვიყავი, სკოლაში ტროლეიბუსით დავდიოდი, რომელსაც “დანიშნულების ადგილამდე” მისასვლელად, დაახლოებით, 40 წუთი სჭირდებოდა. სკოლა საბურთალოზე იყო... მხოლოდ ახლა კი არა, მაშინაც იშვიათად ნახავდით ადამიანს, რომელიც გზაში წიგნს კითხულობდა. კითხვა მიყვარდა და მერჩივნა, ეს 40 წუთი კითხვაში გამეტარებინა. მახსოვს, იმ დღეს „შაჰნამეს“ ვკითხულობდი და ისე ვიყავი ჩაფლული, რომ ორი ტროლეიბუსიდან, რომლიდანაც ერთი საბურთალოზე, ჩემს სკოლასთან, მეორე კი, ბაგებში მიდიოდა, ბაგების ტროლეიბუსში ჩავჯექი და... ასე, კითხვა-კითხვით, ვაკის სასაფლაოზე მივედი... არადა, წარმოუდგენელი იყო - სასაფლაოზე მარტო, თან ჩემი ნებით გამევლო...

- სასაფლაოზე უცნობმა ძალამ, ან შინაგანმა ხმამ ხომ არ მიგიყვანათ?

- არ ვიცი... შეიძლება, კითხვამ შემიტყუა, თორემ მარტო ვიყავი და, ალბათ, ვაცნობიერებდი, რასაც ვაკეთებდი. გზა გავაგრძელე, ცენტრალური ბილიკიდან გადავუხვიე და რომელიღაც საფლავთან მივედი... ჩამოვჯექი და კითხვა განვაგრძე. დღესაც ვერ ვხვდები, ასე როგორ გამიტაცა, მაგრამ როცა კითხვა დავასრულე და თავი ავწიე... საფლავზე ჩემი გვარი დავინახე: თურმე, ჩემდა უნებურად, ჩემი მოგვარის საფლავთან მივსულვარ. როგორც ჩანს, მიტოვებული იყო...

- გამოიქეცით?

- არა, ჩვეულებრივი ნაბიჯებით წამოვედი. სხვათა შორის, მაშინ არ შემშინებია - სხვა დროს სასაფლაოზე მარტო ვერც მივიდოდი, მაგრამ იმ დღეს და იმ წამს არ შემშინებია... შიში არ მქონდა, რადგან იქ მისმა სულმა მიმიყვანა. რამდენიმე დღის შემდეგ, მეგობრებს ვთხოვე, წამომყოლოდნენ და ყვავილებით წავედით, თუმცა ის საფლავი ვეღარ ვიპოვეთ...

- საფლავი გაქრა? - ამის თქმა ხომ ძალიან მისტიკური!

- როგორც ჩანს, ცენტრალური გზიდან საკმაოდ ბევრი ვიარე და მეორედ ვეღარ მივაგენი, თორემ არ გაქრებოდა, იქნებოდა. მაშინაც მეგონა და ახლაც მგონია, რომ იმ ადამიანის სულს, უბრალოდ, უნდოდა, მის საფლავზე ფეხი მოგვარეს დაედგა. სხვანაირად როგორ უნდა ავხსნა?

- 13 ივნისის მერე, რაც წყალმა წალეკა, ვაკის სასაფლაოზე ყოფილხართ?

- არა, არ მივსულვარ და ეს ჩემთვის საკმაოდ მძიმე თემაა. იცით, რა არის საინტერესო? - მას მერე, როცა ვირწმუნე, რომ სული არსებობს, აღარ შემშინებია. მაშინ, როცა თბილისში დენი არ იყო, სასექციოში, სადაც უამრავი გვამია, ფანრით არაერთხელ შევსულვარ და არ შემშინებია, მაგრამ რომ მითხრათ, ღამით რომელიმე სოფელში მარტომ გაიარეო, გამორიცხულია, ვერ გავივლი. ცხონებული თამარ დეკანოსიძე ამბობდა ხოლმე, მიცვალებულის არ უნდა გეშინოდეს, საშიში ცოცხალიაო.

- ქალბატონო მაია, ახლა, წყლისგან წალეკილ ვაკის სასაფლოზე რომ ახვდეთ, როგორ გგონიათ, რას იგრძნობთ?

- ვერ ავალ, რადგან მტკივნეული შეგრძნება მექნება.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ისინი ვერ დაიცვეს და საკადრისად ვერ მოუარეს!

- ამის გამო დამნაშავედ თავს თქვენც გრძნობთ?

- არა, ჩემს თავს არ დავაბრალებ... უბრალოდ, უსიამოვნო იქნება... თითქოს ვერ გაუფრთხილდნენ... არ მივალ. ჩემი აზრით, როგორც ცოცხალს, ასევე, იმ საძვალეს სჭირდება გაფრთხილება. წინაპრების საფლავებისა თუ ბიუსტების შექმნით მათ უკვდავვყოფთ! სინამდვილეში კი, ამას ჩვენს თავს ვუკეთებთ, ჩვენვე გვჭირდება და... როცა ეს ირღვევა, ჩემთვის ძალიან მძიმეა, თორემ მიცვალებულის სულისთვის, შეიძლება, არაფერს ნიშნავს. ყველაფერი, რაც მოხდა, ალბათ, იმის სიმბოლოა, რომ ის, რაც შეგვეძლო, არ გავაკეთეთ! მიცვალებულის მდინარის პირას დაკრძალვა არ შეიძლება. აი, სოფელში, ასე სადმე გინახავთ? პირიქით, სასაფლაო ყოველთვის ბორცვზე, ან ამაღლებულ ადგილასაა. ესეც ერთგვარი პატივისცემა და მოწიწებაა.

- პატივისცემაა, მიუხედავად იმისა, მიცვალებულები ამას ხედავენ თუ არა?

- რა თქმა უნდა. ჩვენ ხომ ვხედავთ? ხომ გითხარით, ეს ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე - მათ. იმისათვის, რომ სულს მიეხმაროს, ადამიანი ძალიან მცირეა. გარდაცვლილთა სხეულებისა და საფლავის პატივისცემა, ისევ და ისევ, ჩვენი სიმშვიდის გარანტიაა - ამ რიტუალით სულს და მის უკვდავებას ვაღიარებთ.

რატომღაც ფიქრობენ, რომ ვაკეში დაკრძალვა პრესტიჟულია. ეს რა აბსურდია, არ მესმის?! კარგი, ვაკეში ცხოვრება შეიძლება, პრესტიჟული იყოს, თუმცა ჩემთვის პრესტიჟულიც და სასურველიც იმიტომაა, რომ აქ დავიბადე და ჩემი პატარა ნაბიჯებიდან მოყოლებული, აქ დავდივარ. რადგან ვაკის სასაფლაო ჰქვია, ვიღაცისთვის იქ დაკრძალვა პრესტიჟულია, თუნდაც მდინარის პირას... ეს უკვე სრული სიგიჟეა. ღმერთო, მაპატიე, ვაკის სასაფლაოზე ადგილებს ჰყიდიან და უკვე ბიზნესად იქცა!

- ქალბატონო მაია, გვამურ შხამზე, .. კადავერინზე რას იტყვით?

- მიცვალებულების დამარხვა იმიტომ დაიწყეს, რომ ისეთი ინფექციური დაავადებები, როგორიცაა ქოლერა, მალარია და ასე შემდეგ, არ გავრცელებულიყო. ადრე არ თვლიდნენ, რომ გვამს რაიმე შხამი და მომწამვლელი ნივთიერება ჰქონდა. ძველი ეგვიპტელები ფარაონებს ბალზამირებას უკეთებდნენ და ეს ზუსტად სულის უკვდავების რიტუალი გახლდათ. მაშინ მიიჩნევდნენ, რომ თუ სხეული კარგად იყო შენახული, სული არ დატოვებდა. აბორიგენების ტომები კი, მიცვალებულებს ჭამდნენ და ფიქრობდნენ, რომ ამით გარდაცვლილებს პატივს სცემდნენ. ევროპულ, ანუ შედარებით ცივილიზებულ საზოგადოებაში არსებობდა მოსაზრება, რომ გვამს ჰქონდა შხამი - კადავერინი. სინამდვილეში, კადავერინი, როგორც რაღაც საშინელება, არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ჩვეულებრივი, ცხოველური ცილების ლპობის პროდუქტი - პტომაინები. ეს ორგანული შხამი, იგივე ბიოგენური ამინებია, რომელიც ორგანიზმში ბაქტერიების ზემოქმედების შედეგად, ნამდვილად ტოქსიკური ხდება, თუმცა თუ სისხლში არ მოხვდა, სახიფათო არაა. ძალიან ტოქსიკურია პუტრესცინიც, კადავერინი, ასევე, ნეირინი - შედარებით ნაკლებად. ეს სამივე ნივთიერება ნებისმიერი ცილოვანი ორგანიზმის, თუნდაც თევზის ლპობის შედეგადაც წარმოიქმნება და მთავარია, სისხლში არ მოხვდეს... ამიტომ ვაქცევთ პროდუქტის შენახვის ვადას დიდ ყურადღებას. ერთი პათანატომიც კი, რომელსაც შეხება მიცვალებულებთან აქვს, „გვამური შხამით“ ჯერ არ გარდაცვლილა.

სიცოცხლე ხომ ცილოვან სხეულში არსებობის წესია...

- “გვამური შხამიადამიანის გარდაცვალების შემდეგ სად მიდის - ორთქლდება, რამეს ერევა, საფლავში გროვდება თუ..?

- არსად მიდის, იქ არის.

- თუ ასეა, წყალი, საფლავები რომ წალეკა, გვამურ შხამსასხვადასხვა ტერიტორიაზე გადაიტანდა...

- ცხოველების დაკრძალვის შემდეგაც იგივე პროცესები მიდის. ამიტომ, ცხოველებს, როგორც ვიცი, სპეციალურად გამოყოფილ ბეტონისძირიან ორმოებში მარხავენ, რომ ბიოლოგიური ნარჩენები სხვაგან არ გავრცელდეს. ასე რომ, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ საფლავების ჩარეცხვა „გვამური შხამების“ გავრცელებას, ალბათ, გამოიწვევდა. რაც მოხდა, ნეგატიური და ძალიან ცუდია იმიტომ, რომ ჩვენს კულტს და ტრადიციას ვერ მოუარეს - საფლავებს ადგილი ვერ შეურჩიეს და ჩაირეცხა... სანეპიდსადგურს ეცოდინება, თუ რა შეიძლება ამას მოჰყვეს. რომ გითხრათ, ადამიანის ჯანმრთელობისთვის კატასტროფული შედეგი ექნება-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ... ჩემთვის პრობლემის ის მხარე უფრო მნიშვნელოვანია, რომ არ შეიძლებოდა, იქ სასაფლაო ყოფილიყო...

- ქართველებს ლეგენდები გვიყვარს, მით უმეტეს, თუკი ლეგენდა სიკვდილს ეხება. მსმენია, დასაფლავებიდან მეორე თუ მესამე დღეს საფლავიდან მწვანე კვამლი ამოდისო...

- სხვათა შორის, ერთ იაპონელ პარაფსიქოლოგს ვიცნობდი, რომელიც სიკვდილს იკვლევდა და რომელმაც შავ-თეთრი სურათები მაჩვენა - გასვენება იყო აღბეჭდილი და, ასევე, ჩანდა ლაქა, რომელიც გარდაცვლილის სულად აღიქმება. ეს ფოტომონტაჟი არ იყო და არც - მხოლოდ ერთი შემთხვევა! ასეთი ბევრი ფოტო ჰქონდა... სასექციოში გადაღებული რამდენიმე ე.წ. შემთხვევითი ფოტო მეც მქონდა, რომელზეც ჩანდა, როგორ ვზივარ დაღლილი და ჩემს გვერდით რაღაცაა გამოსახული, დაახლოებით, ისეთი ბურთისებრი ლაქა, რომელიც იმ ქალის ნაჩვენებ ფოტოზე ვნახე... ამას ხშირად არტეფაქტს, ფირის შეცდომას ეძახიან, მაგრამ ფოტომოყვარული ვარ, უამრავი ფოტო გადამიღია და იმ ადგილებში, რომლებიც სიკვდილთანაა დაკავშირებული, ასეთი ლაქები ყოველთვის მინახავს. კარგი, დავუშვათ არტეფაქტია, მაგრამ რაღა მაინცდამიანც ასეთ ადგილებში?

იაპონელი პარაფსიქოლოგი მიცვალებულის სხეულის გარშემო სიმკვრივეს ზომავდა და აღმოაჩინა, რომ გარდაცვალებიდან მესამე დღეს სიმკვრივე იცვლება. მისი თქმით, ეს არის დრო, როცა სული სხეულს ტოვებს. ამბობენ, რომ შავ-თეთრ ფირზე უშუალოდ სულის ამოსვლის პროცესიც ფიქსირდება.

- მწვანე კვამლზე არაფერი გსმენიათ?

- კი, მსმენია და ამბობენ, ადამიანის ძვალში არსებული ფოსფორიაო, მაგრამ... ღამით სასაფლაოზე არასდროს ვყოფილვარ, თუმცა სასექციოში სრულ სიბნელეშიც შევსულვარ და მსგავსი არაფერი მინახავს.

უჯრედულ დონეზე ცხოველმყოფელობა რაღაც პერიოდის განმავლობაში მაინც გრძელდება და სიკვდილიც იმწამსვე, როცა გული ჩერდება, არ მოდის. უჯრედებში პროცესები ისევ მიდის და შეიძლება, სისხლნაჟღენთებიც წარმოიშვას... ყოფნა-არყოფნას შორის რაღაც კონკრეტული, ხილული საზღვარი არ არსებობს.

- წეღან თქვით, ადამიანებს სასაფლაობის ეშინიათ, მაგრამ ისეთებიც ხომ არიან, რომელთაც საერთოდ არ ეშინია?

- დიახ, არიან ადამიანები, რომელთაც არ ეშინიათ. ასეთები, უფრო მეტად, ალბათ, პოეტები და შემოქმედებითი ადამიანები არიან, რომლებიც სასაფლაოზე სიმშვიდეს პოულობენ. ჩემი პროფესიის მიუხედავად, სასაფლაო სიმშვიდეს ვერ მომიტანს. ვიცი, რომ იქ სიმშვიდეა, მაგრამ ჩემთვის - არა. როგორც ეკლესიაში, იქაც ისეთივე მოწიწებით მივდივარ, მაგრამ ყოველთვის შეზღუდული ვარ.

ძალიან მენანება ის ადამიანები, ვინც 13 ივნისს დაიღუპნენ და ის საძვალეებიც, რომლებიც წყალმა ჩარეცხა. კუკიის სასაფლაოც ცუდ ადგილზეა, ბებიაჩემისა და ბაბუაჩემის საფლავებიც ადრე ასე დაიკარგა.

- ისე, კუკიის სასაფლაოს უამრავი მისტიკური ამბავი უკავშირდება...

- ეს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია: ადამიანებს სასაფლაოს შიში და მოწიწება ერთდროულად აქვთ.

- ადამიანებს სასაფლაოსი სიკვდილის შიშიდან გამომდინარე ეშინიათ?

- რა თქმა უნდა. გინახავთ ადამიანი, რომელსაც სიკვდილის არ ეშინია? შეიძლება, თქვას, არ მეშინიაო და სიკვდილის შიში გარკვეულწილად განდევნოს, მაგრამ ქვეცნობიერში მაინც დარჩება. მერე რა? - ადამიანები ვართ და უნდა ვაღიაროთ, რომ სიკვდილის გვეშინია. ამით არაფერი შავდება.

ერთხელ, ერთ-ერთ საქმეში მუქარას წავაწყდი. საერთოდ, როცა რაღაცას აკეთებ, ყოველთვის ორი მხარეა და გამორიცხულია, შედეგი ორივეს ესიამოვნოს. ჰოდა, ერთ-ერთი მხარე საუბრისას შემოვლით, მაგრამ სიკვდილით მემუქრებოდა. არასდროს, როცა პირადად მე მემუქრებიან, არ შემშინებია, მაგრამ ღმერთმა ყველა დაიფაროს, ოჯახის წევრებზე დამუქრება საშინელებაა... ჰოდა, მივუგე, მემუქრები და გაინტერესებს, შემეშინდება თუ არა. მაჩვენე ერთი ადამიანი მაინც, რომელიც აქ სამუდამოდ დარჩება და წასვლა არ მოუწევს, თუ მაჩვენებ, გპირდები, შემეშინდება-მეთქი...

მეცნიერების კორიფე ვლადიმირ ბეხტერევმა ადამიანის ტვინი გამოიკვლია და თქვა: გილოცავთ, ბატონებო, სიკვდილი არ არსებობს! ის სწორედ მეცნიერულად მივიდა სულის უკვდავობამდე და მეცნიერულად დაამტკიცა, რომ სული უკვდავია. მაშინ ძალიან მძიმე საბჭოთა პერიოდი იყო და, მოგეხსენებათ, ამაზე ლაპარაკი არ შეიძლებოდა. ყველაფერი ეს ახლახან გახდა ცნობილი...

- გამოდის, რომ მეცნიერება და რელიგია, რომლებიც გამუდმებით ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდნენ, ახლა შეერთდნენ და სულის უკვდავებას ერთხმად აღიარებენ?

- თქვენ წარმოიდგინეთ, სულის უკვდავებამდე სწორედ ის ადამიანები მიდიან, რომლებიც მეცნიერებაში ძალიან ღრმად შედიან, მაგალითად, ფიზიკოსები, რომლებიც კვანტურ ფიზიკაზე მუშაობენ... ისინი არ არიან პარაფსიქოლოგები და სულის უკვდავებას პირდაპირ, ფორმულებით ამტკიცებენ.

ერთი ძალიან საინტერესო შრომა წავიკითხე, რომელმაც არ გამაკვირვა, მაგრამ გამახარა: ადამიანის თავის ტვინში არსებობს გარკვეული ადგილები, რომელთაც „ღვთის ადგილები“ ჰქვიათ. ეს ის ადგილებია, რომელთანაც რწმენაა დაკავშირებული. ექსპერიმენტი ტიბეტელ ბერებზე ჩაატარეს და ენცეფალოგრაფიით ნახეს, რომ მედიტაციისას სწორედ ეს ადგილები აღიგზნებიან. ადამიანს თავის ტვინში აქვს ლოკუსები, ადგილები, რომელთაც შეუძლიათ, ძალიან ღრმა მედიტაციისას, სხვა განზომილებაში გადავიდნენ. მედიტაცია ჩვეულებრივი ლოცვა არაა და, პრაქტიკულად, ტრანსია. ადამიანში, რომელსაც ბიორობოტს ვუწოდებ, ასეთი რამაა ჩადებული: თუკი გულწრფელია, მისი სიტყვა საჭირო ადგილამდე „მიდის“. აზრმა რომ მატერიალიზება განიცადოს, ადამიანი გარკვეულ მდგომარეობამდე უნდა მივიდეს და... შეუძლია, თავისი სიტყვა, თხოვნა თუ ოცნება მატერიალურად აქციოს, ანუ ნატვრა შესრულდეს. ეს მეცნიერულად დასაბუთებულია და ეს სუბსტრატია.

სამყაროს ყველაფერი ესმის, შენი მატერიალური აზრებიც. მთავარი იმ მდგომარეობამდე მისვლაა, რაზეც წეღან ვისაუბრე. ასევე, გულწრფელობაც მთავარია! გულწრფელობა იმის გასაღებია, რომ აზრი მატერიალური გახდეს და ის, რასაც ჩაიფიქრებ, ნამდვილად აგისრულდეს! სამყარო შენს აზრებსა და სურვილებს გიბრუნებს. ამიტომაც ვამბობთ ხოლმე, არ გვინდა ცუდზე ლაპარაკი, წუწუნი, გაჭირვების ჩამოთვლა, თორემ ყველაფერი კიდევ უფრო ცუდად იქნებაო.

სულ ვცდილობ, პოზიტიურზე ვისაუბრო. რაც მოხდა, კი ბატონო, ცუდი და მძიმეა, მაგრამ სამყაროს ამდენი ნეგატივი არ უნდა გავაგონოთ, თორემ უკან უარესი დაგვიბრუნდება! კარგი თქვი, კარგზე იფიქრე და... კარგი მოხდება. ვთქვი და ახლაც ვამბობ: მთავარი გულწრფელობაა. სამყარო კი, გულწრფელ თხოვნებს ასრულებს, ოღონდ, რა თქმა უნდა, არა - მერკანტილურს!

- ქალბატონო მაია, თქვენი აზრით, სამოთხე და ჯოჯხეთი არსებობს თუ ყველაფერი ეს ინტერპრეტაციაა?

- კვანტური ფიზიკის სპეციალისტები იმ დონეებს აღწერენ, რომლებიც სულმა უნდა გაიაროს. ეს კვლევები იმას, რასაც ეკლესია ამბობს, პრაქტიკულად ზუსტად ემთხვევა და არა - მართლმადიდებლური გადმოსახედიდან, არამედ, ფიზიკიდან.

- თქვენთვის ღმერთი რა არის?

- სიკეთე, პოზიტივი, კარგი და დადებითი შეგრძნებებია... ხანდახან, სამწუხაროდ, გვაშინებენ, თუ ასე არ მოიქცევით, ღმერთი ცუდ დღეში ჩაგაგდებთო... ამის არ მჯერა! უფალი, სამყარო, კოსმოსი დამსჯელი არ არის! არ უნდა გვაშინებდნენ! ადამიანები ბედნიერებისთვის არიან გაჩენილნი და ამას თავად ისეთი სასულიერო პირი ამბობს, როგორიც ჩვენი პატრიარქია. დამსჯელი მხოლოდ ჩვენი აზრი და ფიქრია! ამიტომ საკუთარ თავსაც თავად ვსჯით - ცუდზე ვსაუბრობთ და ცუდს ვამრავლებთ! უფალმა ადამიანი საკუთარ ხატად და მსგავსად შექმნა, შესაბამისად, ჩვენ თავად შეგვიძლია სურვილების ახდენაც და თავის დასჯაც! მთავარია, გულწრფელები ვართ თუ არა!