“მთავრობა აგენტებითაა სავსე!”

“მთავრობა აგენტებითაა სავსე!”

ენერგეტიკის მეცნიერებათა დოქტორ მირონ ფირცხელანთან საუბარი 13 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურებით დავიწყე, თუმცა ბოლოს, ისე მოხდა, რომ ჰესებსა თუ ენერგეტიკიდან სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობაზე გადავედით:    

 

- პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ბოლო წლებში, საქართველოში ფესვი არაპროფესიონალიზმმა გაიდგა, რაც სამწუხაროა. როცა წყლის ხარჯსა და გვირაბების კვეთზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად ჰიდროლოგიური პრინციპებიც უნდა გავითვალისწინოთ. ნებისმიერი გვირაბის აშენებისას გასათვლელია, თუ მაქსიმალურად წყლის რა ხარჯს გაატარებს. ვერეს ხეობაში ასეთი გათვლები არ გაკეთებულა, პირიქით, ის კვეთებიც შეამცირეს, რომლებიც ჯერ კიდევ სსრკ-ს დროს არსებობდა.

- მდგომარეობის გამოსასწორებლად რა უნდა გაკეთდეს?

- აუცილებლად შესაცვლელია ამჟამინდელი არქიტექტურული და სამშენებლო ნაწილი. როგორც აღვნიშნე, გასათვალისწინებელია წყლის მაქსიმალური ხარჯიც. ახალი გზის აუცილებლობა ზემოხსენებული ასპექტების უგულვებელყოფას არ ნიშნავს.

ისიც აღსანიშნავია, რომ ვერეს ხეობაში მოსახლეობა საცხოვრებელ სახლებს უკანონოდ აშენებდა, რაზეც ხელისუფლება არ რეაგირებდა. მდინარე ვერეს კაშხლის ტიპის ჯებირი უნდა გაუკეთდეს, რომელიც შენაკადების ადიდების შედეგად დაგროვილ წყალს დაარეგულირებს. სხვათა შორის, ამ კაშხლის გამოყენება ენერგეტიკული თვალსაზრისითაც შეიძლება. მოკლედ, არსებული გვირაბები გადასაკეთებელია.

- კაშხალი მდინარის რა მონაკვეთზე უნდა გაკეთდეს?

- ვერეს ზედა ნაწილზე, ბაგებისა და უნივერსიტეტის მიდამოებში, ადრე კაშხლის აშენება იყო დაგეგმილი, მაგრამ ხარჯების სიდიდის გამო გადაიფიქრეს, თუმცა დღევანდელმა ზარალმა ხსენებული წყალსაცავის ასაგებად გამიზნულ ფინანსებს ბევრად გადააჭარბა.

ისე, ლაპარაკი რომელ კვლევებზეა, როცა მთელი გეოლოგიის ინსტიტუტი მოსპეს და აღარ არსებობს.

- ვინ მოსპო?

- წინა მთავრობამ, თუმცა ვითარება არც დღეს იცვლება.

- 13 ივნისის ტრაგედია, გავრცელებული აზრით, არასწორი სამშენებლო გათვლების შედეგია. საზოგადოების ნაწილი შიშობს, რომ ხუდონჰესის აშენებასაც დიდი უბედურება მოჰყვება... ბატონო მირონ, თქვენც ასე ფიქრობთ?

- ხუდონჰესზე ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება ცნობილია. ამიტომ ენერგეტიკის სამინისტრო და ხუდონის მშენებელი კომპანია დამიპირისპირდა, ჩემზე ზეწოლასაც არ ერიდებოდნენ და სამსახურიდან გაშვებით მემუქრებოდნენ. ხუდონჰესის აშენება იმიტომ არ შეიძლება, რომ ფიასკოს შემთხვევაში, მთელი დასავლეთ საქართველო და შავი ზღვის სანაპირო დაზარალდება!

- ამ საფრთხის აცილება შესაძლებელია?

- საფრთხე მაშინ აღარ იარსებებს, თუ ჰესი სახეცვლილი პროექტით აიგება. კაშხლის სოფელ ხაიშის ზევით გადატანასა და სიმაღლის შემცირებას ვთავაზობთ. ამ გეგმის მიხედვით, მოსახლეობას გადასახლება არ მოუწევს და კაშხლის ზომაც შემცირდება. სინამდვილეში, ხუდონჰესის აშენება რუსული ინტერესია და დეკლარირებული ენერგეტიკული მოტივები სიცრუეა.

- ბატონო მირონ, საქართველოში არსებული თითქმის ყველა ჰესი პრივატიზებულია. ამას რითი ხსნით?

- ჰესების პრივატიზება, რა თქმა უნდა, მართებული არაა. მეტსაც გეტყვით, ეს არაკონსტიტუციური ქმედებაა. საქართველოს კონსტიტუციის მესამე მუხლის “ი” პუნქტის თანახმად, ენერგეტიკა, კავშირგაბმულობა და საზღვაო პორტები სახელმწიფოსთვის სტრატეგიულ ობიექტებს წარმოადგენენ და მათი პრივატიზება არ შეიძლება! ამავე მუხლში წერია, რომ მხოლოდ საქართველოს უმაღლეს ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას განეკუთვნება: ერთიანი ენერგეტიკული სისტემა და რეჟიმი, რომელიც მოიცავს ელექტროსადგურებს, ქვესადგურებს, გადაცემის ხაზებსა და გამანაწილებელ ქსელებს. ზემოხსენებულის 98% გაყიდულია. პრივატიზების პროცესი, ძირითადად, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს წარიმართა.

- სახელმწიფო ჰესების დაბრუნებას ცდილობს?

- ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს პოზიციაზე საუბარი იმიტომაა რთული, რომ ენერგეტიკას სახელმწიფოს ზურგს ამოფარებული პიროვნებები მართავენ და არსებულ რესურსებს სათავისოდ იყენებენ. საქართველო საკმაოდ მდიდარი ქვეყანა იქნებოდა, ჰესები პრივატიზებული რომ არ იყოს. სამწუხაროდ, საზოგადოება, მათ შორის, მოაზროვნე ინტელიგენცია, საკმოდ პასიური და სუსტია. ამიტომ, იძულებულნი ვხდებით, რეალიებს შევეგუოთ. მოკლედ, ქართული საზოგადოება ბატონყმობისკენაა მიდრეკილი.

- ენგურჰესის მართვის უფლება, ქართულ მხარესთან ერთად, რუსულინტერ რაო“-აც მიენიჭა...

- გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% აფხაზებს მიაქვთ...

- ბატონო მირონ, ხელისუფლებამ ელექტროენერგიაზე ტარიფის შესაძლო გაზრდა დაანონსა...

- ტარიფის შესაძლო გაზრდის მიზეზი კორუფციაა. საქართველოში ელექტროენერგიის მთავარი დისტრიბუტორი ორი კომპანიაა: „ენერგო პრო გეორგია” და „თელასი“, სწორედ ამ ორგანიზაციებზეა დამოკიდებული ტარიფის გაზრდის საკითხი. ენერგეტიკოსებს მიგვაჩნია, რომ ტარიფების ცვალებადობას კომპანიები და ჩინოვნიკები არ უნდა წყვეტდნენ, ამას თავისუფალი ბაზარი უნდა არეგულირებდეს. ჩვენს ქვეყანაში ენერგეტიკის სფერო მონოპოლიზირებულია და ამიტომ არაფერი უნდა გვიკვირდეს.

- როც თითქმის ყველა ჰესი არსებული კომპანიების მფლობელობაშია, კონკურენტული ბაზრის შექმნა შესაძლებელია?

- თუ ხელისუფლებას სურვილი ექნება, კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბება თავისუფლად შეიძლება. მაგალითად, ჩამოყალიბდეს რამდენიმე კომპანია, რომელიც ელექტროენერგიას დაბალი ტარიფით გაყიდის. ამასთან, ქართველ ენერგეტიკოსებს გვაქვს სქემა, რომლის მიღებაც მთავრობას არ სურს.

- ბატონო მირონ, დასაშვებია, რომ მაგალითად, თელასი აბონენტებს ზედმეტ გადასახადსაწერდეს“?

- ეს აღრიცხვიანობის სისტემაზე, კომპანიის კეთილსინდისიერებასა და მაკონტროლებელ ორგანოზეა დამოკიდებული. მაკონტროლებელი ორგანო მარეგულირებელი კომისიაა, რომლის „კარგ“ მუშაობაზეც უამრავი პასუხგაუცემელი საჩივარი მეტყველებს.

- ესე იგი, ენერგოკომპანიების მხრიდან გადაცდომის ფაქტები არსებობს...

- რა თქმა უნდა, სხვა შემთხვევაში, მარეგულირებელ კომისიაში საჩივრები არ შევიდოდა... სამწუხაროდ, მარეგულირებელი კომისია ყოველთვის ხელისუფლების პოლიტიკის გამტარებელია და არაა თავისუფალი, მთავრობაში კი, გარკვეულ ძალებს მიმდინარე მოვლენები აწყობთ. სხვათა შორის, „თელასს“ ტარიფი იმიტომ უნდა დაეწია, რომ ჰესების აღდგენისთვის გამოყოფილი 80 მილიონი უკვე აინაზღაურა, თუმცა პირიქით, ტარიფის ზრდის ტენდენციაზე ალაპარაკდნენ.

- რა ამის პასუხია და, ხმა დადის, კვირაზე მეტია, აზერბაიჯანიდან ნავთობი აღარ მოგვეწოდება. თქვენც ხომ არაფერი გსმენიათ?

- ყველაფერი მოსალოდნელია იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში ნავთობპროდუქტებიც მონოპოლიზირებულია. კაცმა არ იცის, რას გადაწყვეტენ ის კორუფციული ორგანოები, რომლებიც ამ სისტემაში არიან ჩართულნი.

- ქართული ოცნებისერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება საწვავის გაიაფება იყო...

- საარჩევნო კამპანიისას, ყველა პოლიტიკური ძალა, იაფფასიან დაპირებებს იძლევა.

- ამ დაპირბის შესრულება შეუძლებელი?

- არა, თუმცა ფასი არ შეამცირეს.

- რატომ?

- იმიტომ, რომ იგივე სქემა მუშაობს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო.

- ნაბუქო”- გაზსადენის პროექტის აღდგენა მოსალოდნელია?

- დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაპირისპირება არ ცხრება, მსოფლიო გასაღების ბაზრებისთვის იბრძვის. ამ ვითარებაში დიდ როლს ირანი და არაბეთის ქვეყნები თამაშობენ. „ნაბუქო”-ს პროექტი საერთაშორისო მოთამაშეების განზრახვებზეა დამოკიდებული და ისიც რთული განსასაზღვრია, ჩვენს ქვეყანას რა სარგებელს მოუტანს.

- საერთაშორისო ენერგეტიკული ბაზრიდან რუსეთის გამორიცხვა, თქვენი აზრით, შესაძლებელია?

- ვიდრე გაზი და ნავთობი საჭირო იქნება, რუსეთის გამორიცხვა ვერ მოხერხდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აშშ ახლო აღმოსავლეთთან ურთიერთობას დაათბობს. მიუხედავად ამისა, რუსეთის ცუდ მდგომარეობაში ჩაყენება სავსებით შესაძლებელია.

- როგორ?

- რა თქმა უნდა, ნავთობის ფასების დაგდებით, მაგრამ ეს სიტუაცია გარკვეული ალბათობით დიდ მასშტაბიან ომს გამოიწვევს და გამორიცხული არც ატომური დაპირისპირებაა.

- რუსეთი პოზიციებს ამ საფრთხის შიშით მაინც არ დათმობს?

- არ ვიცი, რუსეთი დასავლეთს რამდენად გონივრულ წინააღმდეგობას გაუწევს.

- ბატონო მირონ, მზის, ქარისა და სხვა ალტერნატიულ ენერგიაზე რას იტყვით?

- ალტერნატიულ ენერგიას მომავალი, მათ შორის, საქართველოშიც აქვს. ყველაფერი ეს ტექნოლოგიების განვითარებაზეა დამოკიდებული და სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება ფერხდება - ყოველი ხელისუფლება დირექტივებს ქვეყნის გარედან იღებს და მთავრობა აგენტებითაა სავსე. სახელმწიფო, რომელიც მეცნიერებას ყურადღებას არ აქცევს, ვერ განვითარდება. საქართველოს მეცნიერება მაწანწალას როლშია. ამიტომ, ბევრი თავის გადასარჩენად საზღვარგარეთ გარბის. არაფერი ვითარდება, არც - სოფლის მეურნეობა და არც - მრეწველობა. ამ ვითარების დასასრული კი ენის, რელიგიისა და ეროვნების დაკარგვა იქნება. დარჩა უკანასკნელი იმედი: ღმერთი, პატრიარქი და საღად მოაზროვნე ქართველების ნაწილი. პატრიარქი პოლიტიკაში არ ერევა, მაგრამ ქვეყნის გადამრჩენია და თუ ამას პოლიტიკა ჰქვია, მაშინ უდიდესი როლი აქვს!

- ბატონო მირონ, მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგია არაა და ქვეყანაში სხვა რელიგიური ჯგუფებიც არსებობენ...

- საქართველო მართლმადიდებლური სახელმწიფოა, მაგრამ ეს, უბრალოდ, დეკლარირებული არ არის. ამასთან, საქართველო, თავისი ტოლერანტობით, მთელ მსოფლიოში გამორჩეულია.

- ტოლერანტობაზე შარშან, აჭარაში, მედრესეზე დაკიდებული ღორის თავი გამახსენდ...

- უნდა გაირკვეს, ეს ვისი გაკეთებულია, მართლმადიდებლობას არაკეთილისმოსურნეები ჰყავს... ეს ხელოვნურად ორგანიზებული იყო.

- მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება როგორ გესახებათ, როცა საქართველოში 400 ათასამდე მუსლიმი ცხოვრობს?

- ჩვენს ქვეყანაში დაპირისპირება ხელოვნური ცნებაა... მართლმადიდებლობა მსოფლიოს გადამრჩენი რელიგიაა.

- სახელმწიფო საპატრიარქოს უნდა აფინანსებდეს?

- თუ სახელმწიფო მართლმადიდებლურია, დაფინანსებაზე საუბარი არც უნდა იყოს.

- ვერ გავიგე, უნდა აფინანსებდეს თუ არა?

- როგორც სახელმწიფო უზრუნველყოფს საკუთარ თავს, ასევე უნდა უზრუნველყოს ეკლესიაც. ისინი განუყოფელნი უნდა იყვნენ.

- ჩვენი სახელმწიფ თეოკრატიული არაა...

- საქართველო ერთი რელიგიის მატარებელი უნდა იყოს და სხვა რელიგიების აღმატებულობაზე საუბარი არ შეიძლება.

- თქვენი აზრით, საზოგადოებას თეოკრატიული მმართველობა უნდა?

- გარე ძალები მართლმადიდებლობის დასახიჩრებას ცდილობენ და ამ მიზანს  საკმაოდ დიდი გავლენის მქონე ორგანიზაციები ემსახურებიან. ამ სიტუაციაში, ვინმეს უფლების დაცვაზე არ უნდა ვისაუბროთ... საბერძნეთშიც დიდი პრობლემები აქვთ - ამბობენ, რომ ახალგაზრდები წირვაზეც კი აღარ დადიან.

- ყველაფერ ამაში დამნაშავე ეგებ, ზოგიერთი სასულიერო პირიცაა, რომელნიც თავს, მინიმუმ, ძვირადღირებულ ავტომობილებით იწონებენ...

- ეკლესიის წინააღმდეგ არსებული ორგანიზაციების მიზანია, ის შიგნიდან გატეხონ. ამ მრავალჯერ ხსენებული ორგანიზაციების მხარდამჭერნი ეკლესიის შიგნითაც არიან...