ყველა საჯარო უწყება ვალდებულია, გასცეს საჯრო ინფორმაცია. ამასთან, მათ პარლამენტს ყოველწლიურად უნდა წარუდგინონ ანგარიში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასა და გაცემასთან დაკავშირებით. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, საჯარო უწყებებს მაინცდამაინც არც პარლამენტი აინტერესებთ და არც ის, რომ ასეთი ვალდებულება მათ კანონის ძალით აკისრიათ.
სწორედ ამიტომ, საჯარო დაწესებულებს “თავისუფალი დემოკრატების” წევრი, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი პარლამენტის იგნორირებაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ განცხადება ცაგარეიშვილმა ორშაბათს, პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც წარმოადგინა სტატისტიკური მონაცემები, თუ კანონის მოთხოვნას რომელი უწყება როგორ ასრულებს.
“ზოგადი ადმინსტრაციული კოდექსის” 49-ე მუხლის თანახმად, ყოველი წლის 10 დეკემბერს საჯარო დაწესებულება ვალდებულია, წარუდგინოს ანგარიში საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მაგრამ, როგორც ცაგარეიშვილი აღნიშნავს, ეს მოთხოვნა ”მხოლოდ 717 საჯარო დაწესებულებას აქვს შესრულებული მიუხედავად იმისა, რომ ათჯერ მეტი ასეთი დაწესებულება არსებობს”.
პარლამენტისთვის ანგარიში არ წარუდგენია პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ეროვნული უშიშროების საბჭოს, საკონსტიტუციო, უზენაეს და საერთო სასამართლოებს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, დაზვერვის სამსახურს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, რეინტეგრაციებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროებს, სახელწიფო შესყიდვების სააგენტოს, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს.
ასევე ინფორმაცია არ წარუდგენია სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის მხარეებს, საკრებულოების 90%-ს და გამგეობების 80%-ს. ასევე საჯარო სკოლების უმეტესობას.
გია ცაგარეიშვილი ამ ფაქტს განსაკუთრებულად საგანგაშოდ იმის გამოც მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი, ერთის მხრივ, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და, მეორეს მხრივ, საჯარო დაწესებულების მიერ პარლამენტისადმი დამოკიდებულებას გამოხატავს.
ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ პარლამენტი არ არის დამოუკიდებელი ორგანო და ის თავის ფუნქციას სათანადოდ ვერ ასრულებს. ამის ერთ-ერთ დამადასტურებელ ფაქტად ცაგარეიშვილი ამ სტატისტიკასაც მიიჩნევს.
“ეს არის “ნაცმოძრაობის” ზოგადი დამოკიდებულება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე. ისინი მიიჩნევენ, რომ საჯარო ინფორმაცია არის მათი შინაური, პირადი და სამეგობრო საქმე. წესით ამ ფაქტს არა მე, არამედ, მინიმუმ, ვიცე-სპიკერები და თავად პარლამენტის თავმჯდომარე უნდა აპროტესტებდეს. პირველ რიგში, მათთვის არუნდა იყოს მისაღები პარლამენტის ინსტიტუციური როლის დაკნინება,”- განაცხდა ცაგარეიშვილმა.
იგი ითხოვს, რომ ამასთან დაკავშირებით თითოეულმა კომიტეტმა საკუთარი პოზიცია დააფქსიროს, თუ მათ საკურატორო უწყება კანონს რატომ არ ასრულებს და რატომ არაფერს ამბობენ პარლამენტის ფუნქციის იგნორირებაზე. ამ პრობლემას კი იგი ზოგადად საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხად მიიჩნევს.
საჯარო ინფორმაციის გაცემა თუ გაუცემლობა დღეს საქართველოში საკმაოდ მწვავე ფორმებს იძენს. მისი მიღება არა თუ რიგითი ადამიანებისთვის არის შეუძელებელი, არამედ მედიას, ცხადია,ბეჭდვით მედიას და ოპოზიციის წარმომადგენლებსაც კი უჭირთ.
ბოლო წლების განმავლობაში ამასთან დაკავშირებით თავად ცაგარეიშვილს ათობით წერილი აქვს გაგზანვილი საჯარო უწყებებში და ინფორმაციას, ფაქტობრივად, ვერ იღებს. ასეთივე მდგომარეობაშია ბეჭდვითი მედიაც და არაერთი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს დღესაც კი.
აღსანიშნავია, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემის პრობლემა ევროსაბჭოს ბოლო რეზოლუციაშიც არის დაყენებული. ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტმა გააკრიტიკა ამ მხრივ არსებული ვითარებადა მიაჩნიათ, რომ საკანონმდებლო დონეზე უნდა გატარდეს გარკვეული ცვლილებები, რაც საჯარო ინფორმაციის დაუბრკოლებლად მიღებას შეუწყობს ხელს.
მაგრამ საინტერესო ის არის, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ამ საკითხთან დაკავშირებით საერთოდ კომენტარის გაკეთება არსურს.
გუშინ, ბიუროს სხდომაზე პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა ევროსაბჭოს რეზოლუცია დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტში გამოხატულია ევროსაბჭოს მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით.
მაგრამ მას არაფერი უთქვამს აქ დასმულ ძალიან ბევრ პრობლემაზე და მათ შორის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე.
საპარლამენტო უმრავლესობის ამ დამოკიდებულებას ცაგარეიშვილი იმით ხსნის, რომ “მათ ამ ინფორმაციის გაცემის ეშინიათ”.
“ეს არის მმართველი გუნდის ზოგადი დამოკიდებულება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე. ნაციონალები მიიჩნევენ, რომ საჯარო ინფორმაცია არის მათი შინაური, პირადი საქმე და ამ ინფორმაციის გაცემის ისე ეშინიათ, როგორც ცხელი ტაფის. მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება და ისინი უნდა მიეჩვიონ, რომ სახელმწოფო სტრუქტურა არ არის მათი პირადი ციხე-კოშკი, რომ ამ შენობებში ხელშეუხებლად ისხდნენ,” - აცხადებს ცაგარეიშვილი.
ფაქტია, რომ მთელმა რიგმა საჯარო უწყებებმა კანონი დაარღვიეს და, წესით, კანონდარღვევა უნდა ისჯებოდეს. მაგრამ, ამ ნორმასთან დაკავშირებით უცნაური ის არის, რომ არ არის სანქცია გათვალისწინებული.
ცაგარეიშვილი ამას კანონმდებლობის ხარვეზად მიიჩნევს. თუმცა, არც იმას გამორიცხავს, რომ ეს “საგანგებოდ იყოს ასე გაკეთებული, რათა საჯარო უწყებებს ხელ-ფეხი გახსნილი ჰქონდეთ.”
“ჩემი აზრით, ეს არ არის უბრალოდ საკითხი, რადგან ეხება, ერთის მხრივ, ადამიანის უფლებას, მიიღოს საჯარო ინფორმაცია დაუბრკოლებლად, ვიმეორებ, დაუბრკოლებლად და, მეორეს მხრივ, კანონის უზენაესობას. ეს ორივე საკითხი არის დემოკრატიის მთავარი პრინციპი და დღევანდელი რეალობა იმის დასტურია, რომ ამ მთავრობას დემოკრატიის ძალიან ეშინია,” - აცხადებს ცაგარეიშვილი.
იგი პარლამენტის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით სათანდო რეაგირება მოხდინონ და, რაც მთავარია, შემუშავდეს სანქცია კანონის ამ ნორმის დარღვევისთვის.