ექსკლუზიური ინტერვიუ ციხიდან

ექსკლუზიური ინტერვიუ ციხიდან

ბაჩო ახალაია ბიძინა ივანიშვილზე, მიხეილ სააკაშვილზე, ვანო მერაბიშვილზე, ირაკლი ალასანიაზე, თინა ხიდაშელზე, პოლიტიკაში დაბრუნებაზე   

თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ექსმინისტრსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან ბაჩო ახალაიასთან ინტერვიუ 13 ივნისის სტიქიამდე, ჯერ კიდევ მაშინ დაიგეგმა, როცა ქვეყანაში მთავარი პოლიტიკური თემა 4 წევრის მიერ ნაციონალური მოძრაობის დატოვება და მიხეილ სააკაშვილის ოდესაში გაგუბერნატორება იყო. ინტერვიუს უჩვეულო ფორმის გამო, დაკავებულ მაღალჩინოსანთან, რომელსაც 16 ბრალი წაუყენეს, კონტრკითხვების დასმა არ მოხერხდა. შესაბამისად, ალბათ, საზოგადოებაში კიდევ ბევრი კითხვა დარჩება უპასუხოდ, თუმცა, იმედი გვაქვს, მომავალში მათზე პასუხს მივიღებთ. დღეს კი, უცვლელად, შემოკლების გარეშე გთავაზობთ ახალაიას პასუხებს რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვაზე.

- ბატონო ბაჩო, საინტერესოა თქვენი შეფასება, რა პროცესი დაიწყო ნაციონალურ მოძრაობაში, როცა სააკაშვილმა შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეობა დაკარგოს, პარტიიდან კი 4 პირი _ ჯაფარიძე, ხაჩიძე, კუბლაშვილი და მელაძე წავიდნენ. რაკი ხმები იმის შესახებ, რომ ნაციონალურ მოძრაობაში რამდენიმე ე.წ. ფრთა არსებობს, დადასტურდა, ვის უჭერს დღეს მხარს ახალაია, სააკაშვილს, ბოკერიას თუ პარტიიდან გასულ ნაწილს? 

- თქვენი კითხვები რამდენჯერმე გადავიკითხე, რადგან ძალიან ბევრი საკითხია მოქცეული თითო შეკითხვაში. არ ვიცი, თქვენი ხელწერაა ასეთი, თუ ეს იმის ბრალია, რომ ინტერვიუ თავისთავად არაორდინალური ფორმით კეთდება და ციხიდან წერილებს ვგზავნი. ვეცადე, ყველა კითხვაზე მეპასუხა, იმის მიუხედავად, რა მიმაჩნია მნიშვნელოვნად და რა არა. რაც შეეხება პრეზიდენტ სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხს, მას მოქალაქეობა ნამდვილად არ დაუკარგავს და როგორც თავად განაცხადა, არც დათმობას აპირებს. სულ სხვა თემაა, ხელისუფლება წაართმევს თუ არა, მაგრამ ამაშიც ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ყველანი საქართველოს მოქალაქეები ვართ, ყველანი ვართ თავისუფლები და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელს წაგვართმევენ - პასპორტს თუ თავისუფლებას, ავდგებით და უბრალოდ, ორივეს დავიბრუნებთ! პარტიიდან ოთხი ადამიანის წასვლას რაც შეეხება, ამას განსაკუთრებული ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. ნაციონალურ მოძრაობას დასამტკიცებელი არაფერი აქვს. ყველასთვის ცხადია, რომ ეს მოძრაობა ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიაა და ზოგადად, ყველაზე მებრძოლი, ჩამოყალიბებული, გამოცდილი პოლიტიკური ჯგუფია, რომელსაც თანმიმდევრული ხედვები აქვს და იცის, საქმე როგორ აკეთოს. რაც უნდა იყოს ამ ოთხი ადამიანის წასვლის მიზეზი, რა სახის დისკომფორტი ან აზრთა სხვადასხვაობა, დღეს, 2015 წელს, ასეთი ქცევის მასტიმულირებელი ვერაფერი იქნებოდა, გარდა მათი სისუსტისა. ასეთი სისუსტე კი მომავალი პოლიტიკური კრახის გარანტიაა. მითუმეტეს, მათ დატოვეს პარტია, რომელიც ისტორიის შექმნას აგრძელებს. სრულიად დაუსაბუთებელია იმ პარტიის დატოვება, რომელმაც პირველად საქართველოს ისტორიაში, შეძლო გაძლიერება ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ. ალბათ, ამ თემასვე ეხება თქვენი კითხვის შემდეგი ნაწილი, „რამდენიმე ფრთასთან“ დაკავშირებით. ფრთა იმისაა, ერთზე მეტი უნდა იყოს, თორემ ფრენა შეუძლებელია, ეს ისე... სინამდვილეში, ნაციონალური მოძრაობის სიცოცხლისუნარიანობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რაც მაგალითად ღარიბაშვილს სისუსტე და მისი უტოპიური ოცნების ასრულება ჰგონია. ესაა აზრთა მრავალფეროვნება, მუდმივი დისკუსია და განსხვავებული შეხედულებების განხილვა. კომუნისტური პარტია იყო ერთადერთი, სადაც ყოველთვის ყველაფერი ერთნაირად იყო და არსებობდა მხოლოდ ერთი აზრი. ამ პარტიის დამახინჯებულ კვაზი- გადმონაშთს კი დღეს „ოცნება“ ნამდვილად ჰგავს. ნაციონალურ მოძრაობაში, იმედია, მუდმივად იქნება აზრთა და შეხედულებათა მრავალფეროვნება ცალკეულ საკითხებზე და თუ იმას მეკითხებით, არის თუ არა სააკაშვილი ცალსახა ლიდერი, დიახ, ნამდვილად ასეა და როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს იქნება! 

- გთხოვთ, გაიხსენოთ, რა ხდებოდა კანცელარიაში 2012 წლის არჩევნების შემდეგ, როცა სააკაშვილმა ყოფილ მაღალჩინოსნებს, მასობრივი დაჭერების თავიდან აცილების მიზნით, ქვეყნის დატოვება გთხოვათ. რამდენად რეალურია კანცელარიიდან გამოსული ხმები, რომ ამ დროს, ნაციონალები ყველა პარტიული ცოდვის ახალაიებისთვის გადმობრალებას და პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელებას ამის ხარჯზე ცდილობდნენ? 
- 2012 წელი ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რაოდენ სამწუხაროდაც უნდა ჟღერდეს, ეს სჭირდებოდა საქართველოს, ხელისუფლებას, ოპოზიციას, ხალხს - ყველას. ეს კარგი გაკვეთილი იყო, რომელიც მომავლისთვის გათვალისწინებული იქნება. საქართველოში პირველად მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება და ესეც წინა ხელისუფლების დამსახურებაა. ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით სახელმწიფოს. რაც შეეხება დაჭერებს, ყველა მშვენივრად ვხედავდით, რა დაბოღმილი, არაკომპეტენტური და არაქართული ძალა მოდიოდა ბიძინა ივანიშვილის სახით და შესაბამისად, ძნელი მისახვედრი არ იყო, რას მოიმოქმედებდა პოლიტიკაში მოსული მაფიოზი - იქნებოდა პოლიტიკური რეპრესიები და ბუნებრივია, არც ერთ ჩვენგანს არ უნდა სდომებოდა საკუთარი თანამებრძოლის ციხეში ხილვა სრულიად უსამართლოდ, მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცას ბოღმა ახრჩობდა. 
- თქვენი მისამართით მუდმივად ისმოდა ერთი კითხვა - შინაგან საქმეთა მინისტრობისას, გქონდათ თუ არა, რეალურად, პრემიერ ვანო მერაბიშვილთან დაპირისპირება და რა იყო ამის მიზეზი. რა ურთიერთობა გქონდათ მის მოადგილე ამირან მესხელთან თქვენ და თქვენს ძმას, დათა ახალაიას და რას უკავშირდება გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ მესხელი და ახალაიები ვანო მერაბიშვილს უპირისპირდებოდნენ? 
- აი, მაგალითად ამ კითხვაში ნახსენები ამირან მესხელი რომ წავიკითხე, გულწრფელად გეტყვით, წამიერად დავიბენი და ვერ გავიხსენე, ვინ იყო. ვანოსთან დაკავშირებით ძალიან ბევრჯერ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ მასთან ყოველთვის საქმიანი ურთიერთობა მქონდა, განსაკუთრებით სუბორდინაციული მაშინ, როცა ის პრემიერი გახდა. ჩემი ძმა კი, ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ვანოს უახლოესი მეგობარია. მე და ვანოს დღესაც გვაქვს ადვოკატების მეშვეობით ურთიერთობა, ერთმანეთში ძალიან ბევრ მოსაზრებას ვცვლით, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ განსხვავებული შეხედულებებიც არ გაგვაჩნია ცალკეულ ტაქტიკურ საკითხებზე. 

- როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი, როგორ აფასებთ სამინისტროში ბოლო წლებში მიმდინარე პროცესებს, ირაკლი ალასანიას მინისტრობას და მოგვიანებით, მის ოპოზიციაში გადასვლას. ახლა თინა ხიდაშელის გამინისტრებას და ზოგადად, რესპუბლიკური პარტიის აღზევებას ყველა სახელისუფლო რგოლში? 
- ქართული არმია ჩემი უდიდესი გულისტკივილია. მონღოლივით გადაუარა ივანიშვილმა ქართულ ჯარს! ნამდვილი უბედურებაა, რაც იქ ხდება. დაუკვირდით რა საშინელებაა - ხომ ყველამ ვიცით, რომ მუხათგვერდისა და სხვა ძმათა სასაფლაოებზე ქართველი გმირი ჯარისკაცები წვანან, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ მათი გადარჩენილი თანამებრძოლები ისეთივე გმირები არიან, ერთი განსხვავებით - უბრალოდ, სიკვდილს გადაურჩნენ. სად არის ამ ხალხის დიდი ნაწილი დღეს?! ზოგი ციხეში, ზოგი დევნილობაში, სხვები კი სრულ გაუგებრობადქცეულ არმიას შემორჩნენ, რაც ძალიან სამწუხაროა. თუმცა, როგორც ჩანს, უნამუსობას საზღვარი არ აქვს. ირაკლი ალასანიაზე მე ნუ მკითხავთ, ჩემი აზრი ყველამ იცის, ის ჩვეულებრივი ნამუსგარეცხილი ავანტიურისტია! ჰკითხეთ მას, რატომ იფშვნეტდა ხელებს, როცა პირდაპირი მნიშვნელობით, საქართველოსთვის თავდადებულ გმირებს, ადამიანებს, რომლებმაც სისხლი დაღვარეს ქვეყნისთვის, ზუსტად ის პროკურორები და მოსამართლეები იჭერდნენ და ასამართლებდნენ უტიფრად, ვინც ახლა მის ბუღალტრებს გადაეკიდა?! ჰკითხეთ, რატომ გაწირა მათი ოჯახები, რატომ დატოვა ათასამდე ადამიანი უმუშევარი - მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემთვის ევნო! ამის მერე კიდევ ვინმე ისაუბრებს მის პროგრესულ ღირებულებებზე? ავანტიურისტებს მხოლოდ ერთი ღირებულება აქვთ - საკუთარი კეთილდღეობა და მორჩა! მართალია, იგი იყო და რჩება რუსულ საფრთხედ, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი თავდაცვის დოქტრინამ ასეთი მოვლენა თავის დროზე ვერ გაითვალისწინა. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს ამ არსებასთან არასდროს არაფერი ესაქმებოდა! თინა ხიდაშელის მინისტრობაზე რა შეიძლება ითქვას: პირველივე წუთებიდან ჩანდა, რა კმაყოფილი იყო ვაჭრობის შედეგით. თითქოს, საქართველო ბაზარია და არმია რაღაც უბრალო ბოსტნეული, რომელიც ვიღაცამ ვიღაცას ხელსაყრელ ფასად მიჰყიდა. კარგი იქნება, თუ მალე დაანებებენ ქართული ჯარის დაცინვას თავს. აშკარად გამოჩნდა, რომ მისთვის მთავარი მინისტრის სავარძელი იყო. ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ მინისტრობის მიღების შემდეგ, რესპუბლიკურმა პარტიამ უმალვე შეცვალა პოზიცია საარჩევნო კოდექსზე და უარი განაცხადა საყდრისის თაობაზე საპარლამენტო კომისიის შექმნაზე, იმის მიუხედავად, რომ თავიდან ორივე საკითხზე სხვაგვარად ფიქრობდნენ. 

- დღეს საუბარია იმაზე, რომ პოლიტიკურ პროცესებში რაღაც წვლილი ციხიდან თქვენც შეგაქვთ და შესაძლოა, საკუთარ პარტიასაც ქმნით. გაქვთ თუ არა გავლენა მიმდინარე პროცესებზე, თუნდაც პოლიტიკურ კულუარებში და რას აპირებთ ციხის დატოვების შემდეგ? 
- ალბათ, იმას გულისხმობთ, რა დოზით ვარ პროცესებში ჩართული. ბუნებრივია, ეს ჩართულობა ციხის გამო შეზღუდულია. სწორედ ამაშია პოლიტიკური პატიმრობის არსი - მოგწყვიტონ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, გაგირთულონ გარესამყაროსთან ურთიერთობა. თუნდაც ჩვენი ინტერვიუ გაცილებით საინტერესო და მრავლისმთქმელი იქნებოდა, ასეთი ფორმით, ჩუმად, კონსპირაციულად რომ არ ყოფილიყო ურთიერთობა საჭირო. ციხიდან გამოსვლის შემდეგაც ჩემი ცხოვრების მთავარ მიზანს, აფხაზეთში დაბრუნებას მოვემსახურები. სხვა შინაარსი ჩემს ცხოვრებას არასდროს ჰქონია და არც ექნება.