რატომ შეადგენენ უმწეო ოჯახები კახეთში მცხოვრები ოჯახების 77 პროცენტს

რატომ შეადგენენ უმწეო ოჯახები კახეთში მცხოვრები ოჯახების 77 პროცენტს

 

იმას, რომ მსოფლიოს სურსათის პრობლემა აქვს, შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციები არავის უმალავენ, საქართველოს კი ამ ფონზე, ოხრად დაუმუშავებელი მიწებიც აქვს და არც ამ მიწის შესყიდვის მსურველების ნაკლებობას უჩივის (ძირითადად, არაბების, ინდოელებისა და ჩინელების სახით). ხოლო, რაკი უკვე დადგენილია, რომ დედამიწის მოსახლეობას, კრიტიკული ზღვრის მიღწევის შემდეგ, დედამიწის ბუნებრივი რესურსები აღარ ეყოფა (თუ ახალი ტექნოლოგიები არ შეაშველა), ქართველი „მწვანეების“ ლიდერთან, გიორგი გაჩეჩილაძესთან, გადავწყვიტეთ იმის გარკვევა, რატომ განგვიცდით სოფლის მეურნეობის ადგილობრივი პროდუქციის ნაკლებობას ამ ქვეყნისთვის მომადლებული ნაყოფიერი მიწის მიუხედავადაც.

– ეს სახელმწიფო უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხებია და ფაქტია, რომ დღეს მსოფლიოში სურსათის ნაკლებობა იგრძნობა. ამ წლის დასაწყისში მსოფლიო სასურსათო ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ დედამიწაზე ერთი მილიარდი ადამიანი შიმშილობს დვ ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. მან, ფაქტობრივად, განგაში ატეხა და მიმართა ყველა სახელმწიფოს, უშველეთ საკუთარ აგრარულ სექტორსო. ეს პრობლემა რამდენიმე ფქატორითაა გამოწვეული. ჯერ ერთი, მოსახლეობა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება, თუმცა ეს ძველი ფაქტორია და ყოველთვის იყო ლაპარაკი იმაზე, რომ მოსახლეობის მატება სურსათის დეფიციტს გამიწვევდა, მაგრამ ამას დაემატა გლობალური დათბობაც. მხოლოდ ის კი არ არის პრობელმა, რომ მაღლა იწევს დედამიწის საშუალო ტემპერატურა, არამედ ის, რომ გლობალური დათბობა იწვევს კლიმატურ დისბალანსს. ანუ საუკუნეებისა და ათასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული კლიმატური პირობები, რაც განაპირობებს ნიადაგის ნაყოფიერებას, იღრვევა და ეს, განსაკუთრებით, მარცვლოვან კულტურებზე მოქმედებს ძალიან მძიმედ: მოსავლიანობა მცირდება. ანუ, იმას გარდა, რომ იზრდება დედამიწის მოსახლეობა, ეკოლოგიური პრობლემების გამო მოსავლიანობის კლებაც აღინიშნება. ამას ემატება გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეული ეკოლოგიური კატასტროფები: საშინელი გვალვები და ნალექები. მაგალითად, შარშან შეიქმნა ხორბლის დეფიციტი რუსეთში ხანძრების, ხორბლის მწარმოებელ სხვა ქვეყნებში გვალვებისა და წყალდიდობების გამო, იმიტომ რომ ხორბლის მწარმოებელმა ქვეყნებმა უარი თქვეს ხორბლის ექსპორტზე. თქვენ არ შეგიმჩნევიათ, მაგრამ აქ იყო პანიკა, რადგან ვერ შოულობდნენ ხორბალს.

იმ მილიარდი ადამიანის შიმშილობის მიზეზი ფულის არ არსებობაა თუ საკვები რესურსის?

– შესაძლოა, ქვეყანას ფული ჰქონლეს, მაგრამ ვერ შოულობდეს პროდუქტს. მე არ ვიცი დოლარი იჭმევა თუ არა, მაგრამ, ვისაც აქვს, მალე, ალბათ, მოუწევს ჭამის დაწყება. ამიტომ ყველა გონიერი ხელისუფლება ცდილობს თვითუზრუნველყოფის ბაზისის შექმნას სასურსათო უსაფრთხოებაში. ასე რომ, სასურსათო უსაფრთხოება არის ქვეყნის უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილი. ამ მხრივ საქართველოში კატასტროფული მდგომარეობაა. ჩვენ, ფაქტობრივად, აღარაფერს აღარ ვაწარმოებთ. სრულიად ნათელია და ეს ყველამ იცის დედამიწის ზურგზე და ქართველმა გლეხებმა განსაკუთრებით, რომ საქართველოში გლეხიც ყიდულობს სოფლის მეურნეობის პროდუქციას. საერთო მოხმარებაში სასურსათო საქონლის იმპორტმა, დაახლოებით, 80 პროცენტი შეადგინა.  შუა აზიიდან შემოდის ბაღჩეული, თურქეთიდან –კარტოფილი, ირანიდან –ნიორი და ეს აგრარული ქვეყანა სოფლის მეურნეობის იმპორტიორ ქვეყნად გადაიქცა.

სანამ რუსეთს არ ჰქონდა აკრძალული ქართული-სასოფლო სამეურნო პროდუქცია თავის ბაზარზე, ამ პროდუქციას ხომ ვაწარმოებდით. რა მოხდა ისეთი ამ რამდენიმე წელიწადში, რომ გლეხს თავისი სამყოფიც ვერ მოჰყავს?

– იმდენად არარენტაბელური გახდა, რომ საკუთარი თავისთვისაც კი მოსავლის მოწევას, ურჩევნია, შეიძინოს. რაც მოჰყავს, ის არ ჰყოფნის. პური ხომ უნდა? ამისთვის კი ფული სჭირდება. რეალურად, სოფლებში, რამდენადაც უცნაური უნდა იყოს, შიმშილი უფრო მწვავე პრობლემაა, იმიტომ რომ იქ ფული არ არის, ამიტომ გლეხი ვერ ყიდულობს ფქვილს, პურის უქონლობა კი კალორიების ნაკლებობას განაპირობებს.

ჩვენი საქსტატის მიერ შემუშავებულ მინიმალურ სასურსათო კალათაში ყველაზე დიდი წილი სწორედ პურზე მოდის?

– ეს ოფიციალური მონაცემებით, არაოფიციალურად კი, ეშმაკმა იცის, რა ხდება. ახსენთ რუსეთის ფაქტორი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია: 2005 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტმა სამ კანონში შეიტანა ცვლილებები: სანიტარულ კოდექსში, მცენარეთა დაცვისა და ვეტერინარიის შესახებ კანონებში. აქედან გამომდინარე, საქართველოში გაუქმდა სურსათის მაკონტროლებელი ყველა სტრუქტურა, მათ შორის, ფიტოსანიტარული სამსახური. ამან გამოიწვია ის, რომ რუსეთმა მაშინვე შეაჩერა საქართველოდან პროდუქციის მიღება. ვერ ვიტყვი, რომ ეს საქართველოს მთავრობის გონებაშეზღუდულობის გამო მოხდა, რადგან 2005 წლის მაისში რუსეთის ხელისუფლებამ მოლდოვეთს შეუქმნა მძიმე პრობები ამ მიზეზით, რომ სუსტი ფიტოსანიტარული სამსახური გაქვთო, ჩვენთან კი 2005 წლის ივნისში საერთოდ გაუქმდა, არადა ფიტოსანიტარია ყველა ქვეყნის საზღვარზე ყველაზე მკაცრად კონტროლდება. სამწუხაროდ, გამართლდა ჩვენი პროგნოზი: რომ ამის შემდეგ არავინ აღარ მიიღებდა ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციას. რუსეთის ბაზწარიც შეიზღუდა და ქვეყანაში ადგილობრივი პროდუქცია ძალიან სწრაფად ჩაანაცვლა იმპორტმა. ჩვენი მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითუნარიანობის გამო, ძვირად ღირებულ პროდუქციას აქ ვერავინ შემოიტანს და ამიტომაც შემოდის დაბალხარისხიანი პროდუქცია. ჩაიხედეთ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სტატისტიკაში და ნახავთ, როგორ არის გაზრდილი კუჭ-ნაწლავის დაავადებების რაოდენობა და ეს უპირველესად, უხარისხო საკვების ბრალია. მაგრამ არის მეორე მომენტიც, რომელიც უკავშირდება საქართველოს ხელისუფლების მისწრაფებას დიდი ინვესტიციებისადმი. ისინი ცდილობენ, შექმნან ისეთი პირობები, რომელიც საშუალებას მისცემს, საიდანღაც შემოიტანონ ფული და დააბანდონ საქართველოში. ბენდუქიძის ეკონომიკის მინისტრობის პირობები, როდესაც საზღვრები გაიღო, ხელსაყრელად გამოიყენეს ინვესტორებმა. იცით, რომ შემოიტანეს ამერიკული სიმინდის თესლი და გლეხებს აძალებენ მის შეყიდვას.

ვერ ვიგებ ლოგიკას: ამ ყვითელი სიმინდისგან მჭადი და ღომი ხომ არ კეთდება?!

– გლეხებმა ეს იციან, მაგრამ აიძულებენ შეძენას. ჩვენ დავადგინეთ, რომ უკრაინაში იმავე სიმინდის თესლი ორჯერ ნაკლებად იყიდება, თან იქ კერძო პირმა შეიტანა, ანუ თავისი მოგებაც დაადო ფასს, აქ კი სახელმწიფომ შემოიტანა და მაინც ორჯერ ძვირი ღირს. თან, გლეხებს ეუბნებიან, თუ ფული არ გაქვთ, ბანკიდან აიღეთ სესხო, სანაცვლოდ კი მიწა ჩადეთო. ესე იგი, თუ ამ თესლმა მოსავალი არ მისცა, გლეხი გაკონტრდება და ბანკი მიწას წაართმევს. და აი, მივედით თქვენს შეკითხვასთან: თავიდანვე იყო სქემა, რომ ხელოვნურდ უნდა გაკოტრებულიყო ქართველი გლეხი. ამ სქემის განმარტება ასეთი იყო: რადგან საქართველო მცირემიწიანია და თან, ძირითადად, გლეხური, წვრილი მეურნეობებია, თუ გააკოტრებდნენ გლეხებს, ისინი იაფად გაყიდიდნენ თავიანთ მიწებს და ხელისუფლება შემდეგ ან თვითონ შეიძენდა იაფად ამ მიწებს, ან სხვებს მიჰყიდდა ძვირად. რეალურად კი მივიღეთ მდგომარეობა, რომ არც არავინ მოვიდა, გლეხიც გამათხოვრდა და მიწებიც დაუმუშავებელი დარჩა. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ დღეს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწების 70 პროცენტი დაუმუშავებელია.

ამან გამოიწვია ის, რომ პრობლემა, რომ შეიცვალა დემოგრაფიული სიტუაცია. ჩვენ რამდენიმე თვის წინათ გამოქვეყნეთ ოფიციალური მასალები საქართველოს მოსახელობის შესახებ, რისთვისაც დიდი შრომა გავწიეთ. საქსტატის ბოლო მონაცემებით, საქართველოში ცხოვრობს 4 მილიონ 436 ათასი ადამიანი. ჩვენი გაანგარიშებით კი გამოვიდა,რომ საქართველოში რეალურად ცხოვრობის 3 მილიონ 150 ათასი ადამიანი. მაგალითად, 2002 წლის აღწერით, აღწერა კი ყველაზე ზუსტი მეთოდია, საქართველოში 4 მილიონ 346 ათასი ადამიანია.

იმ 2002 წლის აღწერის დროს, როგორც ვიცი, ისინიც მიათვალეს, ვინც არალეგალურად იყო იმ პერიოდში უცხოეთში?

– აღწერისას დაშვებულია 5-პროცენტიანი ცდომილება. ანუ მილიონითაა დაკლებული მოსახლეობა და ძირითადი კლება მოდის სწორედ სოფლის მოსახლეობაზე. იქ აღარ არის ახალგაზრდობა და აი, ამ მცდარმა აგრარულმა პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ, დაახლოებით, მილიონმა ადამიანმა დატოვა სოფელი. მე შემიძლია, რეგიონების მიხედვითაც გითხრათ: რაჭა-ლეჭჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ოფიციალურად 48 000 მოსახლეა, სინამდვილეში – 26 000; იმერეთში, თუ ამბობენ, რომ 700 000 მაცხოვრებელია, რეალურად  400 000-ია; ყველაზე მძიმე ვითარებაა გურიაში: თუ ამბობენ, რომ 140 000-ია, რეალურად არის 77 000; მცხეთა-მთიანეთში ამბობენ 109 000-სს, რეალურად 68 000-ია; კახეთზე ამბობენ 405 000-ს, რეალურად – 250 000-ია. შიდა ქართლში, 311 000-იაო, სინამდვილეში 230 000-ია; სამეგრელოში 474 000-ს ამბობენ, რეალურად 267 000-ია; ქვემო ქართლში ამბობენ 500 000-ს, რეალურად 251 000-ია; სამცხე-ჯავახეთში ამბობენ 211 000-ს, რეალურად 138 000-ია. ყველაზე უკეთესი სურათი აჭარაშივ: იქ შობადობა მაინც მაღალია და, თუ ამბობენ 387 000-ს, რეალურად 309 000-ია. აი, ა იმპორტზე ორენტირებულმა პოლიტიკამ დაანგრია სოფელი არა მხოლოდ აგრარული, არამედ დემოგრაფიული თვალსაზრისით.

თბილისში რა ხდება, თქვენი მონაცემებით?

– თბილის ბოლო ორი წლის განმავლობაში გარშემო მდებარე სოფლები შემოუერთეს, ამიტომ კლება ნაკლებია: თუ ამბობენ, მილიონ 153 ათასი ადამიანი ცხოვრობსო, სინამდვილეში მილიონ 30 ათასია. აი, ასეთი უმძიმესი ვითარება შეიქმნა და ეს პირდაპირაა დაკავშირებული ბენდუქიძის აგრარულ პოლიტიკასთან, რომელმაც საერთაშორისო ბაზრები დაგვაკარგვინა. მე გეტყვით ერთ რამეს: 2004 წელს ევროკავშირმა საქართველოს შესთავაზა თავისუფალი ვაჭრობის „ ჯი ეს პი პლუს“ სისტემა. ევროკავშირში ცხოვრობს 500 000 მილიონი ადამიანი, ყველაზე მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე მთელ მსოფლიოში, რუსეთში, სულ რაღაც,140 მილიონია; 7 000 დასახელების პროდუქციას მივიღებთ შეღავათიანი პირობებითო და აქედან უდიდესი ნაწილი აგრარული პროდუქცია იყო, ოღონდ  რამდენიმე პირობით: უნდა გაგვეძლიერებიან ანტიმონოპოლიური სამსახური, მაშინ ის ჯერ კიდევ არსებობდა; უნდა გამკაცრებულიყო კონტროლის სისტემადა შრომის კოდექსში უნდა შესულიყო ევროპული ნორმები.

თან მშურს, თან ვიხიბლები ევროპელების დამოკიდებულებით, რომ არ უნდათ ადამიანის უფლებების დარღვევით შექმნილი პროდუქციაც კი.

– ჩვენთან კი 2005 წელს გაუქმდა კოტროლის ყველანაირი მექანიზმი, ანტიმონოპოლიური სამსახურიც, შრომის კოდექსში კი ისეთი ცვლილებებია, რომ ფეხმძიმე ქალებს სამსახურებიდან ყრიან. ერთი სიტყვით, რუსეთმა ბაზარი დაგვიკეტა, ევროკავშირმა კი თქვა, არ გინდათ და ნუ გინდათო. მეჩვენება, რომ ეს განზრახ გაკეთდა, რომ გლეხობისგან დაცლილიყო ტერიტორიები, მიწის ფასი დავარდნილიყო და შემდეგ ამ გაიაფებული მიწის რეალიზაცია გაეკეთებინათ: მიწა ექციათ საერთაშორისო საქონლად და საგარეო ინვესტიციები მოეზიდათ. მაგრამ არავინ ჩამოდის, მართალია, რაღაც ტერიტორიები არაბებმა იყიდეს, თუმცა ამას არ აქვს მასობრივი ხასიათი.

ძალიან კარგი, იქნებ ამასობაში ჩვენც მოვცოცხლდეთ და თავად ვიხეიროთ ჩვენი მიწით.

– გაინტერესებთ რა მდგომარეობაა სოფლებში რეალურად? ჯანდაცვის სამინისტროში არსებობს უმწეო ოჯახების ბაზა. რეგისტრირებული უმწეო ოჯახების რაოდენობა საქართველოში 500 000-ზე მეტია, ეს ის ოჯახებია, რომლებმაც თხოვნით მიმართეს სახელმწიფოს, რომ 25-ლარიანი დახმარება მიიღონ. ჩვენ გვაქვს რეგიონების მიხედვით უმწეო ოჯახების რეალური რაოდენობა. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში უმწეო ოჯახების რაოდენობა ოჯახების საერთო რაოდენობაში შეადგენს100-პროცენტს; იმერეთში –  76-პროცენტს; გურიაში – 98 პროცენტს; მცხეთა-მთიანეთში – 81-პროცენტს; კახეთში, საქართველოს  ბეღელში – 77-პროცენტს; შიდა ქართლში – 69- პროცენტს; სამეგრელო-ზემო სვანეთში – 76-პროცენტს.შედარებით უკეთესი მდგომარეობაა ქვემო ქართლში, სადაც ნაკლებია ქართული მოსახლეობა –50 პროცენტი.

თუ ქვემო ქართლში მხოლოდ 50 პროცენტია, კახეთს რა დაემართა?!

– კახეთისა და ქვემო ქართლის სპეციფიკა განსხვავებულია. კახეთში განვითარებულია მევენახეობა და მეხილეობა, რაც დღეს მოკვდა: სომხეთიდან, მაროკოდან თუ ათასგვარი ადგილიდან შემტანილმა იმპორტმა ჩაანაცვლა ადგილობრივი პროდუქცია. სამცხე-ჯავახეთში უმწეო ოჯახების რაოდენობაა 65 პროცენტი, აჭარაში – 55 პროცენტი.

თბილისში?

– 26 პროცენტი. თბილისშია კონცენტრირებული საბიუჯეტო და კერძო ორგანიზაციები, რეგიონებში კი მკვდარია ყველაფერი. საიდან დავიწყეთ და სად მივედით: უგუნურმა აგრარულმა პოლიტიკამ აი, ასეთი შედეგი დააყენა. ჯერჯერობით მიწას მუშტარი არ გამოუჩნდა, მაგრამ არის ერთი დიდი საფრთხე – ჩინეთი, რომელიც ეწევა არა ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ ბიზნესს. ჩინეთი თვითონ დააფინანსებს და ისე გამოუშვებს თავის მოსახლეობას, რომ აქ დასახლდნენ. ასევეა, ინდოეთიც, არაბული სამყაროც, რომლებიც ფაქტობრივად, უდაბნოში ცხოვრობენ.