თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ გაჩნდა კითხვა: არის თუ არა დედაქალაქში ცხოვრება უსაფრთხო, რამდენად სანდოა ის მრავალსართულიანი შენობები, რომლებიც ბოლო წლებში განსაკუთრებული სისწრაფით შენდება, რა სეისმური საფრთხეების წინაშე ვდგავართ და რა პრობლემას უქმნის 16 წელს მიტანებული ე.წ. რაიონული რუკები სეისმოლოგებსა და გეოლოგებს? ამ და სხვა კითხვებით ,,ვერსიამ' ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, სეისმოლოგ ზურაბ ჯავახიშვილს მიმართა. - ბატონო ზურაბ, რამდენად მზადაა ჩვენი ქალაქი, სტიქიურ მოვლენებს, მათ შორის, მიწისძვრას გაუმკლავდეს?
- 2002 წლის შემდეგ, როდესაც 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა. ახლაც რომ იგივე განმეორდეს, შედეგი, ალბათ, იგივე იქნება, თუმცა გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. მაგალითად, სეისმური ქსელი უკეთეს მდგომარეობაშია - მიწისძვრიდან 2-3 წუთში, ინფორმაცია მიწისძვრის ეპიცენტრისა და სიმძლავრის შესახებ ავტომატურად ეგზავნება საგანგებო სიტუაციების, კრიზისების მართვისა და რიგ სხვა უწყებებს. მიწისძვრის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ შედეგების აღრიცხვა უმოკლეს დროში ხდება. 2002 წელთან შედარებით, სამაშველო სამსახურიც გაცილებით უკეთ მუშაობს.
- თბილისში არსებული შენობები რამდენბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი?
- 1992 წლიდან აშენებული შენობები 8 ბალზეა გათვლილი. მანამდე აშენებული კი - 7-ზე. 40 და 50-იან წლებში აშენებულ სახლებზე ვერაფერს გეტყვით... იმისთვის, რომ მშენებელმა ნებართვა მიიღოს, რიგი რეგულაციების დაკმაყოფილებაა საჭირო.
- თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, მშენებლები დაწესებულ ნორმებს პირნათლად იცავენ?
- გარკვეული კომპანიები ნორმებს ნამდვილად ითვალისწინებენ, თუმცა ჩვენი ნორმები მოძველებულია. დარაიონების რუკაც კი ძველი და გამოსაცვლელია. ახალი დარაიონების რუკა 1999 წელსაა შედგენილი ანუ 16 წლისაა და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ დრომოჭმულია და დღევანდელ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
- რას გულისხმობს ,,დარაიონების რუკა' და მისი სიძველე რა პრობლემებს ქმნის?
- სეისმური დარაიონების რუკაზე აღნიშნულია სეისმური ზონები, სად და რა ეფექტზე უნდა იყოს გათვლილი შენობები.
- თუ თბილისი სეისმურ ზონებადაა დაყოფილი, სეისმურად ყველაზე აქტიური რომელი რაიონია?
- თბილისის სეისმურ ზონებად დაყოფა არასწორია. განსხვავება გრუნტების მიხედვით ხდება. აი, მაგალითად, საშუალო ხარისხის გრუნტი რვა ბალზეა გათვლილი. კლდოვანი გრუნტები - ერთი ბალით ნაკლებზე. ვერეს ხეობის მაგალითზე რომ ვთქვათ, შესაძლოა, ერთი შენობა ქვიშიან გრუნტზე იყოს აგებული, მეორე - არა. სიტუაცია შესაძლოა, ყოველ 5 ან ათ მეტრში იცვლებოდეს. იმისთვის, რომ სავალალო შედეგები ავიცილოთ, შესაბამისი რეგულაციების დაცვაა სავალდებულო. იმის გასარკვევად, რა ვითარებაა დედაქალაქში ურბანული დაგეგმარების კუთხით, ,,ვერსია' არქიტექტორ ლადო ვარდოსანიძეს დაუკავშირდა. მისი განმარტებით, ქალაქის დაგეგმარება არცთუ სახარბიელოა და ვერეს ხეობაში განვითარებული მოვლენები ურმის გადატრიალებას ჰგავდა, რომელმაც თბილისში არსებული ვითარება სააშკარაოზე გამოიტანა.
- თბილისში, ურბანული დაგეგმარების კუთხით, კრიზისული მდგომარეობაა?
- შეიძლება ითქვას, ასეა. მაგალითად ვაკესა და ზემო ვერაზე მდებარე ბეტონის კანიონებს მოვიყვან, რომლებსაც სახლებს უწოდებენ, რაც ყოვლად დაუშვებელია. ასევეა ,,აკადემ ქალაქიც', რომელიც აბსოლუტურად ანტიურბანული გარემო და წარმოუდგენელი კვანძია, სადაც კარგად მოქმედებს პრინციპი, რომლის თანახმადაც, უძრავი ქონება არქიტექტურაა, არადა, ასე არ არის. თუ ნახავთ, როგორ წარმოედგინათ კომუნისტებს ,,აკადემ ქალაქი' და ახლა როგორია, მიხვდებით რომ დამოუკიდებლობამ ქალაქდაგეგმარების აბსოლუტური დეგრადაცია მოიტანა. ეს ფასეულობები დასაბრუნებელია, თუმცა პირველ რიგში, ის დამოკიდებულებაა შესაცვლელი, რომელიც მწვანე სივრცისა და ზოგადად ურბანისტების მიმართ არსებობს.
- ქალაქში არასწორი მშენებლობების აღსაკვეთად რა კეთდება?
- დასაწყისისთვის, მინიმუმ, იმ ადამიანების სახელები უნდა გამოქვეყნდეს, რომლებმაც მსგავს უკანონო მშენებლობებზე ნებართვა გასცეს. როგორც არქიტექტორი, შეიძლება, ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ვფიქრობ, ავტორების გვარები აუცილებლად უნდა გამოქვეყნდეს. დანარჩენი კი პროკურატურის საქმეა.
- მშენებელი მშენებლობის ნებართვის მისაღებად რა ძირითად კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს?
- რომაელმა ინჟინერმა ჯერ კიდევ 2 ათასი წლის წინ გვითხრა, თუ რა არის საჭირო კარგი მშენებლობის დასაწყებად - სიმტკიცე, ფუნქციური მხარე და ესთეტიკა ანუ არქიტექტურა. ქალაქმშენებლობის ასპექტები ამ ტრიადაში გათვალისწინებული არაა. მდგრადობის პრინციპები, ეკონომიკა, ეკოლოგია და სოციალური საკითხებიც მისახედია. მთავარია, ხელისუფლებამ პოზიცია შეიცვალოს - მესმის, ბიუჯეტის მიმართ გარკვეული ეკონომიკური ვალდებულებები არსებობს, მაგრამ ქალაქი ფისკალური ინტერესებიდან გამომდინარე არ უნდა ვითარდებოდეს.
- არსებობს კონკრეტული სტანდარტი, რომლითაც თბილისში მშენებლობა ხორციელდება?
- რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ მთელ თბილისზე ერთიანი სტანდარტით საუბარი შეუძლებელია. დღეს არც საკანონმდებლო ბაზაა და არც ექსპერტები არიან, თუმცა ვიმეორებ: არ შეიძლება, ყველა მშენებელი, არქიტექტორი და დამპროექტებელი ერთად მოვაქციოთ, რადგან ზოგი კარგად მუშაობს, ზოგი - ნაკლებად კარგად. ვერეს ხეობაში მომხდარი შემთხვევა ურმის გადატრიალებას ჰგავს, რომელმაც თბილისში არსებული პრობლემები უფრო თვალსაჩინო გახადა.