სასტუმრო ,,ჰაიატი' - ნაღმი გმირთა მოედანზე?!

სასტუმრო ,,ჰაიატი' - ნაღმი გმირთა მოედანზე?!

რა მიზეზით შეჩერდა ,,ჰაიატის' მშენებლობა, იხდის თუ არა შეჩერებული მშენებლობის გამო ჯარიმას ბიზნესმენი რომან ფიფია და რა ტიპის ობიექტის მშენებლობას გეგმავს ლაგუნა ვერეს მოპირდაპირედ    

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, რესტორან ,,არაგვის' ტერიტორიაზე, 2007 წელს, სასტუმრო ,,ჰაიატი' უნდა აშენებულიყო. იმ პერიოდში, რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა, რომან ფიფიამ, სასტუმროს მშენებლობის მიზეზით, ლაგუნა ვერეს მოპირდაპირე მხარეს განთავსებული შენობა-ნაგებობები აიღო და კლდის ფერდობზე სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. ერთ წელიწადში, ,,ჰაიატის' მშენებლობა შეჩერდა, ხოლო გათხრილი საძირკველი, რომელიც მდინარე ვერეს კალაპოტს ესაზღვრება, გრუნტის წყლით აივსო და ტბად იქცა. 13-14 ივნისს, თბილისში, სწორედ ამ ტერიტორიაზე დატრიალებული სტიქიური უბედურების შემდეგ დავინტერესდით, კონკრეტულად რა მიზეზით შეჩერდა მშენებლობა, ან იციან თუ არა თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებში, რომ საბურთალოს დასაწყისში, გმირთა მოედნის შუაგულში, ლაგუნა ვერეს პირდაპირ, კლდის ფერდობზე მართლაც დიდი ,,ბომბია' დამონტაჟებული?!      

გმირთა მოედნის ,,ბომბი'? 
PARK HYTT-ის ბრენდის, 28-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე (რესტორან ,,არაგვის' ადგილას), 2007 წელს დაიწყო. PARK HYTT, ლუქსკლასის სასტუმრო და აპარტამენტების კომპლექსი უნდა ყოფილიყო, რომლის მშენებლობა 2008 წლის აგვისტოს ომისა და მოგვიანებით, ეკონომიკური კრიზისის გამო შეჩერდა. თუმცა მშენებლობის შეჩერების რეალურ მიზეზზე, ლაგუნა ვერეს მიმდებარე კორპუსის მცხოვრები ,,თბილისის ფორუმზე' წერს: 
,,იმ პერიოდში მშენებელმა არ იფიქრა, არ იმსჯელა, არც სპეციალისტებს დაეკითხა და რესტორან ,,არაგვის' ტერიტორიაზე, გრანდიოზული კომპლექსის ასაშენებლად, იქ არსებული ნაგებობები დაანგრია, ხოლო მიწა გაყიდა. საძირკვლისთვის მიწის ამოთხრა რომ დაიწყეს, აღმოაჩინეს, რომ ეს ადგილი მდინარე ვერეს კალაპოტს ესაზღვრებოდა, წყალუხვი იყო და ამოთხრილი ღრმულები კატასტროფული სისწრაფით ივსებოდა გრუნტის წყლებით. მშენებლობა მიატოვეს, მაგრამ თბილისს ტბა დაუტოვეს, რომელიც, დროთა განმავლობაში, კოღოებით სავსე ჭაობად გადაიქცა'. 

,,ფორუმელების' დიალოგიდან გავარკვიეთ, რომ თავდაპირველად, მშენებლებმა ამ ტერიტორიაზე სპეციალური სატუმბი დანადგარები დაამონტაჟეს, მაგრამ წყალი ვერ დააშრეს და მშენებლობა შეაჩერეს. ფორუმელების ინფორმაციით, 2008 წელს, როდესაც მშენებლობა დაიწყო, მხოლოდ ტერიტორიის მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. პროექტის მასშტაბების გამო, კლდის ფერდობიც მოჭრეს, თუმცა ამის შემდეგ პროცესი შეჩერდა. მიტოვებული მშენებლობის ადგილზე, რამდენიმე პატარა ტბა გაჩნდა და სამწუხაროდ, წვიმიან ამინდებში ეს ტერიტორია მთლიანად იტბორება.
PARK HYATT TBILISI - სასტუმროს კომპლექსი და ბიზნესცენტრი, 2009 წელს უნდა დასრულებულიყო. პროექტის მიხედვით, 28-სართულიანი შენობის კომპლექსი 183 ოთახზე (აპარტამენტების ჩათვლით) იყო გათვლილი. გეგმით, ეს კომპლექსი ხუთ ნაგებობას მოიცავდა, რომლებშიც ოფისები, საკონფერენციო ცენტრი, სპა და ფიტნესცენტრები, ასევე რესტორნები განთავსდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 200 მილიონი აშშ დოლარი იყო, ხოლო PARK HYATT TBILISI, სასტუმროების ქსელის მმართველი კომპანია ,,ჰაიატი ინტერნეიშენალის' პირველი სასტუმრო იქნებოდა თბილისში. ამ პროექტს რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი რომან ფიფია ახორციელებდა, რომელიც დღემდე შეჩერებული მშენებლობის მესაკუთრეა. მშენებლობას კი ჩინური კომპანია MCC20 აწარმოებდა. 

თავის დროზე, სასტუმრო ,,ჰაიატის' მშენებლობის ნებართვა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა გასცა. საინტერესოა, რა ტიპის ინფორმაცია ინახება ამ სამსახურის არქივში, რომელიც ,,ვერსიის' თხოვნით, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან ძაგნიძემ მოიძია: 
,,არქივის მასალების მიხედვით, სასტუმრო ,,ჰაიატის' მშენებლობის ნებართვა 2007 წელს გასცეს. მშენებლობა 2008 წელს უნდა დაწყებულიყო და 2011 წელს დასრულებულიყო. თუმცა როგორც იცით, 2008 წლის შემდეგ, მშენებლობა შეჩერდა. ჩვენთვის უცნობია, რა მიზეზით შეჩერდა მშენებლობა, რადგან არქიტექტურის სამსახურში ამ ტიპის ინფორმაციას არ ვფლობთ. უმჯობესია, მიზეზებზე უშუალოდ კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბროთ. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ 2011 წელს, სასტუმროს მშენებელმა კომპანიამ არქიტექტურის სამსახურს მიმართა და მშენებლობის ვადა 2014 წლამდე გააგრძელა. ესაა ოფიციალური ინფორმაცია, რაც ამ კონკრეტულ მშენებლობაზე ჩვენი სამსახურის არქივში მოვიძიეთ. თუმცა 2014 წლის შემდეგ, თბილისის არქიტექტურის სამსახურისთვის, მშენებლობის ვადის გაგრძელების თხოვნით, აღარ მოუმართავთ'. 

რამდენად საშიშია გმირთა მოედანთან ახლოს, ლაგუნა ვერეს პირდაპირ, კლდის ფერდობზე მიტოვებული მშენებლობა, განსაკუთრებით ახლა, სწორედ ამ ზონაში დატრიალებული სტიქიური უბედურების შემდეგ? მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი როსტომაშვილმა ,,ვერსიას' განუცხადა, რომ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, აუცილებელია გეოლოგების დასკვნა. სხვათა შორის, სწორედ გეოლოგების დასკვნის საფუძველზე უნდა გადაწყდეს, რა ტიპის ფუნდამენტი ან მშენებლობის წარმოების რომელი მეთოდი იქნება საჭირო ამ კონკრეტულ შემთხვევაში: ,,ფაქტი, რომ საძირკველი წყლით აივსო, არ ნიშნავს, მშენებლობა ამის გამო შეჩერდა. სამწუხაროდ, დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა დარწმუნებული ვარ, მშენებლობის შეჩერების მიზეზი ეს არ იქნებოდა. სხვადასხვა მეთოდი არსებობს, რომლითაც წყლის ამოტუმბვაა შესაძლებელი. სხვათა შორის, სანკტ-პეტერბურგი (ყოფილი ლენინგრადი) ჭაობზეა გაშენებული, ჩვენც გვიშენებია ობიექტები ჭაობზე, მაგრამ ამ შემთხვევაში, განსხვავებული საძირკველი კეთდება. ავლაბარში, ნებისმიერი ობიექტი რომ გათხაროთ, წყალს აუცილებლად ნახავთ, მაგრამ იქ მშენებლობის სულ სხვა მეთოდი, სხვა ტექნოლოგიები და მასალებია გამოყენებული. ამდენად, წყალი პრობლემა არ არის, მით უმეტეს, სასტუმრო ,,ჰაიატი' კლდოვან საძირკველზე უნდა გაშენებულიყო'.    
  
რატომშეჩერდა ,,ჰაიატის' მშენებლობა?
რა მიზეზით შეჩერდა სასტუმრო ,,ჰაიატის' მშენებლობა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე? რას აპირებს შეჩერებული მშენებლობის მფლობელი, ბიზნესმენი რომან ფიფია, რომელიც ახლა საფეხბურთო კლუბ ,,დინამოს' მესაკუთრეა? ,,ვერსიის' კითხვებს რომან ფიფიას საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ირმა ცქიტიშვილი პასუხობს.

- რესტორანარაგვისტერიტორიაზე, იქ, სადაც წლების წინ, სასტუმროჰაიატისმშენებლობა იგეგმებოდა, რა ტიპის ობიექტის მშენებლობაა გადაწყვეტილი? 
- დღეისათვის რამდენიმე ვარიანტი განიხილება, რომლებიც დამუშავების პროცესშია. მომავალში, რომან ფიფია მასშტაბური და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის შექმნას გეგმავს. თუმცა რა იქნება ეს - სავაჭრო, საცხოვრებელი, თუ ბიზნესცენტრი, გადაწყვეტილებას ბაზრის მოთხოვნილების გათვალისწინებით მივიღებთ. ასევე მიდის მუშაობა ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია პროექტის წარმატებისთვის. 

- იხდის თუ არა ბიზნესმენი რომან ფიფია და მისი სამშენებლო კომპანია ჯარიმას იმის გამო, რომ ამ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა შეჩერებულია? 
- რამდენადაც პროექტის ფარგლებში, მთავრობის წინაშე არ არსებობდა ვალდებულება განსაზღვრული ვადების შესახებ, ჯარიმის თემა ბიზნესმენ რომან ფიფიას კომპანიას არ შეხებია. თუმცა ჯარიმაზე უფრო დიდი თანხის გადახდა მოუწია ბიზნესმენს ამ პროექტის საწყის ეტაპზე განხორციელებისთვის, რომელიც 2008 წლის ცნობილი მოვლენების განვითარების შედეგად, ვეღარ გაგრძელდა. ამ პერიოდში, რომან ფიფიამ, 30 მილიონზე მეტი იზარალა. 

- ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, თავის დროზე, 2008 წელს, „ჰაიატისმშენებლობა იმიტომ შეჩერდა, რომ საძირკველი გრუნტის წყლით ივსებოდა და მისი ამოტუმბვა ვერ მოხერხდა. არის თუ არა ეს პროცესი საშიში განსაკუთრებით ახლა, ანუ მას შემდეგ, რაც მდინარე ვერე ადიდდა? 
- საერთოდ, წარმოუდგენელია მშენებლობის დაგეგმვა, ან პროექტის გათვლა კატაკლიზმების სრული გათვალისწინებით. რაც შეეხება 2008 წლის მშენებლობას, რომან ფიფიამ, მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტორების დახმარებით, უნიკალური პროექტი წარმოადგინა, რომელიც არსებულ პირობებთან სრულიად ადაპტირებული გახლდათ. მეტიც, ეს პროექტი საძირკვლის პირდაპირ წყალში აშენებას გულისხმობდა. რომ არა 2008 წლის ცნობილი მოვლენები, დღეს უნიკალური და მნიშვნელოვანი ბიზნესლოკაცია ექნებოდა ჩვენს ქალაქს.   
  
სად განთავსდება სასტუმრო ,,ჰაიატი'?
საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, იუსტიციის სამინისტროს ყოფილ შენობაში, მსოფლიო ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ,,ჰაიატი' განთავსდება. პროექტის თანახმად, შენობის სრული რეაბილიტაცია იგეგმება, თუმცა ისტორიული ფასადი შენარჩუნდება. ოფიციალური ინფორმაციით, 170-ნომრიან სასტუმროში, საკონფერენციო დარბაზები, ოთხი რესტორანი, სპა და ფიტნესცენტრები განთავსდება. 
წლების წინ, ,,ჰაიატის' ბრენდის შემოყვანის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, სასტუმროების მსოფლიო ბრენდი, საქართველოში ისევ ბრუნდება. პროექტის თავდაპირველ ღირებულებად კი 60 მილიონი აშშ დოლარი სახელდება. მსოფლიოს მასშტაბით, ,,ჰაიატის' ქსელი 150-ზე მეტ სასტუმროს მოიცავს. მათ შორის, 29 სასტუმრო ევროპის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ- დასავლეთ აზიის ისეთ ქალაქებშია განთავსებული, როგორიცაა ბერლინი, დელი, დუბაი, ლონდონი და პარიზი. 
„ჰაიატი' ბრენდია, რომელიც მომხმარებლების კომფორტზეა ორიენტირებული. ამ ბრენდის სასტუმროებში, მომხმარებელს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობენ, რაც სტუმრისთვის მგზავრობის, დასვენებისა და უბრალოდ საქმიანი შეხვედრის დროს, ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა წვრილმანის გათვალისწინებით, ,,ჰაიატი' სტუმრებს მომსახურების მრავალფეროვან პაკეტს, დაუვიწყარ კულინარიულ გამოცდილებას, კომუნიკაციის მაღალ ტექნოლოგიურ საშუალებებსა და მომსახურების მაღალ დონეს სთავაზობს. 
რუსთაველის გამზირზე, იუსტიციის სამინისტროს ყოფილ შენობაში, ,,ჰაიატის' ბრენდის სასტუმროს შპს „რუსთაველი ფროფერთის“ აშენებს, რომელიც სასტუმროს განვითარებისთვის შეიქმნა. ეს კომპანია „ლოიალ კაპიტალ ჯგუფის' წევრია, ხოლო „ლოიალ კაპიტალ ჯგუფი' კი ქართველმა ბიზნესმენმა, რომან ფიფიამ დააფუძნა.   
   
ვინ არის რომან ფიფია 
ქართველი ბიზნესმენი რომან ფიფია წლების მანძილზე, რუსეთში მოღვაწეობდა. ამიტომ მის შესახებ ინფორმაცია, ძირითადად, რუსული საიტების საშუალებით მოვიძიეთ. რომან ფიფია 1966 წელს, გაგრაში დაიბადა. 1983 წელს, რუსეთში გაემგზავრა და სარატოვში დასახლდა. მოსკოვის სამომხმარებლო კოოპერაციის ინსტიტუტისა და მოსკოვის მენეჯმენტის ინსტიტუტის სარატოვის ფილიალის დამთავრების შემდეგ, ვაჭრობასა და კვების მრეწველობაში მუშაობდა. 80-იანი წლების მიწურულს, ,,პერესტროიკის' პერიოდში, კოოპერატივი დააფუძნა, რომელიც ძეხვეულს ამზადებდა. 
რუსული მედიის ცნობით, სარატოვში ფიფიას აღზევება გუბერნატორ აიაცკოვის სახელს უკავშირდება, რომელთანაც ქართველ ბიზნესმენს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. თუმცა, რომან ფიფიას სარატოვში პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც გუბერნატორი აიაცკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ადგილობრივმა მედიამ, სარატოვში ფიფიას საქმიანობის გამოკვლევას, რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიებაც მიუძღვნა. ამ მასალების მიხედვით, ფიფიას ბრალად ედებოდა თაღლითობა, გადასახადების დამალვა, სახელმწიფო კრედიტის უკანონოდ მიღება. ჟურნალისტური მოკვლევა სისხლის სამართლის საქმეს საფუძვლად დაედო, რის შედეგადაც რომან ფიფიაზე რუსეთში ძებნა გამოცხადდა. ამის შემდეგ, რომან ფიფია საცხოვრებლად საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში გადავიდა. 
რუსული მედიის ინფორმაციით, რომან ფიფია სარატოვში რამდენიმე ტიპის ბიზენსს ფლობდა. სათავეში ედგა ჰოლდინგ ,,აგროროსს“ (რომელიც 15-მდე მსხვილ საწარმოს აერთიანებდა), ფლობდა კომპანია „ლიკსარს' (ლიქიორებისა და სპირტიანი სასმელის ქარხანა, საფირმო მაღაზიების საკუთარი ქსელით), ბალაკოვის მდინარის პორტსა და გემთმშენებელ ქარხანას, სარატოვის მდინარის ტრანსპორტის საწარმოებს, ავიაკომპანია ,,სარავიას' აქციების პაკეტს. გარდა ამისა, რომან ფიფია, სარატოვის საფეხბურთო კლუბ „სოკოლის“ პრეზიდენტი იყო. 
2007 წელს, რომან ფიფიამ თბილისში, რესტორან „არაგვის“ ტერიტორიაზე, თანამედროვე, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსა და ბიზნესცენტრ ,,ჰაიატი თბილისის“ მშენებლობა წამოიწყო, რომელიც 150 მილიონ დოლარად შეფასდა. თუმცა სააკაშვილის ხელისუფლებასთან, რომან ფიფიას კავშირების საილუსტრაციოდ, რუსული მედია რამდენიმე ფაქტს ასახელებს. ერთ-ერთ სტატიაში, ფიფიას ნათესავის, ნუგზარ ფიფიას ციტატა მოჰყავთ, როდესაც ეს უკანასკნელი რუსეთის ფედერაციაში, საქართველოს საელჩოში მრჩევლად მუშაობდა: „2003 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე, საქართველოში ხორბალი გაძვირდა, რის გამოც მოსალოდნელი იყო პურის კრიზისი. პრემიერ- მინისტრმა, ზურაბ ჟვანიამ ბიზნესმენები შეკრიბა და დახმარება სთხოვა. ჩვენც, მე და რომანმა, საქართველოში, ხორბლის გარკვეული რაოდენობა საჩუქრად ჩავიტანეთ, ქვეყანამ კი პურის კრიზისი დაძლია'.რუსული მედიის ინფორმაციით, ფიფია სააკაშვილისგან აფხაზეთის ვირტუალური პრეზიდენტის პოსტს ელოდა. შესაბამისად, შემთხვევითი არაა, რომ ფიფიას ძმა, როლანდ ფიფია, სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. 
ბიზნესმენი რომან ფიფია, მილიონერი ქართველების სიაშიც გვხვდება. არაოფიციალური ინფორმაციით, მისი ქონება 500 მილიონ აშშ დოლარადაა შეფასებული. ამჟამად, რომან ფიფია საფეხბურთო კლუბ ,,დინამოს' მფლობელია, სადაც რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა.