ომან გოცირიძის რჩევები ხელისუფლებას
მართალია, საერთაშორისო უცხოური ორგანიზაციებისგან, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებისგან, ასევე ადგილობრივი ბიზნესკომპანიებისა და მოსახლეობისგან შემოწირულობები და დახმარებები არ წყდება, მაგრამ მაინც ჩნდება კითხვა: როგორ აისახება 13 ივნისის სტიქიური უბედურება ლარის კურსზე, რომელიც ამ მოვლენების შემდეგ, დასტაბილურდა და, საერთოდ, ქვეყნის ეკონომიკაზე?.. გასულ კვირას, საქართველოს პარლამენტში 2015 წლის კორექტირებული ბიუჯეტი უნდა შესულიყო, მაგრამ ტრაგედიის გამო, ეს პროცესი გადაიდო. ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის' თავმჯდომარე რომან გოცირიძე, ,,ვერსიასთან' აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა იმაზე იქნება დამოკიდებული, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მთავრობა და ფინანსთა სამინისტრო რა რაოდენობის სეკვესტრს განახორციელებს.
- ბატონო რომან, 13 ივნისის ტრაგედიის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირება გადაიდო. უპრეცედენტო სოლიდარობის ფონზე, უცხოური ორგანიზაციების დახმარება არ წყდება, ყველაფერ ამას რა ეკონომიკური პროცესი მოჰყვება?
- ჯერ ერთი, ამ მოვლენებს ბიუჯეტის კორექტირების გადადება, თავისმართლება და ყველაფრის სტიქიურ უბე დურებაზე გადაბრალება არ უნდა მოჰყვეს. ქვეყნისთვის ყველაზე მთავარი მაკროეკონომიკური სტაბილურობაა, რომლის გარეშეც ვერც ეკონომიკა განვითარდება და ვერც სტიქიის შედეგები დაითვლება. მეორეც, რაც შეეხება მისტიფიკაციას, ეს ერთი და ორი დღის ამბავი არაა, ამიტომ, ზარალის, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის ხარჯების გაწევა, სავარაუდოდ, რამდენიმე თვის შემდეგ დაიწყება. ამდენად, ის თანხა, რაც საწყის ეტაპზე, აღდგენითი სამუშაოებისა და დაზარალებულთა კომპენსირებისთვისაა საჭირო, მთავრობამ დონორებთან კარგი მუშაობით უნდა მოიძიოს. ევროკავშირმა უკვე განაცხადა, რომ 3 000 000 ევროს ჩაგვირიცხავს. მთავრობა სხვადასხვა საელჩოსა და უცხოური ორგანიზაციის დახმარების მისაღებადაც მზად უნდა იყოს. ვფიქრობ, ზარალის ანაზღაურება მთლიანად საბიუჯეტო სახსრების გარეშე, შემოწირულობებისა და დონორთა დახმარების გზით იქნება შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, ის 10 000 000 ლარი, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტიდან თბილისის მერიას ჩაურიცხა, საერთაშორისო დახმარების შედეგად, შესაძლოა უკან, ისევ ბიუჯეტში დაბრუნდეს.
- 10 000 000 ლარის გარდა, პრემიერ- მინისტრის განკარგულებით, თბილისის მერიას მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დამატებით 30 000 000 ლარიც გამოუყვეს.
- ასეთი მასშტაბის ზარალის ანაზღაურება ერთბაშად არ ხდება და, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მრავალმხრივი მუშაობაა საჭირო. ამ ეტაპზე, ზარალის კომპენსირება დონორებისა და თბილისის მერიის ანგარიშზე ჩარიცხული თანხებით უნდა განხორციელდეს. კარგია, რომ შემოწირულობები გრძელდება, ბიზნესი აქტიურად ჩაერთო დახმარებაში, მაგრამ გაცილებით უკეთესი იქნება, თუ ეს დახმარება უცხოური ვალუტის სახით შემოვა. ამ ხარჯებს ლარზე დამატებითი ზეწოლა მოჰყვება, ამიტომ შემოდინება უცხოურ, მყარ ვალუტაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
- ევროკავშირის, სხვადასხვა უცხოური ორგანიზაციისა თუ საელჩოს დახმარება, რასაც ადგილობრივი ბიზნესკომპანიებისა და მოსახლეობის შემოწირულობაც ემატება, ზარალის ასანაზღაურებლად საკმარისი იქნება?
- ამის იმედს ევროკავშირის პირველი განაცხადი მაძლევს - 3 000 000 ევრო პირველი ტრანშია, რომელიც ჯერ არ წამოსულა, მაგრამ დახმარება მხოლოდ ფულადი კი არა, მიზნობრივი პროგრამების სახითაც განხორციელდება, რაც სტიქიის პრევენციას კი არა, სავარაუდოდ, ეკოლოგიურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც მოხმარდება. ამ მიმართულებით მუშაობას სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც განაგრძობენ და ამიტომ საქართველოს მთავრობამ მათ სწორი პროგრამები უნდა შესთავაზოს, რათა დახმარება იგივე ეკოლოგიური კატასტროფების თავიდან აცილების მიზნით გამოიყოს. მთავარია, მთავრობა რას შესთავაზებს და ეს შეთავაზება რამდენად დამაჯერებელი იქნება. ის, რამაც მსოფლიო პრესა მოიცვა - დაწყებული გმირთა მოედანზე მოსეირნე ბეჰემოტით, დამთავრებული საშინელი ტრაგედიის ამსახველი კადრებითა და ადამიანების მსხვერპლით, ბუნებრივია, ხელისუფლების მიმართ საკმაოდ სერიოზული საინფორმაციო შტურმი იყო. სწორედ ამ საერთაშორისო მედიაშტურმის ფონზე, შეიძლება ითქვას, ცხელ კვალზეც კი, ხელისუფლებამ სასწრაფოდ და მეტი ენერგიულობით უნდა იმუშაოს ფონდების მოსაძიებლად. დიახ, მთავრობის სწორად მუშაობის შედეგად, უცხოური ორგანიზაციების დახმარება და შემოწირულობა საკმარისი ზარალის ასანაზღაურებლად იქნება და ბიუჯეტიდან თანხის ხარჯვა საჭირო არ გახდება.
- 13 ივნისის ტრაგედიამდე, გამუდმებით ვსაუბრობდით, რომ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების სიმცირეა. ბატონო რომან, როგორ გგონიათ, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების დახმარება, რასაც ეტაპობრივად მივიღებთ, ამ ტიპის საჭიროებას გადაფარავს?
- გიმეორებთ: დონორებთან სწორი მუშაობის შემთხვევაში, სტიქიური უბედურებისგან მიღებული ზარალის ლიკვიდაციაც შეგვიძლია და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაც. დონორებს, რა თქმა უნდა, ყოველთვის აინტერესებთ, რამდენად შეეხო ეს სოციალურ და ეკონომიკურ სფეროს. ამ შემთხვევაში, ყველაზე სტრატეგიული სწორედ ვაკე- საბურთალოს გზის აღდგენაა, რომლის გარეშეც თბილისი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება, რაც თავისთავად, ეკონომიკურ მდგომარეობაზეც აისახება. პირველ რიგში, სწორედ ამ გზის აღდგენა და ამისთვის გრანტების მოძიებაა საჭირო. ამ გზის აღდგენის პროექტში, რა თქმა უნდა, ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებაც უნდა იყოს გათვალისწინებული. გამორიცხული არაა, თავდაპირველად დონორებმა თანხები ვაკე- საბურთალოს გზის სწრაფად აღსადგენად გამოყონ და ამის შემდეგ, მშვიდად და წყნარად, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ეტაპზე, ეკოლოგიური პრობლემების დაძლევაც გავითვალისწინოთ.
- ბატონო რომან, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირების დეტალები დღემდე არ ვიცით, რადგან კორექტირებული ბიუჯეტი პარლამენტში გასულ კვირას უნდა შესულიყო, მაგრამ 13 ივნისის ტრაგედიამ ეს პროცესი გადაფარა. თქვენი აზრით, სახელმწიფო ბიუჯეტის მეტად კორექტირება დაგვჭირდება?
- არ მგონია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებაზე ამ ტრაგედიამ დიდი გავლენა მოახდინოს. უბრალოდ შესაძლებელია, საბიუჯეტო სახსრების გადანაწილება ერთი მუხლიდან მეორეში, იგივე ინფრასტრუქტურულ ხარჯებში გადატანა.
- ბოლო დღეებში, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.24 ლარია. ეს პროცესი რას ნიშნავს?
- განსაკუთრებული რყევა არაა - 1 აშშ დოლარი 2.24 ლარის ფარგლებში დასტაბილურდა, რაც სეზონური ფაქტორებიდან გამომდინარე, მოსალოდნელიც იყო. ფინანსური ხარჯების თვალსაზრისით, თუ შემოწირულობებსა და უცხოური ორგანიზაციების დახმარებებსაც გავითვალისწინებთ, 13 ივნისის მოვლენებს ლარზე არსებითი გავლენა არ უნდა მოჰყვეს. ზარალის მასშტაბს - 100 000 000 ლარს აუცილებლად ის დახმარებები დააბალანსებს, რაც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესკომპანიებიდან მოდის. თან ეს 100 000 000 ლარი ერთჯერადი, სწრაფი ხარჯი არ არის, სავარაუდოდ, ერთი ან ორი წლის განმავლობაში იქნება გასაწევი. შესაბამისად, ამ ტრაგედიას ლარზე ზეწოლა არ მოჰყვება. სხვა საკითხია ცუდი საიმიჯო ფონი, რაც ტურისტებისთვის მიმზიდველი არ არის, ამიტომ ამ ფონის სწრაფად განეიტრალებაა საჭირო.
- ,,ცუდ საიმიჯო ფონში' რას გულისხმობთ?
- მსოფლიო მედიაში აქტუალურია, რომ თბილისში ზოოპარკიდან გამოქცეული ცხოველები დასეირნობენ. ის, რომ ქუჩებში ცხოველები დარბიან და არავინ იცის, რამდენი გადარჩა, ან რამდენი დაიღუპა, ცხადია, პოზიტიური მესიჯები არაა. ხუთშაბათს, ვაკის პარკში არავინ იყო, რაც უარყოფით ფსიქოლოგიურ ფონს ქმნის. ძალიან ცუდი ამბავი მოხდა - ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე, ვეფხვმა ადამიანი დაგლიჯა, მაგრამ ამის მხოლოდ ზოოპარკის დირექტორზე გადაბრალება არასწორია. მთელმა საზოგადოებამ ნახა, რა შოკურ მდგომარეობაში იყო ზურაბ გურიელიძე - ეს ადამიანი სტრესულ მდგომარეობაშია, მისი ადმინისტრაციის თანამშრომლებიც დაიღუპნენ და ცხოველებიც დაეხოცა. ზოოპარკის ადმინისტრაციის სისტემა დეზორგანიზებულია და მასზე იმედის დამყარება, რომ ზუსტი სტატისტიკის ან მონიტორინგის მწარმოებელიც იქნებოდა, საკმაოდ არასერიოზულია, ამ ტიპის სამუშაო შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა შეასრულონ.