,,ცოტა ხანში ვანახებთ საქართველოს, რა ბიჭები ვართ!' - ვინ აკვირდება და როდის ემართება ,,ზამეკანია' გია კორკოტაშვილს
...სხვა დროს სხვანაირ ლიდს დავწერდი, მაგრამ ზუსტად იმ დღეს, შინ რომ ვესტუმრე, ,,ვერსიაში' გიორგი იაშვილის წერილი გამოქვეყნდა - ,,სად არიან შენი ყოჩი ქამრიანი ბიჭები?!' ვინაიდან ალიონი იყო _ 10 საათი, სტატია არც მე მქონდა წაკითხული და არც - მასპინძელს... ერთი-ორის საათის მერე დამირეკა, ასეა საქმე და მინდა, ინტერვიუს რამდენიმე წინადადება დავამატოო. კარგი-მეთქი და დავპირდი, რომ იმას, რაც ტელეფონით საუბრისას მითხრა, არა-ჩვეულებრივი ინტერვიუს შესავალში ,,გამოვიტანდი'... ,,აუცილებლად არ მიმაჩნია, პატაკი ჟურნალისტს ჩავაბარო, ამ უბედურების დროს სად ვიყავი. ისე, საინტერესოა, თვითონ სად იყო და საერთოდ, როცა ადამიანს არ იცნობ, არ შეიძლება, მასზე ასეთი ღვარძლით დაწერო', - ესეც გია კორკოტაშვილის პასუხი ზემოხსენებულ სტატიაზე... ახლა კი, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ჩემი და კორკოტას დილის დიალოგს წარმოგიდგენთ.
- ბატონო გია, სადმე ვეფხვი ხომ არ შეგხვედრიათ?
- (იღიმება) ვეფხვი არა, მაგრამ ადამიანების სახით, უფრო ტურები მხვდებიან.
- მერწმუნეთ, დღეს ოთხფეხა ტურები ადამიანებზე საშიშები არიან!
- არ მგონია - ოთხფეხა ტურა თავს იცავს და ადამიას გაურბის. ოთხფეხა ტურები კი არ გარბიან, პირიქით, ბუდობენ და თავიანთ საქმეს აკეთებენ. ისე, ტურებზე კი არა, ლაპარაკი უფრო აფთარზეა.
- ესე იგი, ოთხფეხა მტაცებლების არ გეშინიათ და ბოლოდროინდელ მოვლენებში აქტიურად ამიტომაც არ ჩაერთეთ?
- როგორ არ ჩავერთე, მაგრამ არის კომპეტენცია, რომელშიც შეიძლება, არ ჩაერთო და, როგორც საზოგადოების წევრმა, კონტროლი განახორციელო.
- ყოველთვის ყველაფერს აკონტროლებთ - ნაციონალების ზეობისას, ოპოზიციის აქტიურობის პარალელურად, როგორც მახსოვს, ე.წ. სახალხო რაზმები გქონდათ. ახლა კი, საზოგადოებას თვალში არ მოხვედრიხართ...
- როგორ არ მოვხვდი: პირველი, რაც გავაკეთე, უფრო მაღალ ეშელონებში ვერ შევძელი და დათოს დავურეკე, ნარმანიას. შევთავაზე, საგანგებო შტაბში საზოგადოების წევრებიც ჩართეთ, რომლებიც იმ ადამიანებს მიხედავენ, ვისაც თბილისისა და თავიანთი სამშობლოს სიყვარული აქვთ-მეთქი. დათო დამპირდა, გავაკეთებთო, მაგრამ მოხალისეების ლტოლვა ისეთი დიდი იყო, კოორდინაცია არ მოხდა. ეს ენთუზიაზმი სიყვარულია და მეტი არაფერი!
- გეთანხმებით... ისე, იზიარებთ მოსაზრებას, რომ ვეფხვები სააკაშვილმა უკრაინიდან ,,შემოაპარა'?
- არ ვიცი...
- ისიც ითქვა, ადამიანი იმ ვეფხვმა დაგლიჯა, რომელიც ნაცებმა დააძინეს და ყოფილი ქარხნის საწყობში ,,ჩადესო'. ,,ვეფხვების საბოტაჟის' გჯერათ?
- მოდი, კარგ რამეს გეტყვით, რა: თუ რომელიმე ნაციონალი არ მოსწონთ და კანონდამრღვევია, შორიდან ვეფხვებითა და ლომებით ნუ უვლიან, პირდაპირ დაუდონ, რაშიც დამნაშავეა და დაიჭირონ! არავის დაჭერა არ მიხარია, მაგრამ თუ კანონდამრღვევები არიან, პასუხი კანონის წინაშე უნდა აგონ და თუ დამნაშავეები არ არიან, ვეფხვებს, ლომებსა და სირაქლემებს ვერ მოვუგონებთ!
- თუ გახსოვთ, ამას წინათ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ხალხს მიშას დაჭერა აღარ უნდა, უფრო სხვა რამეები აინტერესებსო...
- არ ვიცი, ბატონ ბიძინა ივანიშვილს რა ინფორმაციები აქვს, მაგრამ თუ ეს ქვეყანა ხალხის ნდობა- არნდობაზეა აგებული, მაშინ ცუდადაა საქმე. ხალხს სხვა რამ უნდა, ჩემო კარგო.
- მაინც, რა?
- დასაქმება; უნდა, რომ მშიერი არ იყოს და თავისი ცხოვრებით იცხოვროს, რაშიც ხელისუფალმა ხელი უნდა შეუწყოს. ადამიანს იმაზე ფიქრი სულაც არ სჭირდება, დილით რომ გაიღვიძებს, სახელმწიფოს საბოტაჟს ვინ მოუწყობს - ნაციონალები თუ კოჰაბიტანტები... სულ არ მაინტერესებს, ვინ დაიწყო ლარის გაუფასურება. შედეგს ვუყურებ - უშიშროება, შს და ფინანსთა სამინისტროები იმიტომაა, რომ ყველა ინფორმაცია ჰქონდეთ. დითირამბებს არავის ვუმღერი, მაგრამ შემიძლია, ვთქვა, რომ დღევანდელი შსს-ს დადებით აქტიურობას ვხედავ. საერთოდ, ადამიანებთან ახლოს არიან და არც იმას ერიდებიან, თავიანთი შეცდომა აღიარონ. მიშას და მიშას პოლიციის შეცდომა კი ის იყო, რომ იდეის გამო შეცდომები არ დაასახელეს და ამას გადაყვნენ კიდეც...
- სოციალურ ქსელში ინფორმაცია გავრცელდა, ქუთაისში, ტაქსის მძღოლი, რომელსაც ნარკოლოგიური შემოწმებისთვის, თურმე, შარდმდენი დაალევინეს, გარდაიცვალა. ეს შეცდომა არაა?
- ჩემო კარგო, შეცდომა როგორ არაა?! გინახავთ ადამიანი, რომელიც დაიბადოს და არ სცოდოს? ეს წმინდა წიგნში პირდაპირ წერია.
- ცოდვილი ხართ, ბატონო გია?
- აბა, რა ვარ!
- თქვენი ყველაზე დიდი ცოდვა რა არის?
- ვცდილობ, ათ მცნებასთან ახლოს ვიყო...
- როგორც ქვეყნის მთავარი მოქალაქე იტყოდა, უნდა ჩაგეკითხოთ და ხომ არ გაბრაზდებით?
- არა...
- ბილწსიტყვაობაც ცოდვაა. არადა, პირდაპირ ეთერში ისეთ რაღაცებს ამბობთ...
- პირდაპირ ეთერში იმას ვამბობ, რასაც ემოცია ,,ამომიგორებს' და აღარ ვფიქრობ ხოლმე...
- ერთ ვიდეოს გაგახსენებთ, სადაც, მაპატიეთ და, აცხადებთ, ხალხმა ჩაი..აო...
- არ ჩაი..ა? ხალხი რაღაც თემაზე ზუსტად ისე ფიქრობს, როგორც მე, მაგრამ საპროტესტოდ რომ გავალ, ის სახლში რჩება და ესაა ჩა.მა! ჩვენ რომ ერთი მტერი გვყავდეს...
- გვყავს ერთი მტერი - რუსეთი!
- საკითხს ასე არ ვაყენებ! ბევრი მტერი მყავს!
- როგორც საქართველოს მოქალაქეს თუ როგორც პიროვნებას?
- საქართველოდან ავიღოთ. თქვენ, რა, გგონიათ, აზერბაიჯანის ან სომხეთის ნაწილი ყველაფერში გვეფერება? აშშ-ს, თქვენი აზრით, ყველაფერი სიკეთე უნდა? - შეიძლება, იმის გაკეთებას, რაც მის ინტერესშია, ფულით ცდილობს. იქიდან უნდა მოგვიაროს, რაც ჩვენი სისუსტეა.
- საქართველოში მეფობა შაჰ აბასმა გააუქმა თუ რომელმა დამპყრობელმა?
- არავის გაუუქმებია.
- რუსეთმა გააუქმა, ბატონო გია, გეორგიევსკის ტრაქტატის მერე!
- გეორგიევსკის ტრაქტატზე ხელი ვისაც აქვს მოწერილი, კარგად ვიცით, ბატონო ჩემო! ეგრე, საქართველოს, რუსეთის დროს, ავტოკეფალიაც გაუუქმდა.
- ამიტომ, რუსეთი მოძმე არაა!
- იმ პოზიციაში დამაყენეთ, გინდათ, რუსეთი დავიცვა? არავითარ შემთხვევაში არ დავიცავ! რუსეთი მეზობელია - გეოგრაფიას ვერ შეცვლით და ყველანაირი ლავირება უნდა გვქონდეს, რომ დათვი არ გაბრაზდეს და საქართველო არ ჩატოროს! იმას, რომ არიქა, დავეტაკოთ და ჯანდაჯან ვებრძოლოთ, მგონია, ვერ გავაკეთებთ. თუ ვინმემ გაგვაქეზა და ასე ვებრძოლეთ, რა შედეგზეც ,,დავდექით', კარგად ვხედავთ. ამიტომ, ტვინი უნდა გვეყოს, ლავირებით ვიცხოვროთ. საქართველოს მთელი ისტორია ლავირებაა: ზოგს ხარკს ვუხდიდით და მაგით ვძვრებოდით, ზოგს, ცოტა რომ მოვიჩიტებოდით, მივიდოდით და ვარტყამდით...
- ბატონო გია, ნატო თუ ევრაზიული კავშირი?
- არც ერთი და არც მეორე: ერთგან რომ წავიდეთ, მეორეს გავაღიზიანებთ. ნატო- ში, ჯერ ერთი, არავინ გვიღებს: კარს ხან თავით ვანგრევთ, ხან ფეხით, მეორეც, რომ შევიდეთ, ეს ჩვენთვის რამდენად ხელსაყრელი იქნება? თქვენი აზრით, რუსეთი ცხვირწინ ნატო- ს ჯარებს განალაგებს? რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ნატო- ს წევრები არ არ გავხდეთ. რუსეთი რათ გინდათ, აგერ, საფრანგეთსა და გერმანიას არ უნდათ, რომ ნატო- ს წევრები ვიყოთ, ძმაო! ხომ გახსოვთ, ლატარიის გადასაფხეკი ბილეთიდან ათიდან 12 ,,კიდევ სცადე' რომაა, აი, ესაა ნატო ჩვენთვის - რამდენიც უნდა გადავფხიკოთ, ,,კიდევ სცადე' იქება!
- ისე, ლატარიის ნაღდი ბილეთი გადაგიფხეკავთ?
- კი... უფულოდ რომ ხარ და იმედი გაქვს!
- ახლა უფულოდ ხართ? რას საქმიანობთ?
- არაფერს. ხელისუფალი მაკვირდება, ვარ თუ არა ღირსი, ,,ოცნების' გუნდში ვიყო! ,,ოცნების' სახელს არ დავირქმევ! ჩემი გუნდი გავაკეთე და ცოტა ხანში ვანახებთ საქართველოს, რა ბიჭები ვართ!
- გვემუქრებით?
- არა, კარგი ბიჭები ვართ!
- თქვენს გუნდს რა ჰქვია?
- საზოგადოებრივ- პოლიტიკური მოძრაობა ,,ქართული მისია'. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საქართველოსთვის სასიკეთო იქნება - უფასო იურიდიული კონსულტაციები გვაქვს და უცხო ქვეყნის ხალხსაც ვეხმარებით. უკრაინის საელჩოსთან გვაქვს მემორანდუმი...
- მიშასი არ იყოს, უკრაინისადმი მიდრეკილება თქვენც გქონიათ...
- უკრაინისკენ მიდრეკილება როგორ არ მაქვს - მაგ ხალხთან ვმეგობრობ. გული მტკივა, რომ პოროშენკო თავხედობას ავლენს, ქართველების აზრი და ნება ფეხზე კიდია - კანონით, ბატონი მიშა ძებნილია და ერთ-ერთ დიდ თანამდებობაზე დანიშნა.
- მიშა შიდაძებნლია!
- რა მნიშვნელობა აქვს, გინდა შიდა იყოს და გინდა გარე. თუ საქართველოს სახელმწიფოებრიობას პატივს სცემ და ძებნილ კაცს წამყვანი რეგიონის გუბერნატორად ნიშნავ, ეს როგორი მიდგომაა? პირდაპირ ვამბობ: ეს ქართველების წინააღმდეგაა მიმართული, რასაც ვაპროტესტებთ, თუმცა სხვა თემასთან დაკავშირებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მადლობა გვაქვს მიღებული.
- ,,ქართულმა მისიამ' 13 ივნისის ტრაგედიის სოლიდარობის აქციაში მონაწილეობა მიიღო?
- როგორ არა, ჩემო კარგო, - ეს სოციალურ ქსელებშიც ჩანს. მაგალითად, გუშინ ჩვენმა ბორჯომის გუნდმა...
- ესე იგი, ფილიალები მთელ საქართველოში გაქვთ?
- ნელ-ნელა ვაფუძნებთ.
- და ყველა ოფისში ჯანიანი კაცები გყავთ?
- ოქრო ბიჭები არიან.
- ,,ქართულ მისიაში' გენდერული ბალანსი დაცულია?
- კი...
- გვერდით ე.წ. მამალი ქალებიც გიდგანან?
- (იცინის) ,,მამალი ქალები' ნაციონალებს ჰყავდათ, ჩვენ კდემამოსილი ქალები გვეყოლება, რომლებიც თავიანთი ცხოვრებით, კდემითა და დედობით არიან ცნობილნი. ჩვენი დასაყრდენი სწორედ ასეთი ხალხი იქნება - ვისაც იცნობენ, უყვართ და პატივს სცემენ. მიშას უნდოდა, პიროვნული ინსტიტუტი გაენადგურებინა და გუნდური თამაში დაენერგა, თითქოს გამოსავალი მხოლოდ ეს იყო, მაგრამ პიროვნებებზე ძალიან ბევრი რამე იყო დამოკიდებული, არის და იქნება.
- ...მართალია, გაკვირდებიან, მაგრამ ვიდრე ფირჩამწერს ჩავრთავდი, ყური მოვკარი, მეგობარს ეუბნებოდით, სამსახურის უფროსს დავურეკეო. მერე, საუბრისას, დავით ნარმანიაც ახსენეთ ანუ ,,ოცნებასთან' კომუნიკაცია გაქვთ?
- კი, როგორ არა... ,,ოცნება' გუნდია, რომლის მწვრთნელიც ბიძინა ივანიშვილია.
- ივანიშვილმა თქვა, პოლიტიკიდან წავედიო...
- ისეთი პოლიტიკური განცხადება გააკეთა, რომ ჟურნალისტებმა შეჭამეს, ხან იქიდან ეკითხებიან, ხან აქედან.
- ეს ჩვენი პროფესიაა!
- მესმის, მაგრამ ბატონი ბიძინას პროფესია კი ისაა, რომ ყველაფერი ეს ძალიან არ გაახმაუროს და დამკვირვებელი იყოს...
- იმის თქმა გინდათ, რომ რუხი კარდინალია?
- რუხი არ არის, პირდაპირ მმართველია!
- ნაციონალებიც ამას ამბობენ, ქვეყანას, რეალურად, ბიძინა მართავსო...
- ყოველ შემთხვევაში, კონსულტაციები, რაც არის გადასაწყვეტი, ბატონ ბიძინასთან უეჭველი მიდის!
- ...ნინო ბურჯანაძე რატომ მიატოვეთ?
- არ მიმიტოვებია... ქალბატონ ნინოს თავისი ხედვა აქვს, რომელსაც პატივს ვცემ და ვამბობ, რომ თუ საქართველოში ვინმე პოლიტიკოსია, ერთ-ერთი ნინო ბურჯანაძეა. ბევრი რაღაცაა, პარტიულ თემაში რომ ვეთანხმები, ზოგი რამაა, რაზეც ბოლომდე ვერ ვეთანხმები. იცით, საქმე რაშია? - საქართველოში ელექტორატი ასეა დაყოფილი: ნაცმოძრაობას, სექტანტური პრინციპით, თავისი ელექტორატი, ვინც ჰყავს, სულ ეყოლება, ,,ოცნება' ნელ-ნელა დაბლა ჩამოდის იმიტომ, რომ ხალხი გაწბილებულია და არ იცის, რა ქნას; ნინო ბურჯანაძეს, ირმა ინაშვილსა და დავით თარხან- მოურავს, ასევე, ირაკლი ალასანიას თავისი ელექტორატი ჰყავს. ყველა პარტიიდან გადინებული ხალხი გვერდზე გადგა, რადგან ნიჰილიზმშია და ეს 50-დან 55 პროცენტამდეა.
- მაშასადამე, ,,ქართული მისია' ამ ,,გვერდზე გამდგარ' ელექტორატზე ,,ითამაშებს'?
- ჩვენ გვინდა, ამ ელექტორატს ჩვენი თავი შევთავაზოთ.
- 2016 წლის არჩევნებზე?
- დიახ, იმ შემთხვევაში, თუ ხალხი ირწმუნებს, რომ ისინი ვართ, ვისაც გვერდზე უნდა დაუდგეს.
- ჩემი წყაროს ინფორმაციით, ,,ოცნება' ისეთ ძალას ეძებს, რომელიც არავისთან იქნება ასოცირებული, რომელიც ეროვნულ მოტივებზე შეიქმნება და რომელიც ახალ პარლამენტში ,,ოცნებას' ,,გაამაგრებს'. ეს ძალა ,,ქართული მისია' ხომ არაა?
- დღეს გადაკვეთაში არავისთან ვართ!
- არაოფიციალურად?
- არც არაოფიციალურად.
- ვინ გაფინანსებთ?
- გეტყვით, რა... შიდაშემოწირულობებზე ვართ. გვაქვს ოფისი - ჭავჭავაძის #55-ში, ერთი დიდი ოთახი, რომელიც მეგობარმა მათხოვა. ძირითადად, გუნდში ახალგაზრდები მყავს, რომლებიც პროფესიონალები არიან, ზოგს დასავლური განათლება აქვს... მსახიობები და კულტურის მუშაკებიც არიან - გიორგი გურგულია, ზურა დოიჯაშვილი, ბესო ზანგური...
- რობერტ სტურუაც?
- სურვილი არ აქვს, რომელიმე პარტიასა თუ საზოგადოებაში გაერთიანდეს, თორემ ყოველთვის ჩვენი მეგობარი იქნება და ყველაფერში დაგვეხმარება... ჩვენთან სახელმწიფო ჩინოვნიკებიც არიან...
- ამის გამო სამსახურში პრობლემას არ უქმნიან?
- რატომ უნდა შეუქმნან? იმ საქმის გაკეთებას ვაპირებთ, რომელიც საქართველოსთვის ერთადერთი და სწორია.
- ერთი საქმე მითხარით, რომელიც, თქვენი გადასახედიდან, სწორია....
- რომელი არ არის სწორი? სამართალი უნდა აღდგეს, ხალხი დასაქმდეს...
- სამართალი როგორ უნდა აღადგინოთ?
- კონკრეტულ თემებზე ჩვენი იურიდიული ჯგუფი მუშაობს და 10-15 საქმით მივდივართ შს მინისტრსა თუ მთავარ პროკურორთან და ვეუბნებით, ეს საქმეები ჩვენ გავიარეთ და დაგეხმარებითო.
- ამ 10-15 საქმეს რა პრინციპით შეისწავლით?
- ვინც ჩვენთან მოვა და ნდობას გამოგვიცხადებს.
- თუკი მთავარმა პროკურორმა თქვენი რეკომენდაციები არ გაითვალისწინა და გითხრათ, თქვენს შესწავლილ საქმეებს განვიხილავთო, რას იზამთ?
- სწორედ ამიტომ ვერთვებით, რომ შეგვიძლია, ყველაფერი ეს სწრაფად მოვახდინოთ.
- ანუ საქმე სახალხო სამართალთან გვაქვს?
- სახალხო სამართალი არ არსებობს. უბრალოდ, თემის დამაჩქარებლები ვართ! პროკურატურას, პრაქტიკულად, ნახევარ საქმეს ვუკეთებთ და თვალის გადავლებაღა უნდა!
- ბატონო გია, რა კრიტერიუმებს უნდა ვაკმაყოფილებდე, რომ ,,ქართული მისიის' წევრი გავხდე?
- უნდა გვენდოთ, თუ რამე ტკივილი გაქვთ, გვითხრათ და განცხადება დაწეროთ.
- რადიკალი რომ არ ვარ, მაინც მიმიღებთ?
- რადიკალობა რა შუაშია?
- რადიკალიზმი გახასიათებთ...
- (იცინის)...
- ისე, დღეს ძალიან მშვიდი ხართ...
- ჩემო კარგო, ამას მიპიარებენ, რადიკალიაო. ემოცია ისეთი რაღაცაა, ხანდახან არ ვმალავ ხოლმე. ზოგჯერ ბევრია საგინებელი, მაგრამ კი არ მივუხტები. როცა ისეთი სითავხედეა, რომ წასასვლელი არსადაა, რაღაც ,,ზამეკანია' მომდის ხოლმე...
- ბატონო გია, ჰომოფობი ხართ?
- არა! ლგბტ საზოგადოებას რაც უნდა, ის უქნია, ძმაო, მაგრამ ამის რეკლამირებას ნუ აკეთებს და ამას რომ მოვუწოდებ, ეს ჰომოფობიაა?
- მარიხუანა მოგიწევიათ?
- როგორ არ მომიწევია...
- დეკრიმინალიზაციის მომხრე ხართ?
- დეკრიმინალიზაცია მთლიანობაში რას გულისხმობს, ბოლომდე გაცნობილი არ ვარ, მაგრამ მოწეულ ადამიანს ასე არ უნდა სჯიდნენ. უნდა იყოს ჯარიმა და შეზღუდვა, რათა ადამიანი თვითონ დარწმუნდეს, რომ ამის გაკეთებით მისთვის რაღაც ცუდი მოხდება, ვთქვათ, მართვის მოწმობას არ მისცენ, სამსახურში შეზღუდვა ექნება.
- ბატონო გია, მამაპაპური სუფრის მოყვარულად ითვლებით. ხშირად ქეიფობთ?
- ჩემს ახალგაზრდობაში გართობისა და ურთიერთობის ყველაზე კარგი მომენტი სუფრა იყო, ხალხს არ უჭირდა და ვისაც უჭირდა, ისიც ცდილობდა, რომ დაგპატიჟებდა, ფოიერვერკი მოეწყო. ქართველი ხალხი მასპინძლობისთვისაა დაბადებული, მასპინძლობის უნარი არ უნდა მოაკლო, თორემ იმწუთას ბოროტდება, სხვაგან გადადის...
- ვთქვათ, თავზე ათი ადამიანი დაგადგათ, მასპინძლობის უნარი გაქვთ?
- ყოველ შემთხვევაში, ღვინო ყოველთვის მაქვს, შინ ყველი და პურიცაა. იმის გამო ვგროვდებით, რომ ერთმანეთს გული გადავუხსნათ, ჩავეხუტოთ, ვინც სიმღერა იცის, იმღეროს, ვინც ღადაობა, იღადაოს და ამ მძიმე ცხოვრებისგან განვიმუხტოთ.
- ...ბიძინა ივანიშვილს იცნობთ?
- კი.
- მასთან ხშირი კონტაქტი გაქვთ?
- საქმეზე არ მინახავს... ბიძინასაც ძალიან დიდ პატივს ვცემ და ირაკლისაც, როგორც მაგის გუნდის მოთამაშეს, მაგრამ კარდინალურად სხვა ადამიანები იქნებიან, გარემოცვა რომ გამოუცვალო, ადამიანები, რომლებიც შხამისა და გესლის მეტს არაფერს აკეთებენ!
- გარემოცვაში კონკრეტულად ვის გულისხმობთ?
- ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვაში არის ერთი ადამიანი, რომელსაც არ ვიცობ, მაგრამ რაც გაგებული მაქვს, ცუდად აწვდის ღარიბაშვილს ინფორმაციებს.
- მოკლედ, მეორედ ვკითხულობ: ,,ქართული მისია' პოლიტიკურ ბაზარზე ,,ოცნების' დასაყრდენი იქნება?
- არ ვერიდები, პირდაპირ ვამბობ: დღევანდელ მოთამაშეებში, ვისაც ვუყურებ, თამაში ისევ ,,ოცნებასთან' შეიძლება, ოღონდ ამხელა ალიანსში არა.
- კოალიცია კი არა, პარტია ,,ქართული ოცნება' ვიგულისხმე...
- პარტია ,,ქართულ ოცნებასაც' ასე ვუყურებ. კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილზეა ლაპარაკი.
- ესე იგი, ადასტურებთ, რომ პოლიტიკაში ივანიშვილის პოზიციებს გაამაგრებთ...
- არ გავამაგრებ, არავითარ შემთხვევაში! დედამიწაზე, ოჯახისა და მეგობრების გარდა, არაფერი მაქვს. გია კორკოტაშვილად ვრჩები. საქმე ისაა, რომ ელემენტარულად, ისეთ რამეს არ გავაკეთებ, საფურთხებელი და საგინებელი ვიყო ანუ ვიღაცის ხათრის გულისთვის, საქართველოს ვექტორს არ გადავურბენ. თუ ჩვენი ვექტორები - ბატონი ბიძინასი ან ვისიც გინდა, თუნდაც ნაციონალების ვექტორი, თუ საქართველოს აღმშენებლობისაა, იმიტომ ვაგინო, რომ ნაციონალები არიან? უკანონობა ყველას კანონით უნდა მოეთხოვოს, დანარჩენი, ყველა საქართველოს შვილები ვართ!
- ბატონო გია, თქვეს ქალიშვილზეც მითხარით რამე, სალომე აღარ ჩანს, სადაა, რას აკეთებს?
- აქაა, ხან ევროპაში დაფრინავს, კონცერტები აქვს...
- მამაშვილური კონფლიქტი არ გაქვთ?
- ყოველთვის ცდილობს, ისეთი რამ არ გააკეთოს, გული მატკინოს. რომ გათხოვდა, არ მკითხა, გაბრაზებული ვიყავი და არ ველაპარაკებოდი. ვფიქრობ, ნიჭიერი, კარგი შვილია... დღეს ხელოვნების მხარე ბალანსირებული არაა. ხელისუფლებამ აკვიატება იცის.
- იმის თქმა გინდათ, რომ ,,ოცნება' ხელოვნებაში ნაციონალების გზას აგრძელებს, არა?
- შეიძლება...