რუსეთი დგამს ნაბიჯს საქართველოს ანექსიისკენ

რუსეთი დგამს ნაბიჯს საქართველოს ანექსიისკენ

საქართველოს საგარეო უწყება მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას ადეკვატურად შეაფასოს და სათანადო პასუხი გასცეს რუსეთის ფედერაციის მიერ „ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს“. საუბარია მოსკოვის მიერ ცხინვალთან გაფორმებულ ე. წ. ხელშეკრულებაზე „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“, რომლის რატიფიცირებაც რუსეთის დუმამ 19 ივნისს მოახდინა. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა ამ ე. წ. ხელშეკრულებას რუსეთთან მეტი ინტეგრაციის იმედს უკავშირებს. რამდენად ადეკვატურად იყენებს თავის ხელთ არსებულ ბერკეტებს საქართველო?

ცხინვალში აღფრთოვანებით შეხვდნენ „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე. წ. ხელშეკრულების რუსეთის დუმის მიერ რატიფიცირების ფაქტს. იმის გამო, რომ ერთობლივი სამხედრო სისტემის შექმნაზეა ლაპარაკი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი ამ დოკუმენტს, უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოების განმტკიცების პერსპექტივად განიხილავს და, როგორც თავად ამბობს, ამჟამად მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, აუცილებელია მისი „ხალხი და რესპუბლიკა იყოს დაცული“. კმაყოფილებას ვერც დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი პიოტრ გასიევი მალავს. „ედინაია ოსეტიას“ წარმომადგენლის კონკრეტული იმედი რუსეთთან საზღვრის გახსნას უკავშირდება:

„სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა, უპირველეს ყოვლისა, ელოდება საბაჟო თუ სხვა პროცედურების გამარტივებას და თითქმის გაუქმებას. ხალხის ყველაზე დიდი მოლოდინი საბაჟო გამშვები პუნქტის გაუქმებას უკავშირდება. იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი გაწერილი იქნება დამატებით შეთანხმებებში. ვიცი, რომ ჩვენი საბაჟო უკვე რუს კოლეგებთან ერთად მუშაობს. თვითონ ცხოვრება გვკარნახობს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არ უნდა იყოს საბაჟო და სასაზღვრო ბარიერები. ვფიქრობ, იქნება თავისუფალი გადასვლის შესაძლებლობა ოსეთის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილში. ვფიქრობ, კონტროლი შენარჩუნდება, მაგრამ პროცედურებს აბსოლუტურად სხვა სახე მიეცემა“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 19 ივნისს გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებას 22 ივნისს სიტყვიერი განცხადებაც მოჰყვა. ორშაბათს, საგარეო უწყების ტრადიციულ ბრიფინგზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, საგანგებო დავალებათა ელჩმა დავით კერესელიძემ აღნიშნა, რომ „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე. წ. ხელშეკრულების რატიფიცირებით რუსეთმა გადადგა ნაბიჯი „საქართველოს განუყოფელი ნაწილის ანექსიისკენ“ და რომ ამით „რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისოდ აღებულ ვალდებულებებს, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას“. საგარეო უწყება მიიჩნევს, რომ ეს ქმედება სრულიად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა „სახელმწიფოს სუვერენიტეტი, საზღვრების ურღვეობა, ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულება“. აქვეა საეთაშორისო თანამეგობრობისადმი მოწოდება:

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის ამ ქმედებას და სათანადო ზეწოლა განახორციელოს რუსეთის ფედერაციაზე. საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და ერთსულოვანი მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანი იქნება რუსეთის დესტრუქციული ქმედებების აღსაკვეთად“.

მხოლოდ პოსტფაქტუმ გამოვლენილი საპროტესტო რეაქციებით წინ ვერ წავალთ და ჩვენს მიზანს ვერ მივაღწევთ, – მიაჩნია საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელ ელენე ხოშტარიას. როგორც ექსპერტმა უთხრა რადიო თავისუფლებას, სახელმწიფომ წინმსწრები ნაბიჯები უნდა გადადგას და სწორედ ამას გულისხმობდა რეფორმების ასოციაციის მიერ შემუშავებული ანტიანექსიური სტრატეგიაც:

„უკრაინის კრიზისი და ყირიმი იძლევა იმის საშუალებას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მიხვდეს, რომ პრევენცია არის ბევრად უფრო ეფექტიანი, ვიდრე როდესაც უკვე ფეთქდება კონფლიქტი. ამიტომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან შეიძლება ლაპარაკი კონკრეტულ ნაბიჯებზე: იგივე უსაფრთხოების გარანტიის რაღაც მექანიზმების შექმნაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იგივე ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების იმპლემენტაციის გააქტიურება – ჩვენ ვიცით, რომ ხელშეკრულების ამ პუნქტებს არ ასრულებს რუსეთი“.

ელენე ხოშტარიას აზრით, იგივე ითქმის ჟენევის ფორმატზე, რომლის ფარგლებშიც საქართველო ვერ ახერხებს თავად შექმნას თავისთვის სასარგებლო დღის წესრიგი და, დიდწილად, რუსეთის დესტრუქციულ ნაბიჯებზე რეაგირებით არის დაკავებული. 

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მომდევნო, 32-ე, რაუნდი 1 ივლისს გაიმართება. როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ე. წ. ხელშეკრულებების საკითხს ქართული მხარე კვლავაც მწვავედ დააყენებს პირველი სამუშაო ჯგუფის ფორმატში. სხვათა შორის, მოსკოვსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ"ე. წ. ხელშეკრულებას მოსკოვში ხელი მოეწერა 18 მარტს, სწორედ იმ დღეს, როდესაც ჟენევაში მოლაპარაკებათა 31-ე რაუნდი მიმდინარეობდა. ქეთევან ციხელაშვილი მოსკოვის ასეთ სვლას პროვოკაციულს უწოდებს.

რაც შეეხება აფხაზეთის მიმართულებას, რუსეთმა ეს პროცესი გაცილებით ადრე მოამთავრა. გავიხსენოთ, რომ ე. წ. „მოკავშირეობისა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ხელშეკრულების რატიფიცირება რუსეთის დუმამ 2015 წლის 23 იანვარს მოახდინა.