ბოლო დროს, საქართველოში, მასობრივი გახდა ადვოკატთა დაპატიმრებები. მათ წინააღმდეგ, ძირითადად, თაღლითობის, ქრთამის მიცემის ან აღების ფაქტზე აღძრული საქმე, ყოველდღიურ ხასიათს იძენს. ამ ეტაპისთვის, მინიმუმ, 150 ადვოკატი სასამართლომ დამნაშავედ სცნო. საინტერესოა ის, რომ არცერთი მათგანის დაპარტიმრება-გასამართლების დროს, ხმაურიანი ბრიფინგი არ ჩაუტარებია ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს. ევალება თუ არა დაპატიმრებული ადვოკატების დაცვა და ამ საკითხის რეგულირება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილს? რაში ახდევინებს ის ადვოკატებს საკმაოდ სოლიდურ თანხას საწევრო გადასახადის სახით და რატომ მივიღეთ ქვეყანაში ვექილთა კვაზიინსტიტუტი? “ვერსიამ” ამჯერად ამ კითხვებზე პასუხის მიღება სცადა.
რა პირობებია ასოციაციაში ადვოკატებისთვის შექმნილი? - ზოგი ადვოკატი ამ ორგანიზაციის რიგებში ყოფნით კლიენტის მოზიდვას კი ახერხებს, თუმცა მომსახურეობის ნაწილი აუცილებლად ასოციაციის ბიუჯეტში ირიცხება. ასოციაციაში დოკუმენტების შეტანისას კი, თუ ადრე 50-70 ლარს იხდიდა ადვოკატი, ახლა ეს თანხა 100 ლარამდე გაიზარდა.
მართალია, “ვერსიასთან” საუბრისას ამ გადასახადის არსებობასაც კი უარყოფს ხატიაშვილი და ამტკიცებს, მხოლოდ წლიური გადასახადი გვაქვს დაწესებულიო, მაგრამ ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო, ხომ გსმენიათ - აბსოლუტურად საპირისპიროს ამბობენ ადვოკატები, რომლებმაც ეს თანხა, უკვე გადაიხადეს.გავსებულია საქართველო იურისტებით და როგორც ამბობენ, თითო პატიმარზე, საშუალოდ, ორი ადვოკატი მაინც მოდის. მიუხედავად ამისა, განსაკუთრებული პრობლემა გახლავთ ის, რომ რეალურად, ასოციაციამ იურისტის მომსახურეობაზე სრული მონოპოლიზაცია განახორციელა. ამის საშუალება, როგორც თავად ირწმუნებიან, კანონმა მისცათ. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ადვოკატთა ასოციაციის წევრი არ ხარ, არ გაქვს უფლება, საქმე აწარმოო. როგორც ჩანს, ადვოკატთა ასოციაციის საადვოკატო მომსახურეობაზე მონოპოლია თანხების აკუმულირებისთვის ხორციელდება. საქართველოს მოქალაქე კი, იძულებულია, ხატიაშვილის ორგანიზაციას ჩაებღაუჭოს, რადგან მისი ასოციაციის მიღმა დარჩენილი ადვოკატები, მოვალეობას ვერ ახორციელებენ.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა “ვერსიასთან” საუბრისას, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველა ბრალდება უარყო და ისიც კი გაგვიმხილა, სიჩუმის და ამ თავმჯდომარეობაზე უარის თქმის სანაცვლოდ, ხელისუფლება მილიონ ევროს მთავაზობდა, ისიც კი მითხრეს, თუ საქართველოს ბანკები გეჩოთირება, ნებისმიერი ქვეყანა დაასახელე და თანხას იქ გადაგირიცხავთო. ბრალდებებზე ხატიაშვილის პასუხი კი ასეთია.
ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე: “საწევრო გადასახადს (200 ლარი) ადვოკატი წლის ბოლოს, ანუ 31 დეკემბერს იხდის, როცა საადვოკატო გამოცდებს ჩააბარებს. თუ ადვოკატი ჩვენთან 1 მაისამდე გაწევრიანდება, იხდის 150 ლარს. ოქტომბრამდე გადასახადი 100 ლარია, 1 იანვრამდე კი - 50. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ეთიკის კომისია, რომელიც ადვოკატს აძლევს დამოუკიდებლობის გარანტიას. მის წინააღმდეგ შემოსული საქმეები სწორედ ამ კომისიაში იხილება. შემოვიღეთ სავალდებულო განგრძობადი იურიდიული განათლება, რომელსაც ასოციაცია ორი თვის მანძილზე აფინანსებს. თუ ადვოკატმა განათლება ჩვენთან არ მიიღო, ისე როგორ უნდა აწარმოოს საქმე? ყოველდღიურად იცვლება კანონმდებლობა და თუ მას ეს ცოდნა არ ექნება, კლიენტი როგორ ენდოს? ამჟამად ჩვენთან 3 500 ადვოკატია. რეგიონებშიც გვაქვს წარმომადგენლობები და იქ საწევრო გადასახადი 100 ლარია. ქუთაისში წარმომადგენლობა 75 000 ლარად ვიყიდეთ. ნოვაციებს რომ გაეცნონ, საჭირო პროგრამები კომპიუტერში ჩავუტვირთეთ. მოვიწვიეთ ცნობილი მოსამართლე მინდია უგრეხელიძე, რომელმაც 10 სემინარი ჩაატარა. ორ დღეში 500 ლარს ვუხდიდით. არ ვარ პასიური. პირიქით, ჩემი ადვოკატები სულ მეუბნებიან, ზედმეტად რადიკალური ხარო. იმის გამო, რომ საერთაშორისო დონეზე სააკაშვილის რეჟიმი ვამხილე, პერსონა ნონ გრატად გამომაცხადეს. ევროპის ადვოკატთა ობსერვატორიის წევრები ჩამოვიყვანე და მათი ვიზიტის გაშუქება ყველა ტელევიზიას აუკრძალეს. გოგონები ჩამოჰყვა დელეგაციას და ეს უნამუსოები, ხელებს უფათურებდნენ, ნარკოტიკებზე გამოწმებთო. მივმართე “დიდ რვიანს”, დაგვიცავით სააკაშვილის რეჟიმისგან-მეთქი.
ბრიუსელში ჩავიტანე ადვოკატ მარი იველაშვილის საქმე და დადეს დასკვნა, რომ საქართველში ადვოკატთა ჩაგვრას საზღვარი არ აქვს. ბაროზოს სახელზე დავწერე განცხადება, რომ სააკაშვილი, მერაბიშვილი, კუბლაშვილი და კალმახელიძე გამოცხადდნენ პერსონა ნონ გრატად და მოხდეს იმის დეკლარირება, რომ ქვეყანაში ინსტიტუციონალური დევნა მიმდინარეობს. სასწრაფო დახმარების მანქანასავით დავდივარ ყველა ადვოკატთან და თითქოს, ვერ მამჩნევენ. დარწმუნებული ვარ, ბევრ მაიმუნობას ააგორებენ ჩემს წინააღმდეგ, მაგრამ არასდროს, არც სააკაშვილს და არც არავის, ქედს არ მოვუხრი”.
ადვოკატთა ასოციაციაში პრობლემების არსებობას არ უარყოფს ადვოკატი ლალი აფციაური. თუმცა, მას მიაჩნია, ამის მიზეზი ისაა, რომ ადვოკატთა 99% პროკურატურასთან თანამშრომლობს. რაც შეეხება ასოციაციას, როგორც მონოპოლისტს, ამ თემაზე ადვოკატ ლალი აფციაურს ამგვარი მოსაზრება აქვს: “სახელმწიფომ მიიღო კანონი ადვოკატთა ასოციაციის შექმნის შესახებ, რაც ავტომატურად, სავალდებულოს ხდის ადვოკატის გაწევრინებას ამ “მონოპოლიაში”.
ადვოკატთა პროფკავშირების წევრი გრიგოლ გაგნიძე, რომლის კომისიაშიც თავს იყრის მსჯავრდებულ ადვოკატთა საქმეები, ამბობს, რომ მათთან იხილავენ მხოლოდ ისეთი კოლეგების განცხადებებს, ვისაც მიაჩნია, რომ მათი უფლებები ირღვევა. “მამის ტოლ, ძველ პროკურორებს და მოსამართლეებს ვკითხე, კომუნისტების დროს საქართველოში თუ იყვნენ გასამართლებული ადვოკატები-მეთქი და ეგეთი პრეცედენტი არ გვახსოვსო. სხვათა შორის, მთელს საბჭოთა კავშირში, სულ რაღაც 50-მდე ადვოკატი იყო გასამართლებული. სხვა ქვეყნებში, ადვოკატთა თავისუფალ პროფესიას სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან ამ დონეზე არ დევნიან, რადგან იციან, რომ ადვოკატთა ინსტიტუტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია დემოკრატიულ ქვეყნებში”, - ამბობს გაგნიძე.
ცხადია, იმ ადვოკატების მხრიდან, რომლებიც ასოციაციაში არიან, მწვავე განცხადებებს არ ველოდით. არც იმის ილუზია გვქონდა, რომ ისინი ასოციაციაში და, ზოგადად, ამ სფეროში არსებულ რეალურ სურათს დაგვიხატავდნენ, ამიტომ ობიექტური ინფორმაციის მისაღებად, მაია ელოშვილს ვესაუბრეთ, ის ასოციაციის რიგებში არ მოიაზრება და საკმაოდ სკანდალური კომენტარიც მოგვცა.
მაია ელოშვილი, ადვოკატი, იურისტი: “ვერ ვიტყვი, რომ ადვოკატთა ასოციაციის ყველა წევრი თანამშრომლობს პროკურატურასთან. თუმცა, ასეთ შემთხვევასაც უხვად შეხვდებით. ზოგი, საკუთარი ნებით თანამშრომლობს, რადგან გამოსულია პროკურატურის თუ სხვა ძალოვანი უწყების წიაღიდან. ზოგი, იძულებულია ეს გააკეთოს, რადგან სხვაგვარად კლიენტთან ვერ გააფორმებს საპროცესო შეთანხმებას და, ფაქტობრივად, ვერ იმუშავებს. პირადად მე, არ ვთანამშრომლობ პროკურატურასთან და ამიტომ საქმეებსაც არ ვიღებ, რადგან ვიცი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ეფექტურ დაცვას ვერ შევთავაზებ.
დაკავებულთა აბსოლუტური უმრავლესობა კი, ბრძოლას და საკუთარი სიმართლის დამტკიცებას, ბრალის აღიარებას და საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ამჯობინებს. მხოლოდ რამდენიმე საქმეს ვაწარმოებ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში და, სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ იქაც მოქმედებს პოლიტიკური კონიუნქტურა. გადაწყვეტილებებს იღებენ მაშინ, როცა მსჯავრდებული უკვე იხდის უკანონო სასჯელს, ან გარდაცვლილია. მაგალითად, ჩემმა მეუღლემ პოლიტპატიმარმა ვახტანგ ტალახაძემ, უკანონოდ მოიხადა 4-წელნახევრიანი სასჯელი, სტრასბურგის სასამართლოს ჩვენი განაცხადის არსებითი განხილვაც კი არ დაუწყია. რაც შეეხება 200-ლარიან საწევროს, ეს პარლამენტის მიერ კანონით არის განსაზღვრული და ამ შემთხვევაში, ადვოკატთა ასოციაციისთვის აზრი არავის უკითხავს. დარწმუნებული ვარ, დადგება დრო, როცა პროკურატურასთან შეკრულ ადვოკატებს პასუხი მოეთხოვებათ, რადგან ისინი აკნინებენ ადვოკატის ინსტიტუტს და ხელს უშლიან ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბებას.
ხელისუფლების მიერ ადვოკატთა წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას სწორედ ის ადვოკატები უწყობენ ხელს, რომლებიც თანამშრომლობენ პროკურატურასთან და სიმართლის დადგენას კი არ ემსახურებიან, არამედ პროკურატურის ნების უსიტყვო აღმსრულებლები არიან. ამით ხელსაც ითბობენ და თანაც, მათ არავინ ერჩის. არის ფაქტები, როცა ზოგიერთი ჩემი კოლეგა ნამდვილად კანონსაწინააღმდეგოდ მოქმედებს, მაგრამ, ძირითადად, იმ ადვოკატებს იშორებენ, რომლებიც ხელს და ნერვებს უშლიან პროკურორებს სასამართლო პროცესებზე. ის, რომ ამდენი ადვოკატი უკანონოდ არის გასამართლებული, მხოლოდ ჩვენს სისუსტეზე მიანიშნებს.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, ცდილობს, ჩვენს ევროპელ კოლეგებს გააცნოს საქრთველოში ადვოკატთა დევნისა და უფლებათა შელახვის თითოეული ფაქტი, მაგრამ თუ თავად ადვოკატებს არ გაუჩნდებათ პროტესტის გრძნობა და პროფესიული ღირსების დასაცავად არ გავერთიანდებით, არცერთი ხელისუფლება არ იზრუნებს ჩვენი უფლებების დაცვასა და სასამართლოზე საკუთარი გავლენის შემცირებაზე. სამწუხაროდ, დღეს ადვოკატთა უმრავლესობას საკუთარი უფლებების დასაცავად არაფრის გაკეთება არ სურს, ან მოქმედებს შიშის სინდრომი. ასე რომ, ჩემი აზრით, პრობლემა ისევ ჩვენშია და არა მხოლოდ ხელისუფლებაში”.