თბილისში, 13 ივნისს მომხდარ ტრაგედიამდე, ყველაზე აქტუალური სპორტული კომენტატორი სანდრო ცნობილაძე, მისი შეცდომა და ამ მიზეზით “საზოგადოებრივი მაუწყებლიდან” მისი გათავისუფლება იყო. შეცდომა კი, მართლაც, საკმოდ უხეში - საქართველოსა და პორტუგალიის ( U-19) ნაკრებების ერთმანეთში არევა გახლდათ. საერთოდ, უშეცდომო მხოლოდ ისაა, ვინც უმოქმედოა... ჩემი აზრით, შეცდომა ადამიანური ხიბლია... რითი ხსნის სანდრო ცნობილაძე თავის შეცდომას? რატომ არავინ გააფრთხილა ამ იაღლიშის შესახებ და აქვს თუ არა ყველაფერ ამას პოლიტიკური ელფერი? - “ქართული სიტყვა” სანდრო ცნობილაძეს ესაუბრა.
- სანდრო, არ გეტყობა, რომ გუშინ სამსახურიდან გამოგიშვეს...
- ჰო, არ ვნერვიულობ, ან რატომ უნდა ვინერვიულო? ძალიან ბევრი ადამიანისა და ორგანიზაციის მხრიდან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და, უბრალოდ, მორალური უფლება არა მაქვს, ცუდად ვიყო, მით უფრო, რომ “ჯაკო FM”-ში ვმუშაობ.
- შენს შეცდომას რითი ხსნი?
- სამწუხაროდ, ვერ ვხსნი. ამ ამბიდან, დაახლოებით, 48 საათის განმავლობაში ვცდილობდი, ჩემი ქმედება ამეხსნა, თუმცა უშედეგოდ. ახსნა-განმარტებით წერილშიც მიწერია, რომ არავის და არაფრის ზემოქმედების ქვეშ არ ვყოფილვარ. ადამიანი ხანდახან ითიშება... ხდება ასეთი რაღაცები.
- რეპორტაჟის მიმდინარეობისას, ზურგს საკმაოდ დიდი ჯგუფი გიმაგრებს. რატომ არავინ გითხრა, რომ გუნდები აგერია?
- მეც იგივე კითხვა მაწუხებს, თუმცა პასუხი არც ამაზე მაქვს. დავით მინაშვილი შემოვიდა და მითხრა, საქმე რაშიც იყო, მაგრამ ეს რამდენიმე წუთის შემდეგ მოხდა.
- სანდრო, იქნებ, შენი პოლიტიკური შეხედულებების გამო აგითვალწუნეს და ეს შემთხვევა, უბრალოდ საბაბი იყო? - სოციალური ქსელით, მთავრობას ხშირად აკრიტიკებ...
- ამ შეკითხვას ვერ ვუპასუხებ, რადგან ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების იურიდიული ფორმულირება, დოკუმენტის სახით, ჯერ არ მიმიღია და რა ვიფიქრო, ესეც არ ვიცი. რაღაც არსებითი ხომ უნდა იყოს, რომ დასკვნა გავაკეთო?
- შენსა და „საზმაუს“ შორის არსებულ ხელშეკრულებაში წერია, სამსახურიდან რა შემთხვევაში შეიძლება, გაეშვი?
- არა, ერთწლიან ხელშეკრულებას აფორმებენ და ამ დროის გასვლის შემდეგ, უფლება აქვთ, გაგიშვან. იურიდიულად, ჩემი გათავისუფლების მიზეზი არ ვიცი და ამიტომ პასუხი ამ შეკითხვაზეც არ მაქვს.
- ამ მრავალჯერნახსენებ დოკუმენტს და, შესაბამისად, იურიდიულ ფორმულირებას რატომ არ ითხოვ?
- მე რატომ უნდა მოვითხოვო? ისინი არიან ვალდებულები, რომ დოკუმენტი ჩამაბარონ. ჩემი გათავისუფლების ფორმას ვაპროტესტებ, მაგრამ კარს არავის ჩამოვუღებ. დოკუმენტის შედგენა და გადმოცემა მათი ვალდებულებაა.
- როგორ გაიგე, რომ „საზმაუში“ აღარ მუშაობ?
- მეგობრებმა ტელეფონით შემატყობინეს...
- არც ის იცი, შენი გათავისუფლების გადაწყვეტილება ვინ მიიღო?
- გადაწყვეტილება სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო, რომლის სხდომასაც არ ვესწრებოდი, არადა, ჩემი აზრით, ჩემი იქ ყოფნა აუცილებელი იყო. ჩემს ქმედებას, რა თქმა უნდა, რეაგირება უნდა მოჰყოლოდა და საბჭოც სრულიად ლეგიტიმური მოტივით შეიკრიბა, მაგრამ განაჩენი ჩემი ახსნა-განმარტების საფუძველზე გამომიტანა.
- შენი მხარდამჭერების აქტიურობამ „საზმაუში“ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია...
- არ ვიცი, „საზმაუში“ რა ხდება... მხარს ტელევიზიის თანამშრომლებიც მიჭერდნენ, თუმცა ქართველი სპორტული ჟურნალისტების მიერ ორგანიზებულ შეკრებას, რომელიც ჩემს მხარდასაჭერად ჩატარდა, „საზმაუს“ ერთი წარმომადგენელიც არ ესწრებოდა.
- ხომ არ ფიქრობ, რომ თანამშრომლები ამ შეკრებაზე დირექტორის დირექტივით არ მოვიდნენ?
- სპორტული რედაქციის წევრები მხარში დამიდგნენ და ამას ვერ უარვყოფ. მეტს ვერავის მოვთხოვ, ეს ადამიანების კეთილი ნებაა.
- შენს გარდა, კიდევ ვინმეს სამსახურეობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგა?
- ისიც არ ვიცი, იურიდიული თვალსაზრისით, რა პასუხისმგებლობა დამაკისრეს, თან მათთან კომუნიკაცია არ მაქვს.
- სანდრო, ესე იგი, შენს გათავისუფლებას პოლიტიკურ კონტექსტში არ განიხილავ? ისე, სამსახურიდან მხოლოდ შენ გაგიშვეს, არადა, შეცდომა, მე თუ მკითხავ, მთელი „სტაფის“ ბრალი იყო...
- მხოლოდ არსებული ხელისუფლების ოპონენტი არ ვარ, თავის დროზე იმასაც ვაკრიტიკებდი, რაც არასწორად მიმაჩნდა. ამიტომ, ჩემი მდგომარეობის ანალიზს პოლიტიკური კუთხით ვერ დავიწყებ, ბოლოს და ბოლოს, ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ.
- ხელისუფლებას “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” გავლენა აქვს?
- მხოლოდ კონკრეტულ საქმეს ვაკეთებდი - კომენტატორი ვიყავი და სამსახურში რეპორტაჟამდე რამდენიმე საათით ადრე მივდიოდი. ამიტომ, განყოფილებების სარედაქციო პოლიტიკაში ჩახედული არ ვარ. მართლა არ მაქვს წარმოდგენა, ამ კუთხით „საზმაუში“ რა ხდებოდა.
- ე.წ. შერჩევითი სამართლის მსხვერპლი ხომ არ ხარ?
- ვიცოდი, რომ ეს ამბავი მარტივად არ დასრულდებოდა. უხეშად რომ ვთქვა, სიტუაცია დავტესტე... როცა შეცდომა დავუშვი, სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი მამხნევებდა, ის კი, რაც, სამსახურიდან გამოშვებას მოჰყვა, თავად ხედავ. არ ვიცი, ხელმძღვანელობამ რა განსაზღვრა და რა - არა. ფაქტი ერთია: საფეხბურთო კლუბები მხარს უკვე ოფიციალურად მიჭერენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
- “პირველი არხის” სახე იყავი, ამიტომ BBC-ზე შენი გაშარჟება, მთლიანად ტელევიზიის რეპუტაციაზე არ მოქმედებს?
- ამ შეკითხვის ადრესატი უფრო “საზოგადოებრივი მაუწყებელია”. BBC-ზე რაღაც წერილი შემიძლია, მეც გავაგზავნო და იმაზე, რომ სამსახურიდან გაშვების დოკუმენტს არ მაძლევენ და სრულიად უცერემონიოდ მათავისუფლებენ, ბლოგი დაიდოს, „საზმაუს“ რეპუტაცია უფრო დამძიმდება.
- შანსი რომ გქონდეს, “პირველ არხზე” დაბრუნდები?
- ფორმას გააჩნია. თუ იმ დოკუმენტში სამსახურიდან გაშვების მიზეზად ჩაწერენ, რომ უვიცი ვარ, მაშინ, რა თქმა უნდა, არ დავბრუნდები. TVS-თან საუბრისას „საზმაუს“ გენდირექტორმა თქვა, რომ კარგი პროფესიონალი ვარ და მომავალში ჩემთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.
- “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ხალხის მოთხოვნებზე უფრო მეტად უნდა რეაგირებდეს, ვიდრე - სხვა ტელევიზიები. არ ფიქრობ, რომ ეს მხარდამჭერი შეკრებები და პეტიციები შედეგს გამოიღებს?
- გეთანხმები, “პირველი არხი” ხალხის მოთხოვნას უნდა ითვალისწინებდეს, ამიტომაც არ დავმალავ, რომ შექმნილი ვითარებით ძალიან გახარებული და კმაყოფილი ვარ. მხარდაჭერის მასშტაბი აუცილებლად გაიზრდება. ისე, სპორტული ჟურნალისტები საკმაოდ დაუფასებლები ვართ, ცოტა ხნის წინ, TVS-დან ჩემი მეგობრები გამოუშვეს... სპორტი ძალიან დიდი ფუფუნებაა - სპორტის გაშუქება თითქმის ყველა კომერციულ ტელევიზიას უჭირს, რადგან დიდ ფინანსებთან ასოცირდება.