ყველაფერი წალეკილია... ამის ჩამდენს თვალები რომ ჰქონდეს, საკუთარი ნამოქმედარის შეეშინდებოდა... წყალმა ცოცხლები კი არა, მკვდრებიც არ დაინდო - საფლავები წალეკა... შესაძლებელი იყო თუ არა ტრაგედიის თავიდან არიდება? ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება, ვისზეა ამდენი ადამიანის სიცოცხლე და არსებობს თუ არა ტრაგედიის განმეორების საფრთხე? - „ქართული სიტყვა“ ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს, არასამთავრობო ორგანიზაცია “მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე”-ს ხელმძღვანელ ანზორ საკანდელიძეს ესაუბრა:
- რატომ დაგვენგრა თბილისი, ბატონო ანზორ?
- მდინარე ვერეს ბუნებრივ კალაპოტში შენობები არ უნდა ყოფილიყო. არსებობს დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ მდინარე ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერ მცოცავი გრუნტებია და ამიტომაც, მშენებლობა ყოვლად გაუმართლებელია. 12 წლის წინ, ძველ, გამოცდილ გეოლოგს ვესაუბრე, რომელმაც ამ ტერიტორიაზე კვლევითი სამუშაოები პირადად ჩაატარა და მეწყერის დიდი საშიშროება დაადგინა. ამიტომ, ვერეს ხეობაში საცხოვრებელი სახლისა თუ საინჟინრო ნაგებობის აგება არ შეიძლება!
- გასაგებია, რომ მშენებლობა უადგილო იყო, მაგრამ, ბატონო ანზორ, ის თუ შეგიძლიათ მითხრათ, რამდენად ხარისხიანად აშენდა?
- აი, რაშია საქმე: დღეს, როცა შენობებიც და გზაც დანგრეულია, იმაზე საუბრობენ, უნდა აღდგეს თუ არა, რადგან ასეთი საშიში ბუნებრივი მოვლენები ყოველთვის მოსალოდნელია. 12 წლის წინ, იმ გეოლოგმა, რომელზეც წეღან მოგახსენეთ, დაწერა სტატია, რომ მდინარე ვერეს გაყოლებაზე აშენებული ყველა ნაგებობა განწირულია.
- მახსოვს, ამაზე ლაპარაკი თქვენც რამდენიმე წლის წინ დაიწყეთ...
- დიახ. ახლა, როგორც ჩანს, გმირთა მოედანზე ჩამონგრეული გზის ნაწილის აღდგენა აღარ შეიძლება და ისევ რეკრეაციულ ზონად უნდა დარჩეს, მაგრამ თუ მაინცდამაინც გვინდა, რომ აქ ტრასა იყოს, მდინარე ვერეს ბუნებრივ კალაპოტს არ უნდა შევეხოთ. ნეტავ, მდინარის ლითონის მილში გაშვება აზრად ვის მოუვიდა?! ღვარცოფული მოვლენისას, ვერე თავის კალაპოტს მაინც დაიბრუნებს.
ახლა ასეთი სიტუაციაა: თუ ტრასა გვინდა, ესტაკადით უნდა გაკეთდეს და ამაღლდეს, ოღონდ, რა თქმა უნდა, წინასწარი გამოკვლევის შემდეგ.
- კალაპოტი რატომ შეცვალეს?
- ამდენი ხალხი პირადი მოგებისთვის გაწირეს - ნებართვების გაცემა და ფულის შოვნა დაიწყეს.
- ვერეს კალაპოტი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, გიგი უგულავას მერობისას შეეცვალა, მაგრამ ახალი მთავრობა რომ მოვიდა, არ იცოდა, რომ კალაპოტი შეცვლილი იყო, რატომ არაფერი მოიმოქმედა?
- გეტყვით, საქმე რაშიცაა. სახელისა და გვარის დასახელება არ მინდა, მაგრამ ვიცნობ ადამიანს, რომელმაც ეს მშენებლობა დააპროექტა და პირადი შეხვედრისას მითხრა, რა ვქნა, მუშაობას არ მაცდიანო. არ შეიძლება, ასეთი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების გარეშე გაკეთება!
- „არ მაცდიან“ რას ნიშნავს, ბატონო ანზორ?
- რას ნიშნავს და, - უგულავასა და სააკაშვილს ეჩქარებოდათ, ლენტის გაჭრა აგვიანდებოდათ... „ნაციონალების” დრო ე. წ. „ატკატების“ პერიოდი იყო. მაგალითად, თუ კონკრეტული მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 100 ათასი იყო გამოსაყოფი, მშენებელს ეტყოდნენ, რომ 150 ათასს გამოუყოფდნენ, ოღონდ აქედან 50 ათასი, რომელიც, რა თქმა უნდა, მათ ჯიბეში მიდიოდა, უკან უნდა დაებრუნებინა.
- თუ “ნაცებმა” ცუდად გააკეთეს, “ოცნებამ” სიტუაცია რატომ არ გამოასწორა?
- რა უნდა გაეკეთებინათ, როცა უკვე აშენებული იყო?
- მდინარე ვერე ძველ კალაპოტში დაებრუნებინათ...
- უკვე ისე იყო გაკეთებული, რომ ვერაფერს მოუხერხებდნენ. სხვათა შორის, ბუნებადამცველმა ნინო ჩხობაძემ ყველაფერ ამაზე, რასაც ვამბობდი, ისაუბრა და ყველა ადამიანი შეკრიბა, ვისაც მშენებლობასთან აქვს კავშირი. ახლა ისინი ჩაუტარებელი სამუშაოების გამოკვლევას იწყებენ, რათა ასეთი რამ კიდევ არ განმეორდეს და ზუსტად მიხვდნენ, თუ ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დგას და რატომ.
გმირთა მოედნის ესტაკადის საძირკველი უკვე მორყეულია, მორყეულია საყრდენი კედელიც, ამიტომ ზუსტად და უშეცდომოდ უნდა დადგინდეს, რისი გაკეთებაა საჭირო. შემდეგ, უნდა დაიდოს დასკვნა, აქვს თუ არა აზრი აღდგენას.
- როგორ ფიქრობთ, ეს წინასწარ ხომ არ იყო დაგეგმილი? იქნებ, ვინმეს აწყობდა ამ ტრაგედიის გამოწვევა?
- არა, ძალით გაკეთებული არ იყო. ეს უვიცობისა და სააკაშვილის ხუშტურების ბრალია. სხვათა შორის, ის ხალხიცაა დამნაშავე, რომელმაც თავის დროზე პროტესტი არ გამოხატა. ყველა, ვინც ამ პროექტს დაეთანხმა და სამუშაო არაპროფესიონალურად შეასრულა, ამ დანაშაულის მონაწილეა.
- ვიდრე „ნაციონალები“ აშენებას დაიწყებდნენ, გეოლოგიური დასკვნა, რომელიც ამ ტერიტორიაზე მშენებლობას კრძალავდა, ხომ არსებობდა?
- რა თქმა უნდა, არსებობდა და დღესაც არსებობს. მდინარის კალაპოტში საერთოდ არ შეიძლება რაიმეს აშენება.
- თბილისში არასწორ ადგილას და ცუდად აშენებული ბევრი შენობაა?
- თბილისშიც და მთელ საქართველოშიც. 20 წელია, ერთი შენობაც არ შემოწმებულა. უგულავამ ყოველგვარი შემოწმება გააუქმა, რადგან ჯერ ერთი, მამამისს სამშენებლო ფირმა ჰქონდა და, მეორეც, ეტყოდა ვინმეს, აი, შენ გაგათავისუფლებ შემოწმებისგანო და, ალბათ, პირად მოგებასაც ნახულობდა. შენობებიც, რა თქმა უნდა, ყოველგვარი შემოწმების გარეშე ბარდებოდა. ადრე მშენებლობის ნებართვა არ გაიცემოდა, თუ პროექტის უსაფრთხოება, როგორც კონსტრუქციულად, ისე ეკოლოგიურად არ შემოწმდებოდა. უგულავამ ამ სისტემაში ისეთი წესი შემოიღო, რომ ახლა ნებართვა მხოლოდ არქიტექტურული ნახაზით, უფრო სწორად, ნახატით გაიცემა. კონსტრუქციული ნახაზები არავის აინტერესებს... ეს, კარგი, უგულავას ხუშტურებია, მაგრამ ახალი ხელისუფლება რომ მოხვედი, რატომ არ გამოასწორე? მსოფლიოში ვერ ნახავთ პრეცედენტს, სამშენებლო ნებართვას მხოლოდ კონსტრუქციული ნახაზით რომ გასცემდნენ. ეს წესი ახალმა მთავრობამაც არ შეცვალა.
- ესე იგი, მომხდარზე პასუხისმგებლობა როგორც „ნაცმოძრაობას“, ასევე, „ოცნებასაც“ ეკისრება?
- ეს პასუხისმგებლობა კი არა, უბედურებაა...
შორს რომ არ წავიდე, ასათიანზე, 32-სართულიან კორპუსებს აშენებენ და პროექტი არ აქვთ. კონსტრუქციული ნახაზიც არ მაჩვენეს და შემდეგ, სასამართლოს გზით, მოვიპოვე. მაღლივი კორპუსები, მსოფლიოში აღიარებულია, რომ ყველაზე რთულად და ყურადღებით ასაშენებელია, აქ, ჩვენთან კი, რიგ-რიგობით აშენებენ. ეს რას ჰგავს?! თან, ერთიც არ მაჩვენებს კონსტრუქციულ ნახაზს იმიტომ, რომ გამზადებულიც არ აქვს. გამოკვლეულია, რომ თბილისი 8-ბალიანი სეისმური ზონაა და კარკასული შენობა, არ შეიძლება, 12 სართულზე მეტი იყოს. ამის უფლება არ აქვთ. შეიძლება, რომ 20 სართულით ზედმეტი ააშენო?
ბათუმში უარესი მდგომარეობაა: გავგიჟდი, რომ ვნახე - კორპუსებში ჯერ ხალხი არ შესულა და უკვე გადახრილია.
ვინაიდან ეს საშინელება მოხდა, ჭკუა ახლა მაინც ვისწავლოთ. მშენებლობები დროებით შეაჩერონ, გადახედონ ტექნიკურ დოკუმენტაციას, ზუსტად გაარკვიონ, სწორად შენდება თუ არა და შემდეგ, მისცენ უფლება, მაგრამ ამის გამკეთებელი ორგანიზაცია დღესდღეობით არ არსებობს.
- თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარიც წყალმა იმიტომ წაიღო, რომ ცუდ ადგილას იყო აშენებული?
- აბა, რა, თითქმის მდინარის ნაპირთან იყო...
- 2 კვირის წინ, ნაკლებად მასშტაბური წყალდიდობისას, თავშესაფარი დაზიანდა და, თუ არ ვცდები, 3 მილიონით დაზარალდა თამაზ ელიზბარაშვილი. ახლა თავშესაფარი საერთოდ აღარ არსებობს... ცოტა ხსნის წინ რომ ასეთი რამ მოხდა, მთავრობა ხომ უნდა დაფიქრებულიყო, რამე ხომ უნდა გაეკეთებინა?
- არ ვიცი...
- ბატონო ანზორ, კიდევ რა გვემუქრება?
- საფრთხე არის. ამიტომ ყველა პროექტი კარგად უნდა შემოწმდეს, განსაკუთრებით, მაღლივი კორპუსები. კარკასული შენობები 12 სართულზე მეტი არ შეიძლება. 1988 წელს, სომხეთში და 10 წლის მერე თურქეთში მიწისძვრა მოხდა და ასეთი შენობების 98% დაინგრა. ასეთებს მსოფლიოში „მკვლელ შენობებს“ უწოდებენ, თბილისი კი, „მკვლელი შენობებითაა“ სავსე!
პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 13 ივნისის ტრაგედიით, შესაძლოა, პროკურატურა დაინტერესდეს. ამასთან, სტიქიის გამომწვევი მიზეზების შესასწავლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რათა მომხდარის შესახებ კომპეტენტური და მაქსიმალურად ობიექტური დასკვნა მომზადდეს - შესაბამისი დავალება პრემიერმა გასცა. მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, პროცესში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.
„დღეს ბევრი ექსპერტი საუბრობს, რომ ვერეს ხეობაში გვირაბებმა და ახალმა გზამ, მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის, რაც მოხდა. არ ვიცი, ეს ემოციური შეფასებაა თუ სიმართლე. ვავალებ შესაბამის სამსახურებს, დაიწყონ ამაზე მუშაობა, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და ამის შემდეგ არ გამოვრიცხავ, ამ საქმით პროკურატურაც დაინტერესდეს. მსგავს ფაქტებზე რეაგირება ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება”, - აცხადებს პრემიერი და საფრანგეთის მაგალითი მოჰყავს, სადაც, არაკეთილსინდისიერად გაცემული ნებართვების გამო, რომელმაც გარემოს დაზიანება გამოიწვია, პასუხისმგებელი პირები დაისაჯნენ. მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, მოსახლეობას განუმარტოს, რატომ მიადგა ამხელა ზიანი დედაქალაქს.
„ვინც უნდა იყოს, უნდა მიეცეს პასუხისგებაში, არც ესაა გამორიცხული... საჭიროა, დადგინდეს რეალური მიზეზები, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ ის, რაც მოხდა”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.