13 ივნისის ტრაგედიის ფონზე, აზრი თითქოს აღარაფერს აქვს, მაგრამ... ცხოვრება, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, მაინც გრძელდება... სხვა დროსა და სიტუაციაში, უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკის, უსაფრთხოების ექსპერტის, კონსტანტინე ფორჩხიძის წინამდებარე ინტერვიუ, ალბათ, მორიგი სკანდალის საფუძველი გახდებოდა, მით უმეტეს, რომ ქართველი სპეცსამსახურელი თავდაცვის სამინისტროში “მოქმედ” ე.წ. სასიყვარულო სამკუთხედზე საუბრობს, რომელიც რუსეთის სახელმწიფოსთვის მუშაობდა. გარდა ამისა, ფორჩხიძე, რომელსაც “ქართული სიტყვა” 13 ივნისის წყალდიდობის წინა დღეს შეხვდა, კიდევ ერთხელ მოითხოვს, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები საფუძვლიანად იქნას შესწავლილ-გამოძიებული, რათა მინიმუმ, შეცდომებზე ვისწავლოთ...
- ბატონო კოტე, თავმოყვარე ადამიანი ხართ?
- ვარ, აბა, არ ვარ?!
- თუ თავმოყვარე ხართ, რატომ არ მუშაობთ?.. იქნებ, უმუშევარი იმიტომ ხართ, რომ 2000 ლარზე მუშაობა არ გინდოდათ და სამსახურიდან გამოიქეცით?
- რა? 2000 ლარზე მუშაობა არ მინდოდა?.. გუგული მაღრაძე მარსზეა და ჯობია, დედამიწაზე დაეშვას! ხალხს პურის ფული არ აქვს და, 2-ათასიან კი არა, 200-ლარიან სამსახურს ვერ შოულობს!
- თქვენი აზრით, ხელისუფალნი მსგავს განცხადებებს რატომ აკეთებენ ხოლმე?
- იმიტომ, რომ ხალხი გააღიზიანონ.
- “ბობოლებს” მოსახლეობის გაღიზიანება ხელს რატომ აძლევთ?
- თვითონ განცხრომაში არიან და ცხოვრებას ცისფერი სათვალით უყურებენ!
- ეს გავიგე, მაგრამ გამორიცხულია, რომ მსგავსი განცხადებების უკან სპეცსამსახური იდგეს?
- სპეცსამსახური ასეთ მესიჯებზე მაშინ მუშაობს, თუკი ხელისუფლებას ხელისუფლების გადაბარება აქვს გადაწყვეტილი.
- ხელისუფლებამ ხელისუფლება ვის შეიძლება გადააბაროს?
- ყველაზე ძლიერი და ორგანიზებული ოპოზიციური ძალა დღეს “ნაცმოძრაობაა”...
- სხვათა შორის, მიშამ ქსენია სობჩაკთან ინტერვიუში განაცხადა, საქართველოში წელიწადნახევარში დავბრუნდები და ეს ხალხის მოთხოვნა იქნებაო...
- ვანო, გინდათ, გითხრათ, სახელმწიფო გადატრიალება როგორ უნდა მოაწყოთ?
- როგორ?
- მმართველ პარტიაში უნდა შეხვიდეთ, არაფერი გააკეთოთ და სახელმწიფო გადატრიალება თავისით მოხდება!
ამ ხალხმა ძალაუფლება “დაითრია”, მაგრამ არაფერს აკეთებს. ყველაფერი ეს კი, შეიძლება, მიზანმიმართულად კეთდება.
- რატომ?
- გახსოვთ, ადრე გითხარით, “ნაციონალებმა”, 2003 წელს, “ვარდების რევოლუციის” მერე რაც თქვეს, ხელისუფლებაში ორი ციკლი ვიქნებით, მერე, ერთი ციკლი აღარ ვიქნებით და მერე, ისევ დავბრუნდებით და 50 წელი დავრჩებითო.
- ახლა გამახსენდა: ამ დღეებში, ვანში, დიდი ხმაური იყო და მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რომელმაც საკუთარი და თანამდებობაზე დანიშნა, განაცხადა, ასე იყო საჭიროო. ნეპოტიზმიც არის და ნეპოტიზმიც, არა?
- ეს წესიერ ქვეყანაში რომ მომხდარიყო, ვანის გამგებელს ციმბირს იქით ქვეყანა რომაა, იქ გაასახლებდნენ! სხვათა შორის, საკუთარ და-ძმებს საკუთარ უწყებებში “ნაციონალებიც” არ ნიშნავდნენ, მაგრამ ყველაფერი ეს მოსწრების ბრალია - დიახ, ყველა მოსწრებაზეა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღოს, მატერიალური ქონება დააგროვოს და მერე, ამ ქვეყანას თუნდაც მეხი დასცემია! ებრაელის ნათქვამია, ვიდრე ქართველები სამშობლოს სიყვარულს არ ისწავლიან, საქართველოს არაფერი ეშველებაო...
- ასეა თუ ისე, კოტე ბატონო, საჯაროდ ვამბობ: მრცხვენია, რომ ისეთი დეპუტატები გვყვანან, რომლებიც მშიერმუცელა ხალხს აბუჩად იგდებენ!
- მეც მრცხვენია! არ ვიცი, გუგული მაღრაძესა და მისნაირებს რა აქვთ გაკეთებული, მაგრამ ამ ქვეყნისთვის, ბოლოს და ბოლოს, სისხლი დამიღვრია! გუგული მაღრაძემ და სხვა კანონმდებლებმა იმაზე ილაპარაკონ, ომის ვეტერანებს სული შიმშილით რომ გვძვრება და უფასო სამედიცინო მომსახურების ცენტრსაც გვართმევენ!
- ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი შიხიაშვილმა, როგორც ყური მოვკარი, განაცხადა, ყველაფერი ეს გამოგონილიაო...
- შიხიაშვილი ომის რომელ ვეტერანთან მისულა და რომლის მდგომარეობით დაინტერესებულა? 7-მილიონიანი ბიუჯეტი ერთ ადგილას რომ ამოიდო, ამ ხნის განმავლობაში ერთი პროგრამა მაინც განახორციელა? ვეტერანი ვარ და, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა ვიგრძნო, რომ ეს ადამიანი რამე სიკეთეს აკეთებს? ვეტერანთა დეპარტამენტში ძველი მხედრიონელები დაასაქმეს და იქ რომ შეხვიდეთ, მხედრიონი გეგონებათ! ისე, ყურადღებას მხოლოდ 2008 წლის ომის ვეტერანებისადმი იჩენენ. აფხაზეთში ნაომარი ბიჭები კი, ჩაგვრეცხეს!
- მერე, ვეტერანები ხმას რატომ არ იღებთ?
- იმიტომ, რომ ორგანიზებული ძალა არ ვართ. ვეტერანებს მიშაც თავის ჭკუაზე ატრიალებდა და ამის ნათელი მაგალითი უდესიანის ხელმძღვანელობით შექმნილი რაღაც რაზმები თუ გიგი უგულავას რეზერვია, სადაც იმ ვეტერანებს “ტენიდნენ”, რომლებიც მხარს “ნაცმოძრაობას” უჭერდნენ.
- ბატონო კოტე, “ნაცმოძრაობა” დამთავრდა და, როგორც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, ხალხს მიშას დაჭერაც აღარ აინტერესებს. დღეს რა ხდება?
- დღეს აბსოლუტური უნიათობაა. არადა, ადამიანები სამშობლოსგან ღირსების აღიარებას ელიან! რა მნიშვნელობა აქვს, ღირსებას “ნაცმოძრაობა” შემილახავდა და სამსახურიდან გამომაგდებდა თუ ანალოგიურად გუგული მაღრაძე ან “ოცნების” სხვა წარმომადგენელი მომექცევა? ეს ხელისუფლება შინაარსობრივად იგივეა, რაც “ნაცმოძრაობა” იყო, ოღონდ ფორმითაა განსხვავებული, ანუ ეს კეტით ძალადობა არაა, მაგრამ გუგული მაღრაძის განცხადებებიც ხალხზე ძალადობა და შეურაცხყოფაა. ამის გულისთვის ხალხმა სასამართლოში უნდა უჩივლოს.
- ადექით და უჩივლეთ!
- ვის ვუჩივლო, ქალს?
- პოლიტიკაში სქესი არ არსებობს!
- კი ბატონო, მაგრამ ეს ქალი ხომ ადრე გიული ალასანიას მეგობარი იყო... ტიპური კომფორმისტია! ესენი იმ ხალხს დასცინიან, რომელმა ხალხმაც ხელისუფლებაში მოიყვანა - ხალხმა ბიძინა ივანიშვილის დაიჯერა და “ოცნებას” ხმა ამიტომაც მისცა, თორემ ვინ არიან, საიდან მოვიდნენ? 20-25 წელია, პოლიტიკაში არიან, მაგრამ ხელისუფლებაში აქამდე რატომ ვერ მოვიდნენ? სხვათა შორის, დეპუტატ კობა ნაყოფიას 101 გაცდენა აქვს და ეს, პირველ რიგში, პარლამენტარიზმის შეურაცხყოფაა და ხალხს რატომ არ უნდა ჰქონდეს ბერკეტი, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე დეპუტატი გამოიწვიოს და პარლამენტარების მიერ მიღებულ კანონებს, ასე ვთქვათ, გადახედოს? ვიდრე ხალხი რეალურ ძალაუფლებას არ დაიბრუნებს, არაფერი გვეშველება!
ახლა არა, მაგრამ თავის დროზე წინააღმდეგი ვიყავი, რომ მაჟორიტარული არჩევნების ის ფორმა შენარჩუნებულიყო, რაც არსებობს. ის კი, რასაც დღეს აკეთებენ, პოლიტიკური უსინდისობაა!
- რას გულისხმობთ?
- არსებობს პარტიების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც ისინი “ნაცმოძრაობის” დროს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას არ ითხოვენ. არადა, მაშინაც ოპოზიციაში იყვნენ. ლაპარაკია, მაგალითად, “ახალ მემარჯვენეებზე”.
- როდინდელ ამბავს ყვებით?
- 2011 წლის, როცა ე.წ. ოპოზიციური რვიანი მოლაპარაკებათა მაგიდიდან ახტა და სადღაც ჯანდაბაში გაიქცა. “ნაცმოძრაობამ” კი, საარჩევნო კოდექსში ისეთი ცვლილება შეიტანა, რომელიც არჩევნებში გამარჯვების საშუალებას მისცემდა. დღეს კი, იგივე ადამიანები ამბობენ, მაჟორიტარული არჩევნები უნდა გაუქმდესო...
- ამ ქვეყანაში საარჩევნო კანონმდებლობა აქილევსის ქუსლი რატომაა?
- იმიტომ, რომ ხელისუფლებაში გაყალბებით მოსვლა მხოლოდ ამ კანონმდებლობითაა შესაძლებელი. ამასთან, საარჩევნო კოდექსი ერთ-ერთი ბერკეტია, რომლითაც ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნება შეუძლია. ყოველ შემთხვევაში, “ნაცმოძრაობა” ხელისუფლებას სწორედ ასე ინარჩუნებდა. ამიტომაც, მთელი დასავლეთი გვეუბნებოდა, საარჩევნო სისტემა შეცვალეთ და კონსენსუსს მიაღწიეთო, თუმცა იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც საარჩევნო მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ კონსენსუსი ის ეგონათ, რომ თავიანთთვის კომფორტული პირობები შეექმნათ!..
- რა ამის პასუხია და, წეღან 2008 წლის ომი ახსენეთ. ადრე კი მითხარით, სენაკის ბატალიონზე რაღაც უნდა გიამბოთო. რის თქმა გინდათ?
- თავდაცვის სამინისტროში ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა.
- სიტყვამ მოიტანა და, თავდაცვის ახალმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა, ხელშეკრულება, რომელიც საფრანგეთთან გაფორმდა, მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს მომზადდა, ირაკლი ალასანიას ხელმძღვანელობისას კი, უბრალოდ, მოლაპარაკებები დაიწყოო...
- ამ საკითხში ჩახედული არ ვარ და მხოლოდ ის ვიცი, რაც ოფიციალურად გამიგონია, რომ ფრანგულ მხარესთან მოლაპარაკებებს ირაკლი ალასანია აწარმოებდა.
ვიდრე 2008 წლის აგვისტოს ომს არ შევაფასებთ, არ გამოიკვეთება, თუ რასთან გვქონდა საქმე და, პოლიტიკური კლიშეების მიუხედავად, სიმართლე არ ითქმევა, მსგავსი ტრაგედია, შეიძლება, კიდევ განმეორდეს. რა, არ განმეორდა? - აგვისტოს ომზე ვამბობთ, რუსეთთან ომი იყოო, მაგრამ 1992-93 წლებში, აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტს რუსეთთან ომს რატომ არ ვეძახით? არადა, მაშინაც ჩვენს წინააღმდეგ აფხაზები კი არა, რუსეთის სახელმწიფო ომობდა. სამწუხაროდ, მაშინ დასკვნა არ გამოვიტანეთ და 2008 წელი მივიღეთ. არ გამოვიტანთ 2008 წლიდან დასკვნას და კიდევ ახალ ომს მივიღებთ!
არ შეიძლება, ადამიანები იმის მიხედვით დაყო, თავიანთი ქვეყნისთვის რომელი მთავრობის დროს იბრძვიან! კი ბატონო, ავღანეთში ჩვენი ბიჭები თავიანთ მოვალეობას გმირულად ასრულებენ, მაგრამ ამ ფონზე, შეიძლება, რომ შენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლები მიყარო და 22 ლარის ამარა დატოვო?
მოკლედ, ის, რაც 2008 წლის ომზე იქნა მოკვლეული, უნდა გასაჯაროებულიყო. ყოველ შემთხვევაში, ამ მასალების ნაწილი მაინც და ამით გავიგებდით, თუ რა მოხდა რეალურად, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემსწავლელ კომისიაში ის ადამიანები იყვნენ, ვისაც მომხდარზე პასუხისმგებლობა პირდაპირ ეკისრებოდათ.
- მაგალითად?
- ავიღოთ, მაგალითად, სენაკის ბაზა, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს, ღამე, დაიბომბა. სენაკში ორი - მე-2 და ე.წ. გვარდიული, ანუ რეზერვისტების ბრიგადა იდგა. დაბომბვის წინა დღეს, ანუ 7 აგვისტოს, ღამე, მე-2 ბრიგადა სენაკიდან რატომღაც ჭიათურის ტყეში გადაისროლეს. ამ ბრიგადის მეთაური ლაშა ბერიძე გახლდათ, რომელიც თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, როგორც ვიცი, ახლაც მუშაობს...
გვარდიულ დანაყოფს ნუგზარ სუხაშვილი ხელმძღვანელობდა. ეს გვარდიული დანაყოფი ხონის ბრიგადის შემადგენლობაში შედიოდა, რომლის მეთაურიც ალეკო კიკნაძე იყო. მოგვიანებით, კიკნაძე აღმოსავლეთის მიმართულების სარდალი გახდა. ერთხანობას, ავღანეთში ჩვენი მისიის ხელმძღვანელიც იყო. კიკნაძე “ნაცმოძრაობასთან” დაახლოებული და “ჩახუტებული” პირია. მოკლედ, 2008 წლის აგვისტოში, სენაკში პასუხისმგებელი სწორედ ალეკო კიკნაძე იყო.
- კიკნაძემ რა ჩაიდინა, რის გამოც პასუხისმგებლობას აკისრებთ?
- 8 აგვისტოს, ღამე, 1500 რეზერვისტი სამხედრო ნაწილიდან გაიყვანეს.
- სად?
- აეროპორტში, ანგარებთან და, ავტობუსის ანთებულ “ფარებზე”, ტანსაცმლის დარიგება დაიწყეს. სწორედ ამ დროს, რუსულმა საფრენმა აპარატმა ბომბი ჩამოაგდო, რის შედეგადაც, 7 ადამიანი დაიღუპა, 156 კი, დაიჭრა.
- იმის თქმა გინდათ, რომ ავტობუსის შუქზე რეზერვისტები მიზანმიმართულად “აპოზიორეს”?
- რა თქმა უნდა. სხვა შემთხვევაში, შტერი უნდა იყო, რომ მაშინ, როცა მთელი საქართველო იბომბება, რეზერვისტებს სამხედრო ფორმა შუაღამისას, ავტობუსის “ფარების” შუქზე დაურიგო. არ შეიძლებოდა, ფორმა სამხედრო ნაწილში მიეტანათ?
- ეს ბრძანება, თქვენი ინფორმაციით, ვინ გასცა?
- ბრძანება ადგილზე პოლკოვნიკმა ნუგზარ სუხაშვილმა მიიტანა. ყველაფრის ხელმძღვანელი კი, ალეკო კიკნაძე იყო.
- ამ ფაქტზე მოკვლევა არ ჩატარებულა?
- არა. მოკვლევა კი არა, კიკნაძე 2008 წლის აგვისტოს მოვლენების საგამოძიებო ჯგუფის მუშაობაში იყო ჩართული და, როგორ ფიქრობთ, საკუთარ დანაშაულს გამოიძიებდა?
სამხედრო ფორმის დარიგებას თავი რომ დავანებოთ, დღემდე პასუხგაუცემელია შეკითხვა: როცა იცი, რომ მტერი შემოჭრილია, დასავლეთიდან სამხედრო ქვედანაყოფები სამაჩაბლოში რატომ გადმოგყავს?
- იმიტომ, რომ სამაჩაბლო ფრონტის წინა ხაზი იყო...
- კი ბატონო, მაგრამ რა გარანტია არსებობდა, რომ რუსეთი საქართველოში აფხაზეთის მხრიდანაც არ შემოიჭრებოდა? იმის ნაცვლად რომ დაეცვათ, სენაკის ბაზა მიატოვეს, საიდანაც რუსები, სამი დღის განმავლობაში, ტექნიკას ეზიდებოდნენ...
- ბატონო კოტე, აგვისტოს ომში რატომ არ წახვედით?
- სამხედრო განყოფილებაში მივედი, მაგრამ მითხრეს, ვეტერანები არ გვჭირდებაო.
- არ იკითხეთ, რატომო?
- ვანო, როგორ გგონიათ, ამ შეკითხვას არ დავსვამდი?
- რომ დასვით, რაო, რა გიპასუხეს?
- არაფერი...
“ნაციონალებმა” რეზერვში, 2006 წლიდან, 80 ათასი ადამიანი “გაატარეს”. რეზერვისტებისთვის დიდი რაოდენობის - 100-150 ათასი ერთეულის, მეხუთე კატეგორიის ავტომატური იარაღი შეიძინეს.
- “მეხუთე კატეგორიას” ხაზს რატომ უსვამთ?
- იმიტომ, რომ ეს ჩამოწერილი იარაღია და თითოში, როგორც ვიცი, 200 დოლარამდე გადაიხადეს. არადა, მეხუთე კატეგორიის იარაღის თვითღირებულება, მაქსიმუმ, 50 დოლარია. წარმოგიდგენიათ, რამხელა თანხაა? არავინ იცის, ეს იარაღი სად წავიდა... მოკლედ, ეს ჩვეულებრივი მაფია იყო, რომელიც ძალინ დიდ თანხას “ხსნიდა”. ამიტომ, კომისიას, რომელიც აგვისტოს ომს იძიებდა, პირველ რიგში, ეს საკითხები უნდა გაერკვია.
- ყოფილმა მთავარმა პროკურორმა და იუსტიციის მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა განაცხადა, გარკვეული შეცდომები დავუშვითო და ამ შეცდომებში, შესაძლოა, აგვისტოს ომსაც გულისხმობდა. სხვათა შორის, ვრცელი სატელევიზიო გამოსვლით, ადეიშვილმა მის შესახებ შექმნილი მითი, უჭკვიანესიაო, ასე თუ ისე, დაამსხვრია. კოტე ბატონო, თქვენი აზრით, “ადეს” გამოჩენა რას ემსახურებოდა?
- ადეიშვილის ადგილზე რომ ვყოფილიყავი, ამ ინტერვიუს არ მივცემდი, რადგან ამით მისი ფიგურის კომპრომეტაცია მოხდა, თუმცა ყველაფერი ეს შეიძლება, რამეს ემსახურება.
- რას?
- ვთქვათ, იმას, რომ ადეიშვილი, როგორც ფიგურა, გაანადგურონ.
- “ადეს” ფიგურის განადგურება ხელს ვის უნდა აძლევდეს?
- ჩემი აზრით, ადეიშვილი ოდესის ოლქის პროკურორობას არ დასთანხმდა...
- სამაგიეროდ, ვანო მერაბიშვილის ყოფილმა მოადგილემ, გია ლორთქიფანიძემ ოდესაში მაღალი პოლიციური პოსტი მიიღო...
- ამით ლორთქიფანიძე, როგორც ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი და შემსრულებელი, ე.წ. ლაფანყურის საქმეს მოარიდეს...
- ლორთქიფანიძე, როგორც ამბობენ, თავიდან ბოლომდე მერაბიშვილის კადრია...
- დიახ, ასეა...
- სააკაშვილს ვანოს კადრი ოდესაში მიჰყავს. მაშასადამე, მოარული ხმა, სააკაშვილ-მერაბიშვილს ცუდი ურთიერთობა აქვთო, ბლეფია?
- იცით, მთავარი რა არის?
- რა?
- ის შავი ჩრდილოვანი ეკონომიკა, რომელიც “ნაციონალებს” აერთიანებს.
- “ოცნებას” რა აერთიანებს?
- არაფერი! “ოცნება” რაღაც კონგლომერატია, რომელსაც თვითონაც ვერ გაუგია, რა უნდა...
- ...ბატონო კოტე, წეღან ისიც თქვით, აფხაზეთში სიტუაცია იძაბებაო...
- წინა ინტერვიუებში არაერთხელ აღვნიშნე, რუსეთი აფხაზეთში, ქართველი მოსახლეობისთვის რეზერვაციის მოწყობას აპირებს-მეთქი და, პრაქტიკულად, ეს გეგმა ამუშავდა - საუბარია, რომ გალის რაიონში ქართული ენის სწავლების მეთოდი შეიცვალოს. ახალი მეთოდი, ცხადია, სპეცსამსახურების მიერ იქნება დამუშავებული. გარდა ამისა, საზღვარზე გართულებები შეიქმნება. პასპორტიზაციაც რეზერვაციისკენაა მიმართული, რომელიც ადრე თუ გვიან, შეიძლება, მინიმუმ, კულტურული ავტონომიის ჩანასახად მოინათლოს.
- გალის რაიონი, როგორც კულტურული ავტონომია, საქართველოს შემადგენლობაში შემოვა?
- არა, აფხაზეთის. ყველაფერი ეს კი, პრობლემებს სამეგრელოში შექმნის, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის მისამართით უკმაყოფილება გაიზრდება და ე.წ. მეგრული სეპარატიზმიც გაიღვიძებს. ყველაფერი ეს ერთი ჯაჭვის რგოლებია.
არ დაგავიწყდეთ: ბოლო წლების ყველა ტიპური სახელმწიფო გადატრიალების ინსპირირება, რომელსაც ხან სამხედრო საბჭო და “პუტჩი” დავარქვით, ხან კი, - რევოლუცია, სამეგრელოში მოხდა.
- ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში ანი ნადარეიშვილმა განაცხადა, კარასინი ქართულ მხარეს ბაჩო ახალაიას ციხეში იზოლაციის დავალებას აძლევსო...
- ესეც დესტაბილიზაციის მაპროვოცირებელი ელემენტი მგონია. გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა განაცხადა, ჩემი ლიკვიდაცია იგეგმებაო. ნადარეიშვილის განცხადებაც, დაახლოებით, ამ კონტექსტში ზის. მე რომ ხელისუფლებაში ვიყო, ბაჩო ახალაიას და სხვა დაკავებულებს ისეთ პირობებს შევუქმნიდი, რომ მათი უსაფრთხოება აბსოლუტურად ყოფილიყო დაცული!
- დაკავებული ყოფილი ჩინოვნიკების ლიკვიდაცია ვის უნდა აწყობდეს?
- რუსეთს!
- რატომ?
- იმიტომ, რომ ქვეყანაში, მინიმუმ, დესტაბილიზაცია შექმნას.
- ცოტა დაუჯერებელია, რომ რომელიმე ექსჩინოვნიკის ლიკვიდაციის გამო ხალხი ქუჩაში გამოვიდეს...
- დესტაბილიზაცია მხოლოდ ხალხის ქუჩაში გამოსვლას და გაფიცვას არ გულისხმობს. დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭებაც დესტაბილიზაცია-დესტრუქციის ნაწილია - რომელიმე ე.წ. ცნობილ პატიმარს თმის ღერიც რომ ჩამოვარდეს, ეს პირდაპირ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას დაარტყამს. რუსეთის მიზანიც სწორედ ესაა!
- სხვათა შორის, რუსეთი ……. ოფიციალური წევრი აღარაა...
- დიახ და “რვიანიდანაც” გამოაძევეს.
- ეს ჩვენთვის კარგი რატომაა?
- ჩვენთვის მნიშვნელოვანი არც ის იყო, რუსეთი “რვიანის” წევრი იქნებოდა თუ არა. “რვიანის” წევრი იყო, მაგრამ ემბარგო დაგვადო...
დღეს რუსეთი ოკუპანტია - საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული! რუსეთი ოკუპანტი 2008 წლიდან კი არა, იმ დღიდანაა, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და კრემლმა ჩვენს ტერიტორიაზე სეპარატისტული მოძრაობების გაღვივება-ინსპირირება დაიწყო...
...სხვათა შორის, წინა ინტერვიუში თავდაცვის სამინისტროს მიერ ოქროყანაში აღმოჩენილ ოთახისხელა მოსასმენ აპარატურაზე ვილაპარაკეთ, რომელიც პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის “შუშის სასახლისკენ” იყო მიმართული. ჩემი ინფორმაციით, ეს თვალთვალი და მოსმენა რამდენიმე წელი გრძელდებოდა...
- ისე, ადეიშვილმა განაცხადა, ვიცოდით, ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლას რომ გეგმავდაო...
- ეს სათვალთვალო აპარატურა სამხედრო დანიშნულებისაა. არ ვიცით, რა მასალაზეა ლაპარაკი, ან ეს მასალა თავს სად იყრიდა. ყველაფერი ეს, წესით, რადიოელექტრონული ბრძოლის სამსახურის დაქვემდებარებაში უნდა ყოფილიყო. რადიოელექტრონული ბრძოლის სამსახური კი, თავის მხრივ, თავდაცვის სამინისტროს კავშირგაბმულობის დეპარტამენტს ექვემდებარება.
თუ ამ საქმეს კარგად ჩავყვებით, კვალი, შესაძლოა, რუსეთამდე მივიდეს.
- ეს საიდანღა მოიტანეთ?
- ის “ტიპი”, ვინც თავის დროზე, ანუ იმ პერიოდში, როცა თვალთვალი ხორციელდებოდა, კავშირგაბმულობას ხელმძღვანელობდა, რუსების კადრი იყო, რომლის საყვარელი, საყვარლის ქმარი და შვილიც ამ ნაწილში მსახურობდნენ, ანუ ეს ორგანიზებული ჯგუფი გახლდათ, რომელიც გარკვეულ მასალებს აგროვებდა.
- ესე იგი, თავდაცვის სამინისტროში თავის დროზე ე.წ. სასიყვარულო სამკუთხედი არსებობდა, რომელიც რუსული სპეცსამსახურებისთვის მუშაობდა?
- ასე გამოდის...
მითქვამს და ახლაც ვამბობ: არ შეიძლება, თავდაცვის უწყებაში, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ისინი მუშაობდნენ, ვისაც სსრკ-ს სუკ-ის სასწავლებლები აქვთ დამთავრებული. თავდაცვის სამინისტრო გასაწმენდია!