რამდენი მილიონერი გვყვავს პარლამენტში და რატომ არ უნდა მივცეთ მათ ხმა 2016 წლის არჩევნებში
,,ჩემი ყურადღება გაცრეცილპერანგიანმა მოხუცმა კაცმა მიიპყრო, რომელსაც ხელში ორი პოლიეთილენის პარკი ეჭირა. ერთში 5 ცალი ვაშლი მოჩანდა, მეორეში - ერთი პური. ეს სურათი არასდროს დამავიწყდება’‘, _ ესაა კულტურის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის სტატუსი, რომელიც სოციალურ ქსელში ელვის სისწრაფით გავრცელდა. მინისტრი ამ ამბავს ერთერთ გამგეობაში შეესწრო, სადაც ხალხს 13-14 ივნისს, სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთათვის ტანსაცმელი, საკვები და ნივთები მიჰქონდა... 7 წლის ლუკა მელქაძემ ყულაბა გახსნა და მშობლებს სთხოვა, ველოსიპედის საყიდლად მოგროვილი თანხა, სახლკარის გარეშე დარჩენილი თანატოლებისთვის გადაეცათ: ,,ველოსიპედის ყიდვა არ მეჩქარება, მოვითმენ და მოგვიანებით ვიყიდოთ’‘... ,,გაცრეცილპერანგიანი’‘ მოხუცისა და პატარა ლუკას დახმარებას მილიონზე მეტი ფასი და უდიდესი მადლი აქვს. ამ ფონზე, უხერხულია პარლამენტის მილიონლარიანი დახმარება, რაც სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ფონდში, პარლამენტის ბიუჯეტიდან გადარიცხეს. ახლა თითოეულ თეთრსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ წლების განმავლობაში, ასეულობით მილიონი დოლარისა და უამრავი ბიზნესის მფლობელი დეპუტატებისგან, მხოლოდ პარლამენტის ბიუჯეტიდან გაღებული ,,მოწყალება’‘, რაც სხვათა შორის, ისევ ჩვენი, მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადებია, რბილად რომ ვთქვათ, ცინიკურია. ნუთუ, დაზარალებულები არ იმსახურებდნენ, მილიონერ დეპუტატებს საკუთარ ჯიბეზეც გაეკრათ ხელი? ბოლოს და ბოლოს, ერთი კორპუსი შეესყიდათ და უსახლკაროები შეესახლებინათ! ან მინიმუმ, იმ რაოდენობის თანხა მაინც გადაერიცხათ ანგარიშზე, რამდენსაც არჩევნების წინ ხარჯავდნენ, ხალხის გულის მოსალბობად და ხმების მისაღებად ხარჯავდნენ. 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებია, დარწმუნებული ვარ, მილიონერი დეპუტატები კენჭს ისევ იყრიან. რიტორიკულს კი არა, ლოგიკურ კითხვას ვსვამ _ არიან კი იმის ღირსები, ხალხის რჩეულები ერქვათ?! ცხადია, ეს კითხვაცა და ზოგადად, სტატიაც ყველა დეპუტატს არ ეხება. მაგალითად, ცნობილია, რომ თბილისის მერიის ანგარიშზე ვიქტორ ჯაფარიძემ 3 000, ხოლო ნანა ყეინიშვილმა 4 000 ლარი გადარიცხა.
ვინ არიან მულტიმილიონერი დეპუტატები
13-14 ივნისს, თბილისში, სტიქიით დაზარალებულთა ფონდში საქართველოს პარლამენტმა, საკუთარი ბიუჯეტიდან 1 000 000 ლარი გადარიცხა, რაც უხეში გათვლებით, დეპუტატების ორი თვის ხელფასზე ცოტა მეტია. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, საქართველოს პარლამენტისა და მასთან არსებული ორგანიზაციების წლიური ბიუჯეტი 60 531 700 ლარით განისაზღვრა. მომუშავეთა რაოდენობა 1 331-ია, შრომითი ანაზღაურებისთვის კი წლის განმავლობაში 33 180 400 ლარი გამოყვეს. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, საკანონმდებლო საქმიანობა 52 091 000 ლარით განისაზღვრა, მომუშავეთა რაოდენობა 840-ია, ხოლო მათი შრომითი ანაზღაურება წლის მანძილზე - 27 604 400 ლარი.
თუ გავითვალისწინებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში 15-მდე მულტიმილიონერი დეპუტატია, პარლამენტის ბიუჯეტიდან გადარიცხული მილიონი ლარი, მართლაც ზღვაში წვეთია. რაც მთავარია, ეს მილიონერი დეპუტატები, გოგი თოფაძისა და ზურაბ ტყემალაძის გარდა, ნაციონალური მოძრაობის წევრები იყვნენ, რომლებიც ქართულ ოცნებაში, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ,,გადაპორტირდნენ’‘. სხვათა შორის, მილიონერი დეპუტატები წინასაარჩევნო პერიოდში, საკუთარი პარტიების მთავარი დამფინანსებლები იყვნენ და პარტიის ანგარიშზე, 50 000 ლარზე ნაკლები არც ერთ მათგანს არ გადაურიცხავს. 50 000 ლარი მათთვის ჯიბის ფულია და ეს სულაც არ არის ფაქტის უტრირება. ამ დეპუტატების ქონებრივ დეკლარაციებს ჩახედეთ და თავად დარწმუნდებით, რომ ნაღდი ფულის სახით, თანხის სწორედ ეს რაოდენობა (პლუს- მინუს 10 000 ლარი) აქვთ მითითებული. არადა, გული რომ გულობდეს, 50 000 ლარად, ერთ ოჯახს მაინც უყიდდნენ ბინას და საშვილიშვილოდ მოიმადლიერებდნენ. გთავაზობთ მილიონერი დეპუტატების სიას. აქვე მოგაწვდით ინფორმაციას მათთან დაკავშირებული კომპანიების შესახებაც და თავად განსაჯეთ, შეეძლოთ თუ არა მათ სოლიდური დახმარება გაეწიათ დაზარალებულებისთვის.
დავით ბეჟუაშვილი – არაოფიციალურად, 1 მილიარდ 500 მილიონი აშშ დოლარის მფლობელი და ერთადერთი მილიარდერი დეპუტატია. 2008 და 2012 წლების საპარლამენტო არჩევნებში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიის სახელით მონაწილეობდა. 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში, ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ კი ბეჟუაშვილმა ნაციონალური მოძრაობა დატოვა. 1994 წლიდან, ბეჟუაშვილი, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული ორი კომპანიის – CHEMEXIM INRERNATIONAL LTD-სა და KEMBLE TRADING LTD-ის პარტნიორია. თავის მხრივ, CHEMEXIM INTERNATIONAL LTD, ჰოლდინგურ კომპანია ,,საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს’‘ ფლობს, რომლის საკუთრებაში არაერთი მსხვილი ქართული კომპანიაა. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს’‘ ინფორმაციით, დავით ბეჟუაშვილის კომპანიები მარშალის კუნძულებსა და კვიპროსზეა რეგისტრირებული. ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი’‘, 8 ჰიდრო და ერთ თბოელექტროსადგურს ფლობს. ამ ჯგუფში შედის შპს ,,საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი’‘, რომელიც ტყიბულში, ძიძიგურისა და მინდელის სახელობის ქვანახშირის საბადოებს ამუშავებს. ამავე ჰოლდინგი ფლობს შპს ,,ტიფლის სითის’‘, ქუთაისის ავტომექანიკურ ქარხანას, ,,ქართული ლუდის კომპანიასა’‘ და ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას’‘.
კობა ნაყოფია – არაოფიციალურად, 800 მილიონი აშშ დოლარის ქონებას ფლობს. კანარის კუნძულებზე, 300 კვ.მ ფართის აგარაკი ნაყოფიას საკუთრებაშია, მოსკოვში კი 55 კვ.მ ფართის ბინას ფლობს. მასვე ეკუთვნის მიწის ნაკვეთი თბილისში, დიღმის მასივში, რომლის ფართობიც 11 301 კვ.მ-ია. ნაყოფია ჭავჭავაძის გამზირზე 198 კვ.მ ფართის ბინის მფლობელია, ხოლო მისი მეუღლე ელგა სოფია, მოსკოვში, 167 კვ.მ ფართის ბინას ფლობს. სოფიას სახელზეა გაფორმებული ორი საცხოვრებელი და ორი მშენებარე ბინა თბილისში. 1994-2004 წლებში, კობა ნაყოფია რუსეთში, კერძო სექტორში მუშაობდა. 2004 წელს, საქართველოში დაბრუნდა და ოქროს მომპოვებელი საწარმო ,,მადნეულის’‘ გენერალური დირექტორი გახდა. კობა ნაყოფიას სახელს უკავშირდება და 2013 წლის მონაცემებით, წილებს ფლობდა შპს ,,გოლდ ინვესტსა’‘ და შპს ,,მ.დ. ჯგუფში’‘.
გოგი თოფაძე – არაოფიციალურად, 600 მილიონი აშშ დოლარის ქონების პატრონია. წლების განმავლობაში, გოგი თოფაძე სამეწარმეო საქმიანობით იყო დაკავებული და არაერთ კომპანიას ფლობდა. თოფაძის საკუთრებაშია 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი მცხეთაში, მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ბინა ვაკეში, მცხეთის ქუჩაზე. მისი მეუღლის, მარინა თოფაძის სახელზეა გაფორმებული მიწის ნაკვეთები წყნეთში. თოფაძეების ოჯახს ეკუთვნის ლადო გუდიაშვილის ფერწერული ტილოები. გოგი თოფაძის სახელს უკავშირდება და დეპუტატობის დროსაც კი, 2013 წლის მონაცემებით, წილებს ფლობდა შემდეგ კომპანიებში: ,,ქართუ უნივერსალი’‘, შპს ,,იორის ჭალები’‘, შპს ,,კალვე’‘, შპს ,,ცხრაწყარო 2007’‘, შპს ,,სამგორი’‘, შპს ,,კურორტი ბაკურიანი’‘, შპს ,,ყაზბეგი ფშავლელი’‘, შპს ,,წარაფი 98’‘, შპს ,,თრუსო’‘, შპს ,,თერჯოლა 2007’‘, შპს ,,ბარი ყაზბეგი- ლომთაგორა’‘, შპს ,,ყაზბეგი 2005’‘, შპს ,,ვეტპრეპარატი’‘, შპს ,,ყაზბეგი ბაკურიანი’‘, შპს ,,თრიალეთი’‘, შპს ,,ყაზბეგი 1881’‘-სა და შპს ,,ყაზბეგი ნაყინი’‘.
გოგი ლიპარტელიანი - არაოფიციალურად, 500 მილიონი აშშ დოლარის ქონების მფლობელია. მის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი დაბა წყნეთში, ხოლო დეპუტატის მეუღლე, ნაზი ლიპარტელიანი ფლობს საცხოვრებელ სახლს თბილისში, საცხოვრებელ სახლს მცხეთაში, მიწის ნაკვეთებს თბილისში, წავკისსა და მცხეთაში. სს ,,ელექტროავტომატში’‘, გოგი ლიპარტელიანი 57 430 დოლარის ღირებულების აქციებს, ხოლო მეუღლე - 34 714 დოლარის აქციებს ფლობს. გოგი ლიპარტელიანის მეუღლე, ნაზი ლიპარტელიანი, რამდენიმე კომპანიის პარტნიორია, მათ შორის შპს ,,სპეროზას’‘, შპს ,,გამა პლუსის’‘, შპს ,,გამას’‘, შპს ,,ტრანს გაზისა’‘ და შპს ,,ბიოსფერო პლუსის’‘.
ვალერი გელაშვილი - არაოფიციალურად, 400 მილიონი აშშ დოლარის მფლობელია. დეპუტატს ვენესუელაში, მარგარიტას კუნძულზე, 160 კვ.მ ფართის ბინა და 53 300 კვ.მ მიწის ფართობი აქვს. მეუღლის, დანგუოლე გელაშვილის სახელზეა გაფორმებული ლიტვაში, ქალაქ ვილნიუსში არსებული 720 კვ.მ. ფართობის ბინა. ვალერი გელაშვილი ხაშურელია, სადაც სახლსა და მიწის ნაკვეთს ფლობს. დეპუტატის საკუთრებაშია თბილისში, რუსთაველის გამზირზე, #14-ში არსებული საცხოვრებელი ფართი, სადაც რამდენიმე ბინა შეისყიდა. მეუღლის სახელზეა გაფორმებული კიდევ ერთი ბინა თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე. ამჟამად, ლიტვაში, მისივე დაფუძნებულ კომპანიას დეპუტატის მეუღლე ფლობს, ხოლო შვილობილ კომპანიებს ვაჟი – ვალერი გელაშვილი.
კახაბერ ოქრიაშვილი - ფარმაცევტული ბაზრის მონოპოლისტი, ,,პეესპეს’‘ დამფუძნებელი დეპუტატი, არაოფიციალურად, 300 მილიონ აშშ დოლარის ქონებას ფლობს. მის საკუთრებაშია არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, ორი ბინა დმანისში, საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი სოფელ განთიადში, ასევე – საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი წავკისში. მეუღლის, ლინა თოფურიას საკუთრებაშია ბინა და არასაცხოვრებელი ფართი თბილისში. კახა ოქრიაშვილის სახელს უკავშირდება და 2013 წლის მონაცემებით, წილებს ფლობდა კომპანიებში: შპს ,,სანიმედი’‘, შპს ,,ჯისითი ინჟინერინგი’‘, შპს ,,ალფა’‘, შპს ,,პსპ ფარმა’‘, შპს ,,ჯი ემ პი პროდაქშენი’‘, შპს ,,მანდარინი’‘, შპს ,,პსპ დაზღვევა’‘, შპს ,,პატრია მედიკა’‘, შპს ,,ჯეომედი’‘, შპს ,,პსპ’‘ და შპს ,,მედკაპიტალი’‘. უფრო ზუსტად, შპს ,,მედკაპიტალის’‘ 50-50%-იან წილებს ,,პსპ ფარმა’‘ და ,,ავერსი ფარმა’‘ ფლობენ, ,,პსპ ფარმას’‘ 100%-იანი წილის მფლობელი კახა ოქრიაშვილი, ხოლო ,,ავერსი ფარმას’‘ 100%-იანი წილის მფლობელები, ფარმაცევტულ ბაზარზე ოქრიაშვილის კონკურენტები, ძმები კურტანიძეები არიან.
გოდერძი ბუკია - არაოფიციალურად, 250 მილიონი აშშ დოლარის ქონების მფლობელია. მეუღლის, მანანა კვირიკაშვილის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი წავკისში. 2008 წლიდან, გოდერძი ბუკია შპს ,,სისტემ ნეტის’‘ პარტნიორია და ამ კომპანიაში წილს დეპუტატობის დროს, 2013 წელსაც კი ფლობდა. გოდერძი ბუკიას საკუთრებაშია მოსკოვში ორი ბინა და საბანკო ანგარიშები რუსეთში.
ზურაბ ტყემალაძე - არაოფიციალურად, 200 მილიონი აშშ დოლარის ქონებას ფლობს. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე აქვს ბინა, რომლის ფართობი 205 კვ. მეტრია, მისსავე საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი, ავტოფარეხი 68 500 აშშ დოლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები სს ,,თბილხელსაწყოში’‘. ზურაბ ტყემალაძე შპს ,,საამოსა’‘ და შპს ,,აგუნას’‘ პარტნიორია, რომელიც ამავე კომპანიებში წილებს 2013 წელს, დეპუტატობის დროსაც კი ფლობდა.
გოჩა ენუქიძე - არაოფიციალურად, 200 მილიონი აშშ დოლარის ქონების მფლობელია. ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატის საკუთრებაშია ბინა თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, წყნეთსა და ბათუმში. მის საკუთრებაშია არასაცხოვრებელი ფართი აბაშიძის ქუჩაზე, არასაცხოვრებელი ფართი და მიწის ნაკვეთი ყიფშიძის ქუჩაზე, ასევე მიწის ნაკვეთები რაჭასა და საგურამოში. მეუღლის, დეა ენუქიძის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთები ბაკურიანსა და საგურამოში. გოჩა ენუქიძის სახელს უკავშირდება და კოლეგა- დეპუტატების მსგავსად, 2013 წლის მონაცემებით, წილებს ფლობდა შპს ,,იბერკომპანი ოილში’‘, შპს ,,იტა სერვისში’‘, შპს ,,იბერკომპანი ირაოში’‘, შპს ,,გალაქტიონი 3’‘-ში, შპს ,,კრისტალვილში’‘, შპს ,,იბერკომპანიში’‘, შპს ,,კია მოტორს ჯორჯიაში’‘, შპს ,,სითი სპორტში’‘, შპს ,,სპორტ კლუბ ოლიმპში’‘, შპს ,,გლობალ თრეიდინგ კომპანიში’‘, შპს ,,ჯეოტრინიკი 2007’‘-ში, შპს ,,იბერკომპანი ჰოლდინგში’‘.
ნაული ჯანაშია - არაოფიციალურად, 100 მილიონი აშშ დოლარის ქონებას ფლობს. 18 წლიდან, მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი ყაზახეთში, მოგვიანებით კი პეტერბურგსა და მოსკოვში მოღვაწეობდა. 2008 წელს, საქართველოში დაბრუნდა. ნაული ჯანაშია ფლობს ბინას მოსკოვში, მის საკუთრებაშია 200 კვ.მ ფართობის მქონე სახლი და 1 200 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი მოსკოვში – ,,პასიოლოკ დრუჟბაში’‘, ასევე 528 კვ.მ ფართობის სახლი მარტვილში, სამსართულიანი სახლი და 3 000 კვ.მ მიწის ფართობი თბილისში, დიდ დიღომში.
გიორგი ფეიქრიშვილი - გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, მეტსახელად ,,წავკისელი ფეოდალი’‘. გარდაბანსა და წავკისში, მილიონერი დეპუტატი მიწის 17 ნაკვეთს ფლობს, მისსავე საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი წავკისში. გიორგი ფეიქრიშვილი ერთადერთი დეპუტატია, რომელმაც 2013 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში მიუთითა, რომ საბანკო ანგარიშების გარდა, ნაღდი ფულის სახით, 1 031 250 ლარს ფლობდა. ლეიბორისტების მილიონერი დეპუტატების სიაში ვერ მოხვდნენ ის მაჟორიტარი დეპუტატებიც, მილიონერები არა, მაგრამ საკმაოდ შეძლებული დეპუტატები არიან ანზორ ბოლქვაძე, გურამ მისაბიშვილი, მარიკა ვერულაშვილი და იაშა შერვაშიძე, რომლებსაც ასევე შეეძლოთ, მცირე დახმარება მაინც გაეწიათ დაზარალებულებისთვის.
პარლამენტარების ბიზნესწილები
მართალია, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტის წევრს სამეწარმეო საქმიანობა ეზღუდება, მაგრამ 2013 წელს, ,,ვერსიაში’‘ გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს’‘ ანალიტიკოსების კვლევის საფუძველზე მოვამზადეთ. სტატია საქართველოს პარლამენტის იმ დეპუტატების ბიზნესსაქმიანობას ეხებოდა, რომლებიც 2013 წლის მდგომარეობით, მათსავე დაფუძნებულ ან მათთან დაკავშირებულ კომპანიებში წილებს ფლობდნენ და მარტივად რომ ვთქვათ, კანონს არღვევდნენ. შესაძლოა, დეპუტატებმა ,,გამჭვირვალობის’‘ მკვლევარების მოთხოვნა უკვე გაითვალისწინეს და საკანონმდებლო ხარვეზი გამოასწორეს, ანუ საკუთარი წილები დათმეს, მაგრამ ეს კომპანიები მაინც მათთან ასოცირდება და უპრიანი იქნებოდა, დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, სიმბოლური თანხა მაინც გაეღოთ. ,,ვერსია’‘ ისევ იმ დეპუტატების კომპანიებსა და მათ წილებს აქვეყნებს, რომლებიც ,,გამჭვირვალობის’‘ კვლევაში მოხვდნენ. ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ წინა წლების გამოცდილებაც აჩვენებს, რომ უარყოფის მიუხედავად, გაირკვევა ხოლმე, ესა თუ ის კომპანია ვის ეკუთვნის. ამის ნათელი მაგალითი, ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსანი და ამავე პარტიის მთავარი ,,მოლარე’‘ დავით კეზერაშვილია, რომელიც წლების მანძილზე ჯიუტად უარყოფდა, რომ ამა თუ იმ კომპანიაში წილებს ფლობდა, მაგრამ 2012 წლის არჩევნების შემდეგ, სრულიად საპირისპირო ფაქტი დადასტურდა - მინისტრობის პარალელურად, კეზერაშვილი საკმაოდ მდიდარი ბიზნესმენი იყო.
საკანონმდებლო ხარვეზები რომც გაესწორებინათ, კონკრეტული დეპუტატების გვარებს, კონკრეტული კომპანიები დღემდე უკავშირდება. მაგალითად: საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი ბობოხიძე - ,,ორიონი’‘; უმრავლესობის წევრი გელა სამხარაული - ,,დია ალავერდი’‘, ,,დუტა ენდ ეფი’‘, ,,ვერა 2011’‘, ,,დია გრუპი’‘; უმრავლესობის დეპუტატი გიორგი კახიანი - ,,გლობალ ბრენდი’‘, ,,ბეღელი’‘; უმრავლესობის წევრი გიორგი ჟვანია - ,,ბოსნერი’‘, ,,ბი ემ სი’‘; უმრავლესობის წევრი ვახტანგ ხმალაძე - ,,თბილისის საარბიტრაჟო პალატა’‘; უმცირესობის წევრი ზაზა კედელაშვილი - ,,ტრანს ექსპერიმენტი’‘, ,,ზაკი’‘, ,,ზედაზენი იმერეთი’‘; უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი - ,,ადვოკატები რეპრესირებულთათვის’‘, ,,მიგრანტთა საადვოკატო ბიურო’‘, ,,ქეი ენდ ქეი ქონსალთინგი’‘; უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე (ს/ს ,,გოლდენ ფლის გრუპის’‘ დირექტორი იყო) - ,,მაკროს კრედიტი’‘, ,,იუნიონ კრედიტი; უმრავლესობის წევრი თამაზ ყაჭეიშვილი - ,,ხარისხი’‘, ,,ნუგო’‘, ,,სამეგობრო’‘, ,,საქართველო- გერმანიის ერთობლივი საწარმო ეკო’‘; უმრავლესობის წევრი თამაზ შიოშვილი - ,,მემორექსი’‘, ,,სპენიშქლეიში’‘; უმრავლესობის წევრი თემურ მაისურაძე - ,,ნევი ნოტექი’‘, დამოუკიდებელი დეპუტატი იაშა შერვაშიძე - ,,გუმ ბაპა’‘, ,,სტარ არ ჯი’‘; უმრავლესობის წევრი იოსებ ჯაჭვლიანი - ,,თეთნულდი’‘; უმცირესობის წევრი ლევან ქარდავა - ,,მაგანა 2004’‘, ,,გრუპპო ვია’‘, ,,საქართველოს ინოვაციური ნანო ტექნოლოგიები’‘; უმრავლესობის წევრი ნოდარ ებანოიძე - ,,კომპაუდი’‘; უმრავლესობის წევრი პაატა კიკნაველიძე - ,,აგრარული ბაზარი’‘; უმცირესობის წევრი პაატა ლეჟავა - ,,დილატო ფიტნეს კლუბი’‘; უმრავლესობის წევრი რევაზ შავლოხაშვილი - ,,საბა 2005’‘; დამოუკიდებელი დეპუტატი სერგო ხაბულიანი - ,,ცეკური’‘, ,,მშენებელი 2004’‘.