,,სად არიან შენი ყოჩი ქამრიანი ბიჭები?!’‘

,,სად არიან შენი ყოჩი ქამრიანი ბიჭები?!’‘

ატომ არ აწუხებთ უბედურების ზონადქცეული ქალაქის ბედი თბილისელების კერპადქცეულ ძმებ გაჩეჩილაძეებს, რაინდ ლევან ვასაძესა და კორკოტას ,,სახალხო პატრულს’‘?    

13 ივნისის იარებს იშუშებს თბილისი და ბუბას მაგარი სიმღერა მახსენდება… ,,მოვკვდე, როცა გაგცვალოო, ჩავქრე როგორც სანთელი, ყველა შენ გენაცვალოს ერთგული ყმის სახელით!..’‘ ჰოდა, მახსენდება და მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, ვის ჰქონდა თბილისის და თბილისელების ვალი და ვინ უერთგულა... ანდა ,,სად არიან შენი ყოჩი, ქამრიანი ბიჭები!’‘… ალბათ არავის ეგონა, რომ განსაცდელი ასე გააერთიანებდა ჩვენი დედაქალაქის მაცხოვრებლებს და ხელისუფლებას იმის თქმა მოუწევდა, მეტი მოხალისე საჭირო აღარ არის, დასადგომი ადგილიც კი პრობლემააო. ახალგაზრდობა მოწოდების გარეშე გამოვიდა გარეთ და მხოლოდ ერთი რამ სურს - რაც შეიძლება მალე დაუბრუნოს დედაქალაქს ძველი იერსახე და 13 ივნისის შავი ლაქა ჩამოირეცხოს. მოხალისეები მუხლჩაუხრელად მუშაობენ და სანაცვლოდ არაფერს ითხოვენ. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, გვერდით რომელი პარტიის მხარდამჭერი ანდა როგორი პოლიტიკური შეხედულების ადამიანი უდგას, იციან, რომ ძალა ერთობაშია და ამ ერთობას აგერ უკვე კვირაზე მეტია, მსოფლიო ხედავს. სამიოდე დღის წინ ერთი აზერბაიჯანელი მოვიდა, თან ოცამდე ბიჭი მოიყოლა ნიჩბებით, მუშაობა გვინდა, მოგვეცით რომელიმე ადგილი და ნახავთ, რა შეგვიძლია, საჭმელიც წამოღებული გვაქვს, სამუშაო იარაღიც და მხოლოდ ის გვაჩვენეთ, რა არის გასაკეთებელიო. მოხალისეთა სიმრავლის გამო აზერბაიჯანელები უარით გაისტუმრეს, იმათ კი... ნიჩბებს მაინც დაგიტოვებთ, ტელევიზორში თქვეს, ნიჩბები არ გვყოფნისო. 

ამ ფონზე საინტერესოა, სად არიან ის ადამიანები, რომლებიც წინასაარჩევნოდ, ანუ მაშინ, როცა ქულები სჭირდებათ, ძირძველ... ბოდიში, ,,კარენოი’‘ თბილისელობაზე თავს დებენ და აცხადებენ, თბილისი ჩვენი სახლია და ხალხი ჩვენს მხარეს უნდა იდგესო. გამოდიან და შთაგონებული სახეებით გვმოძღვრავენ, აქაოდა არაფერი შეგეშალოთ, როცა თბილისზე საუბრობთო. ჰო, ვსაუბრობთ თბილისზე და როცა თბილისს უჭირს, როცა თბილისის გულია დაფლეთილი, არსად ჩანან ,,ძირძველები’‘, ძმები გაჩეჩილაძეები, ლევან ვასაძე, ვანო ჩხარტიშვილი, ამ ძირძველებს რომ აფინანსებდა ყველა მიტინგზე თავისი კარვებითა და ხაბაკ-ხუბაკით... ანდა სადაა ირაკლი ოქრუაშვილი თავისი ქართლელი კუნთმაგარი ბიჭებით, აფხაზეთის დაბრუნებას რომ გვპირდებოდა და ,,კამაზების რევოლუციის’‘ მადლით, გორის მერის არჩევნებიც ვერ მოიგო.… პატარკაციშვილებიც რაღაც გვიან გამოჩნდნენ... როგორც ჩანს, დიდხანს იფიქრეს და შერცხვათ, იმდენი ამაგი აქვთ თბილისელებს და კონკრეტულად ვაკელებს მათ ოჯახზე, მთაწმინდის პარკში უფასო დასვენებით, აშკარად ვერ გაქვითავდნენ.…სად არის ის ხალხი, დავით ნარმანიას კოკელობას რომ უწუნებდნენ და თბილისი მხოლოდ თბილისელისთვის ემეტებოდათ... რატომ არ ჩანან, რატომ არ დგანან იქ, სადაც საქართველოა?! 

სად არის გიორგი გაჩეჩილაძე, უცნობი, საკნიდან ნახევარ საქართველოს და მთელ თბილისს დედას რომ აგინებდა და ლაჩარსა და ღირსებააყრილს ეძახდა, ხომ ამისთვის დაუფინეთ ფეხქვეშ ბზის რტოები რუსთაველზე შემობრძანებულს, ხომ ამისთვის აპატიე ქართულ დროშაზე დავლურის ცეკვა ,,დინამოს’‘ სტადიონზე?    რატომ არ ჩანან ძმები გაჩეჩილაძეები? ჯერ ერთი, იმიტომ, რომ არჩევნები არ არის და იმ ახალგაზრდების ხმა არ სჭირდებათ. ერთი წლის შემდეგ გამოჩნდებიან ალბათ და იმის იმედად არიან, ამ დღეებში ჩირგვებში ყოფნას არავინ შეახსენებს. მეორე - თუ გახსოვთ, მიტინგების დროს ლევან გაჩეჩილაძემ (საპრეზიდენტო კანდიდატი იყო მაშინ) განაცხადა, ისეთი მტვერი დგას თბილისში, დღეში ორჯერ ვბანაობ და ორჯერ ვიცვლი ტანსაცმელს, ვისვრებიო. ჰოდა, მოუთხოვია უფროს ,,გრეჩიხას’‘, თუ გინდათ ვიმუშაო, საველე ,,დუშ-კაბინა’‘ მომიწყვეთ, ისე არაფერი გამოვა, საშინელი მტვერი დგასო. ,,დუშ-კაბინის’‘ მოწყობა პრობლემა არ არის, მაგრამ მერე უთქვამს ლევანს, ეგ კაბინა მოძრავი უნდა იყოს, ერთ ადგილზე ხომ არ დავდგები, ხალხმა უნდა დამინახოსო და საბოლოოდ ვერ შეთანხმებულან. ჰოდა, წინასაარჩევნოდ თუ გამოჩნდება ლევან გაჩეჩილაძე და ხმებს მოითხოვს, თავისი საყვარელი თბილისის ხმებს, სერიოზული ეჭვი მაქვს, ამომრჩეველი ზუსტად იმ პასუხს გასცემს, რაც თავის დროზე კახა ბენდუქიძემ გასცა პირდაპირ ეთერში... რა მართალი ყოფილა, ის ცხონებული...

პატარა ,,გრეჩიხას’‘ ანუ ,,უცნობს’‘ რაც შეეხება, გაგიკვირდებათ და ზოოპარკის ტერიტორიაზე მისულა წინა დღეს, ჩამომჯდარა იმ მატარებლის ლიანდაგზე, 13 ივნისამდე ბავშვები რომ სეირნობდნენ და დაუწყია ,,სად მივყავართ მატარებლის ლიანდაგს, სად გარბიან ჭრელი ქოლგის რიგები...’‘ უსმინა თურმე ხალხმა, უსმინა, მერე რომელიღაც ახალგაზრდას უთქვამს, ,,ანი ბანი ხარ თუ განი დონი შენ?!’‘ და ამდგარა ,,უცნობი’‘, თავი დაუხრია და წასულა. სერიოზული ეჭვი გვაქვს, ,,უცნობი’‘ კლიპისთვის არჩევდა ადგილს და სურდა, რაღაც ისეთი გამოეცხო, სულში ჩამწვდომი და მერე ბენდენაწაკრულს ემღერა, თუმცა გვეეჭვება, მის ნამღერზე ვინმე მივიდეს უმარტივესი მიზეზის გამო - მსმენელები ქალაქს ასუფთავებენ და არ სცალიათ, არ ემღერებათ და... ,,კაი კაცი სიმართლეს რომ ამბობს, მატყუარა მას უწოდებს ამბოხს...’‘ მღეროდა ერთ დროს პატარა ,,გრეჩიხა’‘...

და რაინდი ლევანი... სხვათა შორის, ვასაძე იმდენჯერ მოიკითხეს, სად არის, თავისი მილიონებიდან არაფრის გამეტებას აპირებსო, რომ შევწუხდი და მეც მოვიკითხე. ჯერ არ ვიცი, სად არის (სხვათა შორის, არც უგზოუკვლოდ დაკარგულთა სიაშია), მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი, რომ გამოჩნდება ერთ დღეს, წარბებს შეკრავს (საყვარლად), შთაგონებული სახით დაიწყებს დამოძღვრას და იმის დამტკიცებას, როგორ ვიცხოვროთ, რა გავაკეთოთ და კიდევ იმას იტყვის, რომ ფული ამ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არ არის და მილიონებზე არ უნდა ვიფიქროთ. ისე, ამას რომ ამბობს ხოლმე, სულ მინდა ვკითხო, თუ ფული მნიშვნელოვანი არ არის, თავისი მილიონები ბოლო თეთრამდე შესწიროს საქველმოქმედო ორგანიზაციებს, განათლება კი აქვს, ჩადგეს საჯარო სამსახურში და იმუშაოს რიგითი მოკვდავივით, თვის ბოლოს მეზობლისგან ისესხოს ხელფასამდე პურის ფული და გამოვიდეს მერე და გვმოძღვროს რამდენიც უნდა, მაგრამ... მერე ვინ მოუსმენს?! მერე ხომ რაინდი ლევანი კი არა, ჩვეულებრივი ლევანა იქნება, ისეთი, ჩვენში ათასობით რომ ცხოვრობს და რატომღაც მგონია, რომ პატიოსნებით ბევრ რაინდს სჯობნის.

მოკლედ, ბევრი ვეცადე და გავარკვიე, რატომ არ ჩანს ვასაძე ხალხში. თურმე ის ვერცხლის ქამარი გაუწყდა, ჩოხაზე რომ ჰქონდა შემორტყმული და ამიტომ ვეღარ გამოვიდა სამუშაოდ. ახლა მეტყვით, ქამარი რა შუაშიაო და მწარედაც შეცდებით - აბა, ჩოხის კალთები სად აიკეცოს, ჩამოშვებული ჩოხა ხელს ხომ შეუშლის მუშაობაში. მკლავები კიდევ სულ დაკაპიწებული აქვს (ხუთი ათასდოლარიანი ჩოხის) და ახლა თუ ვინმე მიაწვდის ვერცხლს, ეგებ ის ქამარიც აღადგინოს და გამოჩნდეს. ისევ მეტყვით, ვასაძეს ვერცხლი გაუჭირდაო?! არ გაუჭირდა, მაგრამ არ უნდა მოაკლოს, 30-ს რომ ერთი დააკლდეს, ხომ იცით, 30 აღარ იქნება...

ისე, რაინდი ლევანის ყველაზე ცნობილი ლექსი ,,ბედნიერებამ მითხრა ნუ მეძებ’‘ ასე იწყება: ,,ბედნიერებამ მითხრა ნუ მეძებ, შენი შვილების თვალებში მნახე...’‘

ლევან, ჩემი შვილები, შენი შვილები, ჩვენი შვილები ახლა იქ არიან, თბილისის გულში და ანთებული თვალებით აკეთებენ საქმეს. ჰოდა, თუ ბედნიერების ნახვა გინდა, იქ წადი და იმ ბავშვებს თვალებში ჩახედე, რომლებიც არც ჭკუას გვარიგებენ, არც პრეზიდენტობა სურთ, არც ხალხის კონცერტზე მიყვანა და ბილეთების გაყიდვა და საერთოდ, არც გოლფზე გიჟდებიან, ოქროყანაში რომ ავიდნენ სათამაშოდ. ისინი რიგითი თბილისელები არიან, ისეთები, დედაქალაქი ვერცხლის გარეშე რომ უყვართ. რატომ?! იმიტომ, რომ მათთვის თბილისი ოქროა ლევან! ბოდიში... რაინდო ლევან!