შალვა ნათელაშვილი — პოლიტიკური შულერი, პოლიტიკური კლოუნი თუ ჩვეულებრივი თაღლითი, რომელმაც ქართველი ხალხის გაცუცურაკებით მილიონები იშოვა?

შალვა ნათელაშვილი — პოლიტიკური შულერი, პოლიტიკური კლოუნი თუ ჩვეულებრივი თაღლითი, რომელმაც ქართველი ხალხის გაცუცურაკებით მილიონები იშოვა?

ფსიქოლოგიაში ცნობილია ადამიანთა ტიპები, რომლებიც, თუმცა მუდმივად კინკლაობენ, ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებენ და ერთმანეთი ქვეცნობიერად უყვართ კიდეც.
მე ვერ გეტყვით, რამდენად ფსიქოლოგიურ-ინტიმური სწრაფვა აქვთ ნათელაშვილს და სააკაშვილს ერთმანეთის მიმართ, ან უფრო კონკრეტულად, ნათელაშვილს სააკაშვილის მიმართ, მაგრამ მისი პოლიტიკური ნაბიჯებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, აუხსნელი ძალა აკავშირებს შალვას მიშასთან.

ერთ პერიოდში დაიწყეს პოლიტიკური აქტივობა, საკრებულოს თავმჯდომარეობა შალვამ მიშას დაუთმო, მერე მისი „გამოზრდილი კადრები“ სააკაშვილის გუნდში გადაფართხალდებოდნენ ხშირად, ერთმანეთს „ებრძოდნენ“, თუმცა ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებდნენ და ერთმანეთის წისქვილებზე ასხამდნენ წყალს. ახლაც სააკაშვილის პოლიტიკური კარიერის დასასრულს, შალვა ნათელაშვილის პოლიტიკურ შემოღამებაზეც საუბრობენ და ამბობენ, ესენი პოლიტიკურ ცხოვრებას ერთად დაამთავრებენო...

ამას ჰქვია სიყვარული, რომელიც რაც უნდა დაფარო, ბოლოს მაინც გამომჟღავნდება. გამომჟღავნდება და ძალიან კარგი.
შალვა ნათელაშვილს სოციალურ ქსელში კლოუნს, მასხარას და ფარჩაკს ეძახიან, მაგრამ ის სულაც არ გახლავთ იმდენად უჭკუო, „დაუნ ვი დიქტეიტე“ თეთრი სახლის წინ სამასხარაოდ რომ წარმოეთქვა.
მიხეილ სააკაშვილს, როგორც ვითომცდა დემოკრატიულ მმართველს, ძალიან სჭირდებოდა ქვეყანაში ოპოზიციის არსებობის დაფიქსირება. ოპოზიციად მოიაზრებოდნენ მისი „ზეობის ჟამს“ „ქრისტიან-დემოკრატები“, „ჩვენ თვითონ“ და ლეიბორისტული პარტია...
ოპოზიციურ პარტიას კი უნდა ეკრიტიკებინა და ელანძღა ხელისუფლება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, და აი, გაშალა პლაკატები და ლეიბორისტული დროშები მამაცმა შალვა ნათელაშვილმა და გამართა 20-კაციანი მიტინგი თეთრი სახლის ფონზე...
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შალვა ნათელაშვილი ამერიკის კონგრესმენებს შეხვდა და მაჟორიტართა ინსტიტუტის გაუქმებაზე ესაუბრა.
სოციალურ ქსელში ლეიბორისტების მხარდამჭერები კი შალვას აქეზებენ: მიდი, შალვა, წამოიყვანე ექსპერტები, მიხედონ აქაურ დაქცეულ მდგომარეობასო, ანუ ერთი კარგი წკეპლა კიდევ ქართველებსო. ისეთი ჯარისკაცი არ ვარგა, გენერლობაზე რომ არ ოცნებობსო და შალვა ნათელაშვილიც სულ საქართველოს პრეზიდენტობაზე ფიქრობს.

კაცმა რომ თქვას, ერთი გიჟი ხომ გამოვცადეთ — მიშა სააკაშვილი ღღღ-ყყ-ყყ სიცილით რომ კროჭინებდა ორი თვის ბავშვივით და მეორე, ემოციების ტყვე, ჰიპერაქტიური ტემპერამენტის მქონეც რომ გვეცადა, ვითომ რა დაშავდებოდა?! იხვეწება ეს ადამიანი ყველა არჩევნების წინ — მანდეთ ქვეყანა. ერთხელ მაინც მანდეთო!
არჩევნები ჯერ მოახლოებული არ არის, მაგრამ იმის გასარკვევად, ახლა მაინც ვანდოთ თუ არ ვანდოთ შალვა ნათელაშვილს საქართველოს ბედი, ვანდოთ თუ არ ვანდოთ, ნათელაშვილის ყოფილ თანაპარტიელებს ვესტუმრეთ. წაიკითხავთ ამ ინტერვიუს და მიხვდებით, არათუ უნდა ანდოთ ქვეყანა, ასეთ კაცს საერთოდ უნდა ერიდოთ.

სოსო შატბერაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ყოფილი წევრი, ახლა მემარცხენე ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი:
„ჩვენში არაფერი არ შეცვლილა, ძველებურად ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებისთვის ვიბრძვით, ოღონდ წამოვედით პარტიიდან. დღეს ჩვენ ვმუშაობთ „მემარცხენე ალიანსის“ სახელით და პარტიის სახელწოდებაც პირდაპირ ჩვენს პოლიტიკურ ორიენტაციაზე მიანიშნებს.
დიახ, დავტოვეთ ლეიბორისტული პარტია, მთელმა საორგანიზაციო პოლიტიკურმა კომიტეტმა უარი განვაცხადეთ იქ დარჩენაზე ერთის გარდა, ეს გახლავთ გიორგი გუგავა.
2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს შალვა ნათელაშვილმა გამსვლელ სიაში თავისი მეუღლე, ქალბატონი ბელა ალანია შეიყვანა. ჩვენი პარტიის აქტივისტები იყვნენ ნესტან კირთაძე, ლეილა გაფრინდაშვილი, ეთერ კაკულიაც იყო, ქალბატონი ადა მარშანიაც, მაგრამ ბელა ალანია არასოდეს ყოფილა პარტიის აქტივისტი და აღვშფოთდით იმით, რომ ის სიის ათეულში მოხვდა. ჩვენი პროტესტის შემდეგ ქალბატონი ბელა სიიდან ამოიღო შალვამ. ჩვენს შორის სიტუაციის დაძაბვა სწორედ აქედან იწყება, ამ ამბის შემდეგ ის სრულიად შეიცვალა ჩვენს მიმართ. მის ქმედებაში უკვე იგრძნობოდა ის, რომ ვიღაცის დავალებას ასრულებდა.
ორიოდე წლის შემდეგ, ანუ 2011 წელს, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში, აღმოჩნდა, რომ შალვა ნათელაშვილს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონია მიხეილ სააკაშვილთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელსაც ჩვენ მთელი სულით და გულით ვებრძოდით წლების მანძილზე და სხვათა შორის, ამ ბრძოლას დღემდე ვაგრძელებთ.
ისიც გავარკვიეთ, რომ მას „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერის საფასურად საკმაოდ დიდი თანხები აუღია და განუთავსებია ავსტრიის ბანკში. ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ხელთ გვაქვს. ჩვენ ისიც ვიცით, ვენაში რომელ სასტუმროში, სად, ვის მიერ გადაეცა ეს თანხები შალვა ნათელაშვილს.
როდესაც პოლიტკომიტეტის სხდომა მოვიწვიეთ ამ საკითხებზე, იმ სხდომის ოქმსაც წარმოგიდგენთ, შალვამ არ უარყო, რომ მას ჰქონდა ფული აღებული ვინმე ანატოლი მოტკინისგან, რომელიც ვანო მერაბიშვილის ბიზნეს-პარტნიორი ყოფილა. შალვამ თქვა: მე კი მომცა ანატოლი მოტკინმა ფული, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება, ის ვანო მერაბიშვილის პარტნიორიც იყოსო.
იქვე დასძინა: ანატოლი მოტკინი უანგარო კაცია, თუმცა შუამავლობაში 30%-ს ითხოვს და ეს მთელი თანხის 2 მლნ არისო.
ჩვენ გავოგნდით. 30% თუ 2 მლნ იყო, რამდენი ექნებოდა შალვას აღებული. შემდეგ გავარკვიეთ, რომ ავსტრიის ბანკში ანგარიშებზე დევს უზარმაზარი რაოდენობის თანხა, ოღონდ ქალბატონი ბელა ალანიას სახელზე.
გაირკვა, აგრეთვე, რომ ევროპის სხვა ბანკებშიც ჰქონია მსხვილი ანგარიშები, რის შესახებაც ჩვენ საერთოდ არ ვიყავით საქმის კურსში, მაგრამ, როგორც კი გავიგეთ, რომ ყოველივე ეს მოდიოდა მიხეილ სააკაშვილის ფინანსური არხებიდან, კატეგორიულად გავემიჯნეთ ყველა, გიორგი გუგავას გარდა. გიორგი გუგავამ, როცა გაიგო ყოველივე, სასტიკად აღშფოთდა, თუმცა ბოლოს მაინც შალვა ნათელაშვილთან დარჩენა გადაწყვიტა.
რაც შეეხება 2008 წლის არჩევნებს და ბელა ალანიას ყოფნას საპარლამენტო სიაში, როგორც გავიგეთ, ესეც გარიგების ნაწილი ყოფილა და ბელა ალანიას გარდა სიაში მეოთხე ნომრად ვანო მერაბიშვილის ნათესავი და პარტიის დამფინანსებელიც ყოფილა ჩაწერილი.
მერე მაინც მოუწია შალვას მანდატების დაჭრა დემონსტრაციულად და ამას სხვა მიზეზი ჰქონია. ნაციონალები და შალვა ნათელაშვილი ვერ შეთანხმებულან.
მოლაპარაკება ყოფილა და სიაში მეოთხე ნომრად უკვე აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც ვანო მერაბიშვილის ნათესავი ყოფილა და ლეიბორისტული პარტიის დამფინანსებელი. ყოველივე ეს ჩვენს ზურგს უკან ხდებოდა.
მოლაპარაკება ითვალისწინებდა, თურმე, რომ 10 დეპუტატი ყოფილიყო ლეიბორისტული პარტიიდან, მაგრამ გავიდა 6. აქედან ერთი ვანო მერაბიშვილის ნათესავი. ბელა ალანია დარჩა იმ ექვსი ადგილის მიღმა, ატყდა უთანხმოება, რომ მისი მეუღლე ვერ მოხვდებოდა პარლამენტში მიუხედავად იმისა, რომ ამოღებული იყო სიიდან, თუმცა 10 ადამიანზე იყვნენ შეთანხმებულნი.
ამასობაში შალვა ნათელაშვილი გამოვიდა ინიციატივით: გამოვუცხადოთ ბოიკოტი პარლამენტსო და დაჭრა მანდატები პარლამენტის შენობის წინ.
ამ ამბის შემდეგ შალვა რამდენიმეჯერ შეხვდა „ნაცმოძრაობის“ მაღალჩინოსნებს და მათ კატეგორიულად მოსთხოვეს შალვას, შესულიყო ლეიბორისტული პარტია პარლამენტში — მანდატების დაჭრის შემდეგაც კი! ამაზე უთანხმოება მოუვიდათ და რადგან ვერ შეთანხმდნენ, „ნაცმოძრაობამ“ დააპატიმრა კახა ძაგანიას ძმა და ლეიბორისტული პარტიიის ვეტერანი არჩილ ბენიძე.
ჩვენ გახლდით ლეიბორისტული პარტიის არა რიგითი წევრები, არამედ ლიდერები. დადიოდა არასასიამოვნო ხმები და მოგვდიოდა ინფორმაციებიც შალვა ნათელაშვილის ნამოქმედარ საქმეებზე, მაგრამ ყველაფერს კატეგორიულად უარვყოფდით, რადგან ვერ ვიჯერებდით, შალვა ნათელაშვილის გარიგებას ედუარდ შევარდნაძესთან, სააკაშვილთან ან სხვა ვინმესთან, სანამ ხელში უტყუარი საბუთები არ ჩაგვივარდა.
იყო ჭორები მის კავშირებზე კანონიერ ქურდთან ტარიელ ონიანთან, მაგრამ ამის დასაბუთება ჩვენ არ შეგვიძლია, ამიტომ დარწმუნებით ამ ამბის შესახებ ვერ ვილაპარაკებთ. თუმცა, რაკი მას გარიგება ჰქონია სააკაშვილთან, არ გამოვრიცხავ სხვა შემთხვევებსაც.
პირდაპირ ვიტყვი: შალვა ნათელაშვილს პოლიტიკა ბიზნესად აქვს გადაქცეული.
ამ დღეებში ის იმყოფება აშშში და იქ უმტკიცებს ვიღაცებს, თითქოს არის პროამერიკელი და პროდასავლელი, მაგრამ ჩვენ გვაქვს დოკუმენტი, წერილები, რომელშიც წერია, როგორ ეხვეწება შალვა ნათელაშვილი რუსეთის ხელმძღვანელობას და ისეთ ოდიოზურ ფიგურასაც კი, როგორიც არის ვლადიმერ ჟირინოვსკი, იური ლუჟკოვი, ვინმე მჟავანაძე, მოსკოვში ერთ-ერთი სასტუმროს დირექტორი, აქებს და ადიდებს მათ. სთხოვს შეხვედრას და დაფინანსებას.
პარტიას თანხა სჭირდებოდა, მაგრამ გააჩნია ვისგან. მართალია, „ფულს სუნი არ აქვს“, მაგრამ „ბინძური ფული“ არაა საკადრისი. ლეგალური სახით სწორი ორიენტაციის მქონე ბიზნესმენი თუ დაგვაფინანსებს, ამაში ცუდი არაფერია.
მე, სოსო შატბერაშვილი, თქვენი გაზეთის საშუალებით ვაცხადებ: ბიზნესმენებო, დაგვაფინანსეთ კანონის ფარგლებში. წესიერი მემარცხენე ძალა ჩვენ ვართ!
რაც შეგვეხება ჩვენ, აბსოლუტურად არ განვიცდით უხერხულობას იმის გამო, რომ ყოფილ თანამებრძოლზე ღიად ვსაუბრობთ, რადგან ის გარიგებაში შევიდა ჩვენი პარტიის და საქართველოს იდეოლოგიურ მტერთან, სისხლისმსმელ ნაციონალებთან. არჩილ ბენიძე უდანაშაულოდ ჩასვეს ციხეში და მერე, წლების განმავლობაში, საქართველოდან იყო გადახვეწილი.
კახა ძაგანია, ლეიბორისტული პარტიის ყოფილი წევრი, მემარცხენე ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი:
მორალური უფლება ერთია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ვალდებულებაც საზოგადოების და ამომრჩეველის წინაშე, რომ ვთქვათ სიმართლე. უნდა დამთავრდეს ის დრო, საზოგადოებას და ამომრჩეველს უპასუხისმგებლოდ და აგდებულად უყურებდეს პოლიტიკოსი და ყველამ ყველაზე იცოდეს სიმართლე.

როგორც კი გავიგეთ შალვას შესახებ ყველაფერი, მაშინვე ჩამოვცილდით. მოსახლეობას ჩვენ ვერ მოვატყუებთ. ჩვენ არ ვართ რადიკალური გამიჯვნის მომხრე პოლიტიკური ძალა და არ მიგვაჩნია, რომ რუსეთთან კავშირები კატეგორიულად უნდა გაწყდეს, თუმცა მიუღებელია შალვა ნათელაშვილის დითირამბები ჟირინოვსკისადმი, ლუჟკოვისა და სხვათა მიმართ. პარტიას ხმარდებოდა ბიუჯეტიდან შემოსული თანხები, დანარჩენის არსებობაც კი არ ვიცოდით.


წარმოგიდგენთ შალვა ნათლაშვილის ანგარიშებს და თვითონ განსაჯეთ, როგორ და რითი შეიძლება ადამიანმა იმდენი თანხა დააგროვო, როცა არასდროს, ერთი საათითაც კი არ გიმუშავია არც ერთი სახის ბიზნესში.
შალვა ნათელაშვილი დღეს არის ერთ-ერთი მდიდარი ადამიანი საქართველოში! თავისი უმანკოების და პატიოსნების დეკლარირების მიუხედავად, ეს ასეა.
პარტიას სჭირდება ფული, მაგრამ ყველაფერს აქვს წესი,როგორც დაწერილი, ასევე დაუწერელი. პარტია არ არის ერთი კაცის. ეს არის თანამოაზრეთა გაერთიანება და როცა იღებ ფულს, ე. ი. ვიღაცაზე დამოკიდებული ხდები. ვალდებულებების წინაშე ხარ და ეს მერე მთელ პარტიაზე ვრცელდება. მას დღესაც მჭიდრო კავშირები აქვს „ნაცმოძრაობასთან“. პარტიულ მანდატებს აძლევს „რუსთავი-2“-ის ჟურნალისტებს. რას უნდა ნიშნავდეს ეს, თვითონ მიხვდით.

დიახ, შალვა ნათელაშვილი გარიგებული იყო „ნაცმოძრაობასთან“. 2012 წლის არჩევნების დროს გათვლა ჰქონიათ — მას შემდეგ, რაც ნაციონალები გააყალბებდნენ არჩევნებს, „ოცნება“ და ნაცები ერთნაირი რაოდენობით მოვიდოდნენ და ნაცებთან კულუარულად გარიგებული პარტიები ხმას მისცემდნენ პრემიერად ვანო მერაბიშვილი გაეყვანათ. ჩვენ პარლამენტში, თურმე, ვანო მერაბიშვილის გაპრემიერებისთვის უნდა მიგვეცა ხმა. წარმოიდგინეთ, ეს რას ნიშნავს. „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი ტელევიზიების, არასამთავრობო ორგანიზაციების დადებითი განწყობები შალვა ნათელაშვილის მიმართ გვაფიქრებინებს, რომ ის დღემდე „ნაცმოძრაობის“ ფრთებქვეშაა. ხმები მოგვდის, რომ „ნაცმოძრაობა“ კვლავ იყენებს შალვა ნათელაშვილს „მყეფარ ძაღლად“ ივანიშვილის საგინებლად.

ეს ადამიანი არის ტიპიური მატყუარა. ხალხს რომ მიმართავს: მენდეთ და ქვეყანა ჩამაბარეთო, ორჯერ ჩააბარა მას ხალხმა ქვეყანა, ერთხელ ადგილობრივ არჩევნებში და მეორეჯერ 2004-ში. ვნანობ, მაშინ პასუხისმგებლობას გავექეცით... შალვამ უკან დაიხია...

კაცმა გაყიდა თანამებრძოლები, ათასობით მხარდამჭერი, ამ კაცთან გაჩერება წარმოუდგენელი იყო.
რაც შეეხება კორუფციულ გარიგებებს, ამის შესახებ მოარული ჭორებით არ ვმსჯელობთ და არც შალვას ეგონა, თუ ოდესმე ჩვენ გავიგებდით ამას, მაგრამ პირდაპირ თათბირზე დაადგა პირზე გარეშე პირი, რომელიც შუამავალი უნდა ყოფილიყო ნათელაშვილსა და მერაბიშვილ-სააკაშვილს შორის. ის ადამიანი არ გახლავთ პოლიტიკოსი, უბრალოდ აგვარებდა ფულის მიტან-მოტანის საკითხებს. შალვამ ისიც „გადააგდო“, ამიტომაც გამოაცხადა სიმართლე იმ ადამიანმა პირდაპირ თათბირზე. ეს კაცი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ, შეიძლება, დღესაც შალვა ნათელაშვილის ტყუილებით ვყოფილიყავით გაბრუებული. წამოსვლის შემდეგ შალვა აღარ შეგვხმიანებია. მანამდე, სიტუაცია რომ იძაბებოდა, გრძნობდა და დაიწყო მოლაპარაკებები ინდივიდუალურად. ოჯახებში რეკავდა, ხან ცოლს არეკინებდა პარტიის ლიდერების ცოლებთან, დედებთან, დაპირებებით — მანქანას გიყიდით, ფულს გაჩუქებთო და სხვ.
გიორგი გუგავა ძალიან მენანება შალვასთან კავშირისთვის. თუმცა რატომ მხოლოდ გუგავა? სხვებიც, მაგრამ ეს მათი არჩევანია. ამიტომაც, სანამ შალვა ნათელაშვილი ბინძური გარიგებებით ნაშოვნ ფულს არ გადასცემს მიუსაფართა სახლს, ან უპატრონო ბავშვებს, ან სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციას, მანამდე ყოველთვის ეჭვი მექნება იმაზე, რომ ის თანაუგრძნობს 7 ნოემბრის, 26 მაისის, ციხის საშინელებების მომწყობ, უსამართლობის დამამკვიდრებელ „ნაცმოძრაობას“. მოინანიოს ყველაფერი და მე, პირადად, მივუტევებ, რაც ჩადენილი აქვს თანამებრძოლებისა და ხალხის წინაშე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე არჩევნებში მასთან რაიმე კავშირში შევიდეთ.

ადამიანს, შეიძლება, რაიმე შეეშალოს, მაგრამ ღალატი უპატიებელია. მახსენდება, მიტინგებზე დარბევები და ათასი უბედურება, თუმცა შალვა ყოველთვის გამოძვრებოდა ხოლმე, რადგან მას ჰქონდა გარანტია და წინასწარ იცოდა, სად რა უნდა მომხდარიყო და არც მერაბიშვილი დაიჭერდა მის პოლიტიკურ „ბიზნესპარტნიორს“.

დიახ, შალვა „ნაცმოძრაობის“ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა. აბა, რას შეიძლება მიეწეროს ვანო მერაბიშვილთან და მის უწყებასთან კავშირი?!

არჩილ ბენიძე, ლეიბორისტული პარტიის ყოფილი წევრი, მემარცხენე ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი:

2008 წლის არჩევნების შემდეგ ფულის გათეთრების ბრალდებით დამიჭირეს. თითქოს ბადრი პატარკაციშვილის ფული „გავათეთრე“. პარტიას, როგორც შალვა გვეუბნებოდა, უჭირდა. ჩვენ საკუთარი ოჯახებიდან გამოგვქონდა თანხები და პარტიის საქმეებს ვახმარდით. იმ პერიოდში პატარა ბიზნესი მქონდა. შალვამ მითხრა: არის ადამიანი, რომელიც ფულს გვირიცხავს, აიღე შენ, შენს საქმესაც მოახმარე, მერე წინ წახვალ დაჩვენც დაგვეხმარებიო. მე დავთანხმდი. მივედი „საქართველოს ბანკში“. ავიღე ფული. 2008 წელს ეს ფული დამიდეს ბრალად. თუმცა ეს მერე მოხდა, მანამდე იყო მანდატების დაჭრა, რომელიც, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, გარიგების შეუსრულებლობის გამო მოხდა. მაშინ, სამაგიეროს გადახდის მიზნით, სოსო თოფურიძე მისულა შალვასთან და უთქვამს, რომ პარტიის წევრებს დაიჭერდნენ ფულის გათეთრების ბრალდებით. პატიმარი აღმოვჩნდი მე, ხოლო შალვამ თოფურიძის ვიზიტზე და ამ ამბებზე შემდეგ არაერთხელ თქვა სხვადასხვა გაზეთებთან ინტერვიუებში.

პარტიის წევრის დაჭერა ემსახურებოდა ერთ მიზანს — დაპატიმრებულს უნდა ელაპარაკა შალვას კომპრომატებზე, ეს გადაეღოთ და შალვასთვის ეჩვენებინათ, რათა ნათელაშვილს ბოიკოტზე უარი ეთქვა, შესულიყო პარლამენტში და ნაციონალების დავალებები პირწმინდად შეესრულებინა. მოკლედ, შალვა ნათელაშვილსა და სოსო თოფურიძეს შორის მორიგებაზე იყო საუბარი — გადაგვაგდე, გადაგაგდებთ და ა. შ.

მე კუდ-მა დამიჭირა. ორთვიანი პატიმრობა მაშინვე მომესაჯა და მეორე დღიღანვე დაიწყო ზეწოლები მიმეცა ჩვენება შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ, ანუ დავთანხმდებოდი იმას, რაც უკვე ეწერა ჩვენებაში და მეორე დღესვე გამათავისუფლებდნენ. რა თქმა უნდა, ამის გაკეთებას არ ვაპირებდი და არც გამიკეთებია, თუმცა შალვა ნათელაშვილი ჩემზე ამბობდა, რომ ვიყავი კრიმინალი, ჩემმა ოჯახმა საკუთარი ხელით ჩამაბარა პოლიციას და ა.შ. ეს არც პოლიტიკაში არის მიღებული და არც კაცობაში.

„იმედის“ დარბევამდე მოგვივიდა ინფორმაცია, რომ ლეიბორისტული პარტიის ოფისი უნდა დაერბიათ. ეს ინფორმაცია შალვა ნათელაშვილმა გაამჟღავნა პარტიაში. არ ვიცით, ვისგან, მაგრამ მას ყოველთვის ჰქონდა მსგავსი ინფორმაციები.

ეს ადამიანი, პირველ რიგში, არის ძალიან დიდი „პიარშჩიკი“, ხალხის ემოციებზე მომუშავე კაცი, რომელიც ყველაფერს იყენებს საკუთარი თავის სასარგებლოდ.
ციხიდან რომ გამოვედი, „ნაცმოძრაობიდან“ შემომითვალეს — დემონსტრაციულად დატოვე ლეიბორისტული პარტია და სამსახურს მოგცემთ მარეგულირებელ კომისიაშიო, მაგრამ არც „ნაცმოძრაობას“ და არც სხვა გაერთიანებას არასდროს მივეყიდები. ეს რომ გამეკეთებინა, რა კაცი ვიქნებოდი. კახა ძაგანიასთვის, სოსო შატბერაშვილისთვის, სხვებისთვის როგორ უნდა ჩამეხედა თვალებში?!

მე რომ საზღვარგარეთ წავედი, შალვა ნათელაშვილმა ესეც სათავისოდ გამოიყენა. „ნაცმოძრაობა“ ჩემს თანამებრძოლებს დევნის, ხოლო ჩემზე სს საქმეა აღძრულიო. საქმე არის აღძრული, მაგრამ შალვა მოწმის სახითაც არაა დღემდე დაკითხული. შალვა ნათელაშვილმა თავისი პოლიტიკური პიარისთვის გამომიყენა. მას საკუთარი კეთილდღეობის მეტი არაფერი ანაღვლებს. ხალხი, პარტია, ბოდიშით და, ფეხებზე ჰკიდია, რასაც ლაპარაკობს, ჰაერზე ნასროლი სიტყვებია.

კახა ძაგანია: რაღა ირაკლი წერეთელი და რაღა შალვა ნათელაშვილი. ესენი თანდათან ერთმანეთს დაემსგავსნენ. შალვა ნათელაშვილმა ბოლო ხანებში არაერთი მოსაფერებელი სიტყვა გაიმეტა მიხეილ სააკაშვილის მიმართ. დააკვირდით მის ბოლოდროინდელ განცხადებებს და „ნაცმოძრაობის“ განცხადებებს. მხოლოდ „ნაცმოძრაობა“ ხომ არ გალანძღავს ამ ხელისუფლებას, მხარდამჭერი პოლიტიკური ძალა ხომ სჭირდება და ეს არის დღეს შალვა ნათელაშვილი. იდენტურია ნაცების და შალვას პოზიციები.

არჩილ ბენიძე: ჩემი პატიმრობა იყო პოლიტიკური ვაჭრობის ნაწილი, პოლიტიკური პიარი შალვა ნათელაშვილის ბინძურ პოლიტიკურ ცხოვრებაში. შანშან დავბრუნდი იძულებითი დევნილობიდან და საჩივარი შევიტანე ხარვეზების დამდგენ დეპარტამენტში ჩემს უკანონო პატიმრობასა და დევნასთან დაკავშირებით. პროკურატურამ ერთი კვირაა, რაც გადაწყვეტილება გამოიტანა ჩემს სასარგებლოდ. ნათელი წერტილი დავინახე იმის, რომ დღეს საქართველოში პოლიტიკურ ბრძოლას აზრი აქვს...

შალვა ნათელაშვილის პოლიტიკური კარიერა ნულის ნიშნულისკენ მიდის. ის ყოველთვის პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი იქნება. მან ხალხის კეთილდღეობისთვის ბრძოლას საკუთარი კეთილდღეობა არჩია“.

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებში არაერთხელ მოხვდა ე. წ. ტერაქტების საქმე და ამ ტერაქტებში ბრალდებულთა მიმართ უკანონო ქმედების წამებისა და ცემის შესახებ. ე. წ. „ტერაქტების საქმეზე“, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების კიდევ ერთი ლაბირინთია, 7 ადამიანია დაკავებული. მათ მიერ ჩადენილი ბოლო ტერორისტული აქტი საეჭვოდ უკავშირდება ლეიბორისტულ პარტიას — 2010 წლის 28 ნოემბერს აფეთქება სწორედ ამ პარტიის ოფისთან მოხდა. დაკავებულებს საქართველოში განხორციელებული ტერაქტების ორგანიზებაში დაედოთ ბრალი, როგორც სახელმწიფო დამნაშავეებს, როგორებსაც ყველგან „სანთლით“ ეძებდა მიხეილ სააკაშვილი. შალვა ნათელაშვილის ოფისთან „დაგეგმილი“ ტერაქტი საეჭვოდ ემთხვევა სააკაშვილის ჰალუცინაციურ ფანტაზიებს... ამ ტერაქტებში მაშინ რუსული კვალი გამოკვეთეს — დასავლური ორიენტაციის პარტიის ოფისის წინ ტერაქტები ეწყობაო. შალვა თავს მედასავლეთედ ასაღებს, თუმცა არც რუსეთისადმი არის გულგრილი და, მაგალითად, ჟირინოვსკისადმი მიწერილი წერილი პოლიტიკურ ორიენტაციას მკვეთრად აშორებს ლეიბორისტული პარტიის მემარცხენე იდეებს.

აი, წერილის ნაწყვეტიც, რომელიც „მემარცხენე ალიანსში“ გადმომცეს.
„ძვირფასო ვლადიმერ ვოლფის ძევ, მაქვს პატივი ლეიბორისტული პარტიის სახელით კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ღრმა პატივისცემა თქვენი მებრძოლი, პატრიოტული, რუსული პოლიტიკური ძალის მიმართ. ლეიბორისტული (შრომის) პარტია სრულიად იზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ ჭეშმარიტად პატრიოტულად განწყობილ ძალებს ძალუძთ საკუთარი სახელმწიფოების გადარჩენა იმ ფორმის გლობალიზმის ექსპანსიისგან, რომელიც შლის და ანადგურებს ნაციონალურ კულტურას, ნაციონალურ ეკონომიკას და ტრადიციული საზოგადოების საძირკველს“...

ასეთივე წერილს სწერს იური ლუჟკოვს, მაგრამ უფრო საინტერესო მომღერალ იოსიფ კობზონისადმი მიძღვნილი წერილია:
„მიიღეთ ჩემი გულწრფელი სურვილი და ნება მომეცით, გამოვხატო უდიდესი პატივისცემა პირადად თქვენს მიმართ. საქართველოში ეთაყვანებიან თქვენს ტალანტს. მე, ამ დღემდე, ვიმყოფები სასიამოვნო ემოციის ტყვეობაში, ჩვენი მოსკოვში შემთხვევითი შეხვედრის შემდეგ და თავს ვთვლი უბედნიერეს ადამიანად, რადგან თქვენი ახლოს გაცნობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო“...

როგორც ამბობენ, რუსეთისგან (და არა მხოლოდ) მხარდაჭერილ 90-იანი წლების პუტჩისტებსაც გულითადად თანაუგრძნობდა შალვა ნათელაშვილი...

აი, ეს კაცი ითხოვს, საქართველო მანდეთ, ღმერთი ჩემთანააო და ბიძინა ივანიშვილს აგინებს აქაფებული პირით... ასეთ დროს იტყვიან, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოსო.
ქართული მულტიპლიკაციური ფილმია ასეთი — „ლურჯი მელია“. ლურჯად გადაღებილი მელია თავს ხელმწიფედ აცხადებს, თაყვანისცემას ითხოვს და იფერებს ამას. „ლურჯი მელია“ ხართ, თქვენ, ბატონო შალვა, აწი თქვენგან ლომი არ დადგება...