თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან სტიქიით დაზარალებულებისთვის მხოლოდ მილიონი ლარი გამოიყოფა

თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან სტიქიით დაზარალებულებისთვის მხოლოდ მილიონი ლარი გამოიყოფა

 

აუნაზღაურებენ თუ არა მოქალაქეებს დაზიანებული ავტომობილების ზარალს   

 

საქართველოს ბანკი - 100 000 ლარი, თიბისი ბანკი - 50 000 ლარი, ბანკი რესპუბლიკა - 30 000 ლარი, პროკრედიტ ბანკი - 30 000 ლარი, ,,სოკარი' - 50 000 ლარი, ,,პე ეს პე' - 100 000 ლარი, ,,რაკია ჯგუფი' - 20 000 ლარი, ,,ზედაზენი' - 10 000 ლარი, ,,ბარამბო' - 15 000 ლარი, ,,IDშ ბორჯომი' - 20 000 ლარი, ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი' - 10 000 ლარი, ,,იმედი ელ' - 50 000 ლარი, ,,ბილაინი' - 20 000 ლარი, ,,სპარ ჯორჯია' - 10 000 ლარი, ,,სილქ როუდ ჯგუფი' - 50 000 ლარი, ,,ევროპაბეთი' - 50 000 ლარი, ,,ვისოლ ჯგუფი' - 10 000 ლარი, ,,არქი ჯგუფი' - 10 000 ლარი, ,,თეგეტა მოტორსი' - 5 000 ლარი, ,,მაგთი' - 50 000 ლარი, კორპორაცია ,,ევექსი' - 25 000 ლარი, ,,საქპატენტი' - 1 000 000 ლარი, საქართველოს პარლამენტი - 1 000 000 ლარი, ფინანსთა სამინისტროს სსიპ ,,შემოსავლების სამსახური' - 100 000 ლარი... ეს იმ კომპანიებისა და სახელმწიფო უწყებების მცირე ჩამონათვალია, რომლებმაც 13-14 ივნისს, თბილისში დატრიალებული სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ სპეციალურ ანგარიშებზე თანხა ჩარიცხეს. ამ მიზნით, 14 ივნისს, ლიბერთი ბანკში, თიბისი ბანკსა და სახელმწიფო ხაზინაში სპეციალური ანგარიშები გაიხსნა. 15 ივნისს, 18.00 საათის მდგომარეობით, ამ ანგარიშებზე 233 534 ლარი და 10 992 აშშ დოლარი შეგროვდა.    

უპრეცედენტო სოლიდარობა 
საქართველოს პრემიერ- მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით, თბილისის მერიას სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 30 000 000 ლარი გამოუყვეს. ამავე მიზნით, ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დამატებით 10 000 000 ლარი გამოყო. პირველადი გათვლებით, სტიქიის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალი 40 000 000 ლარზე მეტია. 

ძლიერი წვიმის შედეგად, ვერეს ხეობაში, სვანიძის ქუჩაზე მცხოვრები, დაახლოებით 45 ოჯახი და წყნეთის ქუჩაზე მცხოვრები, დაახლოებით, 32 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა, რომლებიც თბილისის მერიამ სხვადასხვა სასტუმროებში განათავსა. სტიქიის შედეგად დაზარალდა სოფელ ახალდაბის მოსახლეობა, რომლებიც საქართველოს ვიცე- პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განკარგულებით, წყნეთის სამთავრობო აგარაკებზე განათავსეს. სამწუხაროდ, სტიქიას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პრემიერ- მინისტრის განკარგულებით, სახელმწიფოსგან დახმარების სახით, დაღუპულთა ოჯახები 10 000 ლარს მიიღებენ. 

უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის დახმარება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გადაწყვიტა. ,,ვერსიასთან' საუბრისას პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა, გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ამ ადამიანებისთვის გარკვეულ თანხას გამოყოფენ და მათი ბინის ქირას გადაიხდიან: ,,ამ ეტაპზე, უცნობია, რა რაოდენობის თანხა დაგვჭირდება. თუმცა თბილისის მერიასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და სწორედ ისინი დაიანგარიშებენ, ზუსტად რა ოდენობის თანხა დაგვჭირდება. გიორგი მარგველაშვილი მზადაა, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის საცხოვრებლები პრეზიდენტის ფონდიდან დააფინანსოს'. 

სრულიად საქართველოს კათალიკოს- პატრიარქის მდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ თბილისში, 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ თითო ოჯახს, თითო ეკლესია დაეხმარება:,,მისმა უწმინდესობამ მცხეთა- თბილისის სამღვდელოებას, ტაძრის წინამძღვრებსა და მოძღვრებს ლოცვა- კურთხევა და დავალება მოგვცა, რათა თითო ეკლესიამ, მეურვეობა გაუწიოს თითო ოჯახს, რომელიც სტიქიის შედეგად დაზარალდა. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, შეჭირვებულ ოჯახებს დავეხმარებით და უყურადღებოდ არ დავტოვებთ. თითო ეკლესიაზე, თითო ოჯახს გავანაწილებთ და მათ დახმარებას ვეცდებით'. 

,,ჯინო პარადაისის' მფლობელი, ბიზნესმენი ნოდარ გიორგაძე, სტიქიით დაზარალებული ერთი ოჯახისთვის საცხოვრებელ ბინას შეიძენს. ისრაელის ბიზნესპალატის თავმჯდომარე, იციკ მოშე კი ორ ბინას შეიძენს. სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის, სხვა ებრაელებთან ერთად, იციკ მოშემ უკვე 100 000 აშშ დოლარზე მეტი შეაგროვა, თუმცა თანხის შეგროვება ამჟამადაც გრძელდება. თბილისში, სტიქიის დროს დაზარალებული ოჯახებისთვის საცხოვრებელ ფართებს ბიზნესმენი რომან ფიფიაც იყიდის: ,,მზად ვართ, უსახლკაროდ დარჩენილი რამდენიმე ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართი შევიძინოთ, ხოლო წითელი ჯვრის საშუალებით, დახმარება გავუწიოთ'.
 
სუპერმარკეტების ქსელი ,,ნიკორა', დაზარალებულ ოჯახებს 20 000 ლარის ღირებულების სასაჩუქრე ბარათებს დაურიგებს. მათი გამოყენება ,,ნიკორას' 80-ვე სუპერმარკეტშია შესაძლებელი. სასაჩუქრე ბარათებით, დაზარალებულები ნებისმიერი სახის პროდუქტსა თუ ნივთებს, სრულიად უფასოდ მიიღებენ. ,,სიკეთე გადამდებია' და ,,ნიკორას' მსგავსად, უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს ,,სმარტი' საკვებითა და ჰიგიენური საშუალებებით მოამარაგებს, ხოლო სუპერმარკეტი ,,ფრესკოს' საბურთალოს ფილიალი, რომელიც სტიქიის დროს, თავადაც დაიტბორა და რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობა შეწყვიტა, დაზარალებულებს საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფს. თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავებული 14 ოჯახი საჭირო პროდუქტებით ,,გუდვილმა' მოამარაგა. დაზარალებულებს დახმარება გაუწია სუპერმარკეტების ქსელმა ,,სპარი'.

სტიქია პოლონელმა ბიზნესმენმა, რომელიც ვარშავაში პოპულარული რესტორნის მფლობელი და საქართველოს ძველი მეგობარია, მარიუშ არტურ ნაპორამ, Facebook- ის საკუთარ გვერდზე, მეგობრებსა და საზოგადო მოღვაწეებს, თბილისში, სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად, საქველმოქმედო აუქციონის ჩატარებისკენ მოუწოდა. პოლონელმა ბიზნესმენმა მეგობრებს მიმართა, რომ აუქციონზე ღირებულის ნივთები გამოიტანონ, ხოლო შემოსული თანხა პოლონეთში, საქართველოს ელჩს ოფიციალურად გადასცენ.   
 
თბილისის მერის სარეზერვო ფონდი 
თბილისის მერიის 2015 წლის მთლიანი ბიუჯეტის პროექტი, დაახლოებით, 800 000 000 ლარით განისაზღვრა. ამავე ბიუჯეტის 28-ე მუხლის თანახმად, სარეზერვო ფონდის მოცულობა 3 000 000 ლარით განსაზღვრეს. სარეზერვო ფონდში არსებული თანხის ხარჯვა, მხოლოდ თბილისის მერის ინდივიდუალურ- სამართლებრივი აქტის საფუძველზეა შესაძლებელი. 
საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და თბილისის მერის სარეზერვო ფონდი ძირითადად, ფორსმაჟორული სიტუაციებისა და გადაუდებელი ღონისძიებებისთვის იხარჯება. როგორც შევარდნაძისა და სააკაშვილის პრეზიდენტობის, ასევე გიგი უგულავას მერობის პერიოდში, სარეზერვო ფონდიდან თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა. როგორც წესი, სარეზერვო ფონდს სხვადასხვა კონცერტების და ხელისუფლების მაღალჩინოსნების საზღვარგარეთ ვოიაჟებისთვის იყენებდნენ. 

13-14 ივნისის სტიქიური უბედურების დროს, ირაკლი ღარიბაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის განკარგულებებით, მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებიდან გარკვეული თანხა, სწორედ სტიქიის ლიკვიდაციისთვის საჭირო სამუშაოების დასაფინანსებლად გამოყვეს. ამ ეტაპზე უცნობია, დაიხარჯება თუ არა მერის სარეზერვო ფონდში არსებული თანხა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად. 

თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ,,ვერსიას' განუცხადეს, რომ მერის სარეზერვო ფონდში, ამ მიზნისთვის მხოლოდ 1 000 000 ლარია გათვალისწინებული: ,,იმ პირობებში, როდესაც სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 40 000 000 ლარს აღემატება (მოგვიანებით, პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ზარალმა შესაძლოა 100 მილიონ ლარს გადააჭარბოს - ავტ.), თბილისის მერის სარეზერვო ფონდში არსებული მილიონი ლარი, ზღვაში წვეთია. შესაბამისად, დედაქალაქის მუნიციპალიტეტს ცენტრალური ბიუჯეტიდან დახმარება აუცილებლად სჭირდება. 

საცხოვრებელი სახლების გარდა, თბილისელებმა სტიქიის დროს, საკუთარი ავტომობილებიც დაკარგეს. ძლიერი წვიმის შედეგად, ხალხმა ავტომობილები მიატოვა და თავი გადაირჩინა. მეორე დღეს, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ვერესა და მტკვრის ხეობაში, ტალახში ჩაფლულ ავტომობილებს ეძებდნენ. 

სადაზღვევო კომპანია ,,ჯიპიაი ჰოლდინგი', ზარალს უკვე ითვლის. კომპანიის ზარალის ანაზღაურების მენეჯერები, სტიქიის ღამეს, 13-14 ივნისს, მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდნენ და დაზარალებულების დახმარებას ცდილობდნენ. ,,ჯიპიაი ჰოლდინგის' ცხელ ხაზზე, ასამდე შეტყობინება შევიდა, ზარების უმრავლესობა ბინებისა და მანქანების დატბორვით დაზიანებას ეხებოდა. კომპანიაში სტიქიით გამოწვეული სრული ზარალის დაანგარიშება ახლაც მიმდინარეობს, ზუსტი ციფრი მიმდინარე კვირაში გაირკვევა. სადაზღვევო კომპანიაში აცხადებენ, რომ თანხის მთლიანი ოდენობა, სავარაუდოდ, 500 000 ლარს გადააჭარბებს. 

სამწუხაროდ, თბილისის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას საკუთარი ავტომობილები დაზღვეული არ ჰქონია. საინტერესოა, გაითვალისწინებს თუ არა თბილისის მერია ამ ფაქტს და როგორ აუნაზღაურებს თბილისელებს დაზიანებული ავტომობილების ზარალს? 

თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ,,ვერსიას' განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია უსახლკაროდ დარჩენილი თბილისელების ბინებითა და პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთებით, საკვებითა და ტანსაცმლით უზრუნველყოფა. თუმცა მერიაში აცხადებენ, რომ დაზიანებული ავტომობილებიც მნიშვნელოვანია, რის გამოც თბილისელები საკმაოდ სერიოზულად დაზარალდნენ: ,,მას შემდეგ, რაც ზარალს დავითვლით, დაზიანებული ავტომობილების ზარალის ანაზღაურების საკითხსაც დავსვამთ და ამ პრობლემასაც მივხედავთ', - აცხადებენ მერიაში. 

.. თბილისის მერის სარეზერვო ფონდი, დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, 2015 წლის 7 აპრილს, 2 200 000 ლარამდე შემცირდა. ასეა თუ ისე, ფორსმაჟორული სიტუაციისთვის გათვალისწინებული 1 000 000 ლარი ნამდვილად არ არის ,,ზღვაში წვეთი'. უხეში გათვლებით, თბილისის ცენტრში, ერთოთახიანი ბინა დაახლოებით, 100 000 ლარის ფარგლებში ჯდება (გარეუბნებში კიდევ უფრო იაფია). შესაბამისად, ამ ერთი მილიონი ლარით, როგორც მინიმუმ 10 ბინას მაინც შეიძენენ და სულ მცირე, 10 ოჯახს გადაუჭრიან პრობლემას