სკანდალური დასკვნა, რომელსაც ყურადღება არავინ მიაქცია

სკანდალური დასკვნა, რომელსაც ყურადღება არავინ მიაქცია

რამ გამოიწვია მდინარის ადიდება და რა რეკომენდაციები უნდა გაეთვალისწინებინა ,,ნაციონალურ ხელისუფლებას' ესტაკადის მშენებლობისას   

ყველა, როგორც ერთი - დღეს ერიც და ბერიც ერთად დგას და მათ შემხედვარეს კიდევ გიღვივის იმედის ნაპერწკალი _ თურმე ერთად დგომა კვლავ შეგვძლებია... თუმცა ვიღაცებისთვის 13 ივნისს თბილისში დატრიალებული ტრაგედია პოლიტიკური ქულების დაწერის შესანიშნავ საშუალებად ქცეულა, ვიღაცებისთვის ცოდვილთა ,,სწორ გზაზე დასაყენებლად', ვიღაცები კი შანსს არ უშვებენ, დამნაშავეების ძებნაში სახრე ყველა მხარეს იქნიონ.   

,,ჩვენ ხომ ვამბობდით', - ისმის არაერთი მხრიდან და რეალურად ძნელია გაერკვე - ვინაა დამნაშავე!!! ვინმეს თუ ეყოფა ძალა, 13 ივნისის ცოდვის კალო საკუთარ დანაშაულად აღიაროს?! არადა, ,,ვერსიას' ყველაზე მეტად ეთქმის - გაფრთხილებდით! ისევე, როგორც სამეცნიერო კვლევით ცენტრ ,,გამას', როცა 2011 წელს, ახალი გზის მშენებლობამდე ვერეს ხეობაში არსებული ვითარება საფუძვლიანად შეისწავლეს და შემდეგი დასკვნაც დადეს:,,მდინარე ვერეს წყალი არამცთუ დაილევა, მასში ბანაობაც აკრძალულია', - ასეთი გახლდათ ,,გამას' დასკვნა, როცა ვერეს ხეობის ეკოლოგიური მდგომარეობა შეაფასეს. მაშინ წყლის, გრუნტის ნიადაგის სინჯები აიღეს და გმირთა მოედნის ქვეშ გამავალი გვირაბიდან ნაფეტვრების გზაჯვარედინამდე თითოეული მილიმეტრი შეამოწმეს.,,მდინარე ვერეს კალაპოტი არაერთ ადგილასაა ჩახერგილი მოთხრილი ხეებით, შემცირებულია გამტარუნარიანობა... ვერეს ხეობისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს მზიურის ტერიტორიაზე და ხეობის გარშემო აგებული მრავალსართულიანი შენობები... ვერეს ხეობაში განთავსებულია სხვადასხვა დიამეტრის საკანალიზაციო კოლექტორები, ისინი განკუთვნილია საცხოვრებელი სახლებისა და ორგანიზაციების სამეურნეო ფეკალური ჩამდინარე წყლების არინებისთვის. ზოგიერთი საკანალიზაციო მილი კვეთს ვერეს ხეობას. უმეტესობა დაზიანებულია, აქვს მცირე გამტარიანობა, საკანალიზაციო მილების სიმრავლე იწვევს წყლის მნიშვნელოვან დაბინძურებას. თითქმის მთელი ტერიტორია გადავსებულია საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, დაბინძურებულია მდინარის ორივე სანაპიროს ფერდობები და თვით მდინარის კალაპოტი, ხეობის დიდი ნაწილი წარმოადგენს არასანქცირებულ ნაგავსაყრელს. გარდა ამისა, ხეობის ტერიტორიაზე არის ისეთი სახიფათო ნარჩენები, როგორიცაა აზბესტის ფილები, ბიტუმი, მაზუთი, უცნობი ქიმიური ნივთიერებები, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად მოქმედებს'. 
ასეთია კვლევითი ცენტრის ანგარიში, ხოლო რაც შეეხება რეკომენდაციებს, ,,აუცილებელია მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით კომპლექსური ღონისძიებების გატარება, რაც ითვალისწინებს ხეობის გაწმენდას სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნაგვისგან'. 

,,ვერსია' სამეცნიერო კვლევითი ცენტრ ,,გამას' დირექტორს, ვახტანგ გვახარიას დაუკავშირდა იმის გასარკვევად, რამდენად შესრულდა წლების წინ მათ ანგარიშში გაცემული რეკომენდაციები და რამდენად მძიმე იყო ვერეს ხეობაში არსებული ვითარება 2011 წელს. 

,,კვლევისას აშკარა გახდა, რომ ვერეს ხეობაში ვითარება რეალურად მძიმე იყო ეკოლოგიური თვალსაზრისით - სხვადასხვა სახის ნარჩენები, როგორც საყოფაცხოვრებო, ისე სამრეწველო, ნავთობპროდუქტები... უდავოდ მძიმე ფონს ქმნიდა. გარდა ამისა, ასამდე კოლექტორი ჩადიოდა მდინარეში, ზოგი კონდიციური, ზოგი არაკონდიციური... ვსაუბრობდით, როგორ ირეცხებოდა ნაპირი, თუმცა ჩვენ მხოლოდ ვიზუალური აუდიტი ჩავატარეთ', - აცხადებს ცენტრის დირექტორი ვახტანგ გვახარია, რომელიც ახალი გზის მშენებლობის პროექტზე კომენტარისგან თავს იკავებს ერთადერთი მიზეზით - ,,ჩვენ არ ვიცნობდით პროექტს და მაშინ არც იყო, არსებობდა მხოლოდ იდეა... გარემოსდაცვითი ეკოლოგიური სურათი დავხატეთ'. 

ეკოლოგიური სურათი კი, უდავოდ, არასახარბიელო გახლდათ, ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე ქიმიური ნივთიერებები, საყოფაცხოვრებო თუ სამრეწველო ნაგავი და მაღალსართულიანი შენობები - ნუთუ ეს რისკფაქტორები არ იყო საკმარისი, ძლიერთა ამა ქვეყნისა ყური შეებერტყათ და რაღაც მაინც გაეკეთებინათ გართულების თავიდან ასაცილებლად. ალბათ, არც ის იქნება ურიგო, მიდგომები შეიცვალოს და მსგავსი კვლევების შემდეგ მონიტორინგიც ხორციელდებოდეს, შესრულდა თუ არა გაცემული რეკომენდაციები. ვახტანგ გვახარია აცხადებს, რომ მათი საქმე მხოლოდ კვლევა იყო: ,,რა მოხდა მერე, არ ვიცი.. სიმართლე გითხრათ, არც ვარ განწყობილი, ვინმე დავადანაშაულო, ერთს კი ვიტყვი - პირადად არაერთხელ მისარგებლია ამ მაგისტრალით და ფაქტია - ბევრი რამ მოწესრიგებული იყო... მართალია, ჩემთვის შესამჩნევი მცირე ხარვეზები არსებობდა, მაგრამ ძირითადი პრობლემები მოგვარებული გახლდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ გარემოსდაცვის კუთხით ამ საკითხებს არ გადაჭრიდნენ, გზას ვერ ააშენებდნენ'... ბატონი ვახტანგისგან განსხვავებული პოზიცია აქვს ბიოლოგ ქალბატონს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა კვლევაში და მიუხედავად იმისა, რომ ვინაობის გამხელა არ ისურვა, ,,ვერსიასთან' განაცხადა, იმ პერიოდში გარემოსდამცველთა და სხვა კომპეტენტურ პირთა რეკომენდაციები ყურს იქით გაუშვესო: ,,სააკაშვილი მხოლოდ იმას ისმენდა, რაც თავად აწყობდა... დანარჩენი არაფერი აინტერესებდა... სამწუხაროდ, არც გერმანელებმა გაითვალისწინეს ჩვენი რეკომენდაციები'. 

ამ კომენტარს კი ვახტანგ გვახარია შემდეგ არგუმენტს უპირისპირებს: ,,არ ვიცი, ვინ გესაუბრათ... ამ საკითხზე და მით უმეტეს, გერმანელებზე ვერაფერს ვიტყვი... ჩვენი რეკომენდაციები ნარჩენების გატანასა და უტილიზაციას შეეხებოდა... თქვენ იცით, იქ მაზუთით სავსე აუზი იყო და ვერანაირ სამუშაოს ვერ შეასრულებდნენ, იქაურობას თუ არ დაასუფთავებდნენ'.

 ახლა ძნელია რამის მტკიცება და შესაძლოა მართლაც მოაწესრიგეს იქაურობა, მაგრამ ფაქტია და ამას გარემოსდამცველებიც აღიარებენ, რომ საყოფაცხოვრებო ნაგავს მოსახლეობაც აქტიურად ყრიდა ხეობაში... მდინარეც დაბინძურებული იყო და სხვადასხვა მშენებლობის შედეგად, უხვად იყრებოდა სამშენებლო მასალებიც. ვიღაც იტყვის, დამნაშავეების ძებნას, აჯობებს, საქმე ვაკეთოთ და პრობლემებიც ერთობლივად მოვაგვაროთო, მაგრამ თუკი ხვალ-ზეგ კვლავ ნაგავსაყრელად ვაქცევთ იქაურობას, ამაში კი საკუთარ დანაშაულს ვერასოდეს დავინახავთ და მხოლოდ ხელისუფლების უნიათობაზე ვისაუბრებთ ბრტყლად, ვერასოდეს გაეცემა პასუხი უმთავრეს კითხვას - რატომ?!