,წარსულის არ მრცხვენია!' - გოგა ხაჩიძის 50-ათასიანი კრედიტი, 14 წლის ,,რენო'
ამ არა-ჩვეულებრივი ინტერვიუსთვის მხოლოდ ,,ქოცები' კი არა, მართლმორწმუნე ნაცებიც ჩამქოლავენ, მაგრამ, როგორც ჩემი ერთი მეგობარი იტყოდა, რას დავეძებ?.. მაშ, ასე: ნაშუადღევი... ვერაზე ტაქსს ვაჩერებ და ვეკითხები, პეტრიაშვილზე 3 ლარად ხომ ამიყვან-მეთქი? თანხმობის ნიშნად, თავს მიქნევს... შუა გზაზე მძღოლი მკვეთრად ამუხრუჭებს და მეუბნება, მგზავრობა დამთავრებულია, გაზი გათავდაო. ჯანდაბა, რა თარსები არიან ეს მოქმედი თუ ყოფილი ნაციონალები, - ბუზღუნ-ბუზღუნით მეორე ტაქსს ვაჩერებ... პეტრიაშვილის #27-თან მისული გოგას ვურეკავ, ხაჩიძეს, უკვე აქ ვარ და რომელ სართულზე ამოვიდე-მეთქი. გოგამ, 20 წუთში მოვალო... 20 წუთი მალე გადის, მაგრამ ისევ ,,ვითარსები' - გოგას ოფისის გასაღები არ აქვს... მოკლედ, ნაცმოძრაობიდან პალიკო კუბლაშვილთან, გიორგი მელაძესა და ზურა ჯაფარიძესთან ერთად ,,გაქცეული' დეპუტატი მთავაზობს, აქვე, ერთი კარგი ადგილი ვიცი, იქ დავსხდეთ, რამე დავლიოთ, თან დავილაპარაკოთო... ოკეი-მეთქი და ვიდრე ,,დანიშნულების ადგილამდე' მივალთ, ვარკვევ, რომ ოთხეული ახალი პარტიის პრეზენტაციას, რომელშიც თურმე ბევრ ახალ სახეს ვიხილავთ, შემოდგომაზე გამართავს...
- გოგა, მოქმედი თუ ყოფილი ნაციონალები, მართლაც, ,,თარსები' ხართ?
- რატომ?
- რატომ და, შენთან რომ მოვდიოდი, შუა გზაში ტაქსისტმა გამომიცხადა, მგზავრობა დამთავრებულია, გაზი გამითავდა და ბოდიშიო...
- თავი ძალიან იღბლიანი მგონია... გაზის გათავებამ კი შეიძლება სხვა რამისგან გადაგარჩინათ.
- მაინც, რისგან?
- რა ვიცი... ცხელა... გაზი რომ გათავდა, შეიძლება, პირიქით, კარგიცაა...
- ისე, ამ ინტერვიუს გამო, შენი აზრით, მხოლოდ ,,ქოცები' ჩამქოლავენ თუ ნაცებიც?
- სიმართლე გითხრა, არ ვიცი... მინდა, ყველას ვუსურვო, რომ არავინ ჩაქოლოს. ჩაქოლვების დრო აღარაა და იმედია, ოდესმე მივხვდებით, რომ რაღაც ამბის გამო ქვეყანა შუაზე არ უნდა გაიყოს და ერთმანეთის გინება და ქვების სროლა არ დაიწყოს, თუმცა ბოლო ათწლეულში ეს ტრადიციად ჩამოგვიყალიბდა.
- გინებაზე გამახსენდა: კარგი კანი გაქვს?
- არ დავკვირვებულვარ...
- სამაგიეროდ, მე დაგაკვირდი: შენს კანს შეხორცების, ალბათ, უნიკალური უნარი აქვს, თორემ ლოგიკით, ,,სინიაკები' უნდა გქონდეს - თქვეს, გუშინ თუ გუშინწინ, გია ბარამიძის სახლში ნაცებმა გოგა ხაჩიძეს ,,საქმე გაურჩიეს' და სულ დაალილავესო...
- ვფიქრობ, რაღაცით უნდა დავიწყოთ - მესმის, პრესა ბოლომდე თავისუფალი უნდა იყოს, მაგრამ ამ გარდამავალ პერიოდში უნდა დავაწესოთ, რომ მინიმალურ, 5-პროცენტიან სიმართლეს მაინც შეესაბამებოდეს... ამ სტატიის ავტორმა ის, რაც წყარომ მიწერა, მეც მომწერა, მაგრამ პასუხი ვეღარ გავეცი, რადგან დაბლოკილი თუ რაღაც ვიყავი და საჯაროდ, მაქსიმალურად ვეცადე, ამეხსნა, რომ ეს სრული სისულელეა, მაგრამ მაინც დაიწერა.
- გოგა, როგორ ფიქრობ, ყველაფერი ეს ,,ოცნებიდან' წამოვიდა თუ ყოფილი თანაპარტიელებისგან?
- არ ვიცი და არც მინდა, ამაზე ვიფიქრო, არ მაინტერესებს... დიდი მნიშვნელობა არ აქვს, საიდან მოდის. თუ ფიქრობ, რომ ქვა უკან უნდა დაუბრუნო, მაშინ მნიშვნელოვანია იცოდე, საიდან მოდის, რომ შენც იქით გაისროლო, მაგრამ ამ შემთხვევაში, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
- 90-იანი წლებიდან მოყოლებული, პიარში კარგად ერკვევი. ჰოდა, როცა ნაცებიდან წამოსვლის გადაწყვეტილება მიიღე, ვფიქრობ, ამ ნიუანსებსაც გათვლიდი. ესეც რომ არა, მომკალი და, ვერ ვიჯერებ, ადამიანს, რომელიც მთელი ათი წელი გუნდის წევრი იყო და ბოლო წუთამდე მის ინტერესებს იცავდა, მსოფლმხედველობა უცებ შეეცვალა...
- ეს ერთი, ორი ან სამი თვის პრობლემა არაა. პრობლემა ანუ განახლება ლოგიკურად მას შემდეგ გაჩნდა, რაც ხელისუფლებიდან ოპოზიციაში აღმოვჩნდით.
- ანუ წამოსვლაზე 2012 წლის 2 ოქტომბრიდან ფიქრობდი?
- დინამიკას გაგახსენებთ: აპრილის მიტინგზე, როცა არჩევნების შემდეგ პირველად შევიკრიბეთ და ეს ნაცმოძრაობის ამოსუნთქვა იყო, მოსახლეობას ვუთხარით, განახლებას გპირდებითო. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო ვიდეო მოვიძიე, რომელიც Facebook- ზეც მიდევს და რომელიც ორი წლის წინ, 2013 წელს, ნაცმოძრაობის საპრეზიდენტო პრაიმერის დროსაა გადაღებული. შეგახსენებთ: პრაიმერში ოთხი კანდიდატი - დავით ბაქრაძე, გია ბარამიძე, შოთა მალაშხია და ზურა ჯაფარიძე მონაწილეობდა. ზურას წარმდგენები მე, პალიკო კუბლაშვილი, გოგი მელაძე და კიდევ ორი დეპუტატი ვიყავით.
- მაშასადამე, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, წამოსვლა უკვე ჩაფიქრებული გქონდათ?
- არა... თუ წარდგენაზე გადაღებულ ვიდეოს ნახავთ, იმ ტექსტისგან, რაც ახლა ვთქვით, ვერ განასხვავებთ. გასაგები იყო, რომ ღირსეული გაიმარჯვებდა, მაგრამ მაშინ ამომრჩევლებს პირდაპირ ვეხვეწებოდით, იქნებ პირველ პრაიმერშივე გამოგზავნოთ სიგნალი, რომ სიახლე გვჭირდება და ამიტომ მხარი ზურა ჯაფარიძეს დაუჭირეთ, რადგან ამ ოთხი კანდიდატიდან, თუ სიახლე ვინმეს უკავშირდება, ზურააო.
- პრაიმერში ბაქრაძემ გაიმარჯვა. ესე იგი, ნაციონალების მხარდამჭერებს სიახლე არ სჭირდებათ?!
- ასე მოხდა, რომ მაშინ ბაქარაძემ გაიმარჯვა... სხვათა შორის, ბოლო ინტერვიუში ადეიშვილიც სიახლეზე ლაპარაკობდა.
- ,,ადემ' ისიც თქვა, ნაცმოძრაობაში ვერ მნახავთო. ეს იმის საფუძველი ხომ არაა, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრი ნაცმოძრაობიდან წასული ოთხეულის მიერ შექმნილ ახალ პარტიაში ვიხილოთ?
- როცა ნაცმოძრაობა დავტოვეთ, ვთქვით, ეს ნაბიჯი ხელს თავად ნაცმოძრაობას შეუწყობს, რომ უკეთესი გახდესო.
- სიახლისთვის ეგებ, უკეთესი ყოფილიყო, პარტია მიშას დაეტოვებინა?
- რეცეპტებს არ ვწერ... ერთი ვიცი: რაც უნდა შეცვალო და შემოცვალო, ნაცმოძრაობა, სრულიად სამართლიანად და დამსახურებულად, მიხეილ სააკაშვილის პარტიაა.
- მაშასადამე, მიშასგან გაიქეცით?
- ჩვენ იქიდან გავიქეცით, სადაც სიახლე მნიშვნელოვანი არ იყო. მას შემდეგ, რაც ორი მნიშვნელოვან ამოცანას გადაჭრის - ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება და პარტიის ძლიერ ოპოზიციად ჩამოყალიბება, უნდა გეყოს ძალა, ნაბიჯი განახლებისკენ გადადგა და თქვა, ჩვენ, ძველები, უკანა პლანზე გადავდივართ და სივრცეს ახალი ადამიანებისთვის ვხსნითო. მოვისმინე, ახალი კარტოფილი, ის ვიცი და ეს ვიციო; ახალმა ადამიანებმა თავი ბრძოლით უნდა დაიმკვიდრონო, მაგრამ როცა ოთახი სავსეა, კარის გაღებას აზრი არ აქვს. თუ კარს გააღებ, ოთახი მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც უნდა დააცარიელო, რომ ახალმა შემოსვლა და თავის დამკვიდრება შეძლოს.
- გოგა, მეტყვი, ოთხეულის ახალ პარტიას რა ერქმევა?
- სახელწოდების რამდენიმე ვერსია არსებობს, მაგრამ ვერ გეტყვი...
- პარტიის სახელწოდებაში სიტყვები - ,,დემოკრატია' და ,,თავისუფლება' იქნება?
- ვნახოთ...
- სიახლე, სიახლეო და ვერ გავიგე, ძველი სახეები ახალ პარტიას ქმნით და ესაა სიახლე? რა მნიშვნელობა აქვს, ნაცებში იქნებოდით თუ ახალ პარტიაში იქნებით?
- მნიშვნელობა შემდეგშია: ჩვენ საპარლამენტო მანდატებს არ ვტოვებთ...
- ეგეც თქვეს, ზემოხსენებული ჩხუბისას, ხაჩიძეს საპარლამენტო მანდატის დატოვება მოსთხოვესო...
- (იცინის) არავის მოუთხოვია და ვფიქრობ, არც სწორი იქნება. მხოლოდ მანდატების დატოვებას კი არა, არც პასიურ მდგომარეობაში გადასვლას ვაპირებთ. საპარლამენტო ტრიბუნას ძალიან აქტიურად გამოვიყენებთ, თუმცა ამ ოთხეულიდან სამმა განვაცხადეთ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ. ერთადერთი, მუშაობას პარტიაში გავაგრძელებთ.
- თუ სამეული მონაწილეობას არც საპარლამენტო არჩევნებში მიიღებთ და არც თანამდებობებს დაიკავებთ, აბა, პარტიას რა მიზნითღა ქმნით?
- ახალი სახეებისთვის... ეს იქნება პარტია, რომელსაც წელიწადნახევრის განმავლობაში საპარლამენტო ტრიბუნა ექნება და ზურა ჯაფარიძის გარშემო სუფთა წარსულისა და გამოცდილების ძალიან ბევრი პროფესიონალი დადგება.
- როგორც ვხვდები, ახალი პარტიის ლიდერი ზურა ჯაფარიძე იქნება, არა?
- თავმჯდომარეობასა და შიდაპარტიული თანამდებობების განაწილებაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. შევხედოთ, როგორი ვითარებაა: ქვეყანაში ორი ფიგურაა - ბიძინა და მიშა. მიშასნაირი ქარიზმატული და ენერგიული არც წარსულში გვყოლია, არც აწმყოში გვყავს და, ჩემი ვარაუდით, არც უახლოეს მომავალში გვეყოლება.
- მიშას ნოსტალგია გაქვს?
- ეს ფაქტის აღნიშვნაა - მიშა მაგარია!
- ისე, ბიძინაც მაგარია - ნაცები დაგშალათ!
- ერთი წუთით... აქეთ არის მეორე ლიდერი - ბიძინა ივანიშვილი. მასზე ბევრ საქებარს ვერ ვიტყვი, თუმცა ხელისუფლების ხელში აღება მოახერხა და უზარმაზარი ფინანსური თუ ადმინისტრაციული რესურსი აქვს. ახლა, ვიღაც მესამე ლიდერის გამოჩენა სრული უაზრობაა. ამის შანსი არც არის.
- ამ ლოგიკით, ახალი პარტიის შექმნაც უაზრობაა!
- ჩვენი აზრით, ახლა სწორედ გუნდის დროა. აქეთ მიშაა, იქით ბიძინა. ამ სივრცეში ლიდერით ვერავის გააკვირვებ. საზოგადოებას სიახლის მოთხოვნა აქვს და უნდა, დაინახოს პროფესიონალების, ახალი პოლიტიკოსების გუნდი, რომელსაც ენდობა.
- გოგა, ჯერ ერთი, ვერ ვხვდები, თქვენობით რატომ მელაპარაკები - დაგავიწყდა, რამდენი წელია, ერთმანეთს ვიცნობთ? მეორეც, ინტრიგანი რომ ვიყო, ახალ პარტიაში სიახლეებზე მოლაპარაკე გოგა ხაჩიძეს დავინახავ თუ არა, წარსულს გავახსენებ - ,,ვარდების რევოლუციის' მერე, ნაცებმა მამამისი რომ დაიჭირეს და ხმა არ ამოიღო. მერე გუბერნატორობას თუ გარემოს დაცვის მინისტრობას გადავწვდები. ისე, ამბობენ, ბიძინა ივანიშვილმა ხაჩიძე სწორედ კომპრომატებით გადმოიბირა, სისხლის სამართლის საქმეს აღვძრავთო...
- ბიძინას საჯაროდ ვეუბნები: პრობლემა არაა, რა კომპრომატიც უნდა, სოლოლაკის აღმართზე ის გადმოუფენია!
- მოკლედ, ახალი სახე არ ხარ!
- ვანო, ზურა ჯაფარიძე ახალი სახეა?
- მეტ-ნაკლებად - კი. ყოველ შემთხვევაში, მასზე ვერავინ იტყვის, კორუმპირებულიაო...
- ჩემზე იტყვიან?.. მე, პალიკო კუბლაშვილი და გოგი მელაძე ხელისუფლებაში მოსვლას არ ვაპირებთ, რაც ჩვენი მხრიდან, გარკვეულწილად, პოლიტიკური ალტრუიზმი, რომანტიზმი და იდეალიზმია. შეიძლება, რაღაც პრობლემები ყოფილიყო, მაგრამ ნაცმოძრაობის სიაში მოხვედრა ერთსაც არ გაგვიჭირდებოდა, მაგრამ ვთქვით, დეპუტატობასა და თანამდებობაზე ყოფნას აღარ ვაპირებთო. ადრე ერთ დეპუტატს ჰკითხეს, მიშას პრობლემა რა იყოო და უპასუხა, დროო. ამაზე ბევრი დავცინოდით, მაგრამ ამ ქვეყანაში დრო ძალიან ბევრი რამის პრობლემაა. პოლიტიკაში ყურადღება განწყობასაც უნდა მიაქციო: ორი მოწვევის დეპუტატი ვარ, ორი რეგიონის გუბერნატორი და მინისტრი ვიყავი. მიუხედავად იმისა, საკუთარ თავზე რა წარმოდგენა გვაქვს და საზოგადოება რას ფიქრობს, მეც, პალიკოც და გოგიც ვფიქრობთ, ნაბიჯი უკან უნდა გადავდგათ და ვთქვათ, საზოგადოება ჩვენით დაიღალა...
- ყველაფერ ამაში ნაციონალები არ გეთანხმებოდნენ?
- ღიადაც ამბობენ, ასე არაა და ახალმა სახეებმა თავი ბრძოლით უნდა დაიმკვიდრონო.
- ,,ახალ სახეებში' მათ გულისხმობ, ვისაც ცუდი ბეგრაუნდი და სისხლიანი ხელები არ აქვს?
- რა თქმა უნდა...
- გოგა, შენი ნაციონალური წარსულის გრცხვენია!
- რა სისულელეა! არც ერთი წამისა და დღის არ მრცხვენია! ეს ჩემი წარსული და არჩევანია! არის შეცდომები, მაგრამ ადამიანს შეცდომის კი არ უნდა გრცხვენოდეს, არამედ უნდა გაიაზრო. იმის შემრცხვებოდა, ქრთამი რომ მქონდეს აღებული.
- კარგი, რა, მინისტრისა და გუბერნატორის ხელფასით ცხოვრობდი?
- დიახ... ახლა დეპუტატის ხელფასით ვცხოვრობ... დაახლოებით, 8 წლის წინ, 50 ათასი დოლარი კრედიტი გამოვიტანე და ისევ მაქვს.
- კრედიტი რისთვის დაგჭირდა?
- ისანში, ოროთახიანი ბინა ვიყიდე, სადაც ახლაც ვცხოვრობ...
- რაღა დაგიმალო და, არ მეგონა, ასეთი ,,დაფახფახებული' მანქანით თუ ივლიდი...
- 14 წლის ,,რენოა' და არ ვიცი, სად ჩაქრება. რას ჰქვია, მრცხვენია? მრცხვენია კი არა, ჩემი წარსულით ძალიან ვამაყობ!
- ხალხი კი ამბობს, ნაციონალებმა ქვეყანა შეჭამესო...
- არ მაინტერესებს! ბოლო ამბავი ავიღოთ: არ ვიცი, გია ბარამიძეს სახლი სად აქვს, მაგრამ თურმე, იქ ავედი და ,,მძუყნეს'. სისულელეა, მაგრამ ვიღაცებს მაინც სჯერათ... როცა ჭორისა და ტყუილის უდიდესი მანქანები მუშაობს, რატომ უნდა გამიკვირდეს, ვიღაცას სხვანაირი წარმოდგენა რომ აქვს?! ყველაფრისთვის ღია ვარ, ნახონ - ჩემი რეალური ცხოვრება იმისგან, რაც წარმოდგენა აქვთ, 180 გრადუსით განსხვავდება!
- ქუჩაში აგრესია გიგრძნია?
- რა თქმა უნდა - 2012 წლის შემდეგ, ეს ჩვეულებრივია, თუმცა ამაზე ლაპარაკი არ მინდა იმიტომ, რომ ძალიან უსიამოვნო მომენტებია.
- გოგა, საკუთარი თავისთვის არ გიკითხავს, ნაცმოძრაობა, რომელიც ხელისუფლებაში თითქმის ასპროცენტიანი ნდობით მოვიდა, ხალხმა რატომ შეიძულა?
- (შენობით დიალოგზე გადადის) ვანო, ასეთი საზოგადოება ვართ. დაგავიწყდა, ხელისუფლებას, რომელიც ასეთივე მაღალი პროცენტით მოვიდა, ომი გაუმართეს, სდიეს, სდიეს და ბოლოს, მოკლეს!
- ეს გასაგებია, მაგრამ 80 წლის მწერლებისთვის ჩარეცხილები რომ არ გეძახათ, ყველაფერი ხომ სხვანაირად იქნებოდა?
- ახლა, დეტალებს რომ მივყვეთ... გადაბრუნებულ ურემზე მსჯელობა კარგია... ნაცმოძრაობამ ქვეყანა, შეიძლება სუსტად, მაგრამ სახელმწიფოდ აქცია...
- ჰო, მინიმუმ, გზები დააგეთ...
- მინიმუმ, გზებზე არაა ლაპარაკი. ვანო, ვერაფერს გაიხსენებ, რაც 2003 წელს მუშაობდა. შუქნიშანიც არ არსებობდა. ახლა კი ჯარიცაა, პოლიციაც, გზებიც, დენი გვაქვს და ინერციით რაღაცები, ალბათ, გაკეთდება...
- გოგა, ნაცმოძრაობის ერთ-ერთ იდეოლოგად ითვლებოდი. გირგვლიანის მკვლელობასა თუ 7 ნოემბერზე თუნდაც გუნდის შიგნით პროტესტი არასოდეს გამოგითქვამს? ეგებ, ნაცმოძრაობას რაღაც შენც დააკელი?
- ის, რომ 2012 წლის ოქტომბერში ხელისუფლება ,,ოცნებამ' მშვიდობიანად გადაიბარა, იმ რეალობის გამოძახილი იყო, რომლითაც 2012 წლამდე მივედით.
- დამარცხებას ელოდი?
- კი. თუ სიტუაციას ანალიზს გაუკეთებდი, სრულიად მოსალოდნელი და კანონზომიერი რეალობა იყო.
- ...მიშა ბოლოს როდის ნახე?
- თუ არ ვცდები, თურქეთში, საზღვართან შეხვედრა რომ გვქონდა...
- კონკრეტულად უთხარით, მივდივართო?
- არა...
- და ეს ზურგში მახვილის ჩაცემა არ იყო?
- არა... წამოსვლის ფორმა და დრო ჩვენი არჩევანი არ ყოფილა...
- ოთხეულმა თავი პეტრიაშვილის ქუჩას შეაფარეთ. ვისი ოფისია?
- მეგობრისაა, ნათხოვარი... უნდა დავუბრუნოთ... წამოსვლას უფრო მშვიდად, წყნარად, ახსნით, დალაპარაკებით ვაპირებდი, თუმცა ასე არ მოხდა, რაზეც ვწუხვარ.
- ნაცმოძრაობის მიმართაც ისეთივე ცინიკური და სარკასტული იქნები, როგორიც ,,ოცნების' მიმართ ხარ?
- არ ვიცი...
- ახალი პარტია ნაცმოძრაობის სატელიტი იქნება?
- ჩვენი თავის სატელიტი ვიქნებით, მით უმეტეს, ახლა სატელიტობას არავინ საჭიროებას. ნაცმოძრაობას და ,,ოცნებასაც' თავიანთი ამომრჩეველი ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს! ჩვენ სიახლის სატელიტები ვიქნებით და მთელი ჩვენი კონცეფცია ესაა!
- გოგა, ამ თემაზე ბევრჯერ გკითხეს, მაგრამ კონკრეტულად მითხარი: ბიძინამ ფული მოგცათ?
- ვანო, იგივე რომ გკითხო, შეიძლება? - ბიძინამ ფული მოგცა?
- სამწუხაროდ, შემოთავაზებაც არ ყოფილა...
- არა, ვანო, რა ფული. შეურაცხმყოფელი იყო, ზეწოლას ვერ გაუძლესო. ძალიან სასაცილოა, მე რომ ზეწოლას ვერ გავუძელი. ღალატი მაშინაა, როცა მტრის მხარეს გადადიხარ! თავიდანვე ვთქვი, ჩვენთვის მოწინააღმდეგე მოწინააღმდეგედ რჩება, ღირებულებები - ღირებულებებად. სხვა პრობლემებს ვხედავთ და ამ პრობლემების მოსაგვარებლად მივდივართო.
- ...გოგა, უნდა ჩაგეკითხო: შეიძლება, ახალ პარტიაში ადეიშვილი ვიხილოთ?
- არა, გამოვრიცხავ!
- მერაბიშვილი?
- მერაბიშვილი ამ წუთას პატიმარია... მასთან კომუნიკაცია არ გვქონია და არც ვიცით, რას ფიქრობს.
- კომუნიკაცია არც ახალაიებთან გქონიათ?
- არა...
- ამბობ, ღალატი არ მჩვევიაო...
- რა თქმა უნდა, არა.
- კეთილი, მაგრამ ისინი, ვინც პოლიტიკოსებად ზურაბ ჟვანიამ შეგქმნათ, მისი გარდაცვალებისთანავე, ნაცებში გადაპორტირდით...
- ეს ცუდი ფორმულირებაა, რადგან გაერთიანებული დემოკრატები და ნაცმოძრაობა ერთი პარტია ჟვანიას სიცოცხლეშივე გახდა.
- კი ბატონო, მაგრამ თავიდანვე გაჩნდა ვერსია, რომ ჟვანია მოკლეს. ეს ეჭვი შენ არასოდეს გაგჩენია?
- კითხვები, რა თქმა უნდა, მქონდა, მაგრამ პასუხები მივიღე. უამრავი მასალაც მინახავს.
- ის ე.წ. უხერხული მასალაც გინახავს, რაზეც ლაპარაკობენ?
- შემიძლია, პასუხისმგებლობით განვაცხადო: რაც საქმეში წერია, თავისი გასაიდუმლოებული და ღია ნაწილით, სიმართლეა!
- გასაიდუმლოებული ნაწილი როგორ ნახე?
- გასაიდუმლოებული ნაწილი არ მინახავს, მაგრამ ვიცი, ლაპარაკი რაზეც არის და ესაა ის, რაც არის.
- ესე იგი, გოგა ხაჩიძეს, რომელიც პოლიტიკაში ზურაბ ჟვანიამ მოიყვანა, სჯერა, რომ პრემიერი უბედურ შემთხვევას შეეწირა?
- დიახ, ეს იყო უბედური შემთხვევა. შემიძლია, გითხრა, რომ ნანახი მაქვს სრული სამედიცინო ექსპერტიზაც. ჟვანიას საქმე არის ის, რაც არის და თუ ვინმე კიდევ ერთხელ ობიექტურად გამოიძიებს, რეალობას ვერ შეცვლის! ეს ჩვეულებრივი ბინძური კამპანია იყო, რომელსაც ურცხვად აწარმოებდნენ და პერიოდულად ,,ამოაგდებენ' ხოლმე. ეს ის თემაა, რომელზეც კითხვის ნიშნები მქონდა და აღარ მაქვს - შეიძლება ითქვას, ნაცმოძრაობიდან ერთ-ერთი ის ადამიანი ვარ, ვისაც დიდი ინფორმაცია აქვს მიღებული და საკუთარი თვალით ნანახიც, ვგულისხმობ სამედიცინო ექსპერტიზას და ასე შემდეგ...
- ...ბიძინა ივანიშვილს რატომ ვერ იტან?
- ,,ვერ გიტან, ბიძინა!' - ეს პოლიტიკოსის ტერმინი არაა.
- კარგი, ასე გკითხავ: ივანიშვილის მიმართ ანტაგონისტურად რატომ ხარ განწყობილი?
- მიუხედავად იმისა, ხელისუფლებაში როგორ მოვიდა, ბიძინა ივანიშვილს უდიდესი შანსი ჰქონდა, ამ ქვეყანას სწორი გზით სვლა გაეგრძელებინა - დაესრულებინა რევანშიზმი, თავისი უზარმაზარი რესურსები ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოეყენებინა და ბევრი რამ კარგისკენ შეეცვალა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა არაფერი გააკეთა და მასთან, როგორც პოლიტიკოსსა და ქვეყნის არაფორმალურ მმართველთან, ბევრი პრეტენზია მაქვს!
- ეს ხაშურელი თუ ბორჯომელი ბიჭი, რომელსაც 14 წლის ,,რენო' გყავს...
- არც ბორჯომელი ვარ და არც ხაშურელი, სურამელი ვარ...
- ბოდიში, დამავიწყდა... მოკლედ, მსოფლიოში ცნობილ მილიარდერს როგორ გაუმკლავდები?
- თუ ეგრეა, დიდ მინდორზე შევიკრიბოთ, თავი ჩავქინდროთ, ხელები ჩამოვუშვათ და გავუდგეთ გზასა... ბიძინა ივანიშვილს, შეიძლება, მილიარდები აქვს, მაგრამ ძალიან ბევრი რამ აკლია.
- ბიძინა მაშინ ხომ კარგი იყო, ნაციონალებს რომ აფინანსებდა?
- ეს საერთოდ არ მაწუხებს - ჩემს საქმეს ვაკეთებდი და ამაში ანაზღაურებას ვიღებდი. ბიუჯეტი არ იყო, ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა და კარგ საქმეს აკეთებდა - გარდამავალ პერიოდში ადამიანებს ხელფასი ჰქონოდათ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამის გამო სინდისის ქენჯნას უნდა ვგრძნობდე, არა. შემიძლია, დავასახლო რამდენიმე კარგი საქმე, რომლისთვისაც თუ ფულს ახლაც დახარჯავს, მივესალმები.
- არ გაგიხარდა, ფიროსმანის ნახატი რომ იყიდა?
- კარგია, მაგრამ ის, რომ საყდრისი ააფეთქეს, ცუდია...
- თქვენ რომ გლდანის ეკლესია დაანგრიეთ, გახსოვს?
- ჩვენს დროს ძალიან ბევრი ეკლესია აშენდა... ეკლესია არავის დაუნგრევია...
- კარგი, რა, გოგა, ვიდეოკადრები არსებობს...
- კონკრეტული ოპერაცია იყო კონკრეტული ადამიანის დასაკავებლად, თუმცა კარგი ფორმა არ იყო შერჩეული. შეცდომა იყო, მაგრამ მაგ დროს სხვა მიზანი არსებობდა...
- ახალი პარტიის სლოგანი რა იქნება?
- არ ვიცი... საერთოდ, ჩვენი ძალიან ბევრი მოსაზრება და მიმართულება კახა ბენდუქიძის ბევრ კონცეფციასა თუ იდეასთან ბუნებრივ ბმაშია.
- ანუ ბენდუქიძე ცოცხალი რომ იყოს, თქვენთან იქნებოდა?
- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია...
- ზურა ჯაფარიძემ აშშ-დან რა სიახლეები ჩამოიტანა?
- ზურამ შეხვედრები თეთრ სახლსა და კონგრესში გამართა.
- რა სტატუსით?
- როგორც საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა... სხვათა შორის, ძალიან საინტერესო შეხვედრები ჰქონდა და რა მესიჯებიც ჩამოიტანა, ეტაპობრივად, პრაქტიკაში გამოჩნდება.
- მიშა საქართველოში რომ დაბრუნდეს, ვიღაც ოთხეულის არსებობა ვინმეს გაახსენდება?
- ამაზე ახლა კომენტარის გაკეთება არ მინდა...
- გოგა, ტრადიციას არც ამჯერად დავარღვევ და ბოლო კითხვა შენ დამისვი...
- (იღიმის) ჩემი გჯერა?..
- ამაზე პასუხს გაზეთში გაგცემ, ან შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, მჯერა თუ არა.
- ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია... პასუხი აქ გამეცი...
- იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი ხანია, გიცნობ... მჯერა...
- კარგი...