სტიქიური უბედურების ახალი კერები

სტიქიური უბედურების ახალი კერები

თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების არეალი გაფართოვდა. 16 ივნისს, გამთენიისას, მეწყერი ჩამოწვა ჩუღურეთის რაიონში, სადაც დაზიანდა სახლის კედელი და სახურავი. ბაგებში ჩამოშლილმა კლდემ და ადიდებულმა ხევის წყალმა დააზიანა მისასვლელი გზა და რამდენიმე შენობა, თუმცა სახელმწიფო უწყებებისა და მოხალისეების მთელი ძალისხმევა კვლავინდებურად მიმართულია ზოოპარკის, სვანიძის ქუჩის, მდინარე ვერეს ხეობისა და მზიურისაკენ, სადაც სამაშველო სამსახურმა ახალგაზრდა ქალისა და 50 წლამდე მამაკაცის გვამებს მიაკვლია. სულ, ოფიციალური ინფორმაციით, 13 ივნისის სტიქიურ უბედურებას ჩვიდმეტი ადამიანი ემსხვერპლა, უგზოუკვლოდ დაკარგულად კი შვიდი მიიჩნევა.

მერი ქუჯაშვილი ჩუღურეთის რაიონში, ჩეჩელაშვილის ქუჩის 120-ში ცხოვრობს. 16 ივნისს გამთენიისას მოსულმა ძლიერმა წვიმამ მისი სახლიც დააზიანა და ქვემოთ, 74 ნომერში მცხოვრები მეზობლებისაც:

„აქ იყო 7-მეტრიანი ბეტონის კედელი, მაგრამ ვინაიდან აქ სანიაღვრე კედლები არაა, წამოვიდა დიდი წყალი, რომელმაც დაანგრია ეს კედელი და ჩაიტანა დაბლა მეზობლის სახლამდე, სადაც დააზიანა ამ სახლის კედელიც. აღარ არსებობს გასასვლელი გზა. აქ რომ ხედავთ, ამ ეზოს ნახევარი ჩატანილი აქვს ძირს“.

უბედური შემთხვევის ალბათობა მაღალია თითქმის მთელ ქუჩაზე. განსაკუთრებით სახიფათო ვითარებაა შექმნილი დასახლების იმ ნაწილში, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება სასაფლაოს ტერიტორიას. მეწყერისა და დაზიანებული კედლების გამო, კარინა ამარიანსა და მის მეზობლებს მუდმივი საფრთხის ქვეშ უწევთ ცხორება:

„ყველგან ნახეთ... აი, ნახეთ, აქ მთელი „ჟეშტი“ ამიყარა. სულ წაიღო სამზარეულო და ყველაფერი. კარადის თავზე დავდე მძიმე ჩემოდნები, რომ ჭერი დაიკავოს...“

„წვიმა რომ მოვიდა და ეს ეზო სულ რომ წაიღო, გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია, სამაშველო სამსახური, რომელმაც გააბა უსაფრთხოების ლენტი, რომ აკრძალულია ხალხისთვის სიარული... წავიდნენ და მას მერე არავინ გამოჩენილა და ყურადღება არავის მოუქცევია. არადა, ბავშვები გვყავს, რომლებიც აქ დადიან. იქიდან კლდეა ჩამოსული, აქ კი ეზოა ჩაქცეული“.

ჩეჩელაშვილის ქუჩა ადრიანი დილით მოინახულეს მერიის სამსახურის წარმომადგენლებმა. რადიო თავისუფლება ესაუბრა ჩუღურეთის გამგეობის თანამშრომელს არჩილ მიქაუტაძეს:

„ძალიან რთული სამუშაოებია, მიწის სამუშაოები. სამწუხაროდ, ტექნიკა არ უდგება და ვფიქრობთ, როგორ და რანაირად მივუდგეთ, რომ დაბლა მოსახლეობა არ დაზიანდეს, ანუ როგორ გამოვიღოთ მიწა ისე, რომ შემდეგი ნაკადი არ მოწყდეს. ცხადია, ქვემოთ მოსახლეობას უქმნის საფრთხეს“.

თუმცა ჩეჩელაშვილის ქუჩაზე შექმნილი ვითარების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომჯერჯერობით ამ ადგილიდან მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს. ამის შესახებ განაცხადა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ, რომლის თქმითაც, ძირითადი რესურსები გადასროლილია უშუალოდ სტიქიური უბედურების ზონაში, სადაც საძიებო და გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები. ჯანელიძის თქმით, 16 ივნისს დილაადრიან გაიხსნა გმირთა მოედანი, წყნეთი-ახალდაბის გზის მონაკვეთის სრულ რეაბილიტაციას კი ათი დღე დასჭირდება. რაც შეეხება წყნეთი- ბეთანიის მონაკვეთს:

„ჯერჯერობით გეოლოგების დასკვნის საფუძველზე ვერ მიმდინარეობს აქტიური აღდგენითი სამუშაოები, თუმცა დაიწყება დღის განმავლობაში მუშაობა ჩარჩენილი ავტოტრანსპორტის გამოყვანის მიზნით. რაც შეეხება სიტუაციას ბაგების მიმართულებით, სამუშაოებს აწარმოებს კერძო კომპანია მერიის ზედამხედველობით. გარკვეულია პრობლემის კონკრეტული საინჟინრო გადაწყვეტა და მალე მოხდება ამ ლოკაციის დამუშავებაც“.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი ამბობს, აღდგენითი სამუშაობები მალე დასრულდებაო, მიუხედავად იმისა, რომ ზარალის მასშტაბმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა:

„ყოველდღე შემოდის ახალი ინფორმაცია. ვითვლით ამას ავტომატურ რეჟიმში და უნდა გითხრათ, რომ ზარალი სოლიდურია. ალბათ, 100 მილიონ ლარამდე იქნება. შესაბამისად, აქტიურად ვმუშაობთ დონორებთან და სხვადასხვა სერთაშორისო პარტნიორებთან“.

უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, 16 ივნისისათვის სამედიცინო დაწესებულებებში რჩება 6 დაშავებული. ყოველი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.