რა მომავალი აქვს ზოოპარკს

რა მომავალი აქვს ზოოპარკს

თბილისის ზოოპარკში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ტერიტორიის დასუფთავების შემდეგ იქნება შესაძლებელი დაღუპული და დაკარული ცხოველების ზუსტი რაოდენობის გარკვევა, ამბობენ ზოოპარკის ადმინისტრაციაში. თბილისის ზოოპარკს დახმარება უკვე შესთავაზეს ერევნისა და პრაღის ზოოპარკების ადმინისტრაციებმა. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც საგანგებო რეჟიმი დასრულდება, შეიძლება ზოოპარკის მდებარეობის შეცვლაზეც იფიქრონ.

ზოოპარკის ცენტრალურ შესასვლელთან ღრმა ტალახს მოხალისეები და თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები წმენდენ. მტაცებელ ცხოველთა ვოლიერების ადგილას ტალახში აზელილი ხის მორების გროვაა, დატბორილ ტერიტორაზე ჯერ ისევ მოჩანს წყალს მოყოლილი ავტომობილები.

მოხალისეები მეგობრის გარეშე დარჩენილ პუდელ კარაკულას ეფერებიან. კარაკულა სტიქიას გადაურჩა, მისი ვოლიერის მეგობარი ლომის ბოკვერი შუმბა კი - ვერა. როგორც ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მზია შარაშიძე ამბობს, ღამის განმავლობაში მხოლოდ ერთი ცოცხლად გადარჩენილი ტახის გოჭი იპოვეს:

„სანამ ეს ტერიტორია არ გასუფთავდება, ზუსტი ინფორმაცია არ გვექნება დაღუპული ცოხველების რაოდენობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ამ ქაოსში ფიზიკურად ვერ ვპოულობთ“.

მზია შარაშიძის თქმით, ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა აღდგეს ზოოპარკი, თუმცა სხვადასხვა ზოოპარკთან ურთიერთობა ამის იმედს აჩენს:

„ზოოპარკი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს და ძალიან ძნელია იმის წარმოდგენა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის დაბრუნება. თუმცა შეუძლებელი არაფერია. ჩვენ ცხოველებს არ ვყიდულობთ, ჩვენ ცხოველებს გვჩუქნიან და, ამ მდგომარეობის გათვალისწინებით, ყველა სიამოვნებით დაგვეხმარება. უბრალოდ, ძალიან სერიოზული პროცედურებია საჭირო, ცხოველი რომ ჩამოიყვანო. გასაწევია სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები, რომ ვოლიერები და შესაბამისი პირობები გვქონდეს, რადგან, თუ ეს ზოოპარკს არ შეუძლია, იქ ცხოველს არავინ გაგზავნის და დღევანდელ პირობებში ამაზე საუბარი არ არის“.

თბილისის ზოოპარკის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში დავით თაქთაქიშვილი განადგურებულ ვოლიერებს გვათვალიერებინებს და ზოოპარკის პერსპექტივებზეც გველაპარაკება:

„ჩვენ გვაქვს ახალი ტერიტორია თბილისის ზღვაზე - დენდროლოგიური პარკი. იქ გამოყოფილი გვაქვს ჩვენ საკმაოდ დიდი ფართი - დაახლოებით, 50 ჰექტარის ოდენობით - და იქ იგეგმება მომავალში ზოოპარკის გადატანა, მაგრამ ჩვენ დღესაც რომ დავიწყოთ იქ ზოოპარკის მშენებლობა, ამას მინიმუმ რამდენიმე წელი დასჭირდება, ვინაიდან ეს ძალიან სპეციფიკური მშენებლობაა, ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი - ამ შენობებში ცოცხალმა არსებებმა უნდა იცხოვრონ. იმისთვის, რომ ცხოველმა კომფორტულად იგრძნოს თავი და, ამასთან, დამთვალიერებელმა ის დაინახოს, ამისთვის, მაგალითად, უნდა გავითვალისწინოთ მზის მოძრაობის ტრაექტორია. თუ ვოლიერს დიდხანს მიადგა მზე დღის განმავლობაში, ცხოველი ეცდება მზეს დაემალოს. შესაბამისად, ის დაემალება ვიზიტორსაც“.

სტიქიას უვნებლად გადაურჩა ზოოპარკის ტერარიუმი. მისი თანამშრომლის ნათია ოსიაშვილის თქმით, საზოგადოებაში გაჩნდა ჭორები, თითქოს ზოოპარკიდან ქვეწარმავლები გავიდნენ, რაც სიცრუეა.

ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მზია შარაშიძის თქმით, გამოძიება დაადგენს, რა ვითარებაში და რამდენი ცხოველი იქნა ლიკვიდირებული. მზიას თქმით, ყველა, აქამდე გავრცელებული, ცნობა, თითქოს სადღაც ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველი იპოვეს, სიმართლეს არ შეეფერება.

ზოოპარკის დალაგება-დასუფთავების სამუშაოებში ბევრი მოხალისე ჩაერთო. ანა ერთ-ერთია, რომელიც ლურჯი რეზინის ხელთათმანებით და ნიჩბით ხელში მუშაობს. ის სპილოების ვოლიერთან ჩავწერეთ.

„პროფესიით ბიოლოგი ვარ. ძალიან მიყვარს ცხოველები და ხშირად დავდიოდი ზოოპარკში, ცხოველთა ქცევას ვაკვირდებოდი, მაიმუნების ქცევას და, სამწუხაროდ, არც ერთი აღარ გადარჩა ცოცხალი“.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით კი, მას შემდეგ, რაც საგანგებო რეჟიმი გადაივლის, შესაძლოა ზოოპარკის ადგილის შეცვლის შესახებ არსებული გეგმაც განხორციელდეს.

ზოოპარკს სულ 8 ლომი ჰყავდა, 4 უსურიის ვეფხვი, 3 თეთრი ვეფხვი, 2 იაგუარი, 4 აფთარი. მათგან ერთი აფთარი გადარჩა. დაღუპულია ასევე მილკბილა და სხვადასხვა სახეობის ათობით მაიმუნი, მელიები. აღარ არსებობს ასევე თუთიყუშების ვოლიერები.