ივანიშვილის 80-კაციანი ,,შავი სია”

ივანიშვილის 80-კაციანი ,,შავი სია”

,,ჩვენმა მეგობარმა უკრაინამ პრობლემის მოსაგვარებელი გასაღები ვერსად ნახა, რუსეთ-უკრაინის შეხვედრების მინსკის ფორმატი, პრაქტიკულად, უშედეგო აღმოჩნდა. დღეს, სახელმწიფოებრივად, უკრაინელები უფრო ცუდ დღეში არიან - იქ თავსმოხვეული ომი ისევ გრძელდება, ჩვენ კი, ომი მოკლე დროში მაინც დავამთავრეთ”, - ამბობს ,,ქართულ სიტყვასთანსაუბრისას ვალერი გელბახიანი. რატომ ვერ გაამართლა დასავლეთის იმედები მიხეილ სააკაშვილმა და რა მოლოდინი აქვს უკრაინის ხელისუფლებას გამოკვეთილად პრორუსულ რეგიონში სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნით, რა დანაშაულისთვის გაასამართლებს ქართული მართლმსაჯულება ყოფილ პრეზიდენტს, ვინ მოხვდა ვალერი გელბახიანის ,,შავ სიაშიდა რატომ არ აგრძელებს საჩხერის თვითმმართველი მთავრობა ,,ნაციონალებისმიერ წამოწყებულ პროექტებს?

ვალერი გელბახიანი: - მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორობა უკრაინელი ხალხის არჩევანია. ოლქის სამი დიდი ქალაქი - ოდესა, ხერსონი, ნიკოლაევი რუსულენოვანი მოსახლეობით დასახლებული ურბანული ცენტრებია, ანუ ეს გამოკვეთლად პრორუსული რეგიონია... სააკაშვილისთვის ადგილობრივებთან ურთიერთობა არცთუ ჰარმონიული იქნება, როგორც წარმოუდგენია.

- მიხეილ სააკაშვილი, როგორც გუბერნატორი, ვისი პროექტია?

- უკრაინისა და რუსეთის პრობლემების მიზეზი, ბუნებრივია, დასავლეთშია, რომელმაც თავის დროზე უკრაინის ქუჩის ოპოზიციას მხარი დაუჭირა - კიევის მაიდანზე, პრაქტიკულად, არაკონსტიტუციური და არაცივილიზებული პროცესები მიმდინარეობდა, რომლის ავტორიც დასავლური სამყარო იყო. დასავლეთს ლეგიტიმური საფუძველი არ ჰქონდა, უკრაინის შიდა საქმეებში ჩარეულიყო, რადგან არჩევნებში, დაახლოებით, 10 მილიონ ადამიანს მონაწილეობა არ მიუღია. აქედან გამომდინარე, მთავრობას არასტაბილური მდგომარეობის გამოსასწორებლად, მოსახლეობის მხრიდან ნდობის მოსაპოვებლად, უკრაინის ხელისუფლებას მკვეთრი ნაბიჯის გადადგმა დასჭირდა... მიხეილ სააკაშვილი კი, დასავლეთის მიერ, საქართველოში წარმატებული რეფორმატორული პოლიტიკის გამტარებლადაა მიჩნეული.

- არადა, საქართველოს პროკურატურა დროდადრო აცხადებს, რომ სააკაშვილს ბრალი უმძიმდება...

- ის უამრავი ფაქტი, რომ სააკაშვილმა ნახევარ საქართველოს უკანონოდ ,,გადაუარა”, ამერიკელებს არ აღელვებთ, მათთვის მთავარი პოზიტიური შედეგებია და არა ის, ვინ დაიჭირეს და ვის ქონება წაართვეს. განსაკუთრებული ყურადღება მსოფლიომ სააკაშვილის ანტიკორუფციული სქემების მოქმედებას მიაქცია. პარლამენტარის რანგში, მრავალ ქვეყანაში გახლდით, მათ შორის, ფილიპინებში, ჰონკონგში, სადაც ანტიკორუფციული ბრძოლის მეთოდებსა და მის შედეგებს განვიხილავდით, თუმცა მსოფლიოში ვერ ნახავთ კუთხეს, რომელსაც ამ მიმართულებით ასპროცენტიანი შედეგი აქვს.  დღეს მსოფლიოში, ყველა სტანდარტით, საქართველოში გატარებული რეფორმები მიჩნეულია, როგორც საუკეთესო, რასაც ყველა საერთაშორისო კვლევა ადასტურებს. ეს წარმატება საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს, კორუფციის ყველა ფანჯარა ამოიხურა, ვერ ნახავდით უწყებას, სადაც ქრთამით საქმეს გააკეთებდით.

- კი ბატონო, მაგრამ მოქალაქეები გაურკვეველ ანგარიშებზე ფულს ხან ჯარიმის სახით რიცხავდნენ ხან - საპროცესო გარიგების გამო...

- მოდით, ასე ვთქვათ: თუკი ადრე ფულს სახელმწიფო მოხელეები ჯიბეში იდებდნენ, მერე, ყველაფერი სახელმწიფოს ჯიბეში წავიდა. თავის დროზე მეც მქონდა უარყოფითი რეაქცია, როცა ბიზნესმენებს ავალებდნენ, შემოსავლებიდან 7-8 პროცენტი თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროებისა თუ სხვა უწყებების ანგარიშებზე შეეტანათ. ამ ფონდებით აშენდა სიღნაღი, სადაც 500-მილიონიანი ინვესტიცია ჩაიდო, მესტიისა და ბათუმის ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. უცხოელები სწორედ ამ მიმართულებით აფასებდნენ სააკაშვილის მოღვაწეობას. უძლურნი ვართ, საერთაშორისო აზრის წინააღმდეგ გავილაშქროთ - ან უნდა შევთანხმდეთ და ის სტანდარტი ვაღიაროთ, ან ევროპულ ღირებულებებზე უარი ვთქვათ.

- ასეა თუ ისე, სააკაშვილის წინააღმდეგ მთავარი ბრალდება ქიშმირის პალტოებია.

- ხალხი როგორი განაწყენებულიც უნდა იყოს, მსოფლიო პოლიტიკას პირადი განწყობები არ მართავს. წეღან მკითხეთ, ვისი პროექტია სააკაშვილიო. გპასუხობთ: სააკაშვილი მსოფლიო პროექტია. არაერთხელ მომისმენია ყაზახი, თურქი, აზერბაიჯანელი ბიზნესმენების მოსაზრება, რომ ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდი საუკეთესო იყო - პრობლემები, რასაც დღეს ერთი თვე სჭირდება, 5 წუთში წყდებოდა. სამწუხაროდ, მესამე სამყაროს ქვეყნების რიცხვს მივეკუთვნებით. მეორე სამყაროსკენ გზა რაც შეიძლება, სწრაფი ტემპით უნდა გავიაროთ. ასეთია თანამედროვე პოლიტიკური რეალობა. აშშ-ის ელჩმა ბიძინა ივანიშვილს ულტიმატუმი წაუყენა, რომ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა შეწყდეს, ეს მმართველმა პოლიტიკურმა ძალამაც უნდა გაითავისოს და წინააღმდეგობაში არ შევიდეს. გვეუბნებიან, ისტორიის ფურცელი გადავშალოთ და შენება ახლიდან დავიწყოთო. გუშინდელ დღეს თავი დავანებოთ, შიდა პრობლემებს მივხედოთ, დღევანდელი დღე კი, არცთუ სახარბიელოა!

- რას გულისხმობთ?... ისე, სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ბრალი სახელისუფლო გადატრიალებაში დაგდეს და დღემდე თავის გამართლებას ცდილობთ...

- მართალია, დიდი მსხვერპლი გავიღე, მაგრამ იმაზე, რაც დღეს არ მომწონს, თვალს არ დავხუჭავ!

- სააკაშვილის ოპონენტები იმასაც ამბობენ, რუსეთის საოცნებო საქმეს გააკეთებს და კრემლს ოდესის ოლქს გადააბარებსო. ეს ეჭვი რეალურია?

- ამაში ერთგვარი ლოგიკა არსებობს, მაგრამ თუკი სააკაშვილმა ოდესაში შედეგი არ აჩვენა, პოლიტიკურ კარიერას საერთოდ დაამთავრებს. ამიტომ თავისი აქტიური პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ ოდესაში მოღვაწეობით უფრო მაღალ მიზანს მიუახლოვდეს.

- ზოგი ოდესის გუბერნატორობას სააკაშვილის ,,ჩამოლაბორანტებასუწოდებს. საგულისხმოა, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი განაცხადა.

- პრეზიდენტის მრჩეველი შეიძლება, ორმაგი მოქალაქე იყოს, მაგრამ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყოფნისას, სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად შეუწყდება. იგი კენჭს ვერც პრეზიდენტად იყრის, ვერც - დეპუტატად. ერთი შეხედვით, გასაკვირია, თუ რატომ გადაჭრა სააკაშვილმა ტოტი, რომელზეც იჯდა?

- თქვენ რას ფიქრობთ, ბატონო ვალერი?

- ამასთან დაკავშირებით ერთ ისტორიას გავიხსენებ: არგენტინას, 50-იან წლებში, პრეზიდენტი ვერონე ჰყავდა, რომლის მეუღლეც შესანიშნავი, აქტიური ქალბატონი გახლდათ. მმართველობისას, პრეზიდენტს ჩავარდნებიც ჰქონდა, ამიტომ, სააკაშვილივით, თავი ესპანეთს შეაფარა და იქაც მჩქეფარე პოლიტიკური ცხოვრება განაგრძო - ესპანურ ელიტაში ფრიად პოპულარული კაცი გახდა. ბუნებრივია, არგენტინაში ამბავი მიდიოდა, თუ როგორი წარმატებული იყო ვერონე ესპანეთში, რომელიც ზუსტად 19 წლის მერე, სამშობლოში პრეზიდენტად დაბრუნდა.

- ეს როგორ მოახერხა?

- ვერონე, ესპანეთში ყოფნისას, არგენტინაში ორ პოლიტიკურ პარტიას აფინანსებდა, რომლებმაც არჩევნები მოიგეს. ერთ-ერთი პარტიის ლიდერი პრეზიდენტიც გახდა და პოსტი ყოფილი პრეზიდენტის სასარგებლოდ დათმო. ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილიც ამ გზით მიდის. მას აქვს შანსი, ოდესაში რადიკალური რეფორმები გაატაროს, უკრაინის პარლამენტს ხალხისთვის სასარგებლო სოციალური პროექტები დააფინანსებინოს, ინფრასტრუქტურა ფასადურად მოაწესრიგოს და ამით პოპულარობა მოიპოვოს, ხალხის გული მოიგოს.

- ანუ, უკრაინაში ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია?

- რა თქმა უნდა, უკრაინა მოუწესრიგებელი ქვეყანაა, კიევში ნაგავს ფეხს წამოკრავ, პატრონი არაფერს ჰყავს. ვიზუალური ეფექტებით სააკაშვილი მიზანს მიაღწევს და უკრაინის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს აუცილებლად იყრის. პარალელურად, საქართველოში ,,ნაცმოძრაობის” ლიდერად დარჩება, ვერონესავით, ორ-სამ პარტიას დააფინანსებს, რათა პარლამენტში შეიყვანოს და მერე, მთავრობაშიც მოახვედროს.

-,,ნაციონალებშიმიმდინარე პროცესები ამ გეგმის ნაწილია?

- დიახ, ,,ნაციონალების” გეგმაზომიერი ქმედებები ამას უკავშირდება. ბევრს სააკაშვილი გიჟი ჰგონია, მაგრამ ფაქტია: პოლიტტექნოლოგიებში ბადალი არ ჰყავს. ასეთი ნოვატორი იშვიათად მოინახება - მოვლენებზე მუდამ სწრაფად რეაგირებს.

- თუ ასეთი ძლიერი პოლიტიკური ლიდერია, 2012 წლის პირველ ოქტომბერს რატომღა დამარცხდა?

- მისი რეფორმები ხალხისთვის მისაღები არ გამოდგა. საქართველო პატარა ქვეყანაა. სტატისტიკური ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში 3 მილიონ ხუთასი ათასი ადამიანი ცხოვრობს, სინამდვილეში კი, ორი მილიონ ხუთასი ათასი მოქალაქეა. აქედან, ხუთასი ათასს რომ ციხეში უსამართლოდ გაუშვებ, პლუს, ქონებას წაართმევ, ხალხისა და ხელისუფლების დამოკიდებულებაში უნდობლობა ჩნდება და პროტესტიც იბადება, რომელიც რევოლუციურ პროცესებში გადაიზრდება. მართვაში დიდი ეფექტები ავტორიტარულ მეთოდებს მოაქვს, დემოკრატიული პროცესი კი, ნელი ტემპით მიმდინარეობს. სააკაშვილი ფიქრობდა, რომ ამ პერიოდს, ადმინისტრაციული რესურსებით, გადააგორებდა, მაგრამ ივანიშვილის ფაქტორმა იმოქმედა და სააკაშვილმა არჩევნები წააგო. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, კლინტონი გამოვიდა და განაცხადა, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში არ დარჩებოდა, რადგან პოსტსაბჭოთა სივრცისთვის საექსპერიმენტო საპილოტე პროგრამა ჩაიშალა. დასავლეთი დაჭერებს და ანგარიშსწორებებს არ ელოდა.

- წეღან ივანიშვილი და ამერიკელები ახსენეთ. ,,ნაციონალებიივანიშვილს ,,რუსულ პროექტსეძახიან...

- უბრალოდ, განწყობები დაემთხვა. რევოლუციამდე, ჰილარი კლინტონის ძმები ბიზნესისთვის ჩამოვიდნენ, ერთ-ერთ ბანკის მმართველთან, პატარქალიშვილთან ერთად, მიწა იყიდეს და თხილი გააშენეს, სააკაშვილმა კლინტონების ბიზნესი დააყაჩაღა, რეპრესიები დაიწყო - ბანკს ქონება წაართვა, პლანტაციები გაყიდა. ამ ფაქტორმა მიშას დიდი გავლენა იქონია მომავალზე. კლინტონები დღემდე მსოფლიო პოლიტიკას აზანზარებენ, ვიღაც სააკაშვილმა კი, ყველაფერი აურია. აშშ-ს პოლიტიკურ წრეებში ითქვა, რომ სააკაშვილი ,,დაუკრეფავში გადავიდა”. ივანიშვილი ორიენტაციის მატარებელი არ იყო, პოლიტიკოსადაც არავინ თვლიდა. იგი იყო ფიგურა, ვისაც სააკაშვილის დამარცხება დემოკრატიული არჩევნების გზით შეეძლო.

- არჩევნებიდან სამ წელიწადში, ივანიშვილის მიერ საქართველოს მოსახლეობის წინაშე წარდგენილირჩეულიკანონმდებლები და აღმასრულებლები თავად ივანიშვილსა და ერთმანეთს მტრობენ.

- ივანიშვილმა კადრები დღევანდელი პოლიტიკური სპექტრიდან შეარჩია, მაგრამ მთავრობა პირადი ნაცნობობით კი არა, პროფესიონალურად უნდა შეირჩეს. ივანიშვილი არც პოლიტიკოსია, ამიტომ მართვის პრინციპები მისთვის უცხოა.

- გიორგი მარგველაშვილი გვარწმუნებდა, პლასტელინი ვარ, ყველაფერს მოვერგებიო, მაგრამ თავის კეთილისმყოფელსაც ვერ მოერგო.

- გიორგი მარგველაშვილის დამოკიდებულება სახელმწიფოებრივი კი არა,  პიროვნულია. არც ბიძინა ივანიშვილს ეყო მოთმინება, რომ თავის მიერ არჩეულ პრეზიდენტზე ხალხის გასაგონად კომენტარები არ გაეკეთებინა, მაგრამ ეს იმის გამო მოხდა, რომ საკუთარი არჩევანი ხალხის ინტერესებზე მაღლა დგას.

- ამ დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ფიროსმანის ერთ-ერთი ტილო დაუბრუნა. არაერთგვაროვან მოსაზრებებში, ივანიშვილისადმი დამოკიდებულება გამოჩნდა.

- ვერ გეტყვით, რამდენად ერკვევა ბატონი ბიძინა ხელოვნებაში, მაგრამ როგორც ცნობილია, ძვირფასი კოლექციის მფლობელია. საშუალება აქვს და კეთილშობილურ საქმეს აკეთებს - ქვეყანას დიდი მხატვრის ტილოს უბრუნებს. მსგავს საქმეს ყველა ქველმოქმედი აკეთებს.

- ბატონო ვალერი, ისე, თქვენსა და ბიძინა ივანიშვილს შორის რა მოხდა?

- დღემდე არ ვიცი, ჩემს მიმართ რა პრეტენზიები აქვს, ერთი თაობის საჩხერლები ვართ. ჩვენი ინტერესები არასდროს გადაკვეთილა, თუ იმ ამბავს არ ჩავთვლით, როცა დეპუტატი გავხდი - ჩემს ძმას ვთხოვე, რომ მის მფლობელობაში არსებული სახერხი დაეკეტა, ან გაეყიდა. ივანიშვილის კომპანიამ სახერხი ჩალის ფასად იყიდა, პრაქტიკულად, იჩუქეს - შესაძლოა, იმის გამო, რომ ბადრი პატარკაციშვილსა და ბიძინას ერთმანეთი არ უყვარდათ, მე კი, ბადრის საარჩევნო შტაბის უფროსი ვიყავი.

- მითხრეს, ვალერი გელბახიანი სულ საქალაქო სასამართლოშიაო. თქვენი საქმე არ დასრულებულა?

- არა, ისევ ბრალდებულის სტატუსით ვარ, რაც 2007 წელს გადატრიალების მცდელობას გულისხმობს. გენერალ კოდუას ისე ვესაუბრებოდი, როგორც დეპუტატი და არა - ვიღაც ქუჩის ბიჭი. ჩვენი საუბარი საარჩევნო ტექნოლოგიებს შეეხებოდა. ორი წელი კეთროვანივით დავდიოდი, ხელის ჩამორთმევის ეშინოდათ, რომ ბიძინა არ გაენაწყენებინათ. სამართალდამცავი ორგანოები ფეხს იგივე მიზეზით ითრევენ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, განაჩენი ოდესმე დადგება.

- ერთხელ, თინა ხიდაშელმა თქვენზე თქვა, მოსიარულე კომპრომატიაო...

- თინა ხიდაშელს ბევრჯერ ვთხოვე, გაემხილა, რა კომპრომატებზე საუბრობდა...

- ,,ოცნების” “შავი სიაგქონიათ, რისიც ბევრს ეშინია, თურმე...

- ერთ-ერთ შეხვედრაზე, ივანიშვილმა უმრავლესობის წევრებს უთხრა, მომავალ პარლამენტში დღევანდელი დეპუტატების 80% ვერ მოხვდებაო. ეს შევატრიალე და განვაცხადე, რომ ბატონ ბიძინას ,,შავ სიაში” 80 კაცი ჰყავს-მეთქი. ვაპირებდი კიდეც პირველი ათეულის გამოქვეყნებას, მაგრამ გადავიფიქრე. ამ სიაზე იმისთანა ამბავი ატყდა, ერთმა დეპუტატმა სოციალურ ქსელში დაწერა კიდეც, მართალია, აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობით არ გამოვირჩევი, მაგრამ რევოლუციის ბარიკადებზე ვიდექიო. სიმართლე ვთქვათ, სამი წელი გავიდა და ამ დეპუტატებს დღემდე ხალხი ვერ იცნობს.

- იქნებ იმ რეგიონებში იცნობენ, სადაც აირჩიეს?

- დამიჯერეთ, არავინ იცნობს.

- ხალხი საჩხერის დეპუტატს იცნობს?

- იმით იცნობენ, რომ ვიცე-სპიკერია, სხვა არაფრით. ისე, საჩხერლებს  ჰკითხეთ.

- საჩხერე მიწისძვრით დაზარალებული რაიონია, რომლის შედეგები დღემდე არ აღმოფხვრილა...

- 2006 წელს, ჩემი დეპუტატობის დროს, 143 ოჯახს, ვისაც 90-იან წლებში მომხდარი მიწისძვრით სახლი დაენგრა, 5 ათასი ლარი დაურიგდა. პროექტი რამდენიმე ტრანშად იყო დაყოფილი, მას მერე, რაც ოპოზიციაში გადავედი, ეს პროექტიც დაიხურა.

- ერთხელ, ამ თემაზე მანანა კობახიძეს ვკითხე და მითხრა, ცუდი მემკვიდრეობა მერგოო.

- ძალიან კარგი მემკვიდრეობა ერგო, მთავრობის დადგენილება ახლაც იქ დევს, რომლის მიხედვითაც, სტიქიისგან დაზარალებულთა დახმარების შემდგომი ეტაპი გაგრძელდება. რატომ არ აგრძელებენ, არ ვიცი.

- რომან გოცირიძის თქმით, ,,ოცნებისრეიტინგი საბოლოოდ დასცა ლარის კურსმა...

 - ალბათ, მაგრამ ლარი მხოლოდ ფულის ერთეული კი არა, ეკონომიკა, სამუშაო ადგილები, ოჯახები, ბავშვებია. მოსახლეობას ცხოვრების გაიაფებას პირდები, სინამდვილეში კი, ყველაფერს ორმაგად აძვირებ. დღევანდელი პენსია 63 დოლარია, მიშამ კი, 110-დოლარიანი პენსიონერები დატოვა. დევალვაციების დროს მსოფლიოში, მათ შორის რუსეთშიც, მოსახლეობაზე სავალუტო ბალანსის შესანარჩუნებლად, კომპენსაცია გაიცემა. A

- ამბობდით, რთული შემოდგომა გვექნებაო. რა იგულისხმეთ?

- შემოდგომა ისედაც რთული პერიოდია - მოსავლის აღება ხარჯიანი საქმეა. ხალხს ფული არ აქვს და იძულებული ხდება, ბანკს მიმართოს, თუმცა საბანკო პოლიტიკა სულ სხვა, მძიმე თემაა. მხოლოდ ერთს ვიტყვი: გერმანიაში, ბანკიდან სამომხმარებლო სესხის აღება, ქონების დატვირთვით, კანონით აკრძალულია, რადგან ევროპული საბანკო სისტემა მოსახლეობის ინტერესზეა გათვლილი და არა - ბანკების გამდიდრებაზე. ამას დავამატოთ საქართველოს საგარეო ვალი, რომელიც უკვე შვიდ მილიარდზეა ასული. დოლარს საინვესტიციო გარანტიები არ აქვს, მისი კურსი გაუთვლელად ცვალებადი და არაპროგნოზირებადია. ვშიშობ, ერთხელ, ელცინივით, “შავი ორშაბათიჩვენც არ გაგვითენდეს.

- თუკი გადასახადებმა მოიმატა, სოციალური აფეთქების საშიშროებაც გაჩნდება, არა?

- გადასახადების მომატებას ვერ ასცდებიან. სხვა საკითხია, თუკი სხვაობას ბიუჯეტი დაფარავს, მერე სეკვესტრის საჭიროება დადგება. წარმატებულად, ერთადერთი, ჯანდაცვის პროგრამა ითვლება, თუმცა მასშიცაა ხარვეზები. კარგია, რომ სახელმწიფო მოსახლეობის ჯანდაცვისათვის სახსრებს საკუთარი ჯიბიდან იღებს, მაგრამ ამ მომსახურებაში შუამავალი სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც აძვირებენ სერვისს და ფულს აკეთებენ, რაში სჭირდება? ჩემი აზრით, ეს ერთი მარტივი კორუფციული სქემაა.

- ,,ოცნებისყველაზე წარუმატებელი სფეროები რომელია?

- სამართალი და და ეკონომიკა.

- მომავალ პარლამენტში რომელ პოლიტიკურ ძალებს მოიაზრებთ?

- ვერც ერთი დღევანდელი პოლიტიკური პარტია ვერ მოიპოვებს 50- პლუს ერთს. დღევანდელი დეპუტატები ბიძინას პარლამენტში დაპატიჟებული სტუმრებივით სხედან და არაფრის შეცვლა უნდათ.

- ,,ენ-დი-აი”-სა და ,,აი-რა-”- კვლევებით, საქართველოს მოსახლეობის 31% ევრაზიული კავშირის მომხრეა. ეს კვლევა რას ემსახურება?

- მიკვირს, მეტი რომ არ დაფიქსირდა. ჩვენს გარშემო, მეზობლები, პოსტსაბჭოთა სივრციდან არიან, თურქეთიც კი, რომლის ეკონომიკაზე რუსეთის 44 მილიარდია მიბმული. ჩვენ სწორედ ევრაზიულ სივრცეში ვცხოვრობთ, მენტალობითაც ერთმანეთს ვგავართ. ბევრჯერ გამიგონია, ქართველები რომ არა, რუსებს ფულის შოვნას ვინ ასწავლიდაო... ოდესმე დაკვირვებიხართ,  როგორ ჰგავს დღევანდელი ,,ახალი რუსიქართველს?

- სახელისუფლო დაპირისპირებები ხალხს არ მოსწონს, დეპრესიაში აგდებს.

- ივანიშვილის გარემოცვაში პოლიტიკური თანამოაზრენი არასოდეს ყოფილან. მან ცალკეული ინდივიდები შეკრა და კონგლომერატი მიიღო, სადაც ყველას საკუთარი ამბიცია აქვს. ისინი კოალიცია ,,ქართული ოცნებისწევრები კი არა, ერთმანეთის მტრები არიან!

- თინა ხიდაშელმა თქვა, სამოთხეს ოთხ წელიწადში არ დაგპირებივართო...

- სხვათა შორის, შეგვპირდნენ. მიმაჩნია, რომ არ უნდა შეგვპირებოდნენ...