ემიგრანტებს შეზღუდვები დაუწესეს!

ემიგრანტებს შეზღუდვები დაუწესეს!

დიასპორის სამინისტროს ოფიციალური პოზიცია   

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში, ,,ფეიკ' (ცრუ) სააგენტოების საშუალებით, მცდარი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს საზღვარგარეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხები უნდა დაიბეგროს და ამასთან დაკავშირებით, პარლამენტში ახალი კანონპროექტი უნდა მომზადდეს. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ემიგრანტები _ დემოკრატიული საქართველოსთვის' ხელმძღვანელმა, საბერძნეთში მოღვაწე ბიზნესმენმა, გიორგი ოკრიბელაშვილმა ,,ვერსიასთან' საუბრისას აღნიშნა, რომ ამ ყალბი ინფორმაციის გავრცელებას ემიგრანტების უკმაყოფილება მოჰყვა. მისი თქმით, ეს მხოლოდ ერთადერთ მიზანს ემსახურება _ ემიგრანტები აღშფოთდნენ და ქვეყანაში ფულადი გადმორიცხვები შეწყვიტონ. თუმცა ეს ცრუ ინფორმაცია ერთადერთი არ ყოფილა, რის გამოც ემიგრანტები ამ დღეებში გაცხარდნენ. კინორეჟისორ ქეთი დოლიძის მოსაზრებას, რომ ემიგრანტი მხოლოდ ისაა, ვინც უცხოეთში, პოლიტიკურ დევნილობაშია და არა ის, ვინც ქვეყანას საკუთარი ნებით ტოვებს (გირჩევთ, სიტყვა ემიგრანტის მნიშვნელობა უცხო სიტყვათა განმარტებით ლექსიკონში ნახოთ, _ ავტ.), უამრავი ემიგრანტი გამოეხმაურა. რეალურად, ბოლო 25 წლის განმავლობაში, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, შიმშილს ქართველი ემიგრანტების დახმარებით გადაურჩა. საქართველოში ოჯახი არ დარჩა, ერთი წევრი მაინც არ იმყოფებოდეს საზღვარგარეთ და მძიმე შრომის ფასად, ერთი ემიგრანტი, საშუალოდ, 3 ოჯახს ინახავს საქართველოში.   

ცვლილება ფულად გადმორიცხვებში

ტურისტებისა და ინვესტიციების რაოდენობასთან ერთად, უცხოეთიდან სწრაფი ფულადი გზავნილები ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია, რაც საქართველოს ეროვნული ვალუტის, ლარის კურსის სტაბილურობას უწყობს ხელს. თუკი ასეთი ,,ფეიკი' ნიუსებისა და ემიგრანტების ლანძღვის შემდეგ, საზღვარგარეთ წასული ჩვენი თანამოქალაქეები ფულად გადმორიცხვებს შეაჩერებენ, ეს პროცესი ლარის კურსზე უარყოფითად აისახება და ქვეყნის ეკონომიკას მეტად დააზარალებს. საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული ჩვენი თანამოქალაქეების მიერ, კერძო ფულადი გზავნილები კი წელიწადში მილიარდ 300 მილიონ დოლარს შეადგენს. 

გიორგი ოკრიბელაშვილის განმარტებით, ერთადერთი ცვლილება, რაც ფულად გადმორიცხვებს უკავშირდება ისაა, რომ მაგალითად, საბერძნეთიდან საქართველოში თანხას არალეგალურად მყოფი ემიგრანტი ვერ გადმორიცხავს: 
,,უკვე ერთი თვეა, საბერძნეთის ცენტრალურმა ბანკმა გამოსცა ცირკულარი, რომლითაც სწრაფი ფულადი გზავნილების განმახორციელებელ კომპანიებს მოსთხოვა, გადარიცხვები განახორციელონ საბერძნეთში მხოლოდ ლეგალურად მყოფმა პირებმა, ანუ მათ, ვისაც აქვს ვიზა, წითელი ბარათი (ლტოლვილის საბუთის მოლოდინში მყოფი პიროვნების საბუთი, რომელსაც ამ ქვეყანაში ცხოვრების ნებართვა აქვს), ევროკავშირის ტერიტორიაზე, კერძოდ საბერძნეთში ცხოვრებისა და მუშაობის უფლების დამადასტურებელი საბუთი. ერთადერთი შეზღუდვა ისაა, ამ საბუთების წარდგენის შემთხვევაშიც კი, ერთი თვის მანძილზე, ქვეყანაში ლეგალურად მყოფი ემიგრანტიც კი ვერ გადარიცხავს 910 ევროზე მეტს. ჩვენ ,,ვესტერნ იუნიონის' წარმომადგენლები ვართ საბერძნეთში და შესაბამისად, ,,ვესტერნ იუნიონმა' მოგვთხოვა, თუ პიროვნება 910 ევროზე მეტს გადარიცხავს, გადასახადების გადამხდელის დეკლარაცია წარმოგვიდგინოს. ,,ვესტერნ იუნიონმა' ეს იმიტომ მოითხოვა, რომ შესაძლოა, ქვეყანაში ლეგალურად მყოფ პირს, მისმა არალეგალმა მეგობარმა სთხოვოს თანხის გადარიცხვა, რაც 910 ევროზე ნაკლები იქნება, მაგრამ ეს ადამიანი საკუთარ ოჯახშიც ხომ გზავნის ფულს? როგორც კი ბრუნვა 910 ევროს გადასცდება, ლეგალურად მყოფ პირს შემოსავლების დამადასტურებელ დოკუმენტაციას მოსთხოვენ. ეს სარისკო ტენდენციაა და შესაძლოა, ამ მომენტში, ლეგალურად მყოფი პირი ,,გაიჭედოს'. 

გიორგი ოკრიბელაშვილმა ,,ვერსიას' განუცხადა, რომ 910 ევრო საკმაოდ დაბალი თანხაა. მისი თქმით, მასში შედის ის კომუნალური გადასახადები, რასაც ემიგრანტები საქართველოში იხდიან და მათი ოჯახების საბანკო კრედიტებიც: ,,თავი დავანებოთ ემიგრანტების ოჯახებს, რომლებიც ასეთი შეზღუდვის გამო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან და არალეგალ ემიგრანტებსაც, რომლებსაც ალტერნატიული გზების ძებნა და ,,შავ მაკლერებთან' ურთიერთობა დასჭირდებათ, საბანკო არხების საშუალებით, საქართველოში ლეგალური გზით ფულის მოხვედრის არხი შეიზღუდება! შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკა დაზარალდება, რადგან სავალუტო კრიზისის ძირითად გამომწვევ მიზეზებს შორის, ემიგრაციის მიერ პირდაპირი გადმორიცხვების შემცირებაც დასახელდა'. 
გიორგი ოკრიბელაშვილის თქმით, უცხოეთში სამუშაოდ წასული ჩვენი მოქალაქე, საქართველოში, მინიმუმ 3-5 ოჯახს ინახავს, სადაც არა მარტო თანხას, ამანათებსაც აგზავნის. თითო რეისზე, ერთი ემიგრანტი, დაახლოებით 10 კგ თევზს, 5 კგ კარაქს, 6 ლ ზეთს, 7კგ ბურღულეულს გზავნის. 25 წლის მანძილზე, სწორედ ამ ადამიანებმა შეინახეს ოჯახები საქართველოში. დღეს, საბერძნეთიდან, კვირაში 40 ტონაზე მეტი ნივთი ჩამოდის, ძირითადად, ტანსაცმელი, საკვები პროდუქტი და სარეცხის საშუალებები. თუ ადრე ემიგრანტებს 150 ევროს ღირებულების ამანათები შემოჰქონდათ განბაჟების გარეშე, ახლა ეს თანხა 110 ევრომდე შემცირდა და მათთვის ესეც სერიოზულ პრობლემად იქცა.    
  
რატომაა აუცილებელი ემიგრანტების სტატისტიკა 

გიორგი ოკრიბელაშვილის განცხადებით, უკვე ოთხი წელია, დიასპორის დღესთან დაკავშირებით, 27 მაისიდან, 3-4 დღის განმავლობაში, საქართველოში კონფერენცია ტარდება. კონფერენციას, რომელსაც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ატარებს, წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა: ,,წლევანდელი ფორუმი, ,,გაუზიარე შენი გამოცდილება სამშობლოს' საინტერესო იყო. ამის მიუხედავად, კონფერენცია ერთ საათში დავტოვე, რადგან უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ წაგვიკითხა ლექცია თემაზე, რა კარგია ევროკავშირი და რა ცუდია ევრაზიული კავშირი. რუსეთში ბიზნესი 1996 წელს დავხურე და ევროპაში გადავედი. ანუ, არჩევანი ჯერ კიდევ 1996 წელს გავაკეთე. არც სტუდენტი ვარ, რომელსაც ამ ტიპის ლექცია უნდა წაუკითხო. წლებია, ასეთ ფორუმებზე ერთადერთ კითხვას სვამენ _ რამდენი ემიგრანტი ჰყავს საქართველოს? ყველა სხვადასხვა ციფრს ასახელებს. ზოგი ამბობს, რომ მილიონი ემიგრანტია, ზოგი _ მილიონ ნახევარს ასახელებს, ზოგი _ 2 მილიონს. არ ვიცი, რატომ ვერ დავადგით თავი, რომ ბოლოს და ბოლოს, აღვრიცხოთ ემიგრანტების რიცხვი. ჩვეულებრივ საკონსულო აღრიცხვით საბერძნეთში 34 000 ემიგრანტი ფიქსირდება, რაც სასაცილოა. დღევანდელი მონაცემებით, საბერძნეთში დაახლოებით 120 000 ჩვენი მოქალაქეა'. 

ოკრიბელაშვილი ამბობს, რომ ემიგრანტები მხოლოდ კვირა დღეს ისვენებენ, ამ დღეს კი საბერძნეთში საქართველოს საელჩო და საკონსულო არ მუშაობს. მეტიც, საქართველოს საელჩო ათენის ფეშენებელურ უბანშია განთავსებული. იქვეა ისრაელის, რუსეთის საელჩოები, გაეროს ოფისი, სადაც არალეგალი ქართველი ემიგრანტის გამოჩენა საკმაოდ სახიფათოა. მისი თქმით, როგორც სხვა ემიგრანტებს, ქართველებსაც საკუთარი თავშეყრის ადგილი აქვთ ათენში _ ომონიას მოედანზე, სადაც კვირაობით 30 000-მდე ქართველი იყრის თავს: ,,ომონიას მოედნიდან, საქართველოს საკონსულომდე 20- 25 წუთია საჭირო. კვირა ერთადერთი დღეა, როცა ემიგრანტი ფულის ან ამანათის გამოგზავნას ახერხებს. საკონსულომ უნდა მოახერხოს და კვირაობით, თვითონ მივიდეს ხალხთან. არაერთხელ შევთავაზე, თანახმა ვარ, კვირაობით ჩემი ოფისის ნაწილი დავუთმო საკონსულოს, რათა ხალხი მიიღოს. მიპასუხებენ, რომ კვირას საბანკო სისტემა არ მუშაობს, მაგრამ თუ პასპორტს ვერ გააკეთებენ, ამ დღეს აღრიცხვას მაინც ხომ შეძლებენ? ჩვენმა არასამთავრობომ სცადა ემიგრანტების აღრიცხვა, მაგრამ ისინი ეჭვის თვალით გვიყურებდნენ, საკონსულოს თანამშრომლებს კი ენდობიან. მათი აღრიცხვა მოგვცემს საშუალებას, სახელმწიფომ სპეციალურად მათთვის სხვადასხვა პროექტები შექმნას'. 

გიორგი ოკრიბელაშვილის განცხადებით, ევროკავშირის გრანტის საფუძველზე მუშაობს ორგანიზაცია, რომელიც საბერძნეთიდან საქართველოში დაბრუნებულ თითოეულ ემიგრანტს, ბილეთთან ერთად, 600 ევროსაც აძლევს. გარდა ამისა, თუ ემიგრანტი ამ ორგანიზაციას 2 000 ევროს ფარგლებში პროექტს წარუდგენს, უფინანსებენ კიდეც. საბერძნეთში მყოფი ქართველი ემიგრანტების ძირითადი ნაწილი მანდილოსნია და მათი საშუალო ასაკი 55 წელზე მეტია.    

დიასპორის ინვესტიციები და ბიზნესპროექტები 

ემიგრაციის პრობლემების მოსაგვარებლად, საქართველოში საკმაოდ დიდი ოდენობის გრანტები გაიცემა, მაგრამ ისინი ადგილობრივი ოჯახების განათლებაზეა ორიენტირებული. გიორგი ოკრიბელაშვილის განცხადებით, თუ ოჯახმა გადაწყვიტა, მისი წევრი საზღვარგარეთ უნდა წავიდეს, ესე იგი, საქართველოში შემოსავლის სხვა წყარო არ აქვს. არადა, იმ ადამიანისთვის, რომელმაც წასვლა გადაწყვიტა, სპეციალურ განათლებას ემიგრაციის შესახებ, მნიშვნელობა აღარ აქვს. კარგად იცის, რა პლუსები აქვს ემიგრაციაში ლეგალურად წასვლას, მაგრამ ოჯახი შიმშილისგან ან ვალისგან რომ იხსნას, არალეგალობაზეც თანახმაა: ,,რითი შეაშინებთ მაგალითად, 8 თვის ბავშვის დედას? ის ხომ ჩვილს საკუთარი სურვილით არ ტოვებს? დღეს ბევრს საუბრობენ დიასპორულ ინვესტიციებზე, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ბევრმა არ იცის, რას ნიშნავს. მარტივად გეტყვით, ემიგრანტს, რომელსაც მილიონიანი პროექტის დაფინანსება შეუძლია, ფორუმი და კონფერენცია არ სჭირდება. მან იცის, სად დააბანდოს საკუთარი შრომით ნაშოვნი ფული. ფორუმი იმ ემიგრანტებს სჭირდება, რომლებიც შეძლებულები არ არიან, მაგრამ სტაბილურ სამსახურში მუშაობენ და სოლიდური ანაზღაურება აქვთ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა კონფერენციაზე თქვა, რომ ,,აწარმოე საქართველოს' ფარგლებში, გარკვეული პროექტები მოიწონეს, რომლებიც ემიგრანტებმა შექმნეს, მაგრამ კომერციულმა ბანკმა არ დააფინანსა, რადგან მათი ბიზნესგეგმა სტანდარტს არ შეესაბამებოდა. ხალხო, იმ ადამიანმა, რომელიც საზღვარგარეთ მომვლელად მუშაობს, ბიზნესგეგმის გამართულად წერა რომ იცოდეს, მერწმუნეთ, იქ არ იქნებოდა! კარგია, რომ 5 000 ლარის ფარგლებში, სახელმწიფო გრანტს გასცემს. ისიც ვიცი, რომ ბევრმა აიღო ეს ფული და საქმეშიც ჩადო. თუმცა ძალიან ცოტამ იცის, რომ ეს 5 000 ლარი ერთ პიროვნებაზეა გამოყოფილი, ანუ თუ პირობითად, ფერმის მოწყობა 50 000 ლარი ჯდება და მოახერხებთ, 10-კაციანი კოოპერატივი შექმნათ, თანხას სახელმწიფო გამოგიყოფთ'. 

გიორგი ოკრიბელაშვილის თქმით, ემიგრანტებისთვის სპეციალური პროგრამები უნდა შეიქმნას და თანადაფინანსების გარდა, მენეჯმენტსაც სახელმწიფომ მოკიდოს ხელი. დაბრუნებამდე გარანტირებულად ეცოდინება, რომ ფული არ დაეკარგება და საქართველოში მის ბიზნესსაც გამოცდილი მენეჯერი წაუძღვება. კარგი იქნება, თუ საკონსულტაციო კომპანია შეიქმნება, სადაც ემიგრანტებს ბანკში წარსადგენ პროექტებსა და ბიზნესგეგმებს შეუდგენენ: ,,დიასპორის ინვესტიციების გამოსაყენებლად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ადგილსამყოფელ ქვეყანაში მათი ბიზნესთან კავშირებია. მაგალითად, საბერძნეთში ბევრი ქალბატონი ღირსეულ ოჯახში მუშაობს, პრემიერ- მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ტრანსპორტის მინისტრის მოადგილის ოჯახებს უვლიან. პირადად რომ დამჭირდა, ერთ-ერთი ასეთი ქალბატონის საშუალებით, ზუსტად სამ საათში, პრივატულ სიტუაციაში შევხვდი ტრანსპორტის მინისტრს და პრობლემაც მოვაგვარე. არადა, ასეთი კავშირების შესახებ მთავრობის წევრებმა არაფერი იციან. აუცილებელია, სახელმწიფომ დიასპორა გააძლიეროს, რადგან საქართველო ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა ჯერ არ არის, ამიტომ ემიგრანტებს ვერ ვეტყვით, სტაბილური სამსახური დატოვეთ და ქვეყანაში დაბრუნდითო! რატომ არ შეიძლება, სახელმწიფომ ფული დააბანდოს ემიგრაციაში? ჩინეთის ეკონომიკას არ ვადარებ საქართველოს, მაგრამ ყველაფერი შედარებითია. როდესაც ჩინელი ქვეყნიდან მიდის, 30 000 აშშ დოლარის საქონელს ატანენ და სადაც მიდის, იმ ქვეყნის ტერიტორიამდე, ტრანსპორტირებისა და განბაჟების თანხასაც სახელმწიფო იხდის. ჩინელი, რომელიც სხვა ქვეყანაში ჩავა, გახსნის მაღაზიას, მოითხოვს ამ საქონელს და გაყიდის. შემდეგ შესყიდვას უკვე საკუთარი მოგების ხარჯზე ახორციელებს. რატომ არ შეიძლება დღეს, იგივე საბერძნეთში, საქართველომ ემიგრანტებს ქართული მაღაზიის გახსნის საშუალება მისცეს? ჩვენი ,,ნატახტარი' შემოდის საბერძნეთში, მაგრამ დისტრიბუციას ბერძნები ახორციელებენ. ვამბობთ, რომ საქართველო ევროპასა და აზიას შორის კორიდორია, ჩვენი პროდუქციის ევროკავშირში გატანა გვინდა, მაგრამ ჯერ იმ ქვეყნებში შევიტანოთ, სადაც დიდი ემიგრაცია გყავს. თუ სოფლის მეურნეობის პროექტებში სახელმწიფო ბანკებსა და ფერმერებს შორის ხდება მედიატორი, რატომ არ შეიძლება, ნებისმიერ სხვა კომპანიასთანაც ასეთ მედიატორად იქცეს და პროდუქციის პირველი პარტია ემიგრანტს უსასყიდლოდ გადასცეს?' 

ემიგრანტების სახელით, ოკრიბელაშვილი ქართულ მედიასაც საყვედურობს და ამბობს, რომ ამ ადამიანებზე გადაცემები არ კეთდება, სადაც მათი პრობლემები რეგულარულად გაშუქდება. კარგი იქნება, თუ პირობითად, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ნებისმიერი გადაცემა, მათ შორის საინფორმაციოც, ეთერში ინგლისური სუბტიტრებით გავა. ქართველ ემიგრანტს, რომელიც ამა თუ იმ ოჯახში მუშაობს, ტელევიზორის ჩართვასა და ქართული არხების ყურებას არავინ უკრძალავს. თუ გადაცემები ინგლისური სუბტიტრებით გავა, ცხადია, ამ ემიგრანტის დამსაქმებლებიც გაიგებენ, რა ხდება საქართველოში: ,,იცით, რამხელა პრობლემაა ემიგრანტის საქართველოში გადმოსვენება? დღეს, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით, ემიგრანტს სახელმწიფო ხარჯით იმ შემთხვევაში გადმოასვენებენ, თუ სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა. საბერძნეთიდან გადმოსვენება 3 000-დან 4 000 ევრომდე ჯდება, ამერიკიდან უფრო ძვირია. საბერძნეთში ეს პრობლემა საკმაოდ მწვავეა, რადგან ემიგრანტების ასაკი მაღალია. ვფიქრობ, სოციალური სტატუსის განურჩევლად, სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს ემიგრანტების საქართველოში გადმოსვენება'.      

რას აკეთებს სახელმწიფო ემიგრანტებისთვის 

როგორია სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია? რას აკეთებს ქვეყანა ემიგრანტების პრობლემების გადასაჭრელად და რამდენად რეალურია, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებსაც საკმაოდ სოლიდური შემოსავალი აქვთ, სამშობლოში ერთგვარ ინვესტორებად იქცნენ? ,,ვერსია' დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს, სანდრო ბრეგაძეს დაუკავშირდა: 
_ ჩემთვის და ჩვენი სამინისტროს თითოეული მუშაკისთვის, ყველა ადამიანი, რომელიც საქართველოს ფარგლებსგარეთაა წასული, ემიგრანტად ითვლება. მეტიც, ადამიანები, რომლებიც წლების წინ ლუკმა- პურის საშოვნელად მხოლოდ იმიტომ წავიდნენ, რომ ჯერ შევარდნაძის და შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, საკუთარი ნიჭის რეალიზება ვერ მოახდინეს, იძულებულნი არიან, მძიმე შრომის ხარჯზე არჩინონ ოჯახები, მხოლოდ ემიგრანტები კი არა, სოციალური გმირები არიან! არავის უხარია მძიმე სამუშაოს შესრულება, მით უმეტეს, არავის ახარებს საკუთარი ოჯახისგან, შვილებისგან შორს ყოფნა, მაგრამ ისევ საკუთარი ოჯახის გამო, იძულებულია, უცხოეთში იყოს. ამ ადამიანებს სათანადო დაფასება სჭირდება. ჩვენი მისიაა, ადრე თუ გვიან, საქართველოში ეკონომიკურად ისეთი სტაბილური მდგომარეობა შეიქმნას, ეს ღირსეული ადამიანები სამშობლოში დაბრუნდნენ. დღეს რომ უცხოეთში არიან, წინა ხელისუფლებების კორუფციული და დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია. სამწუხაროდ, მძიმე სამუშაოს საკმაოდ ნიჭიერი მეცნიერები, მშენებლები, ხელოვანები ასრულებენ. ეს ქართული ოქროს ფონდია, რომლებსაც საშუალება უნდა მივცეთ, საკუთარი პროფესიით გააგრძელონ საქმიანობა, რაც საშური საქმე იქნება. ჩვენი სამინისტრო ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ეს ადამიანები მართლაც დიდ საქმეს აკეთებენ ქართული კულტურის შესანარჩუნებლად. ხშირ შემთხვევაში, საკუთარი ძალებით აწყობენ ქართულ საღამოებს, ჰყავთ ფოლკლორული ანსამბლები. ისინი, რომლებიც ოჯახებით არიან წასულები, შვილებს ქართულს ასწავლიან და ცდილობენ, საკუთარი იდენტობა და ტრადიციები შეუნარჩუნონ. ესეც დასაფასებელია. 

- ბატონო სანდრო, საბერძნეთიდან თვეში მხოლოდ 910 ევროს გამოგზავნაა შესაძლებელი, რის გამოც შესაძლოა, გადმორიცხვები შემცირდეს. გარდა ამისა, განბაჟების გარეშე, ემიგრანტები მხოლოდ 110 ევროს ღირებულების ამანათის გამოგზავნას შეძლებენ, ადრე ეს თანხა 150 ევრო იყო. როგორ აპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას? 

- ჩვენი ერთ-ერთი ფუნქციაა, გარკვეული პროვაიდერები ვიყოთ ემიგრაციის წარმომადგენლებსა და შესაბამის უწყებებს შორის, თუნდაც ამგვარი პრობლემების გადასაჭრელად. ჩვენმა სამინისტრომ მაქსიმუმი გააკეთა, როცა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, დიასპორულ გადმორიცხვებზე საინტერესო პროგრამა წარადგინა. მისი ერთ-ერთი შედეგი იყო, რომ ,,კაპიტალბანკთან' გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც დაბალი, თითქმის მიზერული საპროცენტო განაკვეთით განახორციელებდა გადმორიცხვებს. ფინანსთა სამინისტრო მონდომებულია, დიასპორის წარმომადგენლებს ამანათების გამოგზავნა გაუადვილდეთ. ვეცდებით, ეს პრობლემები ისე დარეგულირდეს, რომ ემიგრანტები არ დაზარალდნენ. ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. 

- რეალურია, რომ ემიგრანტები საქართველოში ერთგვარ ინვესტორებად იქცნენ, რათა შეძლონ მცირე და საშუალო ბიზნესში თანხის დაბანდება, ან რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამთ ამ მიმართულებით?
 
- ცალსახად გვაქვს გაცხადებული, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე, მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროგრამა შეიმუშავა, თუნდაც ,,აწარმოე საქართველოში', ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით. შესაბამისად, თუ ქართული დიასპორის წარმომადგენლების სურვილი იქნება, ამ პროგრამების საშუალებით, საქართველოში საკუთარი საქმიანობა განახორციელონ, შექმნან საწარმო და ააწყონ ბიზნესი, მხოლოდ მოხარულები კი არა, ინიციატორები ვიქნებით, დავეხმაროთ. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ბევრი ქართველი, რომელსაც სამშობლოში დაბრუნების სურვილი აქვს, დაბრუნდეს. ამ მხრივ კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია. რამდენიმე ადამიანს, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობდნენ და მცირე კაპიტალი გააჩნდათ, საქართველოში ბიზნესსაქმიანობის წამოწყებაში დავეხმარეთ და ახლაც ვეხმარებით. ერთგვარი შუამავლები ვართ იმ უწყებებთან, რომლებსაც ამ პროგრამების განხორციელება ეხება. სამწუხაროდ, ვერავის ვაიძულებთ, საკუთარი კაპიტალი დააბანდონ საქართველოში. ჩვენ მიერ ჩატარებული ფორუმი ,,გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს', რომელიც რამდენიმე კვირის წინ დასრულდა, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. უცხოეთში, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველი ემიგრანტები ჩამოვიყვანეთ და აქაურ კოლეგებს შევახვედრეთ, რათა გამოცდილება გაეზიარებინათ. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში, ეს ფორუმი შედეგს გამოიღებს. ყველაზე მეტად ჩვენ ვართ დაინტერესებულნი, რაც შეიძლება მეტი ემიგრანტი დაბრუნდეს სამშობლოში და კითხვის ნიშნის დასმაც კი არ შეიძლება, რა პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს. სახელმწიფოს ცალსახად აქვს ასეთი პოლიტიკა, მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ნებისმიერ, ნორმალურ წამოწყებას, რომლის ინიციატორიც ემიგრაციის წარმომადგენელი იქნება!