,,საკურორტო სეზონი ჩავარდება! ვინმემ როდესმე ხომ უნდა მიხედოს აქაურობას!'

,,საკურორტო სეზონი ჩავარდება! ვინმემ როდესმე ხომ უნდა მიხედოს აქაურობას!'

გადათხრილი გზები, ,,ბიჩოკებითა' და პამპერსებით სავსე პლაჟი და ზღვა - როგორ ხვდება ურეკი საზაფხულო სეზონს  

შარშან ზაფხულში ურეკში დაწყებული წყლის რეაბილიტაცია დღესაც დაუსრულებელია. ადგილობრივებს, მტვრისა და ატალახებული ქუჩის გარდა, ისიც აწუხებთ, რომ მოუწესრიგებელი გზის გამო საკურორტო სეზონზე დამსვენებელი ბინას აღარ ქირაობს: 
„წყლის კომპანიის წარმომადგენლებს და ხელისუფლებას რაჭველებივით დაემართათ - წისქვილი რომ ააშენეს და წყალი არ ჰქონდათ. ურეკში მილები გაიყვანეს და წყალი საიდან შემოიყვანონ, არ იციან. ის, რაც ურეკში ხდება, უვიცობისა და უპასუხისმგებლობის ზეიმია. როგორ შეიძლება, ძვირადღირებული მილები ჩაყარო მიწაში და წყალი საიდან გამოიყვანო, არ იცოდე', 
- აცხადებენ ადგილობრივები. 

იმავე პრობლემებზე საუბრობენ სასტუმროს მეპატრონეები. მათი თქმით, წელს შესაძლოა ურეკში საკურორტო სეზონი ჩავარდეს. ერთ-ერთ პრობლემად კი ბუნებრივი აირის არარსებობას ასახელებენ: ანალოგიური ვითარებაა გაზთან დაკავშირებით. გადათხარეს საკურორტო ზონა და როგორც ვიცით, გაზი წელსაც არ იქნება. აბა, რისთვის თხრიან ამ გზას?! რა ჰქვია ამ საქციელს? ესაა საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა!“. 

ადგილობრივები ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობაზეც საუბრობენ. მათი თქმით, ტურისტებს შექმნილი ვითარება სასაცილოდ მიაჩნია და დასასვენებლად აჭარაში მიდიან. 
„ქუჩებს როცა თხრიდნენ, დამსვენებლები მოდიოდნენ და უკან ბრუნდებოდნენ. პლაჟის დასუფთავება დაიწყეს, თუმცა სათანადო შედეგს მაინც ვერ მივაღწიეთ - ისევ ანტისანიტარია და სიბინძურეა. გაშვებულია საქონელი, მთელი საკურორტო ზონა ნეხვითაა სავსე. აქ რომელი უცხოელი ჩამოვა?! ტუროპერატორებმაც კი ჩვენთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს. იტალიელები იყვნენ ჩამოსულები, იცინეს ურეკში არსებულ მდგომარეობაზე და ბათუმში წავიდნენ. ამით სარგებლობს სხვა რეგიონი, ჩვენ კი ვზარალდებით', 
- აცხადებს ურეკში ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონე. იდა ალასკირი, აზერბაიჯანიდან ურეკში შვილთან ერთად ათი დღეის წინ ჩამოვიდა და თვის ბოლომდე აპირებს დარჩენას. იდამ ერთი ამბავი გაგვანდო და გვთხოვა, იქნებ ვინმემ მიაქციოს ყურადღებაო: ,,ვისვენებთ როგორც შეგვიძლია. მაგნიტური ქვიშის გამო ბავშვს ყოველ დილით ვასეირნებ პლაჟზე. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. თუმცა სანაპირო და ზღვა იმდენად ბინძურია, ზოგჯერ გვეშინია, რამე არ შეგვეყაროს'. 

„ვერსია“ სხვა დამსვენებლებსაც გაესაუბრა. ისინიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ არსებული ანტისანიტარიის გამო. სიგარეტის „ბიჩოკები“, პამპერსები და ცელოფნის პარკები ისე ,,ლივლივებს“ ზღვის ზედაპირზე, რომ ,,ბრასით“ ცურვა კი არა, წყალში დგომაც გაგიჭირდებათ. აღარაფერს ვამბობთ სანაპიროზე, სადაც ტანზე ისე ,,უცაბედად' შემოგეკვრება სიმინდის ტაროები და ერთჯერადი ცელოფნები, რომ საცურაო კოსტუმის ჩაცმასაც გადაიფიქრებ. 

,,ზღვა იმდენად ბინძურია, ზოგჯერ ჩასვლას ვეღარ ვახერხებთ. ადრე წმენდდნენ, ახლა აღარავის ახსოვს. შე კაი ადამიანო, იქვე რომ არ დაყარო ყველაფერი, რასაც შეჭამ, ხომ შეიძლება? გავლა გაგიჭირდება კაცს, აქ ისეთი ამბავია. ,,ბიჩოკები' ფეხებზე გეწებება ', - ამბობს ლამარა კერვალიშვილი.
,,
ტურისტული სეზონი ივლისის პირველი რიცხვებიდან დაიწყო. ყველზე აქტიური თვე აგვისტოა. სეზონი კი სექტემბრის ბოლოს დამთავრდება. სასტუმროს ნომრის ფასი ერთ ადამიანზე დღეში 25-50 ლარია. ფასში არ შედის საუზმე, თუმცა მოქმედებს კვების ბლოკი და ბარი, სადაც მზარეულები იღებენ შეკვეთებს. ურეკში დასვენების ფასი შენარჩუნებულია. შარშან ჩვენთან სასტუმროში ორადგილიანი ნომერი 50 ლარი ღირდა, წელსაც ასეა. თანხაში ერთჯერადი კვება შედის. ფასები ზოგადად სასტუმროს მდებარეობის, პირობებისა და სეზონის მიხედვით განისაზღვრება. ახლა ერთ ადამიანს, დაქირავება თუ 25 ლარი უჯდება, ეს თანხა 15 ივლისიდან 25 აგვისტომდე შედარებით მოიმატებს, მაგრამ იმდენად მოუწესრიგებელია გარემო, წელს ვინ ჩამოვა, არ ვიცი. ოდესმე ხომ უნდა მიხედოს ამ უნიკალურ კურორტს ვინმემ? საზაფხულო სეზონი, ფაქტობრივად, კარს მოგვადგა და ახლა დაიწყეს ქუჩების გადათხრა', 
- ცხარობს სასტუმრო „ევკალიპტის“ დირექტორი.