,,სამწუხაროდ, ხელისუფლებამ, რომელიც მოდიოდა ლოზუნგით, ,,სისტემა უნდა დაინგრეს', ამჯობინა ლოზუნგი - ,,სისტემა უნდა შენარჩუნდეს'!

,,სამწუხაროდ, ხელისუფლებამ, რომელიც მოდიოდა ლოზუნგით, ,,სისტემა უნდა დაინგრეს', ამჯობინა ლოზუნგი - ,,სისტემა უნდა შენარჩუნდეს'!

10 ივნისს ქუთაისის პარლამენტში, 12 საათზე, ბიუროს სხდომაა ჩანიშნული. ერთ საათში კი _ პლენარული, რომლის ერთ-ერთ საკითხად პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებსაც გამოიტანს. ,,ვერსიამ' ექსკლუზიური ინფორმაცია მოიპოვა, რომ ეს სხდომა მონოტონურ რეჟიმში არ ჩაივლის. უკვე რამდენიმე დღეა, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფი ,,ოცნებას' პასუხს უმზადებს. როგორც გავარკვიეთ, არასაპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას პარალელურ რეჟიმში ბრიფინგს მოუწყობს და ზუსტად 12 საათზე ,,თბილისი მარიოტიდან' სხვადასხვა ტელევიზიის პირდაპირ ჩართვაში მემორანდუმზე ხელმომწერი დეპუტატების გვარებს დაასახელებენ.    

საარჩევნო კოდექსზე ეს დაპირისპირება ერთი წლის წინ დაიწყო, უფრო სოლიდური სახე მას მერე მიიღო, რაც ოპოზიციას პრეზიდენტი შეუერთდა, ხოლო პიკს მათ შეთავაზებებზე მმართველი კოალიციის მიერ გაცემული პასუხის შემდეგ მიაღწია. არასაპარლამენტო ოპოზიცია, პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო სექტორი არჩევნების საერთო- პროპორციული და რეგიონულ- პროპორციული წესით ჩატარებას ემხრობიან. ეს პარტიებსაც განვითარების მეტ შანსს მისცემდა და არც რეგიონები დაკარგავდნენ საკუთარ წარმომადგენლებს პარლამენტში, ასევე აღარ გახდებოდა საჭირო საარჩევნო ოლქების საზღვრების შეცვლაზე ფულისა და ნერვების ხარჯვა. ხელისუფლებას კი განაღდებული 20%-იანი ფორა აღარ ექნებოდა. ამის საუკეთესო მაგალითი თბილისში, ადგილობრივ არჩევნებში ,,ოცნების' მიერ აღებული ხმების 44%-ია, რომლის პროპორციულად, მას საკრებულოში 76 მანდატი შეხვდა. ოპოზიციის მიერ შეთავაზებული სისტემა კი უზრუნველყოფს, ყველას იმდენი ადგილი ერგოს პარლამენტში, რამდენ ხმასაც აიღებს. ამ შეთავაზებას ,,ოცნების' უმრავლესობამ ასე უპასუხა: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ისევ ძველი, ანუ პროპორციულ- მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება, თუმცა მაჟორიტარულ ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობა გათანაბრდება, რისთვისაც პატარა საარჩევნო ოლქები გაერთიანდება, დიდები კი - დაიყოფა, მათ შორის, თბილისშიც. გარდა ამისა, მაჟორიტარობის კანდიდატს გასამარჯვებლად 50%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევს. ხოლო ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ცვლილებების ნაწილი 2020 წლიდან ამოქმედდება და მომდევნო საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით, ანუ პარტიული სიებით ჩატარდება. პირდაპირ რომ ვთქვათ, ხელისუფლებამ ნაციონალების 9-წლიანი ,,გადაგდებისა და გადადების' ტრადიცია წარმატებით შეინარჩუნა. სამაგიეროდ, ოპოზიციამ უღალატა გადამწყვეტ მომენტში ,,დაშლისა და ერთმანეთისთვის კვანტის' დადების ტრადიციას და ორდღიანი თათბირისა და ბევრი დათმობის შემდეგ, ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღო. სხვათა შორის, ორი დღით ადრე, ოპოზიციური კულუარებიდან ინფორმაცია გამოვიდა, პარტიები ,,ოცნებას' ქუთაისში უნდა ჩაუხტნენო, თუმცა ეს იდეა ბოლო მომენტში შეიცვალა. ინიციატივა 8 ივნისს ინტერპარტიული ჯგუფის 4 მსხვილ პარტიას შორის შეთანხმდა. თუმცა 9 ივნისს, სამშაბათს, კიდევ ერთი შეხვედრა ახალი მემარჯვენეების ოფისში შედგა, სადაც საბოლოოდ გადაწყდა, რომ ეს საარჩევნო- ოპოზიციური პერფორმანსი დედაქალაქში გაიმართება. სხვათა შორის, პარალელურ რეჟიმში, სამუშაო ოთახში პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უმრავლესობის წევრებს ხვდებოდა და იმის მიუხედავად, რომ შეხვედრის თემები არ გასაჯაროებულა, ჩვენი ინფორმაციით, სწორედ საარჩევნო ცვლილებებსა და მოსალოდნელ გართულებებზე ესაუბრებოდა. ჩვენთვის ოპოზიციის გეგმების სხვა ექსკლუზიური დეტალების შესახებაც გახდა ცნობილი: სპეციალურ ბრიფინგზე ოპოზიცია მათ მიერ მომზადებულ საარჩევნო მემორანდუმზე ხელმომწერი დეპუტატების გვარებს გაასაჯაროებს. 

ამ დროისთვის, ოპოზიციას ხელი 59-მა დეპუტატმა მოუწერა: ამ სიაში არიან ნაციონალური მოძრაობა, სრული შემადგენლობით და ასევე 4 გამოყოფილი ექსნაციონალი. ალასანიას ,,თავისუფალი დემოკრატები', სრული შემადგენლობით, დამოუკიდებელი დეპუტატი მურმან დუმბაძე და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. როგორც გავარკვიეთ, კობა დავითაშვილთან მოლაპარაკება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, კიდევ ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი, ,,მწვანეების' ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე კი, ფაქტობრივად, მიმხრობილი ჰყოლიათ. ოპოზიციის ლიდერებს ეროვნული ფორუმის მხარდაჭერის იმედიც აქვთ და აცხადებენ, რომ ამ საკითხს პარტიაში კახა შარტავა ლობირებს. ,,ვერსიამ' ეს ინფორმაცია ,,ფორუმელებთან' გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ პარტია მემორანდუმს არ უერთდება, მაგრამ არც ,,ოცნების' პოზიციას იზიარებს და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება არა 2020, არამედ 2016 წელს სურს. 
ბოლო მომენტამდე ყოყმანის რეჟიმში იყო რესპუბლიკური ფლანგიც, თუმცა ლიდერის, უსუფაშვილის საჯარო პოზიციას არ აყვნენ. მეტიც, როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გვითხრა, ბოლო წამს, დავით ბერძენიშვილს ნერვებმა უმტყუნა და ,,ახლებსა' და ქრისტიან- დემოკრატებს შეახსენა, თუ ეს ცვლილებები ასე გინდოდათ, თქვენ არ იყავით, სააკაშვილის ოპოზიციური ,,რვიანი' რომ დაშალეთო?! მისი ეს განცხადება ოპოზიციამ პოლიტიკურ შურისძიებად შეაფასა. თუმცა რესპუბლიკელებთან ამ თემებზე კამათი და საუბარი მაინც შეიძლება, აი, ზვიად ძიძიგურს ვერაფერი მოვუხერხეთო, - ამბობენ ინტერპარტიულ ჯგუფში. სხვათა შორის, ძიძიგური, მამუკა კაციტაძესთან ერთად, ის ადამიანია, ვინც ზუსტად ამავე მოთხოვნებით 17 დღის განმავლობაში იშიმშილა. დღეს კი, თურმე, ყოფილ თანამებრძოლებს თუ ,,თანამოშიმშილეებს' ან არაპირდაპირ პასუხობს, ან ემალება. მოკლედ, ოპოზიციის გეგმა მაქსიმუმი ამ ეტაპზე, ხელისუფლების დანარჩენი წარმომადგენლების ბოლო ღია მოწოდება იქნება, მემორანდუმის ტექსტს შეუერთდნენ. ამ ყველაფრის უმთავრესი მიზანი კი სხდომაზე 76 კაცის მოგროვებაა, ხმათა უმრავლესობით, ეს ვითომ შეცვლილი კოდექსი კენჭისყრაზე ჩავარდეს. მათ ,,ოცნებაზე' მორალური შეტევა აქვთ დაგეგმილი და მიაჩნიათ, რომ თუ ამ საკითხის განხილვისას სხდომათა დარბაზში მხოლოდ უმრავლესობა დარჩება, ამით მმართველ კოალიციაში, მინიმუმ, რესპუბლიკელებს მაინც შეექმნებათ დისკომფორტი. რაც შეეხება გავრცელებულ ხმებს ოპოზიციის მიერ აქციების დაწყების შესახებ, როგორც გავარკვიეთ, ასეთი რამ არ იგეგმება. პირიქით, ოპოზიცია რაც შეიძლება დიდხანს მოერიდება პროცესის ქუჩაში გადატანას. ამ ეტაპზე, მათ ჯერ მხოლოდ კაბინეტური ბრძოლა აქვთ დაგეგმილი და 11 ივნისს საელჩოების წარმომადგენლებს ხვდებიან. ყოველ შემთხვევაში, ერთობლივი საპროტესტო გამოსვლები შემოდგომამდე მოსალოდნელი არ არის.

ასევე, ოპოზიციის უდიდესი ნაწილი კიდევ ერთ და ძალიან მნიშვნელოვან თემაზე შეჯერდება. ეს თემა პირველად ნინო ბურჯანაძემ გამოიტანა საჯაროდ, საკუთარი პარტიის სახელით და დღეს ინტერპატიული ჯგუფიც შეთანხმებულია - 2016 წლის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებს ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. ეს განცხადება ბურჯანაძემ 8 ივნისს გააკეთა: ,,მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას, საჩვენებელი ბოიკოტი გამოვუცხადოთ შემოდგომაზე გამოცხადებულ შუალედურ არჩევნებს. ეს იქნება ძალიან სერიოზული გზავნილი. ამ არჩევნებში ხელისუფლება მარტო უნდა დარჩეს და მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ პოლიტიკური სპექტრი, რომელსაც სამართლიანი არჩევნები სურს, ერთ მხარესაა, ხელისუფლება კი მეორე მხარეს'. 
9 ივნისს კი ამავე თემაზე სპეციალური განცხადება ახალმა მემარჯვენეებმაც გააკეთეს და შუალედურ არჩევნებს ამ ფორმით გაემიჯნენ: ,,სამწუხაროდ, ხელისუფლებამ, რომელიც მოდიოდა ლოზუნგით, ,,სისტემა უნდა დაინგრეს', ამჯობინა ლოზუნგი - ,,სისტემა უნდა შენარჩუნდეს'! ამ უპრინციპობას საფუძვლად ერთადერთი რამ უდევს - ძალაუფლება ნებისმიერი გზით შეინარჩუნონ, როგორც ამას ნაციონალური მოძრაობა აკეთებდა'. ჩვენთვის კი, ამ ორი პარტიის დეკლარირებული პოზიციის გარდა, ცნობილი გახდა, რომ იდეას მხარს უჭერს ინტერპარტიული ჯგუფი, ასევე პატრიოტთა ალიანსი და არასაპარლამენტო ოპოზიციას ნაციონალებისა და ალასანიას პარტიის იმედიც ჰქონია. კარგია, რომ ეს იდეა პირველმა ნინო ბურჯანაძის მესამე ძალად ყოფნის პრეტენზიის მქონე პარტიამ გააჟღერა, თორემ ჩვენ რომ გვეთქვა, იტყოდნენ, თქვენ რა გენაღვლებათ, მაინც ვერ მოიგებდით ვერც ერთ ოლქსო, - გამოგვიტყდა ინტერპარტიული ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი. შუალედური არჩევნები კი ოქტომბერში ორ რაიონში, საგარეჯოსა და მარტვილში ჩატარდება. შესაბამისად, რაკი ოპოზიციაში 10 პარტიაზე მეტი შევთანხმდით, ვინც ჩვენთან ერთად ამ თამაშს არ ითამაშებს, ის ავტომატურად გაშიფრული გამოდისო, - დასძენენ ინტერპარტიულ ჯგუფში. როგორც ჩანს, ,,ოცნებამ' ნაციონალებისგან ერთი მთავარი ,,ანტიოპოზიციური' პრინციპი ვერ ისწავლა - ,,დაყავი და იბატონე' და პრორუსულ- პროდასავლური თუ კონსტრუქციულ- დესტრუქციული ოპოზიცია ერთ ენაზე აალაპარაკა!