მთას ეყოლება მინისტრი?

მთას ეყოლება მინისტრი?

საქართველოს პარლამენტი განიხილავს მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ კანონპროექტს, რომელიც მთავრობის მიერაა მომზადებული. საპარლამენტო უმრავლესობა ასევე განიხილავს სპეციალური სახელმწიფო მინისტრის პოსტის შემოღების საკითხს, რათა უზრუნველყოფილი იყოს კანონის აღსრულების სათანადო მექანიზმი. ჯიმშერ რეხვიაშვილი დაინტერესდა იმით, თუ რას შეცვლის მთავრობისა და პარლამენტის ინიციატივა მთაში მცხოვრები ხალხისთვის.

სოფელი ქედლები, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მდებარეობს, მოსახლეობისგან იცლება. ერთ დროს მეხეშიძეების მრავალრიცხოვან ოჯახშიც მხოლოდ 65 წელს მიტანებული ცოლ-ქმარია დარჩენილი:

„ბაღანას აქვს იურიდიული დამთავრებული, მაგრამ აქ ვერაფრით სამსახური ვერ იშოვა. არადა, ცოლი ჰყავს, შვილები ჰყავს, მათ მოვლა უნდა. ეს ახალი კანონი დაეხმარება მას და სხვასაც დააბრუნებს აქ. თუ ეს კანონი მიიღეს, კარგი იქნება. რთულია მთაში ცხორება“.

მთაში რომ რთულია ცხოვრება, ამაზე ყველაა შეთანხმებული. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლში ვკითხულობთ:

„სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის უზრუნველსაყოფად კანონი ადგენს შეღავათებს“. 

შეღავათები, რომლის შესახებაც კონსტიტუციაშია ლაპარაკი, გათვალისწინებულია მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ კანონპროექტში, რომელიც მთავრობის მიერაა მომზადებული და რომლის მიღებაზეც დიდ იმედს ამყარებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:

„პროექტი ითვალისწინებს მაღალმთიან რეგიონებში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის სოციალური შეღავათების და ეკონომიკური საქმიანობის წახალისების სისტემის შექმნას, ასევე, მაღალმთიანი დასახლებების ინფრასტრუქტურული განვითარების მიზნით, დამატებითი ფულადი სახსრების გამოყოფას და მიმაჩნია, რომ ეს არის სასწრაფოდ გასაკეთებელი, ვინაიდან მთა, იცით კარგად, რომ იცლება, იქ ოჯახებს უჭირთ დამაგრება, არ არის არანაირი პირობა და ჩვენ ვალდებული ვართ სასწრაფოდ დავიწყოთ მთის გაძლიერების ღონისძიებები“.

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს შეღავათიანი საკრედიტო-საინვესტიციო ღონისძიებების სახელმწიფო პროგრამა, რომლის პარამეტრები ყოველწლიურად აისახება სახელმწიფო ბიუჯეტში. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ჟორჟოლიანი ამბობს,პროგრამა ხელს შეუწყობს განვითარდეს ტურიზმი, რეგიონებისათვის დამახასიათებელი ტრადიციული შინარეწვის სხვადასხვა დარგი, მცირე და საშუალო ბიზნესი და მეწარმეობა, მომზადდეს კადრები მაღალმთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების მიზნით. გია ჟორჟოლიანის თქმით, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მთიანი რეგიონების განვითარების ხელშეწყობის ეროვნული საბჭოს შექმნას პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.

„ეროვნული საბჭო ეს არის პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანო და ამ ყველაფერს სჭირდება ჯერ მომზადება, შემდეგ კი კოორდინირება, რისთვისაც უნდა შეიქმნას სახელმწიფო მინისტრის პოსტი მცირე აპარატით“, – უთხრა გია ჟორჟოლიანმა „რადიო თავისუფლებას“.

თუმცა, ახალი მინისტრის პოსტის შემოღებას საბიუჯეტო სახსრების უყაირათოდ ხარჯვად მიიჩნევენ როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები. დუპუტატი სერგო რატიანი აცხადებს, რომ ამ თემაზე სერიოზული ლაპარაკი შეუძლებელია:

„შემდეგი ნაბიჯი იქნება, ალბათ, ზღვისა და მდინარეების მინისტრი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ მთავრობას ყველაზე მეტად ჭაობის მინისტრი მოუხდებოდა“.

რაც შეეხება ხელისუფლებას, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ამბობს, რომ სიახლის მისაღებად წონიანი არგუმენტები იქნება საჭირო:

„ამ კანონის აღსრულებისათვის არსებობენ სამინისტროები, მითუმეტეს ახლა, როცა ვსაუბრობთ ბიუჯეტის შემცირებაზე, საკითხავია, დამატებით მინისტრის პორტფელის გაჩენა რამდენად მიზანშეწონილია“.

პასუხად, საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი, დეპუტატი გია ჟორჟოლიანი ამბობს, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატის შენახვა არ იქნება დაკავშირებული დიდ ხარჯებთან:

„კაპიკებია იმასთან შედარებით, რა თანხაც ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ განვახორციელოთ ის სახელმწიფო პოლიტიკა, რომელზედაც ჩვენ ვლაპარაკობთ. თუ ვინმე ამ პოლიტიკის წინააღმდეგია, ეს სხვა ამბავია. ანუ მთავრობა უნდა იყოს უპასუხისმგებლო და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე არ უნდა აგებდეს პასუხს? თუ ვინმე ვერ ახერხებს ცხოვრებას, ვერ ახერხებს და მორჩა! – ასეთია ეს პოლიტიკა. და თუ გვინდა, რომ მაღალმთიანი რეგიონები განვითარდეს, ცხადია, ხარჯები იქნება“.

მთიანი რეგიონების განვითარებას საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშნელოვან ამოცანად მიიჩნევს ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი, რომელსაც წლებია, უწყვეტი კავშირი აქვს სვანეთთან და საქართველოს სხვა მაღალმთიან რეგიონებთან.

„ამ რეგიონების დიდი ნაწილი არის ღარიბი და ღარიბია ბევრი მიზეზის გამო. ერთი მიზეზის ისაა, რომ მშრომელი მოსახლეობის ასაკი არის საშუალოზე მაღალი, ახალგაზრდები კი ეტანებიან ქალაქს, თუმცა იმათგანაც, ვინც რჩება, მიწაზე შრომასა და მეცხოველეობას, რაც სპეციფიკურია მთიანი რეგიონისთვის, ძირითადად, მისდევენ უფრო ასაკის ადამიანები“, – უთხრა ლელა გაფრინდაშვილმა „რადიო თავისუფლებას“.

ლელა გაფრინდაშვილის აზრით, გამორჩეულ ყურადღებას საჭიროებენ მთიანი რეგიონები ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. ასევე განსაკუთრებული ყურადღების საგანი უნდა იყოს მთიანი რეგიონების ეკოლოგიური ვითარება და უნიკალური კულტურული ქსოვილი. ამასთან, გონივრული სახელმწიფო პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, საქართველოს მთიანეთს სერიოზული შენატანი შეიძლება ჰქონდეს ქართულ ეკონომიკაში. ლელა გაფრინდაშვილის ვარაუდით, ერთი სამინისტროს ხელში მთიანი რეგიონების საკითხების კონცენტრირებამ საბიუჯეტო ხარჯები შეიძლება შეამციროს კიდეც.