საქართველოში, ერთ-ერთ პრობლემურ სფეროდ, კვლავ სასჯელაღსრულების სისტემა რჩება. უკვე აღარავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ ციხეებში პატიმრების დასაშვებზე მეტი რაოდენობაა, მოშლილია ინფრასტრუქტურა, შექმნილია გაუსაძლისი პირობები, გაზრდილია სიკვდილიანობა... ეს, პატიმრობაში მყოფი ადამიანების პრობლემების არასრული ჩამონათვალია.
“ვერსიის” წყაროს ინფორმაციით, ციხეში გამომწყვდეულთათვის, ისიც დიდი პრობლემაა, რომ მათთვის პრესა, ტელე და რადიო მაუწყებლობა, ასევე მხატვრული ლიტერატურაც არაა ხელმისაწვდომი. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, საქმე ამგვარადაა - თუ პატიმარმა გთხოვათ ციხეში რაიმე წიგნი შეუგზავნოთ, დიდი დილემის წინაშე აღმოჩნდებით. ამის მიზეზი ისაა, რომ წიგნის შეგზავნისას, მას აწონიან და განსაზღვრავენ, რა თანხა უნდა გადაიხადოთ, რომ სასურველმა ლიტერატურამ ადრესატამდე მიაღწიოს. დიახ, “ვერსიისთვის” ცნობილი გახდა, რომ წიგნების პატიმრებისთვის შეგზავნის ფასი, მათი წონით განისაზღვრება
“ვერსიისთვის” ისიც ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებულებს პრესის გაცნობის საშუალება ეზღუდებათ და მათ მხოლოდ სამი გაზეთისა თუ ჟურნალის გაცნობის უფლება აქვთ. ინფორმაციის გადასამოწმებლად, გლდანის ¹8 საპყრობილეს ვესტუმრეთ.
გლდანის ციხეში, მოქალაქეების მოსაცდელად გამოყოფილ პატარა ოთახში, პატიმრების რამდენიმე ახლობელთან გასაუბრება ვცადეთ, თუმცა არ დაგვცალდა... ჯარისკაცის ფორმაში გამოწყობილმა ოთხმა პიროვნებამ ალყა შემოგვარტყა და დიქტოფონის დაუყოვნებლივ გამორთვა გვიბრძანა. კითხვაზე, რის საფუძველზე გვიშლიდა მოქალაქეებთან საუბარს, ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ამგვარად გვიპასუხა - სანამ მოქალაქეებს გაესაუბრებით და ინფორმაციას შეაგროვებთ, ოფიცერთან უნდა შეათანხმოთო. მათ ასევე, აგვიკრძალეს ე.წ. საამანათო ოთახში შესვლა, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს თავისუფლად, ყოველგვარი საშვის გარეშე შესვლის უფლება აქვს. მოკლედ, ასე ჯარისკაცების ალყაში, ოფიცრის გამოჩენას 10-15 წუთის განმავლობაში ველოდებოდით. და აი, ისიც... ოფიცერი, სახელად ზაალ გოქაძე, მძიმე ნაბიჯებით მოგვიახლოვდა და ციხეში დაუპატიჟებლად სტუმრობის ახსნა მოგვთხოვა. როცა ჩვენი თხოვნა მოისმინა, ლამის ხელის კანკალით ტელეფონის ნომრები აკრიფა და ვიღაცას ჩურჩულით საუბარი გაუბა. სანამ ოფიცერი ტელეფონზე ლაპარაკობდა, მოქალაქეები საკმაოდ თავისუფლად მიემართებოდნენ საამანათო ოთახისკენ.
რამდენიმე წუთიანი საუბრის შემდეგ ოფიცერმა გოქაძემ ტელეფონზე საუბარი დაასრულა და მკაცრი ტონით მოგვმართა: საამანათოში ჟურნალისტს ვერ შევუშვებთ, იქ თქვენ ადამიანებს გაესაუბრებით, ინფორმაციებს მოაგროვებთ, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ვისი დადგენილი წესების მიხედვითაა მიუღებელი ჟურნალისტისთვის მოქალაქეებთან გასაუბრება, გოქაძემ, რა თქმა უნდა, ვერ აგვიხსნა. შემდეგ კი ორმა ჯარისკაცმა ციხის შესასვლელიდან დაახლოებით 15 მეტრის სიახლოვეს ყოფნა აგვიკრძალა.
საბოლოოდ, მართალია, საამანათოში შესვლა ვერ შევძელით, მაგრამ საამანათოდან გამოსული რამდენიმე პატიმრის ახლობელთან გასაუბრება მაინც მოვახერხეთ. რამდენიმე ქალბატონმა წიგნის აწონვის შესახებ მოწოდებული ინფორმაცია დაგვიდასტურა.
მაია ხუციშვილი: რა თქმა უნდა, სიმართლეა, რომ ამანათის გაგზავნისას წიგნებს წონიან და წონის მიხედვით გვახდევინებენ ფულს. სხვათა შორის, 2 კილოგრამს ნახევარი გრამიც რომ გადასცდეს, სამ კილოდ აფორმებენ ქვითარში. აი, დღესაც განცხადება ჩავაბარე წიგნის შეგზავნის თაობაზე.
ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი უცნაური ფაქტიც შემემთხვა - ჩემს მეუღლესთან მინდოდა შემეგზავნა იოგის წიგნი. 2-კილოგრამიან წიგნში გადავიხადე 4 ლარი, ამას ემატება წიგნის დაზღვევის თანხა - 10 ლარი. თუმცა, რამდენიმე დღეში მითხრეს, მსგავსი შინაარსის წიგნების კითხვა პატიმრისთვის დაუშვებელიაო. გამაგებინებს ვინმე, რატომ არ შეიძლება იოგის შესახებ წიგნი წაიკითხოს პატიმარმა, რომელიც ფილოსოფოსია? რაც შეეხება გაზეთებს, როგორც ვიცი, შიგნით იყიდება მხოლოდ ჟურნალი “თბილისელები”. დანარჩენებზე ვერაფერს გეტყვით.
ნინო ნაჭყებია: წიგნის შეგზავნა ერთადერთხელ ვცადე და იმდენ წინააღმდეგობას გადავაწყდი, მერე აღარც მიცდია. მინდოდა, “დათა თუთაშხია” შემეგზავნა. აწონეს კიდეც წიგნი. ფულიც გადავიხადე, მაგრამ უკან მომიბრუნეს. მითხრეს, მსგავსი შინაარსის წიგნის წაკითხვა მიზანშეუწონელია პატიმრისთვისო. ამის მერე არც მიცდია შეგზავნა. ახლა როგორ ხდება, ვერ გეტყვით. გაზეთს რაც შეეხება, ერთხელ შევაგზავნე არჩევით ორი გაზეთი და მაშინ საამანათოში მითხრეს, შიგნითაც იყიდება პრესა და მეორეჯერ ნუ შეწუხდებითო.
ციხეებში წიგნის აწონვის მოთხოვნის ფაქტს, “ვერსიასთან” საუბრისას უპრეცედენტო უწოდეს ადვოკატმა ლალი აფციაურმა და უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ.
ლალი აფციაური: ძალიან მაინტერესებს, რომელ ჭკუათმყოფელს მოუვიდა წიგნების აწონვის იდეა თავში, რადგან მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს. მსოფლიო მასშტაბით არაერთი ციხე მაქვს ნანახი, სადაც იმაზე ბევრად უკეთესი ბიბლიოთეკები აქვთ ციხეებში, ვიდრე ჩვენი ეროვნული ბიბლიოთეკაა. საქართველოში კი წიგნს წონიან. გეკითხებით, ეს ნორმალურია? თუმცა აღარაფერი მიკვირს იმის ფონზე, რომ პაემანიც კი ფასიანი გახდა.
პატიმრების ახლობლებისგან ვიცი, რომ იმ გაზეთების წაკითხვაც დაუშვებელია, სადაც იბეჭდება სიმართლე. სხვათა შორის, სხვადასხვა ციხეში განსხვავებული სტანდარტებია დადგენილი. რომელ ციხეში, რომელი გაზეთის კითხვის უფლება აქვთ პატიმრებს, ვეღარ გავიგე. კანონით, პატიმარს აქვს უფლება ნებისმიერი საშუალებით მიიღოს ინფორმაცია, მაგრამ მოგეხსენებათ, საქართველოში “აქოური” სტანდარტებია, რომელთან შეწინააღმდეგება, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა.
ნანა კაკაბაძე: საბჭოთა კავშირის დროიდან დღემდე, ციხეებში ამანათის შეგზავნისას, მხოლოდ საკვებს წონიდნენ. ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, წიგნსა და მსგავს საგნებს, არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ წონიან, მაგრამ ჩვენ ხომ არანორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ?! საინტერესოა, რომ ერთ ციხეში სხვა კანონი მოქმედებს, მეორე ციხეში - სხვა. პატიმარმა ისიც კი არ იცის, რა უფლებები აქვს მინიჭებული. ადგილობრივი, ციხის ადმინისტრაცია წყვეტს რა უნდა ჩათვალოს დარღვევად და რა - არა. ჩემი ინფორმაციით, სასჯელაღსრულების ზოგ დაწესებულებაში წიგნის შეგზავნა საერთოდ აკრძალულია. ეს ასე გაგრძელდება, სანამ მთლიანად სისტემა არ შეიცვლება.
პენიტენციალურ სისტემაში პატიმრების უფლებების აშკარა დარღვევაზე საუბრობს პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძეც. მისი თქმით, რიგ ციხეებში, საერთოდ აიკრძალა ჟურნალების წაკითხვა: ციხის ადმინისტრაციაში ჟურნალების შეგზავნა აკრძალეს იმ მიზეზით, რომ თურმე ჟურნალმა შეიძლება პატიმრის ფიზიკური გაღიზიანება გამოიწვიოს. არ გეგონოთ, ვსაუბრობდე “პლეიბოის” მსგავს ჟურნალზე. ჩვეულებრივ, ქართულ ჟურნალებს ვგულისხმობ, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ვითარების შესახებაც იბეჭდება. კანონით, პატიმრებს უფლება აქვთ უსმინონ რადიოს. ზოგ დაწესებულებაში კი რადიოს მოსმენაც აკრძალულია. არის ისეთი შემთხვევა, როცა ზოგან მხოლოდ “ავტორადიო” მაუწყებლობს, სადაც მხოლოდ სიმღერებს უშვებენ და საინფორმაციო გადაცემები არ გადის. ლორთქიფანიძის განცხადებით, პატიმრებისთვის პრესის, ტელე და რადიო ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხდება, რაზეც პატიმრების უფლებადამცველებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ადეკვატური რეაქცია უნდა ჰქონდეთ.
წიგნების აწონვის შესახებ ინფორმაცია არ მოეპოვებათ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში”. როგორც იურისტმა მიხეილ ღოღაძემ განგვიმარტა: სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განსხვავებული წესების არსებობაც დაუშვებელია, რადგან კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს, პირველ რიგში კი, ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის.