“გვიშველეთ, მოსალოდნელია თავდასხმა,” - წერს ადვოკატი ელზა ჯმუხაძე საქართველოს მთავარი პროკურორის სახელზე გაგზავნილ საჩივარში, რომელიც სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა და რომელშიც საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს აშკარა დანაშაულის დაფარვასა და მტკიცებულებების გაყალბებაში ამხელს. შეკრულია თუ არა საგამოძიებო სტრუქტურებში არსებულ დამნაშავეთა ჯგუფთან საქართველოს მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი, რატომ ალაპარაკდა ადვოკატი მოკვლის საშიშროებაზე და რა სამხილები არსებობს კონკრეტული პერსონების წინააღმდეგ? - გთავაზობთ სკანდალურ ინტერვიუს ადვოკატ ელზა ჯმუხაძესთან.
- ქალბატონო ელზა, თქვენი საჩივრის კითხვისას, პირველ რიგში, თვალშისაცემი ისაა, რომ მოსალოდნელ თავდასხმაზე საუბრობთ...
- დიახ, ჩემს წინააღმდეგ...
- ვიდრე დეტალებზე გადავალთ, სოციალურ ქსელში დააანონსეთ, რომ საჩივარს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრსაც გაუგზავნიდით. უკვე გაუგზავნეთ?
- არა, ჯერ ვერ მოვახერხე, მაგრამ წესით, ეს საჩივარი უკვე საქართველოს მთავარი პროკურორის, გიორგი ბადაშვილის მაგიდაზე უნდა იდოს! სხვათა შორის, ყველა საჩივარი გიორგი ბადაშვილის სახელზე დავწერე, მაგრამ მასთან ერთიც არ მისულა.
- რა იცით, იქნებ, მივიდა?
- ეჭვი მაქვს, რომ არ მისულა. გიორგი სხარტი გონების ადამიანია - მასთან შეხება მქონდა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. როცა ერთ-ერთ საგამოძიებო ნაწილში გამომძიებელს თეთრზე ვუმტკიცებდი, თეთრია-მეთქი და არ ესმოდა, გიორგი შემოვიდა, მაშინ იმ ნაწილის უფროსი იყო, ყველაფერი გაიგო და ის საქმეც ბოლომდე პირადად მიიყვანა. ამიტომ, პატივს ვცემ და მისი მჯერა. ეს საჩივარი მის ხელში რომ მოხვედრილიყო, დარწმუნებული ვარ, რეაგირება მოჰყვებოდა, მაგრამ ბექა, იცი, სისტემა როგორ მუშაობს? - შესულ წერილებს პირდაპირ ბადაშვილს ვინ ჩააბარებს?! ვიღაც მდივანმა უნდა გადაანაწილოს და... ჩემი განცხადება ბადაშვილამდე არა და არ მიაქვთ. კანცელარიაში მითხრეს, პირდაპირ მის მისაღებში ვაგზავნით და აღარ ვიცით, შემდეგ რა ხდებაო.
- საჩივარში წერთ, რომ საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლები შეკრულები არიან და აშკარა დანაშაულს მალავენ. ჰოდა, თქვენს საჩივარს ბადაშვილი იქნებ, კითხულობს, მაგრამ ისიც შეკრულია?
- ამიტომაც, ბადაშვილს პირადად უნდა შევხვდე, გავესაუბრო და თუ კიდევ არ მოჰყვება რეაგირება, მერე, შემეძლება, ვთქვა, რომ ისიც შეკრულია. არ მგონია, გიორგი ბადაშვილმა ის იცოდეს, რაც უნდა ვუთხრა და სწორედ ამიტომ ვწერ, რომ მოსალოდნელია ჩემზე თავდასხმა!
- თავდასხმას ვისი მხრიდან ელოდებით?
- მათი მხრიდან, ვინც უნდა ვამხილო!
- ქალბატონო ელზა, მითხარით, ბოლოს და ბოლოს, ვინ უნდა ამხილოთ?
- პროკურატურის სისტემაში მოქმედი პროკურორები, რომლებიც სახელმწიფოსა და პირადად გიორგი ბადაშვილს ყელში დანას უსვამენ!
- კონკრეტულად, რომელი პროკურორები?
- მათი გვარები არაერთხელ დავაფიქსირე და შედეგად ჩემს ტელეფონზე ჩუმი, უხმო და ამოუცნობი ზარები მივიღე. ვიცი, ასე იწყება...
- ასეთი ზარები ახლაც გრძელდება?
- დიახ, გრძელდება. მოგკლავთო, არავინ მეუბნება, მაგრამ დაფარული ნომრებიდან მირეკავენ და... დუმან... ჯერ ვერ ბედავენ, მოკვლით დამემუქრონ. ვამბობ, რომ ჩემი მოკვლით ისინი ვერ გადარჩებიან, პირიქით, უარესს მიიღებენ, რადგან არსებობს ადამიანი, რომელმაც იცის, რა უნდა გააკეთოს, თუკი რაიმეს დამიშავებენ. ის ყველა მტკიცებულებასა და კონკრეტულ ადამიანებს გამოააშკარავებს.
- იქნებ, იმ ადამიანების ვინაობა, ვინც უნდა ამხილოთ, ერთხელ კიდევ დაასახელოთ...
- მაგალითად, კონკრეტულად, ადეიშვილის საქმესთან დაკავშირებით გეტყვით. ბექა, ყველას ჰგონია, იმისთვის ვიბრძვი, რომ ვთქვა, ადეიშვილი დამნაშავე არ იყო-მეთქი. ამ კაცს თავი დავანებოთ, განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული და ჩემი საჩივარი იმას არც შეეხება, ადეიშვილს მკვლელობის მცდელობა ჰქონდა თუ არა. ვჩივი, რომ პოლიციელებმა და პროკურორებმა ჩაიდინეს დანაშაული. აი, სახელი და გვარი რომ გინდოდათ, პირდაპირ ვამბობ: გამომძიებელმა უჩა გოგოლაშვილმა გამოსცა დადგენილება და დანიშნა ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზა. სწორედ ამ ექსპერტიზას უნდა დაედასტურებინა, სასიკვდილო ჭრილობები ლევან ადეიშვილის დანით იყო მიყენებული თუ არა. გაგიკვირდებათ და, ამ ექსპერტიზის დასკვნა საქმეში არ არის! როცა საქმეს გავეცანი, პარალელურად, დავწერე საჩივარი პოლიციელების და გამომძიებლების მიერ დანაშაულის დაფარვაზე, მტკიცებულებების გაყალბებასა და უფლებამოსილების გადამეტებაზე. ეს საჩივარი შეეხება, თუნდაც, კონკრეტულად, უჩა გოგოლაშვილს. ის ან დებილი და არაკვალიფიციურია, ან გულგრილია და ასეთი მნიშვნელოვანი ექსპერტიზის პასუხი დაკარგა. ახლა მხოლოდ იმის გამოძიება შეიძლება, ასე რატომ მოიქცა.
- უჩა გოგოლაშვილის გარდა, კიდევ ვის და რაში ადანაშაულებთ?
- გოგოლაშვილი გამომძიებელია, რომელსაც ჰყავს საპროცესო ზედამხედველი-პროკურორი. კარგი, ეს გოგოლაშვილი იდიოტია, მაგრამ პროკურორი რას აკეთებს? რატომ არ ეუბნება, ეს ექსპერტიზა რომ დანიშნე, პასუხი სად წავიდაო?! პროკურორს კიდევ ცალკე უფროსი ჰყავს...
- იქნებ, ყველამ ყველაფერი იცის და ერთ აზრზეა, ანუ ასე ვთქვათ, შეიკრნენ? საქმის პროკურორი ვინ იყო?
- პროცესებზე პროკურორად ინგა გოგია გამოდიოდა.
მოკლედ, ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზა გამომძიებლის დადგენილებით დაინიშნა, მაგრამ საექსპერტო დაწესებულებიდან მომწერეს, კი დაგვინიშნეს, მაგრამ ჩვენ არ ჩავატარეთო.
- ესე იგი, გულგრილობა ჩვენ გამოვიჩინეთო?
- არა, საჭიროდ არ ჩავთვალეთ, კომპლექსური ექსპერტიზის დანარჩენმა ნაწილმა პასუხი ყველაფერს გასცა და აზრი აღარ ჰქონდაო. არადა, როდესაც კომპლექსური ექსპერტიზა ტარდება, რომელშიც 4 სხვადასხვა პროფესიის ექსპერტი მონაწილეობს და რომლის მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზა, ერთ ექსპერტსაც არ აქვს უფლება, მეორე ექსპერტის დასკვნის შინაარსი იცოდეს. ახლა, ვკითხულობ, საიდან იცოდა ფიზიკო-ტექნიკურმა ექსპერტიზამ დანარჩენი ექსპერტიზების პასუხი? საიდან იცოდა, რა შეკითხვებზე გაიცა პასუხი და რაზე - არა? შენ რა უფლება გაქვს, რომ დანიშნული ექსპერტიზა აღარ ჩაატარო?! ეს პირდაპირ ექსპერტის დანაშაულია! ამ კონკრეტულ ფაქტს რა გამოძიება სჭირდება, როცა თავად ამბობს, მე გადავწყვიტე, არ ჩამეტარებინაო. ამაზეც არავის აქვს რეაქცია.
- ქალბატონო ელზა, ის საფრთხე, რომელზეც საუბრობთ, შეიძლება, უჩა გოგოლაშვილისგან მოდიოდეს?
- არ ვიცი, კონკრეტულად უჩასგანაა თუ არა. უჩას ზევით, იცით, კიდევ რამდენია?
- რამდენი?
- მთელი არმია.
- და ის ადამიანები ვინ არიან, რომლებმაც, შეიძლება, თქვენი საჩივარი ბადაშვილამდე არ მიიტანონ?
- პირობითად რომ ვთქვა, იგივე უჩა გოგოლაშვილისა და ინგა გოგიას ახლობლები.
- ესე იგი, რა გამოდის: უჩა გოგოლაშვილმა დანაშაული ჩაიდინა, მისმა ზემდგომმაც ბანი მისცა და სოფელიც აშენდა?
- ასე გამოდის. ახლა, ადეიშვილის საქმეს თავი დავანებოთ და ჩემს ახლანდელ საქმეზე მოგახსენებთ: თამაზ ელიზბარაშვილი, რომელსაც აბრალებდნენ, რომ თავისი შვილის საბრალდებო დასკვნა გააყალბა, ექსპერტები მოისყიდა და მინისტრის მოადგილეს ქრთამი მისცა, ოჯახის წევრებთან ერთად, 2010 წელს დაკავებული იყო. ელიზბარაშვილისა და მისი ოჯახის წევრების საქმე ცალკე წარმოებად დარჩა, მაგრამ ექსპერტების საქმე სხვა არის და ახლა ამაზე მოგახსენებთ: ეს კაცი ყველა ბრალდების ყველა ეპიზოდში პირველი ინსტანციის სასამართლოდან გამართლებული გამოვიდა, ანუ დადგინდა, რომ თამაზს არც მინისტრის მოადგილე მოუსყიდია და არც - ექსპერტები, მაგრამ არის ადამიანი, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, მერაბ ქორჩილავა, რომელსაც ელიზბარაშვილმა ვითომ ქრთამი მისცა და რომელსაც შავბნელმა “ნაციონალებმა” ჩვენება თავის დროზე ძალით დააწერინეს. ახლა ეს კაცი საპროცესოთია გამოშვებული. “ექსპერტების საქმე” კი მიმდინარეობს. 2010 წელს დაწყებული საქმიდან 5 ივლისს 5 წელი გადის, რომელიც ბოლომდე არცაა მიყვანილი და ვაპირებ, ამ დღეს სასამართლოს წინ ფლეშმობი გავმართო. თუ როგორი იქნება ეს ფლეშმობი, ამას ყველა ნახავს!
- „ექსპერტების საქმე” როგორ შეიკერა?
- ამ საქმესთან დაკავშირებით განაჩენიც მაქვს, ბრალდების მხარედ მთავარი პროკურატურა გამოდიოდა, რომელმაც დაინახა რა, რომ დამარწმუნებელი განაჩენი იყო, აღარც გაასაჩივრა და მეორე ინსტანციამდე საქმე არც მისულა. პროკურატურამ აღიარა, რომ ელიზბარაშვილს ექსპერტები არ მოუსყიდია და ბრალი უკან წაიღო. ესე იგი, საქმის ამ ნაწილში დაგვეთანხმა. ახლა კი, ქალაქის პროკურატურა გამხეცებული მებრძვის, რომ ექსპერტებს ბრალი დაუმტკიცდეთ. არადა, განაჩენი უტყუარად დადგენილია - არანაირ მოსყიდვას ადგილი არ ჰქონია. თუ ფული არავის მიუცია, მაშ, როგორ აიღებდნენ?! ქალაქის პროკურორს, მიხეილ შაყულაშვილს მივწერე, რომ ამ საქმეზე ძალაშია კანონიერად შესული განაჩენი და შენ რაღას მეომები-მეთქი?! არა... მაინც მებრძვიან.
- მთავარმა პროკურატურამ თუ არ გაასაჩივრა, ვეღარ გავიგე, ქალაქი უკან რატომ არ იხევს, ეხალისება?
- ბექა, მეც მაგას ვამბობ. მაიმუნობას და ტილების ჩაქუჩით დევნას თავი უნდა დაანებონ და საქმეს მიხედონ, ისედაც იმდენი საქმეა გამოუძიებელი. ამას პროცეზებზეც ვეუბნები და ხმას ვერ იღებენ. ყოველთვის უსაქმურობაში ვადანაშაულებ. ვეუბნები, რომ ეს საქმე ივლის, ივლის და ბოლოს, სტრასბურგამდე მივა, სადაც ისევ სახელმწიფოს მოსთხოვენ, რომ კომპენსაციის სახით, თანხა გადაიხადოს და ეს ისევ სახელმწიფო ბიუჯეტს მოაკლდება-მეთქი, მაგრამ ესეც არ ესმით. პროკურორი იჯდა და თავჩაღუნული მისმენდა. ვერც ვეღარაფერს ამბობენ, უკანაც არ მიაქვთ და რამეს არც ბადაშვილს ეკითხებიან, თორემ ის ეტყოდა, დაამთავრეთო. ამის და იმ ყველაფრის გამო, რაზეც უკვე ვილაპარაკე, მინდა, პირადად გიორგი ბადაშვილს შევხვდე.
- რომ დაურეკოთ, ან სხვა ფორმით დაეკონტაქტოთ?
- იყო დრო, ჩემს ზარებს პასუხობდა და ველაპარაკებოდი, მაგრამ ახლა ის ნომერი, რომელიც ვიცოდი, აღარ არსებობს და ვერ ვუკავშირდები.
- საჩივარში ამბობთ, კონკრეტული მტკიცებულებები მაქვსო. რა მტკიცებულებებს გულისხმობთ?
- მხოლოდ გამომძიებლის დადგენილება, რომლითაც ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზა დაინიშნა და საექსპერტო დაწესებულების პასუხი, საჭიროდ ჩავთვალე და ექსპერტიზა აღარ ჩავატარეო, სავსებით საკმარისია, უჩა გოგოლაშვილისა და საექსპერტო დაწესებულების იმ თანამშრომლების დასაჭერად, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს.
- ქალბატონო ელზა, ყველაფერ ამას რეაგირება ისევ რომ არ მოჰყვეს, რას გააკეთებთ?
- კიდევ ვიმეორებ: თუ ბადაშვილთან პირადი კონტაქტის საშუალება არ მომეცა, ვიტყვი, რომ ეს ადამიანი ბლოკირებული, ცუდი მენეჯერი ან შეკრულია. ეს დანაშაულებრივი უმოქმედობაა!
- კარგი, ქალბატონო ელზა... შეხვედრამდე მითხარით, “ფეისბუქთაღლითებზეც” უნდა გითხრათ რაღაცო...
- “ფეისბუქზე” თაღლითობასთან დაკავშირებით, მართლაც, მინდა, გითხრათ და საზოგადოებას გავაგებინო. თაღლითები “ფეისბუქზე” ვინმეს მისწერენ ხოლმე, იწყებენ ურთიერთობას, ამ საუბარში იცნობენ ადამიანს, სწავლობენ მის მდგომარეობას, არკვევენ, ვისი ეშინია - ძმის, დედის, მამის თუ ქმრის და შემდეგ, აშანტაჟებენ.
- უფრო კონკრეტულად მომიყევით...
- ჩემი ნაცნობის მაგალითზე მოგიყვებით: ისე, თავიდან ჩვეულებრივ იწყება... ან რაიმეს იწონებენ შენს გვერდზე, ან გეუბნებიან, ეს რა კარგი სურათი გააზიარეო და შემდეგ გრძელდება საუბარი... ერთ-ერთ ასეთ მიწერ-მოწერისას იმ თაღლითმა მამაკაცმა ჩემს ნაცნობს ჰკითხა, შენი სურათები რატომ არ გაქვს ატვირთულიო. მანაც უპასუხა, სურათები რომ ავტვირთო, ჩემი ქმარი ხომ გაგიჟდება... შენც ხომ იცი, რამდენი კაცი უშლის ასეთ რამეს თავის ცოლს. ეს სამწუხარო რეალობააო. ერთი სიტყვით, იმ კაცმა ამით გაიგო, რომ ამ ქალს ეჭვიანი ქმარი ჰყავდა.
- უკაცრავად, საიდან იცით, რომ თაღლითი, მაინც და მაინც, კაცი იყო? თავად ჰქონდა „საკუთარი“ სურათები ატვირთული?
- მამრობითი სქესი ჰქონდა მითითებული, სურათი საერთოდ არ ედო და დახურული პროფილი ჰქონდა, თუმცა იყო თუ არა ზუსტად კაცი, არ აქვს მნიშვნელობა.
- განაგრძეთ...
- შემდეგ, რაღაც-რაღაცებზე რომ ისაუბრეს, ჩემს ნაცნობ ქალს უთხრა, რადგან ასეთი კარგი მოსაუბრე ხარ, შევხვდეთ და ერთმანეთი პირადად გავიცნოთო. ამან, რა თქმა უნდა, უარი უთხრა, ჩემი ქმარი გაგიჟდება და ასეთი ურთიერთობაც საკმარისიაო. “ფეისბუქთაღლითები” მსხვერპლს არც უხეშად და არც უხამსი სიტყვებით არ ესაუბრებიან. ჰოდა, როცა ამ კაცმა დააფიქსირა, „ჩემი ქმარი გაგიჟდებაო“, უცებ, თავად გაქრა და ამავე პროფილით ასეთი შეტყობინება მოუვიდა ჩემს ნაცნობს: „შე გათახსირებულო, რას მიშვები, ოჯახს მინგრევ?! მე ამ კაცის ცოლი ვარ და შენ განახებ ახლა სეირს!”
არ ვიცი, თავიდანვე ეს ქალი იყო თუ ცოლ-ქმრობა გაითამაშეს, მაგრამ ახლავე გეტყვით, შემდეგ რაც მოხდა: თაღლითები „გავიდნენ“ ამ გოგოზე, დაადგინეს, სად მუშაობდა, დაიწყეს მასთან სამსახურში რეკვა... არ მინდა, ყველაფერი გავშიფრო, რადგან შეიძლება, ქმარი მიხვდეს - ახლაც არაფერი იცის. მოკლედ, თანამშრომლებმაც იცოდნენ, რომ ეჭვიანი ქმარი ჰყავდა.
შემდეგ, ნაცნობმა ქალმა დამირეკა, ყველაფერი მომიყვა და მითხრა, იმ კაცის ცოლს ჩემთან შეხვედრა უნდაო. ჰო, განცხადება ჩემი ნაცნობის წინააღმდეგ პოლიციაშიც შეუტანია, ოჯახს მინგრევსო. ეს ისე ნერვიულობდა, კინაღამ მოკვდა. მივიდა პოლიციაში და დაწერა ჩვენება, რომ არც არავის ოჯახს ანგრევდა და იმ მიწერ-მოწერაშიც ისეთს არაფერს ამბობდა. აღარც მიუწერია იმ კაცისთვის, ბოდიშიც კი მოიხადა, “ფეისბუქიდანაც” წაშალა, მაგრამ ის ქალი არ ჩერდებოდა... ეუბნებოდა, “ფეისბუქის” მინაწერები ამოვბეჭდე და შენს ქმარს უნდა ვაჩვენო, თუ პირადად არ შემხვდებიო. საქმე იმაში იყო, რომ ამის ქმარი მართლა გაგიჟდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ იქ ისეთი არაფერი იყო.
მოკლედ, ამ გოგომ დამირეკა და მითხრა, მიშველეო.
სისხლის სამართლის კანონში ამას იძულება ჰქვია. რადგან ჩემს ნაცნობს არც თავისი სურათი ჰქონდა ატვირთული და, შესაბამისად, ის ქალიც ვერ ამოიცნობდა, მის მაგივრად შეხვედრაზე მე წავედი... წავიყვანე ჩემი მეგობარი, რომელიც ვითომ ჩემი ქმარი იყო.
მოკლედ, კარგად გავითამაშეთ... მივედით და ვუთხარი, მე ვარ ის ქალი, ოჯახის დანგრევას რომ აბრალებ და ეს ჩემი ქმარია, აჩვენე, ერთი, რისი ჩვენება გინდოდა-მეთქი. მანაც ამობეჭდილი მიწერ-მოწერა ჩემს „ქმარს“ მიაწოდა. ამ უკანასკნელმა წაიკითხა და იმ ქალს მიუტრიალდა, კი, მაგრამ ამაში ცუდს რას ხედავო? მე ჩემს ცოლს ვენდობი, “ფეისბუქზეც” ბევრი მეგობარი ჰყავს და სტუმრადაც კი დადიან ჩვენთან. ასე რომ, წინააღმდეგი არ ვარ და თუ შენ ხარ, მაშინ შენს ქმარს მიხედეო. ის ქალი დაიბნა და გაშრა. ელოდებოდა, რომ ჩემი „ქმარი“ გაგიჟდებოდა და ყვირილს დაიწყებდა, რადგან ხომ იცოდა, რომ წესით, ეჭვიანი უნდა ყოფილიყო. ჰოდა, რომ გაოგნდა და გაიშიფრა, ვუთხარი, იცი, ვის ელაპარაკები? იმ ქალის ადვოკატი ვარ, შენ რომ შანტაჟი მოუწყვე და გინდოდა, რაღაცის გაკეთება გეიძულებინა, ეს საუბარი ჩაწერილი მაქვს და დედას გიტირებ, აქედან დაიკარგე და აღარ გამოჩნდე-მეთქი.
- ამით მორჩა?
- კი, ასე დამთავრდა. უბრალოდ, კიდევ კარგი, რომ ჩემს ნაცნობს ჭკუა ეყო, ჩემი ნომერი იცოდა, დამირეკა და მითხრა, თორემ ვინ იცის, შანტაჟითა და მუქარით რის გაკეთებას მოსთხოვდა ის გამომძალველი... თაღლითობა პროფესიად გადააქცია ხალხმა და ამით დაიწყო ფულის შოვნა.
სხვათა შორის, თაღლითობა ე.წ. ბიზნესგარიგებებშიც ხშირია. ვიღაცას შესთავაზებენ, ჩემს ბიზნესში ფული ჩადე, ვითომ მეგობრები და ძმები ვართ უკვეო, წაიყვანენ, ობიექტს აჩვენებენ, ვითომ მათია და ეტყვიან, სწრაფად დავიწყოთ, რომ მალე ვიშოვოთ ფული, ჩვენს შორის დასამალი რაღა არისო. ხალხიც ემოციურ ნიადაგზე, აქაოდა, ყველაფერი გამოვიდა, გამიმართლა და ბიზნესს ვიწყებო, ანკესზე ეგება.
- კი, მაგრამ ხომ არსებობს რეესტრი, სადაც ყველა ოფიციალური დოკუმენტი შეგიძლია ნახო და დარწმუნდე, მართალს გეუბნება თუ არა?
- საქმეც მაგაშია. თაღლითებს მსხვერპლი მაქამდე არ მიჰყავთ. თავგზას უბნევენ, ათას მიზეზს ეუბნებიან, რაღად გვინდა გადამოწმება, აგერ, შენც ხედავ, რაც ხდება, იქნებ, მალე დავიწყოთო. მერე, რესტორანში მიჰყავთ, აქეიფებენ, საქმის დაწყებას აღნიშნავენ და მსხვერპლსაც ოფიციალური მხარე ავიწყდება. ოფიციანტს მოელაპარაკებიან, რომ მოვალთ, ასე და ასე მომმართეო. მსხვერპლიც ხედავს, რომ შემოვიდა ოფიციანტი, გიორგევიჩ, დღეს რა მოგართვათო, კითხულობს და ჰგონია, რომ მისი „ბიზნესპარტნიორი“ საკუთარ რესტორანშია. ნდობა უფრო უღრმავდება და გადამოწმება ავიწყდება.
თაღლითებმა კანონი კარგად იციან და მელასავით იქცევიან. ყოველ მომდევნო ნაბიჯზე „კუდით“ შლიან კვალს. ასე რომ, როცა ჩანაფიქრი გამოუვათ, შემდეგ თითქმის შეუძლებელია, მათი ბრალეულობა დაამტკიცო. მინდა, მივმართო საზოგადოებას: როცა ასეთ რამეს გადააწყდება, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებს, ადვოკატთან გაიაროს კონსულტაცია. ისე, კარგი გამომძიებელი „კუდით“ წაშლილ დანაშაულს ყოველთვის ხვდება.
- ჩვენ კარგი გამომძიებლები გვყავს?
- ასეთი ვერ ვიპოვე.
- ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ქალბატონო ელზა... 5 ივლისს ფლეშმობს ველოდები!