“უკნიდან ვიღაცა მომეპარა... მაღალი იყო... ხელი უშნოდ ჰქონდა მოხრილი...” რუსთაველებს მანიაკის დღემდე ეშინიათ

“უკნიდან ვიღაცა მომეპარა... მაღალი იყო... ხელი უშნოდ ჰქონდა მოხრილი...” რუსთაველებს მანიაკის დღემდე ეშინიათ

1999 წელი რუსთაველებისთვის მტკივნეული და შიშისმომგვრელი იყო - აქაურებს დღემდე ახსოვთ .. რუსთაველი მანიაკის მიერ ჩადენილი მკვლელობები. ამ თემაზე მოსახლეობა ახლაც დაზაფრული ლაპარაკობს და მშობლები ბავშვებს ისევ აფრთხილებენ, რომ ქუჩაში უცხო ადამიანს ლაპარაკი არ გაუბან... თავის დროზერუსთაველ მანიაკადსხირტლაძე გამოაცხადეს და დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ის უდანაშაულო იყო და გაათავისუფლეს... 2001 წელს, ამავე ბრალდებით, მარტვილში ვინმე პირტახია დააპატიმრეს. ამბობენ, ბრალდებული დანაშაულს აღიარებდაო, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა... 2012 წელს, რუსთავის მოქალაქეები პანიკამ ისევ მოიცვა - ქალქში მანიაკი ისევ გამოჩნდა...

 

ირაკლი, 26 წლის, რუსთავის მკვიდრი: - 2012 წლის ზამთარი იყო... ციოდა... შინ მეჩქარებოდა... გზირიშვილის ქუჩაზე ვიყავი, უკნიდან ვიღაცა მომეპარა და... მხოლოდ ის მახსოვს, რომ მაღალი იყო. ხელი რაღაც უშნოდ ჰქონდა მოხრილი, ვფიქრობ, დანა, ან რამე საგანი ეჭირა... შემეშინდა და გავიქეცი... უბანში რომ მოვედი, ბიჭებს ვუთხარი, რაც მოხდა... იმ დროს, ქალაქში მანიაკებზე ლაპარაკობდნენ... არ ვიცი, მანიაკი დამესხა თუ არა, მაგრად შემეშინდა.

ლელა, 53 წლის, რუსთავის მკვიდრი: - 1998-1999 წლები იყო... აი, რომ ვიხსენებ, შვილებს გეფიცებით, ახლაც მბურძგლავს... გავიგე, რომ ვიღაცას 13 წლის გოგო ჯერ გაუუპატიურებია, მერე კი, სასტიკად უწამებია და მოუკლავს... გავგიჟდი, რადგან ჩემი ნინიკოც მაშინ 13-14 წლის იყო... სიმშვიდე დამერღვა, ბავშვს გარეთ მარტო აღარ ვუშვებდი, სკოლასთან ველოდებოდი... რაღაც ფობიასავით გამიჩნდა - სულ თან დავყვებოდი. მერე, ვიღაც დაიჭირეს და ეს ამბავიც დავიწყებას მიეცა... მერე, ახალი მანიაკი გამოჩნდა, ეს უკვე 2011-2012 წლები იქნებოდა... მოსვენება კვლავ დავკარგე...

მარიამი, 21 წლის, რუსთავის მკვიდრი: - 2012 წელი იყო, აბიტურიენტი ვიყავი, მამა შინ შეშინებული დაბრუნდა და მკაცრად გამაფრთხილა, მარიამ, მასწავლებლიდან რომ გამოხვალ, დამირეკე, მოვალ და წამოგიყვანო. ბავშვობაში კი დედა მაფრთხილებდა ხოლმე, მარიამ, თუ ვინმე სადმე გაყოლას, ან რამის ყიდვას შემოგთავაზებს, არ დასთანხმდე, ქალაქში მანიაკი დადისო.

ანი, 27 წლის, რუსთავის მკვიდრი: - იმ საშინელ პერიოდს რა დამავიწყებს - ყველას ოჯახში სრული ქაოსი იყო. წარმოიდგინეთ, 90-იანები, უშუქობა, უწყლოობა, მუშათა ქალაქში მკვლელობა მკვლელობაზე ხდება... ჩემხელა გოგონებს სასტიკად კლავდნენ. 2-3 წლის წინაც თქვეს, რუსთავში მანიაკი დაბრუნდაო და ქუჩაში გვიან გასვლას ვერიდებოდი...

ზაზა, 47 წლის, რუსთავის მკვიდრი: - ძალიან კარგად მახსოვს 1999 წელი, მთელი ქალაქი დაშინებული იყო. ისიც ძალიან კარგად მახსოვს, ეზოში კაცები რომ ვისხედით, ბავშვებს ვეუბნებოდით ხოლმე, აქაურობას არ გასცდეთო! ორი გოგო და ერთი ვაჟი მყავს, საღამოს, შინ რომ მივიდოდი, ვაფრთხილებდი, რომ მარტო არსად წასულიყვნენ, არც - მაღაზიაში. ერთი-ორმა ახლახანსაც თქვა, ღამე ვიღაც მომეპარაო, მაგრამ არ ვიცი, რამდენად მართალია...

მოამზადა სალომე ხუნაშვილმა