უზენაესი საბჭოს ყოფილმა დეპუტატმა, მირიან მირიანაშვილმა, რომლის ინტერვიუც “ქართულ სიტყვაში” ორი კვირის წინ გამოქვეყნდა და რომელიც თავს “ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებლად აცხადებს, თანამშრომლობა შემომთავაზა, საინტერესო ამბებს კიდევ მოგიყვებიო. დავთანხმდი, რაღაც საკითხებს გავშლით და განვავრცობთ-მეთქი. საერთოდ, ადამიანებს რაღაცები ფრაგმენტულად ახსენდებათ და ეს შემთხვევაც ასეთია - ნაცნობ საკითხებში უცნობი ასპექტები და ფაქტები გამოიკვეთა... საუბარი „ნაცმოძრაობიდან“ 4 წევრის წასვლით დავიწყეთ.
მირიან მირიანაშვილი: - ჩემი ცხოვრების 15 წელი ამ პარტიის შექმნა-გაძლიერებას, შემდეგ კი, ბრძოლას შევალიე და კარგად ვიცი, რომ ამ ბანდას მხოლოდ ერთი განმკარგავი, მიხეილ სააკაშვილი ჰყავს. იქ მიშიკოს გარეშე არაფერი ხდება, არავისი აზრი და გადაწყვეტილება არ აინტერესებთ. მიშას თავისი ინფორმატორები ჰყავს და ყველაზე, ვინც მისი ინტერესის სფეროში მოხვდება, კომპრომატებს მათგან იღებს. ამიტომ არ მჯერა, რომ “ნაციონალებს” შორის რამე იდეური შეუთავსებლობაა. ყველაფერი ეს ბლეფია. მიშა ამას დროდადრო აკეთებს, რათა „ნაცების“ დასუსტების იმიტაცია შექმნას და ოპონენტები მოადუნოს. მაინტერესებს, სად გამქცევია ხაჩიძე, ან კუბლაშვილი, რომელი ერთია ტალეირანი?!. მათ დამოუკიდებლად არაფრის მოფიქრება შეუძლიათ.
- ერთი ვერსიით, ოთხეული გაერთიანებას საზოგადოება „ივერიასთან“ გეგმავს...
- „ივერია“ მიშა სააკაშვილის სატელიტური წარმონაქმნია. ამ საზოგადოების შექმნის შესახებ მანამდე ვიცოდი, ვიდრე მიშასგან ვაშაძე გაიგებდა - მომივიდა ინფორმაცია, რომ ეძებდა „სტერილურ“ ადამიანს. სააკაშვილმა გადახედა, გადმოხედა და ვაშაძე აარჩია - მაინც, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრია და იმ კალიბრის ფიგურა, ასეთი საქმე რომ ჩაებარებინა, სხვა ვერავინ ნახა. მიშამ ისიც გათვალა, რომ მისი სატელიტი დასავლეთთან კარგ ურთიერთობაში მყოფი პიროვნება უნდა ყოფილიყო, რათა არჩევნებზე მეტი შანსი ჰქონოდა.
“ნაცმოძრაობიდან” წასულ კვარტეტს უნდოდა, რაღაც კავშირი “ოცნებასთანაც” დაემყარებინათ, თუმცა დეტალურად არ ვიცი, რა მოხდა. მოკლედ ვიტყვი, რომ ყველაფერი ეს მიშიკოს მოგონილია და მის გარეშე არაფერი ხდება.
- ისევ კომპრომატები ახსენეთ, იქნებ, თქვათ, მიშას ვისზე და რა სახის კომპრომატები აქვს?
- მთელი მისი გარემოცვა კომპრომატებზე „ზის“. როცა მიშა ხელისუფლებიდან წავიდა, პარტიაში ისეთი არავინ იყო, ვისაც თამაში დამოუკიდებლად შეეძლო.
- ბატონო მირიან, შეკითხვას გიმეორებთ: სააკაშვილს ვისზე და რა სახის კომპრომატები აქვს?
- ეს კომპრომატები პირადი ცხოვრების ამსახველ დეტალებს ეხება. ძირითადად, სექსუალური ხასიათის მასალებია. ჩვენი უშიშროების მთავარი ფუნქცია, 9 წლის განმავლობაში, კომპრომატების მოძიება იყო. ამას დაემატა მიშას გარშემო მყოფი მანდილოსნების კომპრომატები... მიშამ ქალების შესახებ არსებული კომპრომატებით ლამის ბანკი გახსნა, თან ერთი ჰობიც ჰქონდა: ქალი რომ მობეზრდებოდა, თავის ჩინოვნიკებს აიძულებდა, ცოლად მოეყვანათ, ეს მონები კი, უარის თქმასაც ვერ ბედავდნენ, ეს იყო მათი „ლოიალობის“ ტესტი. აი, ამ მეთოდებით დაიმონა გარემოცვა. ამას, შეიძლება, სიამოვნების მიღების მიზნითაც აკეთებდა. საქმე გვქონდა მომზადებულ ავაზაკთან, რომელსაც 30-იანი წლების სსრკ-ს უშიშროების ხერხები ჰქონდა შესწავლილი.
- მიშაზე ვის ან რა მამხილებელი მასალები აქვს?
- არ ვიცი, ჟვანიას სეიფში ნაპოვნ კომპრომატებს რა ბედი ეწია. ის სეიფი გამოაცარიელეს და ახლა, კაცმა არ იცის, სადაა. თავის დროზე, როცა ზურა სააკაშვილს “მტენიდა”, მახსოვს, ვუთხარი, რომ გადაგვაგდოს, მერე სად მიდიხარ-მეთქი. ამაზე ზურა სიცილით მოკვდა და მიპასუხა, მაჯის სისქე ჯაჭვით მყავს დაბმულიო.
ისე, კომპრომატებს თავი დავანებოთ და საინტერესოა, მიშასთან დაახლოებული პირების სიკვდილიანობის ლოგიკური ჯაჭვი: ჯერ პატარკაციშვილი მოიშორეს - ჩემი აზრით, ბადრი მოკლულია. საჯაიამაც თავი ზუსტად მაშინ მოიკლა, როცა ეს ჟვანია-სააკაშვილის დუეტს აწყობდა.
- ამ დუეტს საჯაიას მოცილება რა ხელს აძლევდა?
- საჯაიას ჟვანია-სააკაშვილზე რაღაც მასალები ჰქონდა!
- მაინც, რა მასალები?
- არ ვიცი, მაგრამ საჯაიას სეიფის შიგთავსი მომენტალურად გაქრა, თუ თავს იკლავდა, მაშინ სეიფი რატომ ადარდებდა? რატომ არავინ იძიებს ამ მკვლელობას? ნახონ უშიშროების საბჭოს იმდროინდელი თანამშრომლების სია, ვინ ვისი ცოლი გახდა, ვინ რა თანამდებობაზეა და ყველაფერს მიხვდებიან. ეს მკვლელობა სააკაშვილის საჭიროებასთან სინქრონიზირებული იყო. მიშას უნდოდა, რომ ძალოვანი სტრუქტურები მის ხელში ყოფილიყო და ერთადერთი ხელისშემშლელი საჯაია გახლდათ. ამ მკვლელობის შემდეგ, ყველაფერს სააკაშვილი აკონტროლებდა.
ერთხელ, ჩემი სასამართლოს საქმე კანცელარიაში ერთ ჩინოვნიკს მივუტანე. შემდეგ, ჩემმა ნაცნობმა, რომლის ვინაობასაც ვერ ვიტყვი ამ ადამიანთან საუბრის ჩანაწერი მომასმენინა...
- ის ჩინოვნიკი, რომელთანაც მიხვედით, ვინ იყო?
- ვინაობა რომ გავასაჯაროვო, ამ პიროვნების ნებართვა მჭირდება.
- კანცელარიას ვინ უსმენდა?
- ხაბურძანიას სტრუქტურა და ჩანაწერებს სააკაშვილის მაგიდაზე დებდა.
ისე, წინა ინტერვიუში არ დაწერეთ, სააკაშვილს პანჩური რომ ამოვარტყი: მიშა პირველი იყო, ვისაც სკოლის მერე მოვარტყი - გამიძალიანდა და მიიღო.
- ბატონო მირიან, “ნაცებს“ პარტიის წართმევას ისევ უპირებთ?
- ახალ პროკურორს წერილი მივწერე, ერთი ხელმოწერის ექსპერტიზას ვითხოვ და ამით “ნაციონალების” დასასრულის დასაწყისი დაიწყება.
სააკაშვილის წრემ, ხელისუფლებაში მოსვლით გათამამებულმა, ძალიან ბევრი ბნელი საქმე გააკეთა. ხელმოწერის გამყალბებელი სამხარაული მოკლეს, რომელიც ამ საქმეში მიშას მხარის ადვოკატი იყო. “ვარდების რევოლუციიდან” გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა საქართველოში დავბრუნდი, სამხარაულზე მითხრეს, „ნაცებთან“ საქმე კარგად ვერ აქვსო. კახეთში ჩასვლას და დალაპარაკებას ვაპირებდი და უცბად მოკლეს. როცა პარტია წამართვეს და სარჩელის დაბრუნების აქტს აყალბებდნენ, ვანოს უთხრეს, ვითომ დედაჩემი იყო „ჩამოსული”, არადა, თვითონ ჩამოჰყვა კარტოფილის „გრუზავიკს“ და ყველა თავისნაირი ჰგონია.
- ეს რა შუაშია?
- მოკლედ, ხელმოწერა კოლმეურნისას მიამგვანეს. ამ ხელმოწერის ექსპერტიზას ლონდონის გრაფოლოგიურ ინსტიტუტში გავაკეთებ, მაგრამ დედანს არ მაძლევენ. ბოლოს და ბოლოს, რა გაუხდა ხელისუფლებას ეს საქმე?! ყველანაირი სამხილი მაქვს, რომლითაც “ნაციონალებს” პარტიას ჩამოვართმევ, თუმცა ვერ ვხვდები, მიშას ხელისბიჭების გარდა, ამ საქმის გაწელვა ვის აწყობს... ესე იგი, მიშას სამართალდამცავ სტრუქტურებში ლობი ჰყავს. “ოცნების” პერიოდში, როცა პარტიის წართმევა პირველად გავასაჩივრე, მიშამ, ნათესავის პირით, მუქარა შემომითვალა. აი, ასე სწრაფად მუშაობდა მაგის ბნელი სისტემა.
- მიშა ახლაც ხომ არ გემუქრებათ?
- კი, უკრაინიდან მითვლის, შენ არ იცი, ვის წინააღმდეგ მიდიხარ და სასჯელს გამოგიტანენო. ისე, მახსოვს, მიშამ თქვა, დედიჩემისა ვჭამე, მირიანს რომ გადავეკიდეო. ეგონა, როგორც ყველა გაუწვა, მეც ისე გავუწვებოდი. “ვარდების რევოლუციის” მერე შემომითვალა, შენი ხელით გამოიტანე სარჩელიო. ჰოდა, მეც ვუთხარი, დენიკინის ორ-შაურიანში ჩააფურთხე-მეთქი. ერთადერთხელ მივედი მიტინგზე, 2007 წლის ნოემბერში და, როცა შინ დავბრუნდი, ყველაფერი თავზე დამემსხვრა - მეორე სახლის სახურავიდან მესროლეს და ნატყვიარს ახლაც ხელუხლებლად ვინახავ.
- ვინ გესროლათ?
- 2007-ში გავარკვევდი? რა თქმა უნდა, ვერ გავარკვიე. ეს გაფრთხილება და დაშინების მცდელობა იყო.
“ვარდების რევოლუციის” შემდეგ ქვეყანა დავტოვე და ირანში წავედი, რათა მიშასგან უსაფრთხოდ ვყოფილიყავი. იქ სომხეთის უშიშროება დამყვებოდა და ნეტა, სომხებს ჩემი გადაადგილება რატომ აინტერესებდათ? ერთ-ერთ ფორუმზე, სომხეთის უშიშროების ყოფილ მინისტრს, კარენ შახნაზარიანს ვეკამათე და უცებ, ანერვიულებულმა მითხრა, მიშას თავი დაანებე, ვიცით, სადაც ხარ და ფრთხილად იყავიო...
- ანუ, საუბარი იქითკენ მიგყავთ, რომ სომხეთის უშიშროება მიშას დავალებით დაგყვებოდათ?
- ეს არ ვიცი, მაგრამ ვერც იმას ვხვდები, სომხებს რა აინტერესებდათ...