საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ქუთაისში, კოპიტნარის აეროპორტს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გაყიდის. საინტერესო ის არის, რომ აეროპორტის მართვის უფლებაზე ხელისუფლება არც ტენდერს გამოაცხადებს და არც აუქციონს. სავარაუდო ინვესტორი ვალდებულია, 1 ლარის სანაცვლოდ, აეროპორტის ინფრასტრუქტურა განავითაროს და რაც მთავარია, უზრუნველყოს ბილეთების დაბალი ფასი. გარდა ამისა, ინვესტორმა გარანტია უნდა დადოს, რომ წელიწადში 20 მილიონ მგზავრს მოემსახურება.
ვინ შეიძლება იყოს კოპიტნარის აეროპორტის სავარაუდო მფლობელი, ან ვის შეიძლება ხიბლავდეს ხელისუფლების მიერ 1 ლარად გასაყიდი აეროპორტი? “ვერსია” “სკაი ჯორჯიას” პრეზიდენტს, გიორგი კოდუას დაუკავშირდა, რომელმაც საკმაოდ საინტერესო და სკანდალური ინფორმაცია მოგვაწოდა:
- “სკაი ჯორჯია” ერთადერთი ავიაკომპანიაა საქართველოში, რომელიც ავია-გადაზიდვებს კოპიტნარის აეროპორტიდან ახორციელებდა. რეისები გვქონდა მოსკოვის, პეტერბურგის, უკრაინის მიმართულებით. სამწუხაროდ, კოპიტნარის აეროპორტში მომსახურების დონე ძალიან დაბალი იყო, ამიტომ მთავრობას შევთავაზეთ, რომ ეს აეროპორტი გარემონტებულიყო, ან ხელისუფლებას გაერემონტებინა და სათანადოდ გაეკეთებინა, ან მოეცა უფლება და ჩვენ გავარემონტებდით. რაც მთავარია, ინვესტიციებსაც განვახორციელებდით. სხვათა შორის, თავდაპირველად, დადებითი გამოხმაურება გვქონდა, მაგრამ შემდეგ ეს პროექტი გაგვიჩერეს, თუმცა არ ვიცი, რატომ. ამის შემდეგ დავტოვე ქუთაისის აეროპორტი, რადგან კონკურენციას ვეღარ ვუწევდი სხვა კომპანიებს, რომლებიც თბილისში დაფრინავდნენ. ამას ისიც დაემატა, რომ ბათუმის აეროპორტიც გაიხსნა, სადაც უკეთესი მომსახურება იყო. დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ნაწილისა და აჭარის მგზავრები, რომლებიც ჩვენი კლიენტები იყვნენ, ცუდი სერვისის გამო დავკარგეთ. ამის შემდეგ გადავედით ბათუმის აეროპორტში და კოპიტნარი მთლიანად დავტოვეთ. არადა, გიმეორებთ, მზად ვიყავით, კოპიტნარის აეროპორტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოგვეწყო და ინფრასტრუქტურაც განგვევითარებინა, მაგრამ მთავრობის მხარდაჭერა ვერ დავინახეთ და კოპიტნარიდან წამოვედით.
ბატონო გიორგი, რამდენიმე წლის წინ ხელისუფლებამ უარი გითხრათ და შეგაჩერებინათ კოპიტნარის პროექტი, მაგრამ ახლა იგივე ხელისუფლება 1 ლარად ყიდის ამ აეროპორტს, თან სავარაუდო ინვესტორს ზუსტად იმავე ვალდებულებას აკისრებს, რისი გაკეთებაც არ დაგცალდათ. გამოდის, ხელისუფლება ნაციონალურ ავიაკომპანიას ბაზრიდან ხელოვნურად აძევებს?
- ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქართველოს ავიაციაში არაპროფესიონალთა გუნდია. მათ არასწორი ხედვა და სტრატეგია აქვთ, რადგან როდესაც ქვეყანაში ავიაცია ვითარდება, ჯერ ავიაკომპანიის სტრატეგია უნდა ჩამოყალიბდეს. უნდა დადგინდეს, რა რეისებს აპირებს, როგორი პოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას, ანუ საითკენ მიდის ქვეყნის ინტეგრაცია. მხოლოდ უცხოურ ავიაკომპანიაზე აქცენტირება, თითქოს ის გააკეთებს იმ საქმეს, რაც ადგილობრივი ბიზნესმენის გასაკეთებელია, ეს მიდგომა არასწორია. ყოველთვის მომგებიანია პოზიცია, როცა ქვეყნის ეკონომიკას ადგილობრივი ბიზნესი მართავს, რომლებიც გადახდისუნარიანები ჩვენს ქვეყანაში არიან.
ავიღოთ მაგალითად, “თურქეთის ავიახაზები”, რომელიც თურქეთის სახელმწიფო ავიაკომპანიაა. შესაბამისად, ეს ავიაკომპანია თურქეთის სახელმწიფო ბიუჯეტში იხდის გადასახადებს, ანუ დასაქმება, სტრატეგია, ხედვა, გეგმა და ცხოვრების სტილი ამ კომპანიაში, თურქეთის სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარეობს და ამის გამო, “თურქეთის ავიახაზებს” ვერ დავძრახავთ. რა თქმა უნდა, ეს ავიაკომპანია რეისებსაც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე შეასრულებს და როდესაც ჩვენი მომხმარებელი მგზავრობის საფასურს იხდის, ცხადია, ეს თანხა თურქეთის სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართება. ჩვენ თუ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და საქართველოს ეკონომიკის მშენებლობას ვაპირებთ, უნდა განვსაზღვროთ, რა არის პრიორიტეტი, ეს ყველაფერი ადგილობრივ ბიზნესმენებს უნდა ვკითხოთ და, შესაბამისად, პრიორიტეტებიც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა განვახორციელოთ.
როგორ გგონიათ, რომელი ავიაკომპანია შეიძლება იყოს სავარაუდო ინვესტორი კოპიტნარის აეროპორტში?
- არა მგონია, “აირზენა” გადავიდეს ქუთაისში, რადგან არაჩვეულებრივად გრძნობს თავს თბილისის აეროპორტში და ბაზაც თბილისშივე აქვს. მე ნამდვილად არ გადავდივარ და ჩემთვის არავის არაფერი შემოუთავაზებია. სხვა ადგილობრივი ავიაკომპანია არ არსებობს და თუ ჩვენი მთავრობა კოპიტნარის აეროდრომს 1 ლარად, უცხოური კომპანიებისთვის ყიდის, ეს არასწორი მიდგომაა. კარგი იქნება, თუკი მთავრობა ადგილობრივ ავიაკომპანიას მოძებნის.
მნიშვნელობა არ აქვს, რომელს. მთავარია, მან გარკვეული ინვესტიცია განახორციელოს კოპიტნარის აეროდრომში და გარდა ამისა, ამ ავიაკომპანიას განვითარების გეგმაც შემუშავებული ჰქონდეს. თუ ჩვენ მხოლოდ უცხოურ კომპანიებს ვეპატიჟებით, ეს არასწორი სტრატეგიაა.
რეალურად, ხელისუფლებას არცერთი ავიაკომპანიისთვის არ შეუთავაზებია კოპიტნარის აეროდრომი, მხოლოდ 1 ლარად გაყიდვას აპირებს. კოპიტნარის აეროდრომის შეძენას თქვენ არ დაგეგმავთ?
- თქვენ წარმოიდგინეთ, უშუალო კონტაქტი მქონდა ეკონომიკის ყველა მინისტრთან - კახა ბენდუქიძიდან დაწყებული, ეკა შარაშიძით დამთავრებული, ყველასთან ვაწარმოებდი მოლაპარაკებას, იმ პერიოდში, ავიაციის დეპარტამენტის უფროსი იყო გიორგი ბოკუჩავა, მასაც ვხდებოდი. ყველას ვუხსნიდი, თუ როგორ უნდა განხორციელებულიყო ინვესტიციები კოპიტნარის აეროპორტში და რა ვალდებულებები უნდა შეგვესრულებინა. როგორც გითხარით, მაშინვე შეაჩერეს ეს მოლაპარაკებები და ახლა კი უკვე დავიღალე.
როგორც ჩანს, ისეთი სიტუაციაა, რომ კოპიტნარს უკვე ჰყავს თავისი მყიდველი და მონაწილეობის მიღებასაც აზრი ეკარგება. ჩემი მონაწილეობა რომ სდომებოდათ, რატომ ადრევე არ წამომყვნენ მოლაპარაკებაზე? არადა, მე კი არ ვყიდულობდი კოპიტნარის აეროდრომს, იჯარით, ანუ რამდენიმე წლით მმართველობაში უნდა ამეღო, მერე ინვესტიციები უნდა განმეხორციელებინა, რომ ინფრასტრუქტურა მომეწყო, ახალი ტერმინალი უნდა ამეშენებინა და ახალი რეისების გახსნასაც ვგეგმავდი.
წარმოიდგინეთ, რომ გამოხშირვის მეთოდით ვცდილობ, დავადგინო, რომელ ავიაკომპანიას შეიძლება უნდოდეს კოპიტნარის აეროდრომის შეძენა. იქნებ, თქვენც დამეხმაროთ...
- არცერთი უცხოური ავიაკომპანია არ იყიდის კოპიტნარის აეროდრომს იმ დროს, როდესაც 220 კილომეტრში, თურქულ ავიაკომპანია “ტავ ჯორჯიას” აქვს თბილისის აეროპორტი მენეჯმენტში აღებული. სხვათა შორის, როდესაც თურქები შემოვიდნენ, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, ძალიან ცუდი რამ გააკეთა, ხელშეკრულებაში პირდაპირ ჩადეს, რომ 300 კილომეტრის რადიუსში, არცერთ ავიაკომპანიას არ აქვს უფლება, რომ აეროპორტი გააკეთოს. ბათუმის აეროპორტიც იმიტომ გადასცეს თურქეთს, რომ ყველა სხვა ავიაკომპანიის წინადადება დაბლოკეს. ახლა, ამის წინააღმდეგ უნდათ, რომ რაღაც ალტერნატივა შექმნან, მაგრამ გარწმუნებთ, ეს დიდი სისულელეა.
კოპიტნარიც ისევ თურქეთს უნდა მიჰყიდონ, რადგან არცერთი უცხოური ავიაკომპანია თურქეთის ამბიციებს არ შეეწინააღმდეგება. იცით, რა ხდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემოგარენში? თურქებმა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან ყველა კაფე-ბარი დახურეს, ერთი კაფე იჯარით აიღეს, თვეში 1800 აშშ დოლარს იხდიან, მაგრამ დაკეტეს და არ ამუშავებენ. ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთეს, რომ მხოლოდ აეროპორტის ბარი ამუშაონ, სადაც საშინელი სიძვირეა. მაგალითად, “კოკა-კოლა”, ან ჩაი რომ დალიოთ, 5 და 10 ლარი უნდა გადაიხადოთ. თბილისის აეროპორტის გარშემო არ არსებობს პატარა კაფე-ბარი, რომ ვიდრე ვინმეს გააცილებთ, ან დახვდებით, მისაღებ ფასად რამე მიირთვათ. ახლა ისევ კოპიტნარს დავუბრუნდეთ, დავუშვათ, ალტერნატიულ კომპანიას მოუნდა და შეიძინა იმ ხელშეკრულების გათვალისწინებით, როგორ შეძლებს აეროპორტის განვითარებას მაშინ, როდესაც თურქეთი აუცილებლად დაბლოკავს და ხელს შეუშლის?