ახალი სკანდალი გივი თარგამაძის წინააღმდეგ

ახალი სკანდალი გივი თარგამაძის წინააღმდეგ

ინ იბრძვის პარლამენტის ,,ნდობის ჯგუფში' ქვოტის მოსაპოვებლად და რა საფრთხეებს შეიცავს ამ ჯგუფში გივი თარგამაძის წევრობა    

გივი თარგამაძის წინააღმდეგ კიდევ ერთი მოძრაობა დაიწყო, უფრო სწორად, განახლდა. ბოლო ხანებში, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა' გივი თარგამაძის საქმიანობაზე კვლევაც ჩაატარა, შემდეგ მისი საპარლამენტო ,,ნდობის ჯგუფიდან' ჩამოშორება მოითხოვა, ახლა კი პარლამენტს ამ ჯგუფში ნაციონალი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტისკენ მოუწოდებს და საპროტესტო განცხადებას უგზავნის. აქ საინტერესო ისაა, ეს მორიგი პოლიტიკური თამაში გივი თარგამაძის, ნაციონალური მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგაა მიმართული, თუ რომელიმე პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ.     

როგორც ,,სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი' აცხადებს, მათ თარგამაძის საქმიანობა 2012-2015 წლების ჩათვლით გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ თარგამაძე პასიური დეპუტატია, სხდომებს სხვა კოლეგებზე ხშირად აცდენს და ამ მოწვევის პარლამენტში არცერთი საკანონმდებლო ინიციატივა არ ჰქონია. დამატებით არგუმენტად, ორგანიზაციამ გახმაურებული შემთხვევა მოიყვანა, რომლის მიხედვით, შსს-ს თანამშრომელმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გზით, პოლიციელ თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული რამაზ დევაძის საზღვრის კვეთის ამსახველი ვიდეომასალა მოიპოვა. ეს მასალა გივი თარგამაძეს გადასცა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია ,,ნდობის ჯგუფიდან' ჰქონდა. შესაბამისად, გივი თარგამაძე ამ ჯგუფის დისკრედიტების მცდელობაში დაადანაშაულეს. ,,ვერსია' სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის თავმჯდომარეს, ლაშა გიორგაძესაც ესაუბრა, რომელმაც ამ თემაზე მორიგი პრესკონფერენცია ჩაატარა: ,,ჩვენი კვლევის მიზანი იმის გარკვევა იყო, რამდენად კვალიფიციურად ასრულებს პარლამენტი მასზე დაკისრებულ მოვალეობას და გამოიკვეთა, რომ დეპუტატების 80% არ მუშაობს! პერსონალურად გივი თარგამაძეზე იმიტომ ვსაუბრობთ, რომ შესაძლოა, მან ისეთი ინფორმაცია გამოიტანოს, რომლის გასაჯაროება დაუშვებელია. ამის მაგალითი უკვე გვაქვს. ერთ დღესაც რომ გავიგოთ, ბატონმა გივიმ თავი ვერ შეიკავა და რაღაც თქვა, ან სოციალური ქსელით გაავრცელა, ეს მისი მხრიდან პროვოკაცია იქნება. ამის გამო მისი სისხლის სამართლებრივი დევნაც რომ დაიწყოს, რაც გართულდება, რადგან თარგამაძე დეპუტატია, ქვეყნის გარეთ, შესაძლოა, კითხვები გაჩნდეს, ეს პოლიტიკური დევნა ხომ არისო?! ამიტომ, საჭიროა პრევენცია მმართველი გუნდის მხრიდან და გივი თარგამაძის მიერ ,,ნდობის ჯგუფის' დატოვება. აქცენტი მასზე მისი პერსონის ოდიოზურობის გამო კეთდება'.

რეალურად, გაცილებით მეტი არგუმენტი და საფრთხე არსებობს, ვიდრე ერთ არამშვენიერ დღეს ცუდ გუნებაზე გაღვიძებული დეპუტატი და ახალი facebook- სტატუსია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ლოგიკური მსჯელობის დონეზე უნდა განვიხილოთ, თუმცა სერიოზული არგუმენტი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გივი თარგამაძისა და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობაა. თარგამაძე, რომელიც სააკაშვილს აქტიურად ეკონტაქტება, თავად საქართველოს ხელისუფლებასაც დაუსახელებია მეზობელი ქვეყნების ჭრელ-ჭრელი რევოლუციების ერთ-ერთ შემოქმედად. პარალელურად, სააკაშვილი ქვეყნის მოქალაქე აღარაა და ავტომატურ რეჟიმში, მისთვის ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიწოდება ,,ნდობის ჯგუფიდან' აკრძალულია. თუ ასეთი რამ მოხდა, თავისუფლად შეგვიძლია, თარგამაძეს უცხო ქვეყნის ჯაშუში ვუწოდოთ. ან რატომ არ იქნება ლოგიკური, ერთ დღეს აღმოვაჩინოთ, რომ ნაციონალი დეპუტატი ექსპრეზიდენტის ,,აგენტია' ,,ნდობის ჯგუფში' და სხვადასხვა უწყებების ბიუჯეტისა და გეგმების შესახებ, უბრალოდ, მეგობრულად ეჭორავება? საფრთხე ნომერი ორი - თარგამაძის ხელში, მისი კონტაქტების წყალობით, რომელიც, სხვათა შორის, მაშინ უფრო უხვად ჰქონდა, როცა პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს თავად ხელმძღვანელობდა, ინფორმაცია უწყვეტ რეჟიმში მიედინებოდა. ალბათ, ახლაც, ამის დასტური შსს-ს გენინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურეობრივი შემოწმების შედეგია - დადგინდა იმ თანამშრომლის ვინაობა, ვინც შსს-ს ბაზაში არსებულ დაცულ ინფორმაციას ნაციონალ თარგამაძეს სისტემატურად აწვდიდა. სწორედ აქედან მოდიოდა ნაციონალების გამორჩეული წევრის ხმამაღალი განცხადებები თუ ანონსები იმის შესახებ, რომელმა კანონიერმა ქურდმა და როდის გადმოკვეთა ან გადაკვეთა საქართველოს საზღვარი. საფრთხე ნომერი სამი - ექსცენტრული გივი თარგამაძე არც ,,ნდობის ჯგუფის' მხილებას მორიდებია და ,,სეზონი' სწორედ ჩვენთან ინტერვიუთი გახსნა. იგი ამ ჯგუფში არსებულ დარღვევებზე საუბრობდა და კონფიდენციალური დეტალების გასაჯაროების საკითხში რამდენჯერმე, წითელ ხაზზეც გაიარა: ,,ხელისუფლებას კვირაში ერთხელ, წუთებითა და წამებით დაზუსტებულ ინფორმაციას ვაწვდი, რომელმა ,,კანონიერმა ქურდმა' გადმოკვეთა საზღვარი, როგორია მისი მარშრუტი, ვის როდის ,,გაადეპორტებენ' და .. მაგრამ არ ესმით, არადა, ინფორმაციები იგივე საშუალებებიდან და სერვერებიდან მაქვს, რაც დღეს ხელისუფლების ხელშია. შეუძლიათ, ჩემზე ოპერატიულადაც მოიპოვონ. იქ ჯერ კიდევაა კარგი ხალხი შემორჩენილი - ჯერ ყველა ვერ გამოყარეს და ეძებონ, ვინ არიან ადამიანები, ვისაც ეს ინფორმაცია გამოაქვს... მთელი ეს მოვლენები, რაც ირაკლი ალასანიას გარშემო განვითარდა, იმით გაგრძელდა, რომ პარლამენტის ნდობის ჯგუფმა და ირაკლი სესიაშვილმა გადაწყვიტეს, აუდიტის სამსახურისთვის წერილი მიეწერათ. მიწერ- მოწერა პარლამენტსა და ამ სამსახურს შორის ზუსტად 1 დღეში დასრულდა, რამდენიმე წერილი გადაუგზავნეს ერთმანეთს, უცებ, პასუხებიც დაბრუნდა და ჰოპ, მეორე დღეს პარლამენტში უკვე ამ მასალების დიდი ნაწილი მოიტანეს და სხდომა ჩატარდა. .. კაბელების საქმე რომ ამოტივტივდა, სესიაშვილმა პირველად მაშინ დამირეკა, აბა, უცებ ვიკრიბებით, ნდობის ჯგუფშიო. რაც ამ სხდომაზე მოხდა, საერთოდ ნონსენსი იყო. აუდიტმა საკუთარი ინიციატივით მოიტანა შემოწმებულ უწყებათა მასალები და აღმოჩნდა, რომ შესწავლილი აქვთ მხოლოდ 2011-2012 წლები და 2013 წლიდან ერთი, თავდაცვის უწყება. ანუ, უწყებები შეამოწმეს მხოლოდ ჩვენი მმართველობის პერიოდში, ,,ოცნების' მოსვლის დღიდან კი მარტო ალასანიას სამინისტროა შემოწმებული. თან ალასანიას საქმეები აუდიტს პროკურატურაში უკვე გადაგზავნილი ჰქონდა, რაც მათი კი არა, ნდობის ჯგუფის ფუნქციაა. სინამდვილეში, ნდობის ჯგუფი მხოლოდ იმიტომ შეკრიბეს, რომ ამ გზით გასაჯაროებულიყო, თუ რა დარღვევები ჰქონდა ალასანიას. აქ ერთიცაა - 2013 წლიდან, შემოწმებულია დაცვის სპეციალური სამსახური, რაც ასევე არ გაასაჯაროეს... არც ერთი უწყებიდან მასალა არაა გადმოგზავნილი, სადაც კანონის მიხედვით, 2 მილიონ ლარზე მეტი შესყიდვა იქნება გაწერილი. ან კანონს არღვევენ და მასალას არ გვიგზავნიან, ან შესყიდვები საერთოდ არ ჰქონიათ. თუ ასეა, მაშინ მართლა დავღუპულვართ და ტყვია-წამლის საყიდელი ფულიც არ გვქონია.' 

არადა, ე.წ. ნდობის ჯგუფი ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო კონტროლის ბერკეტია და ის პირდაპირაა მიბმული უშიშროების საბჭოს და თავდაცვის სამინისტროს სრულიად გასაიდუმლოებულ საქმიანობასთან. თავდაცვის სამინისტრო ვალდებულია, ,,ნდობის ჯგუფს' განსახორციელებელი საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია წარუდგინოს, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების ღირებულება 2 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება - 4 მილიონ ლარს, რათა ამით შეიარაღებულ ძალებზე რეალური კონტროლი განხორციელდეს. ნაციონალების დროს, ,,ნდობის ჯგუფში' ოპოზიციას მხოლოდ ერთი კვოტა ჰქონდა, რომელიც ჯამში, წინა ხელისუფლებამ ოპოზიციას, დავით გამყრელიძეს არ დაუთმო. ახლა კი, შეცვლილი კანონით, ამ ჯგუფში ოპოციზიას ორი კვოტა აქვს. დღეს ამ ჯგუფის შემადგენლობაში გივი თარგამაძე, ირაკლი სესიაშვილი, ზურაბ აბაშიძე, დავით საგანელიძე და ზვიად ძიძიგური შედიან, რადგან კანონის მოთხოვნებს სწორედ მათი საპარლამენტო სტატუსი შეესაბამება. მაგრამ სად წერია კანონში, რომ ,,ნდობის ჯგუფის' ოპოზიციური კვოტა მაინცდამაინც ნაციონალებს უნდა ჰქონდეთ? რატომ არ შეიძლება, ეს მოძრაობა გივი თარგამაძის წინააღმდეგ სწორედ ამ ძალის დაწყებული იყოს?! მით უმეტეს, როცა ოპოზიციაში გადასული თავისუფალი დემოკრატები ნდობის ჯგუფში ადგილს ჯიუტად ითხოვდნენ და ეს ადგილი ზურა აბაშიძეს გაუხერხეს?! არც ისაა გამორიცხული, ნაციონალი თარგამაძის კიდევ ერთი ალასანიასპარტიელით ჩანაცვლება ,,ოცნებასაც' უფრო აწყობდეს - სად ექსცენტრული ოპონენტი და ,,პირსისხლიანი რეჟიმის' შვილი და შედარებით კონსტრუქციული ყოფილი კოლეგა ელჩებისა და დიპლომატების პარტიდან? აქ არც ალასანიას პოლიტიკური ინტერესები უნდა დაგვავიწყდეს - თავისუფალი დემოკრატები საფრანგეთში გაფორმებული სამხედრო მემორანდუმის ირგვლივ განვითარებულ სკანდალზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდნენ. მათ ,,ოცნების' ლიდერებმა დაუფარავი აგრესიით უპასუხეს და განუცხადეს, რომ მსგავსი თემების გასაჯაროება უპასუხისმგებლო საქციელია. ყველაზე მეტად სწორედ ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აღშფოთდა: ,,ბოლო დროს, მოდაში შემოვიდა საიდუმლო საკითხებზე საჯარო საუბრები. არადა, ეს საკითხები ნდობის ჯგუფში უნდა განვიხილოთ'
- ამბობდა სესიაშვილი და ვინ იცის, იქნებ ოპოზიციაში გადაბარგებული დიპლომატი ნდობის ჯგუფში გავლენის გაძლიერებას ცდილობს?! მით უმეტეს, მისი პირდაპირი ინტერესია, ყოფილ უწყებაზე, მათ შორის, ფრანგული ავიაციის თემასა და ,,კაბელების საქმის' მიმდინარე დეტალებზე სრულ ინფორმაციას ფლობდეს?! ვის აწყობს ეს მოძრაობა გივი თარგამაძის წინააღმდეგ ალასანიაზე მეტად, ხელისუფლებას, რომელმაც გივი თარგამაძეს რამდენიმეთვიანი ყოყმანის შემდეგ ,,ნდობის ჯგუფის' წევრობა დაუმტკიცა, თუ ოპოზიციის ლიდერს, რომელსაც მეტი ბერკეტის ფლობით, ხელისუფლებისთვის მეტი პრობლემის შექმნა შეუძლია...