თაღლითობა ებრაულად
90-იანი წლების დასაწყისში, რუსეთის საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილება შევიდა - რუსეთმა ქვეყანაში ჰაერის შეტანა დაბეგრა. ასეთი უცნაური გადაწყვეტილების მიზეზი კი ის სქემა იყო, რომლის მიხედვითაც ებრაელმა ბიზნესმენმა დიდი ფული იშოვა. მან ისტორიული სამშობლოდან ჯერ ყვავილი ჩამოიტანა, მერე გამოაცხადა, ეს ყვავილი მხოლოდ ისრაელის ჰაერზე ხარობსო და სამშობლოდან შუშის სხვადასხვა ზომის ქილებით ჰაერის შემოტანა დაიწყო. რუსეთის კანონმდებლობით ჰაერი არ იბეგრებოდა და ხელისუფლება აზრზე მას შემდეგ მოვიდა, რაც რუსული ბაზარი ებრაული ,,შტოფებით' გაივსო...
ცნობისათვის, დღეს ევროპისა და ასევე რუსეთის მაღაზიაში შეხვდებით ალუმინის ქილას, რომელსაც ,,სომხური ჰაერი' აწერია და ემიგრანტებისთვის არის განკუთვნილი...
რუსთავის #17 დაწესებულებაში ებრაელი პატიმარი იჯდა. სასჯელს ნარკოტიკზე იხდიდა და სულ იმას გაიძახოდა, აქ რამ ჩამომიყვანა, ვიყავი ჩემთვის ჰოლანდიაში, არავინ არაფერს მიშლიდაო. რეალურად კი დიმა საქართველოში შეყვარებულის გამო დაბრუნდა, ცოლად უნდოდა მოეყვანა და იმის მიუხედავად, რომ 12 წელი ჰქონდა მისჯილი, გოგონამ თავგანწირვა დაუფასა და ხელი ციხეზე მოაწერეს. დიმას იმედი ჰქონდა, მამაჩემი რომ გამოვა ჰოლანდიის ციხიდან, ჩემს სანაცვლოდ დიდ ფულს გადაიხდის და გამიშვებენო. დიმას მამას, ბატონ ანტონს, ნიდერლანდებში თაღლითობის მუხლით სამი წელი ჰქონდა მისჯილი და როცა მასზე საუბრობდა, დიმას თვალები უცნაურად, ეშმაკურად უბრწყინავდა.
,,დიმას გაუმარჯოს. როგორ ხარ? შენთან ერთი საკითხი მაქვს განსახილველი და 26-საუკუნოვან ძმობას გაფიცებ, უარი არ მითხრა', - პატიმარი #0578 დიმას საკანი შევიდა და ებრაელ კოლეგას ღიმილით მიესალმა.
,,26 საუკუნის რა გითხრა, მაგრამ თუ რამე შემიძლია...' - აღარ დაამთავრა დიმამ.
,,მომისმინე. როგორც ვიცი, მამაშენი თაღლითობის ბრალდებით ზის ციხეში. ებრაელებს სხვანაირად მოწყობილი ტვინი გაქვთ და შეგიძლია მითხრა, რა გააკეთა ისეთი, რის გამოც 3 წელი მისცეს? თანაც, როგორც მე ვიცი, ჰოლანდიური მართლმსაჯულება ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანურია და იქაური სამი წელი დიდ სასჯელად ითვლება', - #0578 ნარზე ჩამოჯდა.
,,ჰოო... კი უნდა მივმხვდარიყავი ისედაც, მითხრეს შენზე, ისტორიებს აგროვებსო. რა ქნა, ჩემო ძმაო და, დაასირა მთელი ჰოლანდია. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით', - გაიღიმა დიმამ.
,,და უფრო დეტალურად ვერ მომიყვები?!' - სიცილით უთხრა #0578-მა.
,,კარგი. მოკლედ, ჩვენ გლდანში გვაქვს ბინა, აქ ვარ დაბადებული და გაზრდილი, მეც, მამაჩემიც... ბაბუა სოლოლაკში ცხოვრობდა, ალბათ იმის ბაბუაც, მერე იქ გავყიდეთ, აქ ვიყიდეთ და დარჩენილი ფულით ბიზნესი დაიწყო მამაჩემმა. ბიზნესმა არ გაამართლა და ჰოლანდიაში წავედით სამუშაოდ. ხან სად ვეძებეთ სამსახური, ხან სად და ბოლოს ქათმების ფერმაში აღმოვჩნდით. ჩვეულებრივი, ერთ-ერთი დიდი ფერმა იყო ქვეყანაში და ყველაფერი საათივით ჰქონდათ აწყობილი. დაახლოებით ერთ კვირაში მამაჩემმა ხელმძღვანელობასთან შეხვედრა ითხოვა. წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდოდა და ის ვიფიქრე, აქედანაც გაგვყრიან-მეთქი, მაგრამ პირველ შეხვედრას მეორე მოჰყვა, მერე მესამე და ორ კვირაში მამაჩემი ერთ-ერთი შეფი გახდა...
მოვლენების ასეთ განვითარებას სხვები კი არა, მე არ ველოდი, ფერმამ საქმიანობა გაშალა, ბაზარზე მძლავრად შევიდა და ჩათვალე, მთელ ჰოლანდიაში მოწინავე გახდა. ერთი ეგ იყო, ფერმაში სიტუაცია ქათმებისთვის აშკარად შეიცვალა. თუ აქამდე ერთად იყვნენ ქათმები და კვერცხებს რეზინის ე.წ. მატარებელზე დებდნენ, ახლა ყველა ქათამს თივა შეუტანეს და საბუდარივით მოუწყვეს...
ხელფასის გარდა, მამაჩემს იმდენ პრემიას აძლევდნენ, ფული არ იცოდა სად წაეღო. მე სამსახურიდან წამოვედი, მოვიწყვე პატარა სამოთხე და პლანსაც ვეწეოდი, შიგადაშიგ წამალსაც ვიკეთებდი და სულ მეკიდა, ჰოლანდიაში ვიყავი თუ ტაჯიკეთში. იდილია დაახლოებით რვა თვე გაგრძელდა. შემდეგ კი ფერმაში ქვეყნის საგადასახადო სამსახური შევიდა, მერე საგამოძიებო ორგანოები მიჰყვნენ და მამაჩემი დააკავეს. რა თქმა უნდა, სასამართლო არ გამიცდენია და იქ გავიგე, საიდან მოდიოდა ამხელა ფული.
თურმე, მამაჩემს გაურკვევია, რომ მთელ მსოფლიოში ყველაზე იაფი კვერცხი უკრაინაშია. არ ვიცი რატომ, მაგრამ უკრაინული კვერცხი ყველაზე იაფად ფასობს და ექსპორტი ევროპის ბევრ ქვეყანაში ხორციელდება. ჰოდა, მამაჩემმა ჰოლანდიელებს უთხრა, კვერცხი ექსპორტით შემოვიტანოთ და ჰოლანდიურ ბაზარზე როგორც ჩვენი წარმოება, ისე გავუშვათო. ისინი თავიდან არ დაეთანხმნენ, ჩვენ ქათმების ის რაოდენობა არ გვყავს, ამდენი კვერცხის რეალიზება მოვახდინოთ, ამიტომ, ჭარბი ოდენობის პირველივე გამოჩენაზე საგადასახადო შემოვაო. მამაჩემმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. ერთი თვეც არ იყო გასული, თურმე ფერმაში საგადასახადო შევიდა. მამაჩემმა უთხრა, მეცნიერი ვარ, ქათმების ფსიქოლოგიაზე ვიმუშავე და კვერცხის დება ასე გავაორმაგეო. კონკრეტულად კი აუხსნა, რომ თივით მოწყობილი საბუდარი გახვრიტა. დაჯდა ქათამი, დადო კვერცხი, წამოდგა, დახედა და კვერცხი ნახვრეტშია ჩავარდნილი. დაფიქრდა ქათამი, დაჯდა და დადო მეორე კვერცხი ათ წუთში. ასე აუხსნია მამაჩემს მეცნიერული მიღწევა და ისიც უთქვამს, ნახევარი წელი მოვუნდით ფსიქოლოგიის შეცვლას და კიდევ იმისას, რომ ორგანიზმი მზად ყოფილიყო მეორე კვერცხის დასადებად, თორემ ქათმები ძალიან ნერვიულობდნენ და კვერცხებს ნაჭუჭის გარეშე, მოუმზადებელს დებდნენო...
დაჯდა მერე მთელი ჰოლანდიის მეცნიერთა ელიტა და დაიწყო ექსპერიმენტი, რომელიც ექვს თვეში კი მიხვდები, რითიც დასრულდა. შევიდა ისევ საგადასახადო და მამაჩემი თაღლითობისთვის დააკავეს. თუმცა, იმდენი იშოვა ამ ხნის განმავლობაში, რომ უღირდა რა ის სამი წელი და თან ჰოლანდიის ციხეში. ჰოდა, რომ გამოვა, იმედი მაქვს, რომ გადაიხდის და მეც გამიყვანს', - დაასრულა მონოლოგი დიმამ.
,,და რომ მიხვდა, გასაქცევად ჰქონდა საქმე, რატომ არ წავიდა?!' - ჰკითხა #0578-მა.
,,ვეღარ მოასწრო. ბიძაჩემი გაიქცა ცოტა ხნით ადრე და ჩვენს სახლს უთვალთვალებდნენ, ეგონათ, იქ იმალებოდა', - გაეღიმა დიმას.
,,ბიძაშენი რაღატო გაიქცა, ამ საქმეში იყო ისიც?!' - დაინტერესდა #0578.
,,არა. შენ მკვდარი ზღვა ხომ გაგიგია? ჰოდა, ბიძაჩემმა თქვა, მკვდარი ზღვის ტალახი მომაქვს და სამკურნალოაო. ნახევარი ჰოლანდია დადიოდა იმ ტალახის წასასმელად და რეალურად ტალახი ჭაობიდან მოგვქონდა, მერე მარლაში ვწურავდით და იმას ვუსმევდით. ერთ დღეს ,,კაიფში' ვიყავი, გაწურვა დამეზარა და დავიწვით, რა', - თავი გადააქნია დიმამ.
,,როგორ დაიწვით?!'
,,როგორ და, მკვდარი იმიტომ ჰქვია, რომ ვერაფერი ძლებს. ჩვენც იმიტომ ვწურავდით, რომ რამე ცოცხალი ორგანიზმი არ გაჰყოლოდა ტალახს. ამოიღო ბიძაჩემმა ტალახი, ვიღაც ქალს დაასხა და წურბელები და ბაყაყები დაეყარა ტანზე. მიხვდა ის ჩემი ცოდვით სავსე, რომ ატყუებდნენ და ხმაური ატეხა. ამიტომ გაიქცა ბიძაჩემი და როგორც ვიცი, ახლა ბელგიაშია. იქაც ტალახს ყიდის თუ არა, არ ვიცი, მაგრამ უსაქმოდ არ გაჩერდება', - დიმა ნარიდან წამოდგა და ჩაის მოდუღება დაიწყო.
,,მომისმინე, ისრაელში, თავად ებრაელები თუ ატყუებენ ერთმანეთს?' - დაინტერესდა #0578.
,,მასას ვერ მოატყუებ, ერთი და ორი კაცის მოტყუებით კი დიდ ფულს ვერ იშოვი', - გაეღიმა დიმას.
პატიმარი #0578