კანონი მთის სასიკეთოდ

კანონი მთის სასიკეთოდ

მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა მთავრობამ პარლამენტს განსახილველად, ამის თაობაზე 4 ივნისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა პრემიერ-მინსიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. კანონპროექტი მიზნად ისახავს მაღალმთიანი რეგიონებიდან მიგრაციის შეჩერებას და იქ ბიზნესის განვითრების ხელშეწყობას. ნინო ხარაძე განავრცობს თემას.

ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, სპეციალურმა სახელმწიფო კომისიამ დაასრულა მუშაობა კანონპროექტზე, რომელმაც 1999 წელს მიღებულ მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ კანონში ცვლილებები უნდა შეიტანოს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დასრულებული სამუშაოს თაობაზე მთავრობის სხდომაზე განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარბაშვილმა, რომლის თქმითაც, კანონპროექტი სრულყოფილ სახეს უკვე პარლამენტში მიიღებს, თუმცა ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულად მიჩნეული მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონპროექტი უკვე ინიცირებულია.

„მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ვინაიდან პროექტი ითვალისწინებს მაღალმთიან რეგიონებში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის სოციალური შეღავათების და ეკონომიკური საქმიანობის წახალისების სისტემის შექმნას, ასევე, მაღალმთიანი დასახლებების ინფრასტრუქტურული განვითარების მიზნით, დამატებითი ფულადი სახსრების გამოყოფას და მიმაჩნია, რომ ეს არის სასწრაფოდ გასაკეთებელი, ვინაიდან მთა, იცით კარგად, რომ იცლება, იქ ოჯახებს უჭირთ დამაგრება, არ არის არანაირი პირობა და ჩვენ ვალდებული ვართ სასწრაფოდ დავიწყოთ მთის გაძლიერების ღონისძიებები“.

კანონპროექტი თავის არეალში მოიაზრებს ზღვის დონიდან 1500 მეტრზე ზემოთ ყველა დასახლებულ პუნქტს, მაგრამ როგორც სახელმწიფო კომისიის წევრი, მცხეთა-მთიანეთის ვიცე-გუბერნატორი კობა არაბული ამბობს, გათვალისწინებული იქნება რეგიონების პრობლემურობის ხარისხი და არა მათი მდებარეობის ელემენტი. კობა არაბულის თქმით, ეს კანონი და ხელისუფლება პირველად აფიქსირებენ იმას, თუ რა მგომარეობაშია მთა და მთაზე ზრუნვას ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აცხადებენ. კანონის თანახმად, პირველად ისაზღვრება მკვიდრი მოსახლების სტატუსი.

„კანონში პირველად აქცენტი კეთდება არა მის სოციალურ მხარეზე მხოლოდ, რაც პირველი კანონის არსი იყო მთლიანად, არამედ მთის გადარჩენის ეკონომიკურ საფუძვლებზე, რაშიც იგულისმება წარმოების ხელშეწყობა, კოოპერაციული წარმოების ხელშეწყობა, ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის ამ კოოპერატივებში ჩართვის ხელშეწყობა და ა.შ.“.

ქალაქ ამბროლაურის მკვიდრი, რომელმაც საჯაროდ ვინაობის გამხელა არ ისურვა, „რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში ამბობს, რომ მხარის მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, ამას ემატება, გაუმართავი საირიგაციო სისტემის გამო, მოსავლის სიმწირე და ხშირად ხელისუფლების არამართებული სოციალური შემწეობის პოლიტიკა.

„მაღალმთიან სოფლებში, ლიხეთის, ურავის ზონაში, ნიკორწმინდაში არის მესაქონლეობა, მაგრამ იმის გამო, რომ მერე მივა სოციალური აგენტი და დახმარებას მოუხსნის, გარკვეულმა ნაწილმა საქონელი გაიწყვიტა, ურჩევნიათ ბაზარში იყიდონ ერთი ყველი და ეკონომიურად შეჭამონ, ვიდრე თვითონ აწარმოონ. მოსახლეობის უმეტესობა ამბროლაურში გადაბერების პირასაა მისული, 11 ათასი მოსახლიდან ბავშვები და 60-წლამდე ასაკის ხალხი, დაახლოებით, 4 ათასი იქნება. დანარჩენი არის პენსიონერი ან შრომისუუნარო. შრომისუნარიანი მოსახლეობა ისედაც მცირეა, რომ მიწა დაამუშაოს, ისედაც არაფერი არ მუშაობს. აქ მხოლოდ გუბერნია, მუნიციპალიტეტი და საკრებულოა“.

ე.წ მთის კანონის თანახმად, იგეგმება სოციალური დახმარების საკითხის გადახედვაც, ასევე ადგილზე დასაქმებული პედაგოგებისა და სამედიცინო პერსონალისთვის სახელფასო დანამატების გაზრდა, ბავშვიანი ოჯახებისთვის დამატებითი შემწეობის გაცემა, ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 10 წლის განმავლობაში ქონების და საშემოსავლო გადასახადისგან განთავისუფლება.

ასეთი მექანიზმები, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებისა და ბიზნესის ხელშეწყობისკენაა მიმართული, ბევრ ქვეყანაში გამოიყენება, ამბობს ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე, მათ შორის, იტალიაში, საფრანგეთში, ალპების ზონაში ანუ, როცა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს მთის, როგორც კულტურულ- ეკონომიკური ზონის შენარჩუნება. მაგრამ როგორც ლევან კალანდაძე ამბობს, ამ ინსტრუმენტების ეფექტურობის ხარისხი დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის იმაზე, სახელმწიფო რამდენად იქნება მოტივირებული, მისცეს ამ კანონით გათვალსიწინებულ პირობებს განვითარების საშუალება.

„საუბარი იმაზე, რომ ეს ერთ და ორ წელიწადში მთას ააყვავებს ან მთაში მცხოვრები ადამიანებისთვის გახდება ძალიან მიმზიდველი, ეს მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია ორი რამ: ერთი, რომ თავად პოლიტიკა იქმნება მთასთან დაკავშირებით და ეს პოლიტიკა უნდა იყოს განვითარებადი და ზრდადი“.

როგორც მცხეთა-მთიანეთის ვიცე-გუბერნატორი კობა არაბული ამბობს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მისაღებად მხოლოდ ჰიფსომეტრიული პარამეტრი, ანუ ზღვის დონიდან 1000 მ. სიმაღლე არ იქნება საკმარისი. ასევე, არსებული კანონისგან განსხვავებით, ახალ კანონში აღარ იქნება გაწერილი სოფლების ნუსხა.