ქართული კრიმინალი ევროპაში

ქართული კრიმინალი ევროპაში

,,შემთხვევით' დაწყებული ქურდობა და ბრენდულ მაღაზიებში მოპარული 10 000-დოლარიანი საათები

ფრანგული მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად ქვეყანაში კარგად მოქმედი კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს. ჯამში 33 პირია პატიმრობაში აყვანილი და 33-ვე ქართველი. ზოგადად, ევროპაში ქართველების დაკავება აღარავის უკვირს და იმასაც მივეჩვიეთ, რომ ევროპელი სამართალდამცავები სპეცოპერაციას გეგმავენ და ერთდროულად რამდენიმე ქალაქში კრიმინალებს იჭერენ. სამართალდამცავთა ინფორმაციით, დაკავებულები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდნენ და ძირითადად, ძარცვით იყვნენ დაკავებულნი.

,,ყოველდღიურად კოლოსალური რაოდენობის ძარცვა ხდებოდა და საუბარი ძალიან შთამბეჭდავ ციფრებზეა', - ასეთია ფრანგ პოლიციელთა განაცხადი.
საქართველოდან წასული ახალგაზრდების დიდი ნაწილი თავის გადარჩენას კრიმინალით რომ ცდილობს, ახალი არაა. თავიდან ქართველები გერმანიას მიეძალნენ, შემდეგ ესპანეთს, იტალიას, საფრანგეთს და იქაურების თავსატეხად იქცნენ...

,,არ გეგონოს, იქაური პოლიციის უფროსები ისეთები იყვნენ, როგორიც საქართველოში. ჩვენ ვასწავლეთ მუშაობა, დამიჯერე, თორემ მაგათი პოლიციის მაღალჩინოსნები ჩვენს ოპერებთან ახლოსაც ვერ მოვიდოდნენ', - ღიმილით იხსენებდა ხოლმე დათო კ. საზღვარგარეთ მომხდარ ამბებს.

დათო ქართველმა სამართალდამცავებმა ნარკოტიკების მოხმარების გამო დააკავეს და რვა წელი მისცეს. კი ამბობდა, წამალს ვიკეთებდი, მაგრამ მაგ კონკრეტულ შემთხვევაში ჩამიდესო, თუმცა მაშინ საქართველოში ეს არავის აინტერესებდა. ასე მოხვდა დავითა რუსთავის #17 კოლონიაში და იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა და სამი ციხე ჰქონდა მოვლილი, აშკარად საინტერესო მოსაუბრე იყო.

,,დავით, ტელევიზორში რომ აცხადებენ, ქართული კრიმინალური დაჯგუფება, თავისი ბანდის მეთაურებით, მართლა ასეა თუ გიჭერენ და მერე ასე წყვეტენ?!' - ჰკითხა ერთ დღეს პატიმარმა #0578-მა.
,,არა, რა დაჯგუფება და ბანდა?! ჩადიხარ ევროპის რომელიმე ქალაქში, გაივლი ქუჩაში ფეხით და ხვდები, რამდენი ქართველია იქ. ქართველები ყველგან იცნობიან, ხმამაღალი ლაპარაკი გინდა თუ ,,ბოზისშვილი ვიყო'-ს ძახილი. თუ მაგრად გიჭირს, მაშინვე გამოელაპარაკები და იმასაც ხვდები, სასწავლებლად არიან თუ საპარავად. თუ სასწავლებლად, მოგესალმება და სწრაფი ნაბიჯით გაგშორდება. თუ მომპარავები არიან, ჩამოგიდგებიან, გამოგკითხავენ, კაიბიჭობას შემოგფიცავენ და პრაქტიკულად, მეორე დღეს მოსაპარად მიდიხარ, რა. და ასე გრძელდება მანამ, სანამ არ მიხვდები, რომ იმ ქალაქში დარჩენა სახიფათოა. მერე სხვა ქალაქს ირჩევ, მერე კიდევ სხვას და ასე, დადიხარ. ბოლოს ისე გამოდის, ქალაქიდან ქალაქში ყველას იცნობ, ყველასთან ერთად გასვრილი ხარ და თუ ქვეყანას არ იცვლი, გიჭერენ', - გაიღიმა დათომ.

,,და თუ ეგ იცი, რომ გიჭერენ, რატომ არ იცვლი ქვეყანას? საზღვარი არა, ვიზა არა და გადადი-გადმოდი', - გაუკვირდა #0578-ს.
,,მაგ გადადი-გადმოდის თემაა, ავსტრია, ნორვეგია და შვედეთი შიგნიდან რომ ვნახე, ანუ ციხიდან, რა. შვედეთის ციხეში ახლაც სიამოვნებით ჩავჯდებოდი. ნორვეგიის ციხეც ზღაპარია, აი ავსტრიაში ქართველებს აქვთ სიტუაცია გაფუჭებული, მაყურებლების ინსტიტუტი და ,,ობშჩიაკი' და გადარეულები არიან იქაურები. როგორ გინდა, მაგალითად საბუთის გაყალბებაზე ან ავარიაზე ციხეში მყოფ ავსტრიელს აუხსნა რა არის ,,ობშჩიაკი' და მაყურებელი?! საჩივარს საჩივარზე წერენ, ავსტრიელი სამართალდამცავები კი ხვდებიან, რაც ხდება, მაგრამ რა ქნან? ერთი ქართველი ჩაკეტონ სამარტოო საკანში, მეორე იწყებს და ა.შ. ამიტომ, სამარტოო საკანში იმ ავსტრიელს კეტავენ, მომჩივანს, რა და ახლა ამაზე გიჟდება კაცი, მე ვიჩვილე და მე მიკეთებთ იზოლირებასო?!
ნორვეგიაში ტბა არის, ძმაო, ციხის ეზოში, თევზის დაჭერა შეგიძლია ანკესით, მერე ამ თევზის მომზადება და ჭამა. თავიდან შეიძლება გიხარია, მაგრამ მერე ხვდები, რომ იმდენი საკვებია, თევზი გკიდია, რა და გასართობად თუ დაიჭერ. შვედეთში შეგიძლია უთხრა, პრეტენზიული მჭამელი ხარ და წინასწარ, წინა დღით შეუკვეთო, რას შეჭამ. დელიკატესებს ნამდვილად არ მოგიტანენ, მაგრამ საქონლის,  ღორის, ქათმის ხორცი შემწვარი გინდა თუ მოხარშული, უპრობლემოდ მოაქვთ', - ისე ამოიხვნეშა დათომ, გული ამოაყოლა.
,,მერე აქ რა გინდა? წასულიყავი და იქ ჩამჯდარიყავი?!' - გაუცინა #0578-მა.
,,ეჰ, ჩემო ძმაო, ვინ დაგაცადა?! ჩამოვედი აქ, ორი აბი ,,სუბუტექსი' ჩამოვიყოლე, ვიფიქრე, მეყოფა ერთი კვირა, მერე წავალ-თქო და საღამოს აფთიაქში შპრიცი რომ ვიყიდე, ეგრევე ნარკოლოგიურში გადამიყვანეს. რა წესია, მინდა, შპრიცს ვიყიდი ღამე და მინდა, პრეზერვატივს. მერე ,,სუბუტექსი' რომ ამოვარდა ანალიზზე, ჩამიდეს კიდეც და აჰა, აქ ვარ', - ამოიოხრა დათომ.
,,შენც იპარავდი?!' -ისევ ჰკითხა #0578-მა.

,,არა, მე იუველირი ვიყავი. ახლა არ დამიწყო, რა იუველირი, მსხვილი თითები გაქვსო. მოკლედ, ყველა ქვეყანაში არის ბრენდული მაღაზიები და არის ჩინური მაღაზიები. ანუ, ბრენდულ მაღაზიებში მაგალითად ,,როლექსის' ოქროს საათი შეიძლება ღირს ათი ათასი ევრო და ჩინურ მაღაზიაში იგივე ფორმის საათი ღირს ათი ევრო. შედიხარ ჩინურ მაღაზიაში, ყიდულობ ამ ათევროიან ,,როლექსს', ოღონდ ორ სხვადასხვა საათას და მიდიხარ ბრენდის მაღაზიაში. რა თქმა უნდა, ისე გაცვია,  მინიმუმ მინისტრი ჰგონიხარ. საქმიანად ათვალიერებ საათებს და მაჯაზე ის როლექსი კი არ გიკეთია, რომელიც უნდა შეცვალო, სხვა, მეორე. ის, შესაცვლელი კოსტუმის ჯიბეში გაქვს. იხსნი ჩინურ როლექსს და იწყებ საათების მოზომებას. დაახლოებით ათამდე საათს იზომავ და ბოლოს იღებ იმას, რომლის ასლიც ჯიბეში გაქვს. უნდა გაიკეთო ხელზე და ამ დროს გვერდით რომ ძმაკაცი გახლავს, მობილურიდან ზარს უშვებს შენთან. შენ კოსტუმის ჯიბეში იდებ ხელს, რომ მობილურს უპასუხო, საათს ცვლი და თან პასუხობ უკმაყოფილო სახით. მერე, ნაღდი საათი რომ ჯიბეში გაქვს, პატენტს დებ დახლზე, იკეთებ შენ ჩინურ მოდელს ხელზე, ჯიბით მოგაქვს ნაღდი ,,როლექსი' და ჩათვალე, სამი ათასი ევრო გააკეთე. მერე სხვა ქალაქი და სხვა მაღაზია. მთავარია, ერთსა და იმავე მაღაზიაში არ შეხვიდე, თორემ დაღუპული ხარ', - დაასრულა დათომ.
,,მოიცა, კაცო, რა სამი ათასი ევრო, აბა ათი ღირსო?!' - გაოცდა #0578.

,,ეჰ, ჩემო ძმაო, ათი მაღაზიაში ღირს, მაგრამ შავ ბაზარზე 3 ათასიც რომ გადაიხადონ, კარგი პონტია, რა. ხომ იციან, რომ მოპარულია და არ იხდიან მეტს. ევროპელი როგორია, იცი? ნაყიდი ,,როლექსი' თუ უკეთია, სახლში რომ მიგიყვანს სტუმრად, საათის ყუთს, საგარანტიოს და ათას რამეს განახებს, იმის დასამტკიცებლად, რომ ნაყიდი აქვს. შენ თუ ვერ ანახებ, შენი სირცხვილია. მარიაჟები არიან, თავისებურად მარიაჟები. მაგალითად, შეიძლება რომელიმე პიჯაკს ეწეროს, რომ ორ კვირაში ფასდაკლებით გაიყიდება. ადამიანების ნაწილი ყიდულობს და მერე გიფიქსირებს, რომ ორი კვირა კი არ მოიცადა, იყიდა, რა, ფული დახარჯა. პატიოსანი შრომით ნაშოვნი ფული. ამას დიდ ყურადღებას აქცევენ', - გაიღიმა დათომ.
,,და რომ გახვალ, რას აპირებ?!' - ჰკითხა #0578-მა.

,,გულახდილად თუ გინდა, სოფელში მინდა წასვლა და დარჩენა. ჩემები იქ არიან, დავჯდები და ვიფუსფუსებ, მაგრამ მერე, ძალიან რომ მომშივდება, რა ვქნა? ისევ უნდა ავდგე და ევროპაში წავიდე. ევროპაში წამალს გავიკეთებ, აქ სროკის შიშით მაინც აღარ გავეკარები. წამალს მერე ისევ ქურდობა და ხეტიალი მოჰყვება და აღარ მინდა, დავიღალე', - ჩუმად თქვა დათომ.
დავითა 2013 წელს გათავისუფლდა და დღემდე სოფელში ცხოვრობს. ძალიან როცა უჭირს ხოლმე, მონასტერში, ბერებთან მიდის და იქ ორიოდე თვით რჩება, მერე კი ისევ სოფელს უბრუნდება.