ვიდრე „ცირკის მოღვაწეთა კავშირის“ თავმჯდომარეს, გოჩა ხარატიშვილსა და მის პირველ მოადგილეს, ოლეგ თავაძეს არ შევხვდი, ქართულ ცირკზე ბევრი არაფერი ვიცოდი... მართალია, პატარ-პატარა დასი ადრეც არსებობდა, მაგრამ ქართული ცირკი დასაბამს მაინც მე-19 საუკუნიდან იღებს. მის ფუძემდებლად კი, რომან გამსახურდია ითვლება, რომელიც მოსკოვის ცირკში გამოდიოდა და დიდი გამოცდილება ჰქონდა. თავდაპირველად ცირკი მელიქიშვილის ქუჩაზე, ხის შენობაში განთავსდა. მე-20 საუკუნის 30-იან წლებში, რომან გამსახურდიამ, ლავრენტი ბერიასთან შუამდგომლობით, ცირკი გმირთა მოედანზე გადმოიტანა. ცირკის ქართული დასი კი, 50-იან წლებში შეიქმნა და ამაში დიდი წვლილი კულტურის იმდროინდელ მინისტრს, აკაკი დვალიშვილს მიუძღვის. ქართული დასის ჩამოყალიბების შემდეგ, ქართული ცირკის წარმატებაში მონაწილეობა ბევრმა ცნობილმა ადამიანმა მიიღო.
გოჩა ხარატიშვილი: - სსრკ-ს დროსაც, ცირკს სახელმწიფოსგან მიზერული დაფინანსება ჰქონდა, რადგან წარმოდგენებიდან მიღებული შემოსავალი, საშუალებას გვაძლევდა, ჩვენი თავი ჩვენვე შეგვენახა. 90-იან წლებში დაფინანსებას ძალიან მცირე ხნით ვიღებდით, მერე, ესეც შეწყდა. 2004 წელს კი, ცირკის შენობა ბადრი პატარკაციშვილმა იყიდა.
- ცირკი რატომ გაიყიდა?
- შენობას, უსახსრობის გამო, ვერ ვუვლიდით და ნელ-ნელა ზიანდებოდა. ცირკს ვალებიც ჰქონდა. ამიტომ აუცილებლად უნდა გაყიდულიყო. როგორც ვიცი, პატარკაციშვილმა ეს შენობა მიზერულ ფასად იყიდა. კონტრაქტის გათვალისწინებით, 10 წელი ამ ნაგებობას პროფილი არ უნდა შეცვლოდა.
- გაყიდვის შემდეგ, რამე შეიცვალა?
- დიახ, ბადრიმ საკმაოდ დიდი სამუშაოები ჩაატარა და ცირკი აამუშავა, თუმცა 2013 წელს გავიგეთ, რომ შენობა ისევ იყიდებოდა.
- ეს ინფორმაცია ვისგან მიიღეთ?
- ამ საკითხზე ბევრი საუბრობდა.
- თუკი 2014 წლამდე შენობას პროფილი არ უნდა შეცვლოდა, 2013-ში მისი გაყიდვის კანონიერი უფლება არსებობდა?
- არა, შენობა 2014-ში გაიყიდებოდა და პროფილი შეეცვლებოდა.
- დღეს ქართულ საცირკო სამყაროში რა ხდება?
- ამჟამად ცირკი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია - მწირი შემოსავლის გამო, დასი თავის თავს ვერ ინახავს, ცირკის ქართველი მსახიობები ქვეყანას ტოვებენ და სამუშაოდ უცხოეთში მიდიან. დასის წევრებს კულტურის სამინისტროსთან ვშუამდგომლობდი, რათა ქვეყანა არ დაეტოვებინათ და თავიანთი საქმე აქ ეკეთებინათ.
ოლეგ თავაძე: - გაყიდვის შემდეგ, ქართველი მსახიობები გამოგვყარეს, რა უნდა გვექნა? - პატარ-პატარა ჯგუფები შევქმენით და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გავიშალეთ. რაიონებში დავდიოდით და წარმოდგენებს 2-3 ლარად ვმართავდით. დაახლოებით, 12 ჯგუფი გვყავს, რომელთაც კოორდინირებას ვუწევ. მინდა, ყველაფერ ამას ოფიციალური სახე მივცე. ასევე, ვისურვებდი, რომ ყველა რაიონის რესურს-ცენტრი თუ კულტურის სამსახური ჩვენი დასების ჩასვლის თაობაზე ინფორმირებული იყოს და ცირკის მსახიობების ატესტაციაც დაიწყოს.
გოჩა ხარატიშვილი: - წარმოდგენებს სკოლებსა და ბაღებშიც ვმართავთ, მაგრამ დიდი გაჭირვებით... საშინელ ზეწოლას ვგრძნობთ განათლების სამინისტროსგან. ლომაიას მინისტრობის დროს მიიღეს კანონი, რომელიც სკოლაში თანხის შეკრებას კრძალავს, რათა კორუფცია არ იყოს, თუმცა იმ ვიგინდარებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ არსებობს ცირკი, თოჯინების თეატრი და ა.შ.
- ბატონო გოჩა, იქნებ, ასეთი წარმოდგენების გამართვისას კორუფციას გამორიცხავთ?
- ჩემი აზრით, თუ ბავშვი წარმოდგენის სანახავად 2 ლარს გადაიხდის, არაფერი დაშავდება და ეს „ჯუნგლების კანონია“, რომლითაც არსებობის საშუალებას გვისპობენ. ის კორუფცია არაა, განათლების სამინისტროს გადახარჯვა 3 მილიონი რომ აქვს?!
- თუკი ასეთი ვითარებაა, სკოლებში წარმოდგენების გამართვას როგორღა ახერხებთ?
- განათლების სამინისტროში გვითხრეს, წარმოდგენის გამართვის ნებართვა დირექტორისგან აიღეთო, ეს უკანასკნელები კი, ისევ სამინისტროში გვიშვებენ. ისე, შაშკინმა სკოლის დირექტორები დამფრთხალ თაგვებად აქცია და გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვთ... განათლებიდან ეკონომიკის სამინისტროსთან გვამისამართებენ, ამასობაში 6 თვე გადის და ასე, წრეზე გვიწევს ტრიალი. ბოლოს და ბოლოს, ჩვენი წარმოდგენები თუ კორუფციაა, ცეკვის, სიმღერისა და სპორტის წრეებს რა სახელი დავარქვათ? განათლების სამინისტრომ ამ საკითხის მიმართ მიდგომა აუცილებლად უნდა შეცვალოს!
- საბავშვო ბაღებშიც ანალოგიური მდგომარეობაა?
- დიახ. ქალაქ თბილისის მერიის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობა შოუ-წარმოდგენების ჩატარების სასტიკი წინააღმდეგია და განათლების სამინისტროს მსგავსად, ე.წ. „ჯუნგლების კანონს“ იშველიებს, რის გამოც ისევ და ისევ ქართული საცირკო ხელოვნება ზარალდება.
- მიუხედავად იმისა, რომ პატარკაციშვილმა შენობა ააღორძინა, კონტრაქტით, 2014-ში ქართული დასი შეიძლება, გარეთ აღმოჩენილიყო. ხელშეკრულების ეს პუნქტი თავის დროზე რატომ არ გააპროტესტეთ?
- უკმაყოფილება გამოვხატეთ, მაგრამ არავინ გვისმენდა, ალბათ, იმიტომ, რომ ცირკის სახელი დაკნინებულია. ცოტა ხნის წინ, პატარკაციშვილების ოჯახში მიგვიღეს და თანადგომას დაგვპირდნენ, თუ ცირკის გადასარჩენად გეგმას დასახავთ, აქ ვართო.
- ბატონო გოჩა, “ცირკის მოღვაწეთა კავშირზე” რას იტყვით?
- კავშირი წელს, მარტში შეიქმნა, ჩავატარეთ არჩევნები, დამფინანსებელი არ გვყავს. ჩვენი მიზანი ცირკის პოპულარიზაცია და ქართული საცირკო დასის აღორძინებაა.
ოლეგ თავაძე: - ზაფხულში ოლიმპიადა ტარდება, მივმართეთ კულტურის სამინისტროს, მერიას, რათა ყურადღება მოექცია - გვსურდა, ოლიმპიადის მიმდინარეობისას წარმოდგენები გაგვემართა, თუმცა ამაოდ. სამაგიეროდ, ანალოგიურ ღონისძიებებზე მოწვევა აზერბაიჯანიდან გვაქვს. სამწუხარო ისაა, რომ აქ ვართ და ყურადღებას არავინ გვაქცევს.
ცირკის შენობა გაგვიყიდეს, მაგრამ დასმა რაღა დააშავა? რახან შენობა აღარ გვაქვს, საცირკო ხელოვნებამაც არ იარსებოს? პრეტენზია არ გვაქვს, რომ წარმოდგენები მაინცდამიანც ცირკის შენობაში გავმართოთ. ბევრი ადგილია, სადაც ეს შესაძლებელია. თუკი სახელმწიფოს ცირკის შენობის გამოსყიდვის საშუალება აქვს, კი ბატონო, გამოისყიდოს. სახელმწიფოს ვთხოვთ, რომ საცირკო აკადემიისთვის შენობა გამოგვიყოს, რათა ხელი ახალი მსახიობების აღზრდას შევუწყოთ! გადმოგვცენ ყოფილი კინოთეატრ „ვარძიის“ შენობა. ამ ნაბიჯის შემდეგ, პატარკაციშვილების ოჯახის იმედი გვაქვს, რომ ცირკის შენობას წარმოდგენებისთვის დაგვითმობენ.
- თქვენი სურვილები გასაგებია, მაგრამ ამ თემით სახელმწიფოს წარმომადგენლები ინტერესდებიან?
- კულტურის სამინისტროში, ქალბატონმა წულუკიძემ გვითხრა, კარგი იდეები გაქვთ, ჩამოყალიბდით და დაფინანსების საკითხს სექტემბერში განვიხილავთო...
- საცირკო ხელოვნების დაფინანსება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული რატომ უნდა იყოს?
გოჩა ხარატიშვილი: - საქართველოს პარლამენტმა ქართული ცირკის პოპულარიზაციის, აღორძინებისა და გადაუდებელ ღონისძიებათა გატარების შესახებ კანონი უნდა მიიღოს. ნუკრი ქანთარიას შევხვდი, რომელსაც ეს ინიციატივა მოეწონა, მთხოვა ორგანიზაცია შემექმნა და სწორედ ამ ორგანიზაციის ეგიდით დავწერეთ კანონპროექტი. ახლა მოგვხედონ და შემდეგ, ბიუჯეტში შემოსავალს ჩვენც შევიტანთ.
ოლეგ თავაძემ საუბარი ემოციურად დაასრულა:
- თუ ჩვენი იდეები და მოთხოვნები ყურად არავინ იღო, ჯერ ხელმოწერებს შევუგროვებთ, შემდეგ კი, აქციებსაც გავმართავთ. ყველაფერ ამის ბოლო კი ის იქნება, რომ ყველანი ვიტყვით: მიგვიფურთხებია კულტურის ასეთი სამინისტროსთვის და ისეთი საქართველოსთვის, რომელშიც მამა-შვილური თავში წამორტყმა ძალადობაა და ბავშვებისთვის სულიერი საზრდო არ არსებობს. თუ იმის შნო არ აქვთ, რომ დაგვაფინანსონ, მაშინ საქმიანობაში ხელს ნუღა გვიშლიან!