ბატონო პრეზიდენტო!
მინდოდა, ძალიან, ძალიან დიდი ხანია, მინდოდა, თქვენთვის წერილი მომეწერა და მეთქვა, რა მტკივა, რა მაწუხებს, რა მინდა, რისთვის გწერთ... ამიტომ, შორიდან დავიწყებ...
ჩემთვის არაფერს გთხოვთ, არც აქამდე მითხოვია, მაგრამ მოქალაქეობრივი განცდა არ მაძლევს უფლებას, რომ დავმშვიდდე, ბალიშზე თავი დავდო და წინ აღარ გავიხედო...
უკან მოხედვის მეშინია, ბატონო პრეზიდენტო, უკან ბევრი შეცდომაა, წინ კი, გზა, რომელ გზაზეც, მინდა, უშეცდომოდ ვიარო...
ვიცი, რომ თქვენც ასე ხართ!
განვლილი გასახსენებელი არ არის, გასავლელია გასახსენებელი და აი, ასე...
მეც გწერთ, გწერთ ერთი ქალის ისტორიას, რომელიც “ოსმალეთში” გავიცანი...
ეს ქალი ნინო შამათავაა...
მას გარეთ არ ვიცნობდი, გავიცანი იქ, ციხეში, სადაც მზე გისოსებში ფქვილის საფანელივით მოცოცავს, სადაც მზე გაცრილია, სადაც თვლი, რომ ცხოვრება დამთავრებულია და მაინც... მაინც, გჯერა სასწაულების...
ბევრი ქალი ვიცი, ვინც, ჩემთან ერთად, სასჯელი მოიხადა, ვინც ნარკოტიკების რეალიზატორი იყო, მაგრამ ითანამშრომლა და სასჯელის ზომა მინიმალურზე დაუვიდა...
მაგრამ...
ოჰ, ეს “მაგრამ”...
შამათავა, მეგობრებთან ერთად, დააკავეს. მახსოვს, სასჯელი არ უღიარებია და ამბობდა, რომ დამნაშავე არ იყო...
ბევრი, ძალიან ბევრი ვიცი, ვინც ამბობდა, რომ უდანაშაულოა, მაგრამ ამ ძალიან ბევრი ადამიანისგან მხოლოდ ცოტასი მჯეროდა და მჯერა, რომ უდანაშაულო, ან შეცდომით იყო იქ მოხვედრილი.
და ამას მიტომ გწერთ, რომ ნინოსი მჯეროდა.
მჯეროდა, რომ არაფერ შუაში იყო...
ყველაზე მხიარული, ვინც მახსოვს, ნინოა, ყველაზე ერუდირებული და შეუპოვარიც...
სასჯელი დიდი ჰქონდა, ალბათ, - 16, ან 20 წელი...
დანაშაული კი, - ერთი...
მის დანაშაულს მეგობრობა ერქვა...
მეგობარს გაჰყვა - საკუთარი ავტომობილით სადღაც მიიყვანა და აი, ასე დარჩა ბოლომდე ერთგულ მეგობრად. მეგობრის დანაშაულიც გაიზიარა და აღმოჩნდა იქ, “ოსმალეთში”... ნარკოტიკების შენახვაზე...
2012-მა ბევრი რამ შეცვალა, როგორც ჩემს, ისე თქვენს ცხოვრებაშიც...
ნინოს ცხოვრებაშიც მოხდა ცვლილებები:
პირველი: სასჯელი შეუმცირდა...
მეორე: მკერდი მოკვეთეს, დღეს ქიმიას უკეთებენ...
სენმა სძლია ძლიერ ქალს და მოტეხა...
საკანში მარტო დარჩა...
არავისთან აღარ საუბრობს...
აღარც კონტაქტობს.
მას სიცოცხლისფობია აქვს!
რას ვაკეთებთ ამ დროს?
ალბათ, დღეგრძელობას და მზეგრძელობას ვუსურვებთ ხოლმე.
დღეს დღეგრძელობა უფლის ნებაა, მზეგრძელობა კი, - თქვენი!
არ ვიცი, მან მოგმართათ თუ არა შეწყალებით, მაგრამ მე მოგმართავთ!
არ ვიცი, რას აკეთებს შეწყალების კომისია, მაგრამ ვიცი, რომ ნინო შესაწყალებელი არ არის, უბრალოდ, ნინოსგან ჩვენ უნდა შევიწყალოთ ჩვენი თავები!
არ ვიცი, ამ წერილს წაიკითხავთ თუ არა, მაგრამ ვიცი, რომ ნინოს სახლში მოხუცი დედა ელოდება.
ელოდება ბიჭი...
და ელოდება კიდევ ერთი შვილი, რომელიც იშვილა - დედობა გაუწია, პრაქტიკულად, მეგობარს აბორტის გაკეთება აუკრძალა და პატარას თავად აჩუქა სიცოცხლე... მერე, გაზარდა, ბავშვი 9 წლის იყო, როცა მისი მიტოვება მოუწია და... ცხოვრება “ოსმალეთში” ჩვენთან ერთად განაგრძო...
ნინოს დედა 90 წელს მიღწეული უნდა იყოს.
არ ვიცი, ახლა ცოცხალია თუ არა, მაგრამ ნეტა, ცოცხალი იყოს...
ყოველ კვირა, აკანკალებული ხელებით, სადილს ამზადებს და ციხეში მოაქვს, მანამდე არ მიდის, ვიდრე მისი გული არ იგრძნობს, რომ ნინომ ერთი ლუკმა შეჭამა...
არ ვიცი, გაუხარდება თუ არა ნინოს ეს წერილი, მაგრამ ვიცი, რომ მე უნდა მომეწერა...
არ ვიცი, რას გააკეთებთ, მაგრამ მაინც გეტყვით: მზეგრძელობის მადლს ნუ დაიშურებთ!
მზეგრძელობაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს - როცა ცას შეჰყურებ და ხედავ, რომ ცა თავისუფალია!
როცა გრძნობ, რომ შენი გათავისუფლებით სარკმლიდან ის მზეც გათავისუფლდა!
და დღეს ციური სხეულები აღარ არიან დაპატიმრებულნი!
მინდა, ეს წერილი წაიკითხოთ და მერე... იფიქროთ...
მაშინვე ნუ იტყვით კი-ს ან არა-ს...
უბრალოდ, იფიქრეთ იმაზე, რომ ნინო 2008 წლიდან პატიმარია, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ საკმარისზე მეტად დაისაჯა... ახლა კი, ქალს, რომელმაც პენიტენციურ სისტემას ის მკერდი მიაბარა, რომლითაც თავის დროზე შვილი გაზარდა, დრო აქვს, შინ წავიდეს და საკუთარ შვილთან ერთად იბრძოლოს... დღეგრძელობისათვის...
მთავარია, თქვენ გადაწყვიტოთ მისი მზეგრძელობა, დღეგრძელობაზე კი, უფალი იზრუნებს!
მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, რომ მომისმინეთ!
ტყუილი არ მიყვარს და ახლაც ვცდილობ, ისე მოვყვე, რომ ადამიანის ღირსება და პატივი არ შევლახო!
მაკა მოსიაშვილი, ყოფილი პატიმარი