მართალია, 2006 წლიდან ხუთი წელი გავიდა, 2008-დან კი - ლამის სამი, სამართლებრივად ჯერაც ვერ დაგვიმტკიცებია მსოფლიო თანამეგობრობისთვის, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს მოქალაქეების უფლებები 2006 წელს ფეხქვეშ გათელა, 2008-ში კი – ეთნოწმენდაც მოუწყო. მეტიც, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქალაქეთა მიერ აღძრულ საქმეებშიც ვერ გამოიყურება ჩვენი სახელმწიფო, მაინცდამაინც, დამაჯერებლად. რაც , ერთი მხრივ, ჩვენს ბიუჯეტს აცარიელებს, მეორე მხრივ კი, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, იმიჯზე, არცთუ დადებითად მოქმედებს. საერთაშორისო სამართლის სამართლიანობაზე აზრს სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს – მინდია უგრეხელიძეს დავეკითხეთ.
თავს სუბიექტურობის უფლებამ მივცემ და ასე ვიტყვი: როგორ ხდება, რომ ჩვენი სახელმწიფო ცალსახად ვერ ამტკიცებს რუსეთის ბრალეულობას? ასე რთულია ამის დამტკიცება თუ უბრალოდ სათანადოდარ არის მომზადებული შესაბამისი სარჩელები?
– საქართველო უმეტეს შემთხვევაში, ვგულისხმობ საქართველოს და არა მის ხელისუფლებას, არის მართალი და დიდად დასანანია, რომ, მიუხედავად ამისა, მაინც ვერ მოვიხმართ იმ სიმართლეს, რომელიც ჩვენს მხარეს არის. მიზეზი ამას იმდენი აქვს, რომ შეიძლება, ვერც კი ჩამოვთვალოთ, მაგრამ, ალბათ, ყველაზე უპრიანი იქნება, თუ გავამახვილებთ ყურადღებას იმ მიზეზებზე, რომლებიც შესაძლოა, ჩადენილია ქართული ინტერესის დაცვის პროცესში. ვინაიდან დღეს კერძო პირი ვარ და არანაირ უფლებამოსილებას არ ვფლობ, რომ საქმის დეტალებს გავეცნო, ბოდიში მინდა, მოვიხადო თქვენი მკითხველის წინაშე, რომ ჩემს მოსაზრებებს ზოგჯერ ვარაუდებზე ავაგებ, მაგრამ ეს ვარაუდები ზოგჯერ არის არაპირდაპირი მტკიცება, რომელიც შეიძლება, სჯობდეს დანახულსა და გაგონილს. მიმაჩნია, რომ ასეთი პროცესებისთვის მზადება უნდა იყოს სერიოზული და ხანგრძლივი და უნდა აიგოს დიდ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებაზე.
მაშინაც კი, როდესაც აშკარაა, რომ ქართველების ეთნოწმენდა მოხდა, თუნდაც, 2008 წელს? ცხინვალის რეგიონში ხომ თითქმის აღარ არსებობს ქართული კვალი?
–მაშინაც კი, როდესაც ძალიან თვალნათელია, რომ მართალი ვართ, ეს მოითხოვს ძალიან დიდ სამზადისსა და მუშაობას, რომ გვქონდეს ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, რაც ჩვენ გარშემო ხდება. ავიღოთ ორი შემთხვევა; ერთი ეს არის ქართველების გამოძევება რუსეთიდან: რა არის აქ სადავო ან ზნეობრივად, ან იურიდიულად, რომ ქართველების უფლებები სასტიკად შეილახა, მაგრამ განა არ შეიძლება, რომ ფეხბურთის ან მოჭიდავეთა გუნდი ძლიერი იყოს, მაგრამ, დაშვებული შეცდომების გამო, დამარცხდეს?! ჩვენ უძლიერესი მოჭიდავეები გვყავს, მაგრამ, თუ ტატამზე დაიგვიანე, მარცხად ჩაგეთვლება. რაც შეეხება სასამართლოს: არა მარტო თეორიული საკითხების ზედმიწევნით ცოდნაა საჭირო, არამედ სამზარეულოს ზედმიწევნით შესწავლაც. ზოგჯერ ეს უკავშირდება იმას, თუ ვის აირჩევ შენი ინტერესების დამცველად იმ სასამართლოში.
საერთაშორისო პრაქტიკა გულისხმობს ამა თუ იმ ადვოკატის ათვალწუნებას? ჩვენ გვყავდა არასწორად შერჩეული ადვოკატები?
- იცით, ადამიანური ურთიერთობები ძალან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. შესაძლოა, შესანიშნავი ადვოკატი აიყვანო, მაგრამ მას რატომღაც პატივს არ სცემდნენ და სწორედ იმიტომ, რომ ძლიერია, ბევრი მოშურნე ჰყავდეს. ეს ნაწილობრივ მენიშნა ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც საქართველოს სტრასბურგში ჰქონდა წარდგენილი.
ქართველების რუსეთიდან გამოძევების საქმეს გულისხმობთ?
- დიახ. იქაც არაჩვეულებრივი ადვოკატი ჰყავდათ, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოს ინგლისურ ჯგუფს იმ ადვოკატთან ჰარმონიული ურთიერთობა არ აქვს. თუ ეს არ იცი, შეიძლება, შეცდე, მაგრამ, თუ არ იცი, უნდა შეეცადო, რომ იცოდე და შეიტყო მათგან, ვინც იცის. რაც შეეხება ჰააგის სასამართლოს; მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე გავექეცი ამ კითხვაზე მწვავე პასუხის გაცემას, სრულიად აშკარად იკვეთება რამდენიმე კრიტიკული საკითხი: შეიძლება თუ არა, სერიოზული იყოს ისეთი საჩივარი. რომელიც 8 აგვისტოს დაწყებულ ომთან დაკავშირებით 12 აგვიტსო შედის ჰააგის სასამართლოში?! რამდენად შესაძლებელია, ლოგიკურად ან ფაქტობრივად, რომ პროფესიულად ჩამოყალიბდეს სამდურავი გაგანია ომის დროს?!
თუ სარჩელი 2008 წლის 12 აგვიტოს შევიდა, მასში ვეღარ აისახებოდა ის ფაქტები, რომლებიც ამ დროს შემდეგ მოხდა?
- რა თქმა უნდა, შემდეგაც არის შესაძლებელი სასამართლოსთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება, მაგრამ აქ ჩნდება მეორე კითხვის ნიშანი: არსებობს წესი, რის მიხედვითაც, საერთაშორისო სასამართლოები მოითხოვენ, რომ წინასწარ იყოს განვლილი გარკვეული ეტაპები. რაკი სარჩელი ომს ეხებოდა, საკითხი მოსმენილი უნდა ყოფილიყო გაეროს რამდენიმე კომიტეტში ან მხოლოდ ამის შემდეგ გახდებოდა იგი მისაღები წარმოებაში განსახილველად. ეს ის წესია, რომელიც იურიდიული განათლების მქონე ყველა ადამიანმა იცის და ვერ წარმომიდგენია, ეს არ იცოდეს უმაღლესდამთავრებულმა ხალხმა, რომლებიც საქართველოში თანამდებობებზე არიან ან ისეთი მაღალი კვალიფიკაციის იურისტებმა, რომლებიც საქართველოს ჰყავს დაქირავებული ამ საქმეში. როგორ შეიძლება, ეს არ იცოდეს ჯეიმს კროუფორდმა?!
ორმაგი აგენტის არ იყოს, ჩვენ მიერ დაქირავებული ადვოკატებიც ორმაგი ადვოკატები ხომ არ არიან?
- არ ვიცი, მხოლოდ ეჭვებით მოგახსენებთ ამას. მაშასასადამე, წინასწარ უნდა ელოდო, რომ დაბრკოლებები შეგხვდება, მაგრამ, თუ ამას ელი, უნდა მოამზადო ის ზარბაზანი, რომელიც გაანგრევს ამ დაბრკოლებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, მართლები ვართ რუსეთის წინაშე ამ საკითხებში, მართალია ისიც, რომ ეთნოწმენდა მოხდა და ეს ზოგიერთ საერთაშორისო დოკუმენტშიც აისახა, მაგრამ რუსმა გამოიყენა შემდეგი ილეთი: შეიძლება, მართლაც მოხდა ეთნოწმენდა, მაგრამ როგორ მიდიხარ ამ საკითხამდე, როდესაც პროცედურა არ გაგივლიაო. ამიტომ მან აღძრა პროცედურული საკითხი, რომ ჰააგის სასამართლოს არ აქვს უფლება, მიიღოს წარმოებაში საქართველოს სარჩელი განსახილველად და ჰააგის სასამრთლომაც დაუკმაყოფილებელი დატოვა ისეთ ეტაპზე, რომლის შემდეგაც მართალ-მტყუანის გარჩევას აზრი არ აქვს. აქვე მინდა მოგახსენოთ, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სასამართლოები არანაირ შეცდომას არ უშვებენ, მაგრამ ფაქტი ერთია, ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ეს ცდომილება არ მოხდეს.
ჰააგის სასამართლოს იქით სამართლის პოვნა შეუძლებელია?
- სამწუხაროდ, იმის იქით გასაჩივრება შეუძლებელია, თუმცა, როგორც მახსოვს, შეიძლება, ერთგვარი გადასინჯვა იმავე სასამართლოს მიერ, თუკი მოპოვებული იქნება ახალი სასამართლო გარემოება, რომელიც განხილვის დროს ცნობილი არ იყო.
ჩვენ მოვისმინეთ ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტება, რომ კიდევ შეიტანენ სარჩელს რუსეთის წინააღმდეგ?
- მაგრამ იმავე საკითხს ჰააგის სასამართლო აღარ განიხილავს.
–მეტიც, მათ თქვეს, რომ კმაყოფილი ვართ ამ გადაწყვეტილებით, რადგან ჰააგამ რუსეთი კონფლიქტის მხარედ აღიარაო.
ვინ თქვა ეს?
–აკაკი მინაშვილმა, ნინო კალანდაძემ, თინა ბურჯალიანმა.
მე არ ვიცნობ თინა ბურჯალიანს, თუმცა მასზე ბევრი მსმენია, ამიტომ პირადი სიმპათია-ანტიპათია არ შემიძლია, დავიჩემო, მაგრამ განცხადება, რომ საქართველო შეიძლება, კმაყოფილი იყოს ამ გადაწყვეტილებით, ღიმილისმომგვერელია. შენ თუ მიმართავ სასამართლოს, განიხილე ეს საკითხი და ჩემ სასარგებლოდ გადაწყვიტეო, ხოლო სასამართლო არც კი იღებს განსახილველად, რა თქმა უნდა, ამით შენ არ უნდა იყო კმაყოფილი და, თუ მაინც ხარ, მაშინ, როგორც ჩანს, არ იცი, როდის იყო ან არ იყო კმაყოფილი. ჩემთვის გაუგებარია ამ კმაყოფილების ლოგიკა.მაგრამ, თუ ის ითქვა, რაც თქვენ ბრძანეთ, არ არის გამორიცხული მხოლოდ ერთი პირობით: თუ რაღაც სხვა საკითხს დააყენებთ.
ანუ ეთნოწმენდის საკითხს ვეღარ დავაყენებთ?
– ამ საკითხზეც შეიძლება მიბრუნება იმ პირობით, თუკი ახლად აღმოჩენილ გარემოებას მოიძიებ.
ეთნოწმენდის დამადასტურებელი იმ ფაქტებს, ომლებიც ამ განუხილველ სარჩელში იყო მოტანილი, ვეღარგამოვიყენებთ?
–ფაქტებამდე საქმე არ მისულა, იმიტომ რომ საქმე უბრალოდ არ განიხილეს.
ახალი რა გარემოება უნდა აღმოვაჩინოთ?
– არ ვიცი, მაგრამ არ არის გამორიცხული, სხვა ფაქტები მოიტანო და სხვანაირად დაასაბუთო, მაგრამ ის, რაზეც იმ განუხილველ სარჩელში იყო ლაპარაკი, დასაფლავებულია. რომ გითხრათ, რომ ჰააგის სასამართლოში თანასწორთა ბრძოლაა-მეთქი, არ იქნება მართალი, მაგრამ, რაც უფრო უთანასწორო ბრძოლაში ებმები, მით უფრო კარგად უნდა შეიარაღდე. არ შეიძლება, შურდულით გახვიდე იქ, სადაც მეორე მხარეს წყალბადის ბომბი აქვს.
როგორც წესი, ადვოკატი სასამართლომდე გიხსნის, თუ რა შანსი აქვს წარდგენილ სარჩელს. იმ სახელოვან და მრავალმილიონიანჰონორარიან ადვოკატებს ასე ჩაუვლით ის, რომ ჰააგის სასამართლომ განსახილველადაც კი არ მიიღო მათ მიერ შედგენილი სარჩელი?
- ამ საქმეში, როგორც მე მსმენია, ოთხი ძალიან ძლიერი ფიგურა ჰყავდა დაქირავებული საქართველოს. არც გვჭირდება ყველას სახელი, საკმარისია ჯეიმს კროუფორდის დასახელება, იმიტომ რომ ეს არის მოსიარულე ლეგენდა, ცოცხალი კლასიკოსი.
და ცოცხალი კლასიკოსი უშვებს ასეთ ელემენტარულ პროცედურულ შეცდომებს?!
- მე არ ვიცი, უშვებს თუ არა,თუმცა, მაგალითად, მიჩნდება ასეთი კითხვა: ჰააგის სასამართლოში რუსი მოსამართლე ხომ იღებს მონაწილეობას, მაგრამ იმ სასამართლოს ქართველი მოსამართლე არასდროს ჰყოლია, მით უმეტეს ამ პროცედურის გავლის დროს.
გვქონდა უფლება, გვყოლოდა ქართველი მოსამართლე ამ საკითხის განხილვისას?
– საქართველოს არ ჰქონდა უფლება, დაეყენებინა საკითხი, რატომ გყავთ რუსი მოსამართლე, როდესაც რუსეთის საქმე განიხილებაო და რომ დაეყენებინა კიდეც ეს საკითხი, არავინ დააკმაყოფილებდა, მაგრამ რჩება მეორე საკითხი: ჰქონდა თუ არა საქართველოს უფლება, მოეთხოვა ქართველი მოსამართლის მონაწილეობა ამ საქმის განხილვისას? საქართველოს ჰქონდა ეს უფლება და ეს ევალებოდა მის ადვოკატებს და ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელს ჰააგის სასამართლოში და ეს ხელს შეუწყობდა სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას.
როგორ? არ იგულისხმება, რომ ჰააგის სასამართლო საქმეს განიხილავს ოიბექტურად, ფაქტებს და არგმუნტებზე დაფუძნებით? რა შუაშია მოსამართლის ეროვნება?
– რა თქმა უნდა, ისინი საერთშორისო მოსამართლეები არიან და არა ამა თუ იმ ქვეყნის აგენტები, მათ უნდა დაივიწყონ საკუთარი ეროვნებები და უნდა იყვნენ პირუთვნელნი, მაგრამ ეროვნული მოსამართლის მონაწილეობა ყოველთვის სასურველია, მაგალითად, სტრასბურგში, სადაც მქონდა პატივი, მემსახურა ათი წლის განმავლობაში, ეს აუცილებელიც კი იყო, რადგან მიიჩნევა, რომ არავინ იცნობს ისე კარგად ქვეყნის სამართლებრივ სისტემასა და ფაქტობრივ გარემოებებს კარგად, როგორც ეროვნული მოსამართლე. მისი ეს ცოდნა კი გაცილებით აადვილებს ჭეშმარიტების დანახვას და უცდომელი გადაწყვეტილების მიღებას.
მეორე მხრიდან შევხედოთ საკითხს: რუსეთს შერჩა ქართველების ნახირივით გამორეკვა, ქართველების ეთნოწმენდა. არ არის საერთაშორისო სამართლის ხარვეზი, როდესაც პროცედურული შეცდომის გამო იჩაგრება ისედაც დაჩაგრული მართალი მხარე? ასეთი უსამართლოა საერთაშორისო სასამართლო?
– თქვენი გულისტკივილი ჩემთვისაც საცნაურია, მაგრამ ის, რაც საერთაშორისო სასამართლოს ახლავს ნაკლად, მხოლოდ ჩვენს საქმეს არ შეეხება. იქ ბევრი რამ დამოკიდებულია იმ მოვალეობების კეთილსინდისიერ შესრულებაზე, რაც ეკისრება საერთაშორისო სასამართლოს. შეიძლება, მართალი იყო, მაგრამ, თუ საერთაშორისო ცხოვრებით ცხოვრობ, იმდენი თავი მაინც უნდა გქონდეს, რომ მიიტანო ეს სიმართლე და იმდენი მაინც უნდა შეძლო, არ იყო მხოლოდ ძვირად ღირებული ადვოკატების იმედად და არ უშვებდე პროცედურულ შეცდომებს. საერთოდ, თუკი ჩვენ თეორიულად დავუშვებთ იმას, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულებასაც შეიძლება, მოუვიდეს შეცდომა, სხვა მხრიდან უნდა განაგრძო ბრძოლა: სხვა სასამართლოში, სხვა ფაქტებზე დაყრდნობთი და არის კიდევ ერთი საშუალება: საერთაშორისო აზრის კონსოლიდაცია. თუ ამის თავი გაქვს, უნდა დარაზმო საერთაშორისო აზრი ამ აშკარად უსამართლო გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ.
შეაფასეთ ჩვენ მიერ რუსეთისთვის ამ ორივე საქმის მოგების ალბათობა.
– ძალიან მცირეა. ეს ისეთივე წაგებული ომია, როგორიც ზოგიერთი სხვა ომი; მაგრამ, თუ გულს გავიკეთებთ, ამას არავინ დაგვიშლის და ვერც შეგვედავება. შესაძლოა, ასეც მივუდგეთ ამ საკითხს: ეს არის ახალი სტიმული, რომ კიდევ უფრო დიდი შემართებით ვეკვეთოთ მტერს.
ოღონდ პროცედურის დაცვით. და ბოლოს, რას მოგვიტანს სამართლებრივად და არასამართლებრივად რუსეთისთვის ეთნოწმენდის ბრალდების დადასტურება?
– ეს ცალკე თემაა და ძალიან დიდი. ეს საკითხი უკვე არის მოხსენიებული რამდენიმე დოკუმენტში. რა თმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ისტორიული ვალია, რომ, სანამ სული გვიდგას, ვიბრძოლოთ, რომ დავიბრუნოთ არა მმხოლოდ ტერიტორიები, არამედ ჩვენი მთელი რიგი იურიდუილი უფლებები; თუ არ იქნა ამის იურიდიული საფუძველი, მაშინ მხოლოდ პარტიზანული და არალეგიტიმური საშუალებებით მოგვიწევს. თუ ეთნოწმენდა იქნა აღიარებული, მაშინ სულ სხვა წარმატებებს მივაღწევთ.