ფინანსური დარღვევები ენერგეტიკის სამინისტროში

ფინანსური დარღვევები ენერგეტიკის სამინისტროში

 

2014 წელს, კალაძის უწყებაში 1 650 870 ლარის პრემია და დანამატი გასცეს   

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო შეამოწმა. სახელმწიფო აუდიტორებს ვიცე-პრემიერის, კახა კალაძის უწყებაში ისეთი დარღვევა არ აღმოუჩენიათ, რის გამოც დასკვნას მთავარ პროკურატურაში გადაგზავნიდნენ. ,,ვერსიას' აუდიტის სახელმწიფო სამსახურში განუმარტეს, რომ შემოწმების დროს ენერგეტიკის სამინისტროში, ძირითადად, ფინანსური დარღვევები აღმოჩნდა, რომელთა გამოსწორებაც შესაძლებელია. 2014 წლის განმავლობაში, ენერგეტიკის სამინისტროს საშტატო ნუსხით დამტკიცებული თანამშრომელთა რაოდენობა სრულად დაკომპლექტებული არ ყოფილა და წლის განმავლობაში, 23 ვაკანტური თანამდებობიდან, არც ერთ მათგანზე კონკურსი არ გამოცხადებულა. შედეგად, ენერგეტიკის სამინისტრომ შრომის ანაზღაურების მუხლში 28 440 ლარი დაზოგა, რის ხარჯზეც, პრემიები და სახელფასო დანამატები გასცა.     

დარღვევები ენერგეტიკის სამინისტროში
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს კონსოლიდირებული ბუღალტრული ანგარიშგების აუდიტი ჩაატარა, რომელიც მოიცავს ბალანსს 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. ამ ანგარიშში ასახულია ინფორმაცია, რომელიც ხარჯებს, არაფინანსური აქტივებით საკასო ოპერაციებს, ფინანსური აქტივებითა და ვალდებულებებით საკასო ოპერაციებს, წმინდა ღირებულებებს, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ სახსრებს, არაფინანსური აქტივების მიღება- გასვლას, ეკონომიკური ნაკადების შედეგად ფინანსური აქტივების, ასევე ვალდებულებების ცვლილებებსა და არაფინანსური აქტივების ანალიზურ აღრიცხვას ეხება. ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელობა პასუხისმგებელია ბუღალტრული ანგარიშგების მომზადებასა და მის წარდგენაზე. ეს პასუხისმგებლობა მოიცავს შიდაკონტროლის სისტემის შემუშავებას, დანერგვასა და შენარჩუნებას, რაც საჭიროა ისეთი ბუღალტრული ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენისათვის, რომელიც არ შეიცავს შეცდომით, ან განზრახ არამართლზომიერი ქმედებით (თაღლითობით) გამოწვეულ არსებით უზუსტობას. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო', განთავსებულია თბილისში, სანაპიროს ქ. #2-ში (იუსტიციის სახლის შენობა). სამინისტროს დაკავებული აქვს 2.388 კვადრატული მეტრი, ხოლო სააგენტოს 276 კვ.მ იმის გამო, რომ იუსტიციის სახლის შენობა ექსპლოატაციაში მიღებული არ არის, საჯარო რეესტრის ამონაწერში სამინისტროსა და სააგენტოს სარგებლობის უფლება ამ ქონებაზე არ ფიქსირდება. მეტიც, მათ ბალანსებზე შენობის ღირებულება ასახული არ არის. სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2014 წლის 29 აგვისტოს, შპს ,,ქეიჯი ენერჯისგან' ენერგეტიკის სამინისტროს უსასყიდლოდ გადაეცა ,,ბახვი 1-2' ჰესისა და ,,ბახვი 5' ჰესის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ტექნიკურ- ეკონომიკური კვლევების ამსახველი დოკუმენტაცია, რომლის ჯამური ღირებულება 2 808 622 ლარია. ეს დოკუმენტაცია სამინისტროს ბალანსზე აისახა არამატერიალური ძირითადი აქტივის ანგარიშზე, არადა მარაგის ანგარიშზე უნდა ასახულიყო. შესაბამისად, მასზე დარიცხულია ძირითადი კაპიტალის მოხმარება ისტორიული ღირებულების 1%-ის ოდენობით, რაც 28 086 ლარია. სამინისტრო ამ აქტივს არ იყენებს და ვერ აკმაყოფილებს ძირითად აქტივად აღიარებისთვის ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით განსაზღვრულ მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტები ასკვნიან, რომ ამ აქტივს ცვეთა არ უნდა დაერიცხოს. ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით, ხარჯების შესახებ ანგარიშში, ანუ ,,ფორმა #2'-ში, ძირითადი კაპიტალის მოხმარება არამართებულად, 28 086 ლარითაა გაზრდილი.     
  
დარღვევები ბუღალტრულ აღრიცხვაში 
2014 წლის 1 მაისს, ენერგეტიკის სამინისტროს, სს „საპარტნიორო ფონდმა“ უსასყიდლოდ გადასცა ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და აქტივები, რომლის ჯამური ღირებულება 3 122 486 ლარია. აღნიშნული ოპერაცია სამინისტროს ბუღალტრულ ჩანაწერებში ასახულია, როგორც პირდაპირ წმინდა ღირებულებისა და ძირითადი აქტივების ზრდის სახით. ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მიხედვით, ძირითადი აქტივების უსასყიდლოდ მიღება აისახება ძირითადი აქტივების შესაბამისი ანგარიშების დებეტსა და გრანტების ან სხვა შემოსავლების ანგარიშების კრედიტში, ხოლო ერთი დონის სახელმწიფო ერთეულების შემთხვევაში – წმინდა ღირებულების ანგარიშის კრედიტში. იქიდან გამომდინარე, რომ სამინისტრო და სს „საპარტნიორო ფონდი“ ერთი დონის სახელმწიფო ერთეულებს არ წარმოადგენენ, სახელმწიფო აუდიტების დასკვნით, აღნიშნული ტრანზაქცია უნდა ასახულიყო ძირითადი აქტივების შესაბამისი ანგარიშების დებეტსა და გრანტების ან სხვა შემოსავლების ანგარიშების კრედიტში.  
    
დარღვევები შრომის ანაზღაურებაში 
2014 წლის განმავლობაში, ენერგეტიკის სამინისტროს საშტატო ნუსხით დამტკიცებული თანამშრომელთა რაოდენობა სრულად დაკომპლექტებული არ ყოფილა და 23 ვაკანტური თანამდებობიდან, წლის განმავლობაში არც ერთ მათგანზე კონკურსი არ გამოცხადებულა. შედეგად, შრომის ანაზღაურების მუხლში 280 440 ლარის ეკონომია დაგროვდა, რის ხარჯზეც ენერგეტიკის სამინისტრომ პრემიები და სახელფასო დანამატები გასცა. 2014 წლის განმავლობაში, როგორც სამინისტროს, ასევე სააგენტოს თანამშრომლები, ყოველთვიურად, შრომის ანაზღაურებას პრემიის სახით, 2014 წლის ივნისის ჩათვლით იღებდნენ. არადა, მთავრობის დადგენილებით, საბიუჯეტო ორგანიზაციებში ამ პერიოდულობით პრემიების გაცემა შეიზღუდა. თუმცა, როგორც ენერგეტიკის სამინისტრომ, ასევე ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ', 2014 წლის ივლისშივე გამოსცეს ბრძანებები სახელფასო დანამატების დამტკიცების შესახებ, რომლითაც თანამშრომლებზე გაცემულმა დანამატებმა იგივე ციფრი - 280 440 ლარი შეადგინა, რაც მანამდე პრემიების სახით გაიცემოდა. სახელმწიფო აუდიტორების დასკვნით, 2014 წლის პირველ ორ კვარტალში, პრემიის სახით, ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომლებზე 412 975 ლარი, ხოლო ბოლო ორ კვარტალში დანამატის სახით - 451 890 ლარი გაიცა. ანალოგიურად, სსიპ ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს' თანამშრომლებზე პრემიის სახით, პირველ ორ კვარტალში 124 045, ხოლო დანამატის სახით, ბოლო ორ კვარტალში 101 080 ლარი გაიცა. 2014 წლის განმავლობაში, ენერგეტიკის სამინისტროსა და სააგენტოს თანამშრომლებზე გაცემული პრემიები და დანამატები რომ დავაჯამოთ, გამოდის, რომ მთლიანობაში, ამ მიზნით, კახა კალაძის უწყებაში 1 650 870 ლარი დაიხარჯა. რაც მთავარია, ენერგეტიკის სამინისტროსა და სააგენტოს თანამშრომლებმა სახელფასო დანამატების დანიშვნის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტორებს შესაბამისი დოკუმენტი ვერ წარუდგინეს.     

2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან შესაბამისობა 
2014 წლის მარტსა და აპრილში, სსიპ ,,სახელმწიფო ნავთობისა და გაზის სააგენტოს' შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა 6 თანამშრომელს შეადგენდა. შესაბამისად, დარღვეულია საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონი, რომლითაც საბიუჯეტო ორგანიზაციაში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საშტატო რაოდენობის 2%-ს, ხოლო იმ ორგანიზაციებში, სადაც საშტატო რაოდენობის 2%, 5 ერთეულზე ნაკლებია, ხელშეკრულების თანახმად, დაქირავებულთა რაოდენობა 5 ერთეულს არ უნდა აღემატებოდეს. რაც შეეხება სახელმწიფო შესყიდვებს, 2014 წლის განმავლობაში, სამინისტროს მიერ განხორციელებული 269 შესყიდვის ჯამური სახელშეკრულებო თანხა 3 591 398, ხოლო საკასო ხარჯი 3 128 348 ლარი იყო. საყურადღებოა, რომ სამინისტროს მიერ, 2014 წლის განმავლობაში, სახელმწიფო შესყიდვებზე, ავანსად 1 491 929 ლარი გაიცა, საიდანაც 3 240 ლარი პირველ კვარტალში გაიდაიხადეს, ხოლო დარჩენილი 1 488 689 ლარი, სამშენებლო სამუშაოებისთვის მეოთხე კვარტალში გასცეს ავანსად.     
 
სახელმწიფოსაწარმოებზეგაცემულისესხებისაღრიცხვა 
2014 წლის განმავლობაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო 168 660 109 ლარით დაფინანსდა. მთლიანი ასიგნებებიდან, 56 176 515 ლარი, საშინაო სესხების სახით, ფინანსური აქტივების ზრდის მუხლიდან გაიხარჯა. სესხები საქართველოს მიერ აღებული საგარეო ვალებიდან გაიცა, უფრო ზუსტად, ფინანსთა სამინისტრომ საგარეო ვალი შპს ,,ენგურჰესსა' და სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაზე' გადაასესხა. ამ სესხებიდან 17 088 610 ლარი, შპს ,,ენგურჰესმა' ენერგეტიკის სამინისტროს სახაზინო ანგარიშის გავლით მიიღო, დანარჩენი 39 087 905 ლარი - უშუალოდ შპს ,,ენგურჰესისა' და სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის' საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხეს. სახელმწიფო აუდიტორების დასკვნის მიხედვით, აღნიშნული სესხები ენერგეტიკის სამინისტროს ბალანსზე აქტივის სახით არ ასახულა. ამ თანხებით, შესაბამის ანგარიშებთან კორესპონდენციით, წმინდა ღირებულება შემცირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ კონკრეტულად ეს სესხები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბალანსზეც არ ასახულა.