სააკაშვილის განცხადებამ რომ მას თურმე კორუფცია საბოლოოდ აღმოუფხვრია და ვერავინ დაუსახელებს თუნდაც ერთ ჩინოსანს რომელის ნაციონალიზმმა კორუფციით ააყვავა, ისეთი მასალები წამოატივტივა რაზედაც თავის დროზე “ქრონიკა” წერდა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს არავინ გვეხმაურებოდა. ახლა როგორც ჩანს ეს თემა ძალიან მოდაშია. “ქრონიკა” ამჯერადაც არ ღალატობს თავის პრინციპს და გთავაზობთ არა ათასჯერ გადამღერებულს, არამედ ახალს. ეს არის ნაციონალური აჯაფსანდალი, ანუ ის როგორ არ კარგავს “მიშა და კომპანია” ბაბუს მოწაფეებს და როგორ ატყავებენ ერთმანეთს ნაციონალურ ქვაბში.
სკანდალი – რას ვერ იყოფენ ერთმანეთში გაბიზნესმენებული პოლიტიკოსები ორგზის დეპუტატი დემურ გადელია, ზაზა სიორიძე და თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა? რა აკავშირებთ მათ ერთმანეთთან და სად გადაიკვეთა გიგი უგულავას და ვანო ზოდელავას გზები.
“ქრონიკის” ინფორმაციით თბილისის ყოფილი მერი ნაციონალ თავის ყოფილ პარტნიორებს ემალება, სარწმუნო წყაროს ინფორმაციით ზოდელავამ ბაქოს შეაფარა თავი. მეტიც, ნაციონალი პარტნიორები ზოდელავას სასამართლოში ჩივილით ემუქრებიან. საქმე რომელშიც გიგი უგულავას, ზაზა სიორიძის და დემურ გადელიას ინტერესები გადაიკვეთა. დასაწყისშივე აღვნიშნავ, რომ ქვემოთ მოყვანილი ფაქტების გადამოწმების მიზნით “ქრონიკა” დაუკავშირდა ვანო ზოდელავას ოჯახს.
სავარაუდოდ ჩვენს ზარს ვანო ზოდელავას მეუღლემ მაია ნიკოლაძემ უპასუხა, თუმცა როგორც კი გაიგო ჟურნალისტი ამ თემაზე კომენტარისთვის რეკავდა ეგრევე მოგვახალა: ვანო და მისი მეუღლე არ არიან საქართველოში და არც ვიცი როდის იქნებიან... ამის შემდეგ “ქრონიკა” დაუკავშირდა ვანო ზოდელავას, მის კომენტარს შემოგთავაზებთ ქვემოთ, თუმცა მანამ აღვნიშნავ რომ ვანო ზოდელავას მეუღლემ “ქრონიკის” მოტყუება უშედეგოდ სცადა, ქალბატონი მაია თბილისში რომ არის და სახლშია, ზოდელავამ დაგვიდასტურა, თუმცა ყოფილმა მერმა ჩვენს კითხვებს ამომწურავი პასუხი არ გასცა და ტელეფონი გათიშა. იმ ფონზე როცა გატყუებს ცოლი (ფილმიდან “ქეთო და კოტე”, ქეთომ თქვა ქეთო სახლში არ არის, პრინციპით) და ტელეფონს გითიშავს ქმარი, ჟურნალისტს სხვა გზა არ დაგრჩენია უნდა გამოაქვეყნო მასალები რომელიც მოიპოვე.
ფაქტები, რომელსაც ათასი მოწმე ყავს და ფაქტები რომლითაც ბევრი ყოფილი, ბევრ მოქმედს ჩაძირავს. ადამიანები რომელთა საერთო ბიზნესინტერესებზე “ქრონიკამ” მოიპოვა მასალები, ერთ დროს სააკაშვილმა ისე გააცამტვერა და უაპელაციოდ გამოაცხადა ყველაზე კორუმპირებულებად თვალიც კი არ დაუხამხამებია. შემდეგ მოხდა ისე რომ უკვე საკრებულოს თავმჯდომარე მიშამ გადაიფიქრა და თბილისის მერს ვანოს ისე ჩაეხუტა თითქოს თავად არ აცვა ზოდელავა ჯვარს. გავიდა დრო და ვარდების რევოლუციის შემდეგ “ყველაზე კორუმპირებული” ზოდელავასთვის ნაციონალიზმს ისე არ მიუკაკუნებია როგოც ვთქვათ აკაკი ჩხაიძეს. ზოდელავას როგორც ამბობენ მხოლოდ სამი მილიონი მიატანინეს ნაციონალურ ყულაბაში და ამით ამოიწურა თემა. მეტიც, ვანო ზოდელავას სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთმა ფავორიტმა მისცა საშუალება ბაქოში ბიზნესი ნაციონალებთან ერთად ნაციონალური დამღით აეწყო.
“ქრონიკისთვის” მოწოდებული ინფორმაციით შეიკრა “ტროიკა” დემურ გადელიას, ვანო ზოდელავას და ზაზა სიორიძის “პირადი შემადგენლობით” და ბიზნესმა საქართველოდან აზერბაიჯანში გადაინაცვლა. შეგახსენებთ რომ დემურ გადელია არის ორგზის საქართველოს დეპუტატი, სენაკიდანაა, ამჟამად აქვს ასფალტის ქარხანა და თუ გზები იგება სამეგრელოსა და იმერეთში გადელიას ქარხანა იგებს ყოველთვის ტენდერს. ცნობისთვის როგორც ამბობენ გადელია ნოღაიდელთან დაახლოებული პირიცაა. თავის დროზე ზოდელავამ სიორიძესთან ერთად ჩააყენა ბიზნესში და ბოლომდე ერთად იყვნენ. ყველაფერი დაიწყო ჯერ კიდევ ზოდელავას მერობის დროს.
ზოდელავას ხელშეწყობით დაფუძნდა ბანკი “თბილბიზნესი”, სადაც მოწილეებად მერიის გარდა ბადრი შოშიტაიშვილის ოჯახის წევრები, თავად ზოდელავას მეუღლე მაია ნიკოლაძე, სიდედრი და მერიის სხვა ჩინოსანთა ცოლ-სიდედრები სახელდებოდნენ. ზოდელავას გვერდით იყო ასევე ალეკო კურცხალია, რომელიც დღეს ზოდელავას უკვე დაწერით ემუქრება. რატომ? წყაროს ინფორმაციით, საქმე ისაა რომ ზოდელავას ამ ბანკიდან გამოტანილი აქვს ცოცხალი ფული დაახლოებით 800 ათასი. მისმა პარტნიორებმა იციან რომ ეს თანხა გავიდა ბაქოში ახალი ბიზნესის დასაწყებად. ინფორმაციის წყარო გვეუბნება, რომ მეწილეები თანხას ითხოვენ, ზოდელავა თავის მხრივ თავს იცავს და აცხადებს რომ ბანკი მისი მერობის დროს გაკეთდა და უკან არაფერს დააბრუნებს.
5 წელია უკვე “თბილბიზნესბანკი” აღარ არსებობს და ხუთი წელია მიდის დავა თანხაზე. ბანკი სააკაშვილის ე.წ. რეფორმას შეეწირა: პარტნიორებმა გაზრდილი საწედებო კაპიტალი ვერ დააფიქსირეს და გამოსავალი იმაში ნახეს, რომ ბანკის ბაზაზე ჩამოაყალიბეს მიკრო-საფინანსო ორგანიზაცია (მისო). დღეს უკვე სადავო ხდება ისიც რომ ვანო ზოდელავას ვაჟმა ივა ზოდელავამ “მისოდან” გაიტანა 75 ათასი, უმცროსმა ნიკამ კი 25 ათასი. მეწილეები რატომღაც ვერ ხვდებიან როგორ გაიტანეს მისოდან ზოდელავას ვაჟებმა ფული, თავად მამა, უფრო სწორად ბიჭების დედა, თურმე ქმრის ყოფილ ნაციონალ პარტნიორებს უცხადებს რომ ეს თანხა იმ წილის სანაცვლოდ იქნა გატანილი, რომელიც მის ქმარს პარტნიორებმა ჩამოაწერეს.
“მისოს” ქონება ჩამოაწრა თბილისის მერიამაც. თავის დროზე ბანკში წილი მერიასაც ქონდა, მაშინ მერი ზოდელავა იყო, დაიშალა ბანკი და მერიამ თავისი წილი წაიღო, რაც წესების დაცვით უკვე “სხვა მერს” შეხვდა. როგორც ამბობენ ამ გზით გიგი უგულავამ მილიონზე მეტი მიიღო. სანაცვლოდ მოქმედმა მერმა ყოფილს ხელი არ შეუშალა საზღვარგარეთ გაეტანა თავისი ქონება. ასე აშენდა ბაქოში უზარმაზარი პლაზა, 70 ათას კვადრატ მიწაზე აზერბაიჯანელებთან ერთად. აქ გატანილი სხვა თანხებიც სადავო ხდება, ამაზე ქვემოთ.
ზოდელავამ ფული კი გაიტანა საქართველოდან მაგრამ შემოტანა გაუჭირდა. ამას დაერთო მისი ხასიათიც, თბილისის მერი ჟმოტი რომ იყო ეს კარგა ხანი იყო დაცინვის საგანი. სხვათაშორის თავის დროზე ზოდელავას მცდელობის მიუხედავად ვერც ირაკლი ოქრუაშვილმა აახია ფიქსირებულზე მეტი ფული, ისე როგორც ვთქვათ აკაკი ჩხაიძეს. ჟმოტობა ზოდელავას მას შემდეგ დაუფასდა რაც “ჩვენი წარმატებული ირაკლი” “მოღალატედ” გარდაიქმნა, ამან სათანადო ასახვა ჰპოვა. ცნობილი ფაქტია რომ ზოდელავას ერთ-ერთი პარტნიორის შერაძეს დაკავებისას მას ერთ-ერთ არაოფიციალურ ბრალდებად სწორედ “ოქრო ბიჭისთვის” მიტანილი ზედმეტი ფული წაუყენეს. ზოდელავას როგორც ამბობენ ხელი მხოლოდ იმიტომ არ ახლეს რომ მან სამივე მილიონი და არც ერთი კაპიკი გადამეტებით, ნაციონალებს გადაურიცხა ანგარიშზე. დღეს შერაძეს 10 წელი აქვს მოსახდელი, ზოდელავა კი ბაქოშია. ამიტომაა მისი შვილებიც ათასჯერ რომ “გაიტისკნენ” და ერთხელაც არ წარმდგარან სასამართლოს წინაშე, ერთხელაც არ მიუსჯიათ მათთვის ამ ნულოვანი ტოლერანტობის ფარგლებშიც კი.
ზოდელავამ ბაქოს ბიზნესი სიორიძის და ვანო ჩხარტიშვილის დახმარებით დაიწყო. ბაქოში ზოდელავას ბიზნეს წილი 15%-ია, ბანკიდან გამოტანილი ფულის სანაცვლოდ კი დაგირავებული აქვს წყნეთის აგარაკი. აქ როგორც ამბობენ, ვანო ზაზა სიორიძემ გადააგდო. როგორც “ქრონიკას” წყარო უცხადებს, სიორიძე დაეხმარა ვანოს ფულის გამოტანაში და სახლის ბანკში ჩადებაში (მას უკვე აღარ ენდობოდნენ და იმიტომ) ჩაუჯდა ბაქოს ბიზნესის წილში, მაგრამ ბანკთან ანგარიშვალდებული მხოლოდ ზოდელავაა. ამიტომ წარმოიშვა ეს დავაც... სიორიძეს ებრაელები და რუსები უმაგრებენ ზურგს და პასუხსაც ვერავინ სთხოვს.
ერთი წლის წინ ბანკში ხელმძღვანელობა შეიცვალა ძალიან ბევრს ჩამოაწერეს ჯარიმები, ზოდელავას გარდა. სამი წელი მიდიოდა სასამართლო დავა, ბანკმა ერთი ის დათმო რომ წყნეთის სახლი არ გაუყიდა ყოფილ მერს. სიორიძე ბანკიდან გავიდა და იქ ვანო დატოვა ვალით. ზოდელავას მერობაში ვინც ხოტბას ასხამდა ისინი უცებ პრეტენზიულები გახდნენ, ყველამ ვისაც ფული აშოვნინა იქით გაატყავა. ამ დროს ერთვება საქმნეში გადელია. მას მოგებული ქონდა ტენდერი, მაგრამ არ ქონდა საკმარისი ფული. ზოდელავა გადელიასთან მეგობრობდა, მან მიიყვანა სიორიძესთან გადელია და გამოატანინა სესხი. ამ თანხის რაღაც ნაწილი ზოდელავას ბანკში “მისოში” იდება, თუმცა წყაროს ინფორმაციით მილიონ ორასოცი ათასი ბანკის ნაცვლად წავიდა ბაქოში. დღეს ეს თანხაც სადავოა.
გადელია ყელის გამოღადვრით ემუქრება ზოდელავას (იგი ჩვენს ზარებს არ პასუხობს). პარალელურად ზოდელავას ნახევარ მილიონს სთხოვს დემურ გადელიას ძმა, რომელიც საგადასახადოში მუშაობს და პრაქტიკულად პირადი მიზნებისათვის იყენებს თანამდებობას. ძველი თაობა ძველ ბიჭობას ვერ გასცდა და გადელია რამდენჯერმნე ჩასაფრებია ზოდელავას სახლთან. საწყალი გადელია ზოდელავას ცოლს ისე დაუფრენია უკვე კარგა ხანია აღარ მიდის თურმე ზოდელავების “სასახლესთან”. ამასობაში თანამდებობიდან გაათავისუფლეს ბანკის დირექტორი, რომელზედაც ამბობენ რომ ზოდელავას თამაში ითამაშა. შემდეგ ბანკში შევიდა საგადასახადო, მაგრამ აწ უკვე ყოფილი დირექტორი ციხეს ყოფილობის გამო გადაურჩა, თუმცა იმასაც ამბობენ გიგი უგულავამ უშველაო.
“ვითიბი” ბანკი რომლის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი წლების განმავლობაში ზაზა სიორიძე იყო, რუსული ფულის გამთეთრებელი რომ არის საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. სხვათაშორის, 2 წლის წინ როცა სიორიძემ დატოვა ბანკი (4 წლით იყო განმეორებით არჩეული სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ და ვადა 2 წლის შემდეგ ეწურებოდა) მან საჯაროდ განაცხადა რომ რუსულ “ვითიბი ჯგუფს” მიყიდა საკუთარი წილი: “ეს არის ბიზნეს გარიგება, მოლაპარაკებები რამდენიმე თვე მიმდინარეობდა და ახლა დასრულდა. გადაწყვეტილება წმინდა ბიზნეს გარიგებაა და მას არა აქვს რაიმე კავშირი პოლიტიკასტან”. სიორიძემ მაშინ განაცხადა რომ კვლავ ბიზნესში რჩებოდა, თუმცა არ დაუსახელებია რომელ ბიზნესში. მან დამალა ბაქოს ბიზნესის არსებობა და ისიც რომ ბაქოში ნაციონალებისაგან კორუმპირებულად მონათლულ ზოდელავასთან ერთად ქონდა ბიზნესი, სიორიძემ ისიც დამნალა რომ ბაქოდან ჩამოტანილი ფული გიგი უგულავასთან მიდიოდა.
აზერბაიჯანი ზოგადად ნოყიერი ნიადაგი აღმოჩნდა შევარდნაძის კადრებისთვის. აქ აქვს ბიზნესი კაკო ჩხაიძეს, ვანო ჩხარტიშვილს და კიდევ ბევრს, მოქმედს თუ ყოფილს. სიორიძე თბილისში დარჩა და საქველმოქმედო ფონდს ამოეფარა, სწორად გათვალა როგორ შეიძლება მოირგოს კეთილი ბიჭის ნიღაბი. მისი ქველმოქმედების ბოლო ნიმუშია რამდენიმე დღის წინ (11 აპრილს) დიდი ამბით გაპიარებული წიგნი. არც მეტი არც ნაკლები სიორიძემ გამოუშვა წიგნი სათაურით – ქველმოქმედება და ქართული მსოფლმხედველობა. ყველაზე სასაცილკო ისაა რომ წიგნი მხოლოდ 500 ეგზემპლარად გამოიცა. როგორც ჩანს 500 ადამიანს თუ ესწავლება მხოლოდ საქართველოში სიორიძისაგან ქველმოქმედების არსი და ამ წიგნს 500 ნაციონალი მკითხველი რომ ეყოლება ესეც სადავოა, არანაციონალი ქველმოქმედი კი არა კუჭგამხმარი რომ არის ეს უკვე სადავო არაა, ამდენად ვისთვის გაისარჯა სიორიძე ორუცნობიან განტოლებად რჩება.
მიშა რომ წაიკითხავს სიორიძის “ტვინის ნაჟურს” არ არის გამორიცხული “მწყერები ააფრინოს”. სიორიძემ თავის წიგნში ყველაზე ქველმოქმედად ზურაბ ადეიშვილისა და ვანო მერაბისვილისაგან სახელმწიფო წყობილების გადატრიალებაში ბრალდებული ბადრი პარატკაციშვილი დაასახელა, ვანო ჩხატრიშვილისა და სხვა ნაციონალურად ვითომ არასასიამოვნო ადამიანების გვერდით. ცნობისთვის სიორიძეს აქაც გამორჩა რაღაც: ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ქართველი მილიონერების სია, სადაც ვანო ზოდელავას ქონება 50 მილიონადაა შეფასებული, თავად ზაზა სიორიძეს მხოლოდ 15 მილიონი ქონია. ამ საქველმოქმედო წიგნში ვანო ზოდელავა როგორც ქველმოქმედი მითითებული არაა.
ახლა რაც შეეხება ბანკიდან გამოტანილ ვალებს და პარტნიორებს შორის დავას. ზოდელავა, წყაროს ინფორმაციით ვალს არ აბრუნებს, მე შეგიწყვეთ ხელი და მეკუთვნისო. ამიტომ პარტნიორებმა მისი საკონტროლო პაკეტი ბანკში 21%-მდე დაიყვანეს. ეს წილი ზოდელავას მეუღლეზეა გაფორმებული. როცა სიორიძე ან რომელიმე სხვა პარტნიორი რეკავს ზოდელავასთან პასუხს ცოლი სცემს და აცხადებს რომ ვანო არაფერ შუაშია, ვანო უბრალოდ მისი მრჩეველია და პარტნიორებს საქმე მასთან, მაია ნიკოლაძესთან აქვთ. ეჰ, ერთ დროს შევარდნაძის მრჩეველი ცოლის მრჩევლობამდე რომ დავარდება რაღაა აქ სალაპარაკო, მაგრამ ფაქტია, ვანოს მაია იცავს ჟურნალისტებისა და მოვალეებისაგან... სხვა თემაა რამდენად შეძლებს მაია ნიკოლაძე ქმრის დაცვას ალეკო კვარაცხელიასაგან, რომელიც ასევე ერთ-ერთი პარტნიორია და რომელიც ზოდელავას “გაქრობით” ემუქრება, თუ გავითვალისწინებთ იმას რომ კვარაცხელია ახალაიების ახლობელია და ახალაიების მფარველობით სარგებლობს, მაშინ საქმე უფრო რთულადაა ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ჩვენ ზემოთ აღვნიშნეთ რომ კომენტარისთვის დავუკავშირდით ვანო ზოდელავას, მან არ უარყო ბაქოში რომ არის და არც ის უარყო მეუღლე თბილისში რომ ყავს დატოვებული. გთავაზობთ ყოფილ მერთან ჩვენი საუბრის ჩანაწერს:
ბატონო ვანო თქვენს მეუღლეს ვესაუბრე თბილისში და მითხრა რომ ბაქოში ხართ. ერთ მასალას ვამზადებ და თქვენი გვარი ამოტივტივდა. ეს ეხება თქვენი, სიორიძის და გადელიას სარეთო ბიზნეს ინტერესებს. საბანკო კრედიტს და იმ ფაქტს რომ თქვენ თქვენს პარტნიორებს ემალებით.
- რა სისულელეა... რა სისულელეა...
ანუ თქვენ ამბობთ რომ არც ვალი გაქვთ და არც პარტნიორებთან დაპირისპირება? როგორ აღმოჩნდა ბანკში თქვენი მეუღლის და თქვენი სიდედრის წილი, ისიც 22%-მდე დაყვანილი, მაშინ როცა საკონრტოლო პაკეტი გქონდათ? რა წილი აქვს თბილისის მერიას და გიგი უგულავას ბანკში?
ზოდელავამ ტელეფონი გაგვითიშა. ასეთია ამ ისტორიის ერთი მონაკვეთი რომელსაც დარწმუნებული ვარ გაგრძელება აუცილებლად ექნება...