მაფიოზობის გზაზე შემდგარი კახი კალაძე შეიძლება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის კონკურენტად ვიხილოთ და ერთ დღესაც შესაძლოა, კალაძე მილიარდერთა სიაში ბიძინა ივანიშვილის გვერდით აღმოჩნდეს.
"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია უკვე მერამდენე თვეა კალაძის ფარული ინტერესების შესახებ ხმამაღლა ლაპარაკობს და ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე კორუფციულ გარიგებებს ამხელს. სხვათა შორის, პროკურატურამ წარმოებაში მიიღო ჯონდი ბაღათურიას მიერ წარდგენილი საქმე კახი კალაძის კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით. რამდენად სჯერა ჯონდი ბაღათურიას, რომ პროკურატურა ობიექტურად გამოიძიებს ვიცე-პრემიერ კახი კალაძის კორუფციულ საქმიანობას და რა ახალ კომპრომატებზე საუბრობს? ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე "კვირის ქრონიკას" ჯონდი ბაღათურიაპასუხობს:
- პროკურატურამ საქმე კალაძის კორუფციულ საქმესთან დაკავშირებით წარმოებაში მიიღო, ფიქრობთ თუ არა, რომ ამ საქმეს პროკურატურა გამოიძიებს და თუ კალაძის ბრალეულობა დადასტურდება, მას პრობლემებს შეუქმნიან?
- მინდა დაგიდასტუროთ, რომ პროკურატურამ ნამდვილად მიიღო წარმოებაში საქმე და დაიწყო კალაძის საქმიანობის შესწავლა. საქმეში არამხოლოდ კალაძე ფიგურირებს, იქ არიან სხვა მაღალჩინოსნები ენერგეტიკის სფეროდან. თუმცა ცენტრალური ფიგურა მაინც კალაძეა. პროკურატურისგან ვითხოვთ, რომ კახი კალაძის საქმიანობა გამოძიებული იყოს იმ მიმართულებით, რომ მას და მის ბიზნესპარტნიორებს ენერგეტიკის სფეროში აქვთ კომერციული ინტერესები. შესაბამისად, ისინი კომერციულად არიან დაინტერესებული, გაზსა და ელექტროენერგიაზე ტარიფების გაიზარდოს. სწორედ კახი კალაძემ გადმოიყვანა საკუთარი ბიზნესპარტნიორები ენერგეტიკის სამინისტროში საკვანძო თანამდებობებზე და ისინი ლობირებენ ტარიფების გაზრდას. საქმე ის გახლავთ, რომ პირველი განცხადება ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გააკეთა "თბილგაზის" მმართველმა გიორგი ბენაშვილმა და იმავე დღეს, მის ამ განცხადებას სრულიად უსამართლოდ გამოეხმაურა კალაძის მოადგილე მარიამ ვალიშვილი, რომელმაც ტარიფების ზრდის აუცილებლობა დაადასტურა. რადგან ვისმენთ, რომ ტარიფების ზრდის საფუძველი არ არსებობდა, ამიტომ დავიწყეთ ამ საქმის შესწავლა. აღმოჩნდა, რომ გიორგი ბენაშვილი, რომელიც კალაძემ დანიშნა "თბილგაზის" სპეციალურ მმართველად, მანამდე შპს "კალა კაპიტალში" კალაძის პარტნიორი და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო, ხოლო მარიამ ვალიშვილი, რომელიც კალაძის მოადგილე გახლავთ, მანამდე "კალა ენერჯისა" და "საქჰიდრომშენს" ხელმძღვანელობდა, რომლებიც ფლობენ თბოელექტროსადგურებს, ჰიდროელექტროსადგურებს და იმ კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ტარიფების ზრდით. მინდა გითხრათ, რომ ამ სქემიდან ჩანს პირადად კახი კალაძის ინტერესი. მისი ერთი ბიზნესპარტნიორი გამოდის და ითხოვს გაზზე ფასების ზრდას, ხოლო მეორე, მისი მოადგილე ეთანხმება. ამის პარალელურად აღმოჩნდა, რომ ელექტროენერგიის ფასზე ზრდის მოთხოვნით მარეგულირებელ კომისიაში განაცხადი შეიტანეს თბოენერგოსადგურებმა, ეს არის "მტკვარი", "თბილსრესი", მოკლედ, გარდაბნის თბოელექტროსადგურები.
- "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური სახე და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ხეთაგური გაზზე ტარიფის ზრდასთან არის თუ არა კავშირში? ჩემი ინფორმაციით, სწორედ ხეთაგური განაგებს ენერგეტიკის სამინისტროს და ის ლობირებს გაზზე ტარიფის ზრდას, ასეა?
- ხეთაგური ჩრდილოვანი ფიგურაა ენერგეტიკის სამინისტროში, ის გახლდათ ვანო მერაბიშვილის კადრი, მას ვანო მერაბიშვილის ბიზნესები ებარა ენერგეტიკის სივრცეში და კახი კალაძე სწორედ ალეკო ხეთაგურთან ერთად მართავს ენერგეტიკის სამინისტროს, მათ შორის არის სრული ჰარმონია, მთელი გუნდი, ვინც კი ალეკო ხეთაგურის დროს მუშაობდა სამინისტროში, დღეს ყველა უკლებლივ ინარჩუნებს მაღალ თანამდებობას, მეტიც, ზოგიერთი მათგანი დაწინაურდა კიდეც. თუმცა, ამ შემთხვევაში ხეთაგური, როგორც ჩრდილოვანი ფიგურა, ნაკლებ საინტერესოა, აქ უფრო მნიშვნელოვანია კახი კალაძე, რომელიც გახლავთ ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი. აქ ერთი დეტალია ხაზგასასმელი, როცა გაზის საკითხზე ვსაუბრობთ. საქმე ისაა, რომ კახი კალაძე დიდხანს ცდილობდა "თბილგაზის" ხელში ჩაგდებას, სანამ ის ენერგეტიკის მინისტრი გახდებოდა. მაქვს ინფორმაცია, რომ ის მოლაპარაკებას აწარმოებდა ასტანაში ყაზახურ მხარესთან, რომ მისთვის გადმოეფორმებინათ "თბილგაზი", მოლაპარაკება მიმდინარეობდა 2010-2012 წლებში, ეს იყო ხანგრძლივი მოლაპარაკების პროცესი. ამ პერიოდში ხეთაგურსა და ვანო მერაბიშვილს ერთად ჰქონდათ ყაზახური მხარისთვის "თბილგაზის" მმართველობის უფლება ჩამორთმეული, იქ სახელმწიფო მენეჯმენტი იყო შესული და მას კურირებდა ვანო მერაბიშვილის მიერ დანიშნული კადრი თაქთაქიშვილი. როგორც მოგახსენეთ, ამ პერიოდში კალაძე ცდილობდა "თბილგაზის" გადაფორმებას, მე არ გამაჩნია დეტალური ინფორმაცია, მოახერხა თუ არა ეს მან, მაგრამ ის ფაქტი, რომ კახი კალაძე "თბილგაზს" აკონტროლებს, უკვე იქიდან ჩანს, რომ "თბილგაზის" მმართველად მან დანიშნა გიორგი ბენაშვილი, რომელიც, როგორც გითხარით, შპს "კალა კაპიტალიდან" გადმოიყვანა, სწორედ ის ლობირებს გაზზე ფასების ზრდას, რომელსაც კვერს უკრავს და ეთანხმება კალაძის მეორე ბიზნესპარტნიორი მარიამ ვალიშვილი, აი, ეს არის კალაძის სუფთა მაფიოზური სქემა.
- ტარიფის ზრდის სამართლიანი საფუძველი არ არსებობს, ეს თავად მითხარით ინტერვიუში, რატომ ეთამაშება ვიცე-პრემიერი ცეცხლს?
- ტარიფის ზრდის სამართლიანი საფუძველი არ არსებობს, ეს ტერმინი გამოიყენება მარეგულირებელი კომისიების საქმიანობაში, ტარიფის ზრდის სურვილი შესაძლოა, ჰქონდეს ყველა კომპანიას, გაზის გამნაწილებელსაც და მწარმოებელსაც, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ტარიფის ზრდა მძიმედ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, ყველა მათი განაცხადი დასაბუთებული და კანონიერი უნდა იყოს. რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს იქნებოდა ლეგალური და სამართლიანი, კალაძე რომ არ იყოს ენერგეტიკის მინისტრი, რადგან ნებისმიერ ბიზნესს აქვს მისწრაფება, რომ მისი პროდუქცია მაღალ ფასში გაიყიდოს. კახი კალაძე და მისი გუნდი, რომელთაც აქვთ კომერციული ინტერესი ენერგეტიკაში, ლობირებენ ფასების ზრდას, აქ კანონიერი იქნებოდა ყველაფერი, რომ არა კახი კალაძის ვიცე-პრემიერობა და ენერგეტიკის მინისტრობა. ის საკუთარ ინტერესებსა და გამდიდრებაზე ზრუნავს ხალხის ხარჯზე. ის მინისტრი იმიტომ არის, რომ მან სახელმწიფო პოლიტიკა გაატაროს და იმოქმედოს მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ამის ნაცვლად მოქმედებს მაფიოზური სქემით და მისი მოქმედება სისხლის სამართლის დანაშაულია.
- პირადად ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" უმთავრესი დაპირება იყო გაზსა და ელექტროენერგიაზე ფასების კლება, ვიღებთ საპირისპიროს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში პასუხისმგებლობა მოდის ბიძინა ივანიშვილზე, მას რა პოზიცია აქვს, არის თქვენთვის ცნობილი?
- არ ვიცი, ეს მეც მაინტერესებს, პირადად ბიძინა ივანიშვილი ჰპირდებოდა ხალხს, რომ ტარიფები განახევრდებოდა, განახევრებამ რომ ჩაილურისწყალი დალია, ეს ვიცით, მაგრამ ტარიფები რომ არ გაიზარდოს, თავისთავად, ჩვენი მხრიდან სავსებით სამართლიანი მოთხოვნაა. აი, რატომ დუმს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რას აკეთებს იმისთვის, რომ ფასები არ გაიზარდოს, ამ შეკითხვის ადრესატი თავად ივანიშვილია და მოხარული ვიქნები, თუკი რომელიმე ჟურნალისტი მასთან ამ კითხვას დასვამს.
- და მაინც, გაქვთ პროკურატურის იმედი, რომ ისინი საქმეს ობიექტურად გამოიძიებენ?
- ჯერჯერობით პროკურატურა სამართლიანად მოიქცა, როცა წარმოებაში მიიღო საქმე და დაიწყო შესწავლა. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიებაზე იქნება პოლიტიკური ზეწოლა და ამ საქმის ისე წარმართვას შეეცდებიან, რომ მაღალჩინოსნებმა პოლიტიკური და ფინანსური ზიანი არ მიიღონ.
- თქვენ კახი კალაძეს ბრალს სდებთ მაფიოზური სქემებით მუშაობაში, დაუშვებს კი ბიძინა ივანიშვილი, რომ ხელისუფლებაში მიიღოს მილიარდერი მაფიოზი, თანაც მისი კონკურენტი?
- მაფიოზობა კალაძისთვის ბევრია, ის, უბრალოდ, "მაფიოზობანას" თამაშობს და ამ თამაშით დიდხანს ვერ გაერთობა, რაც შეეხება იმას, როგორ მოიქცევა ბიძინა ივანიშვილი, ეს სავსებით ლოგიკური შეკითხვა იქნებოდა, თუ ჩვენ გვეცოდინებოდა, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ინფორმირებული კახი კალაძის "საგმირო საქმეების" შესახებ და იმის შესახებ, როგორ მოქმედებს ის ენერგეტიკის სფეროში. თუმცა ვეჭვობ, ივანიშვილმა არ იცოდეს ამის შესახებ. ჯერ მარტო მე ამ თემაზე იმდენი ხანია ვლაპარაკობ, რომ თითქმის ყველამ ყველაფერი გაიგო. სხვათა შორის, თქვენს გაზეთში პირველად, ექსკლუზიურად გამოვაქვეყნე მასალები, რის გამოც ჩვენ მოვითხოვეთ კალაძეზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. დანამდვილებით ვიცი, რომ ივანიშვილი თქვენს გაზეთს კითხულობს და როგორმე ამ ამბავსაც გაიგებდა. ვფიქრობ, სავსებით ლეგიტიმური იქნებოდა ივანიშვილი ამ საქმით დაინტერესდეს.
- სამი თვის წინ, ჩემთან პრივატულ საუბრებში რამდენიმე მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებდა, რომ ხეთაგური კურირებს გაზის თემას და სწორედ ის იყო დაინტერესებული გაზზე ფასების ზრდით, თუკი მე, როგორც რიგითმა ჟურნალისტმა, შევიტყე ეს ამბავი, ვეჭვობ, ბიძინა ივანიშვილმა დეტალები არ იცოდეს. სხვათა შორის, ბიზნესმენები აცხადებენ, რომ კალაძისა და ხეთაგურის მხრიდან ტარიფის ზრდა, ეს არის საბოტაჟი.
- მე მაინც ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა, აქვს ამის შესახებ ინფორმაცია, თუმცა პოლიტიკოსების ნათქვამზე არ რეაგირებს. შესაძლოა, ის ფიქრობს, პოლიტიკური ოპონენტია და იბრძვისო, ან უარეს შემთხვევაში ზღვარს ვერ ავლებს, სად მთავრდება ბიზნესმენი და სად იწყება პოლიტიკოსი. თქვენ ერთი მნიშვნელოვანი რამ თქვით, რომ კომპანიები წუხან ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ გაზსა და ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდა ქართულ ეკონომიკას საერთოდ დაანგრევს. იმიტომ, რომ ეკონომიკაში მიდის კონკურენცია ფასებით იქ, სადაც მონოპოლია არ არის. ენერგეტიკა მონოპოლიზებული ბიზნესია და სწორედ იმიტომ იქმნება იქ მარეგულირებელი კომისია, რომ ყველა ცდილობს ფასების გაზრდას. ქართული პროდუქტი კონკურენციას ვერ გაუწევს შემოსულ პროდუქტს, გაზი და ელექტროენერგია არის ძირითადი ფასების მდგენელი ნებისმიერ პროდუქციაზე, ფაბრიკები, ფერმები, წარმოება, ყველა მოიხმარს გაზსა და ელექტროენერგიას. ამიტომ ვაცხადებ, რომ ტარიფის ოდნავი ზრდაც კი ქართულ ეკონომიკას გაანადგურებს და ჩვენი პროდუქცია ვერ გაუძლებს კონკურენციას ნულოვანი დაბეგვრით შემოსულ ევროპულ საქონელს, ვერც თურქულს. დაიხურება საქართველოში ყველა წარმოება, მოქალაქეები დაკარგავენ სამუშაო ადგილებს. ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორედ ისაა, რომ ამ მიზნით არ დაუშვან ტარიფების უსამართლო ზრდა. უსამართლო ზრდაში ის იგულისხმება, რომ არ არსებობს არითმეტიკული საფუძველი ტარიფების ზრდისა და შენ, ხარბი, ანგარებიანი მოტივაციით ითხოვ ფასების ზრდას, იმიტომ, რომ ხარ მონოპოლისტი ენერგოსექტორში.
- მედიისთვის ცნობილია პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილისა და ვიცე-პრემიერ კახი კალაძის დაპირისპირება ტარიფზე ფასების ზრდის გამო. დავიჯეროთ, რომ მათ შორის ხმაურიანი დაპირისპირების ისტორიაც არ იცის ივანიშვილმა? კახი კალაძეს ცალი ფეხი "ნაცმოძრაობაში" აქვს, ცალი - "ოცნებაში", გივი თარგამაძიდან დაწყებული, ყველა მისი მეგობარია. მის მფლობელობაში გადავიდა "ნაციონალური მოძრაობის" მეგობარ ბიზნესმენების ჰესები. რა პოლიტიკური პროდუქტი შეიძლება მივიღოთ კახი კალაძისგან?
- კახი კალაძისგან პროდუქტი ჩვენ უკვე მივიღეთ, ის არის ურცხვი პიროვნება, უმდიდრესი ადამიანი, რომელიც ცდილობს, უკანონოდ და უსამართლოდ გაზარდოს გაზსა და ელექტროენერგიაზე ფასები და კიდევ უფრო გამდიდრდეს ხალხის ხარჯზე. სააკაშვილმა კალაძეს 18 ჰიდროელექტროსადგური და სამი თბოელექტროსადგური აჩუქა. "ენერგოპრო" არის კალაძისა და ნოღაიდელის შემოყვანილი. რაც შეეხება პოლიტიკურ პროდუქტს, მისგან ვერასოდეს ვერ მივიღებთ, მაქსიმუმ გაიხანგრძლივოს "მაფიოზობანას" თამაში, ხალხი ყველაფერს მიხვდა და მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვგეგმავთ კიდევ უფრო აქტიურ მოქმედებას, არა მხოლოდ პროკურატურასთან მიწერ-მოწერით, არამედ ქუჩაში აქციების გამართვით. რაც შეეხება კალაძისა და ღარიბაშვილის დაპირისპირებას, ეს არის სავსებით ლოგიკური, რომ მათ შორის მართლაც არის ტარიფების გამო დაპირისპირება. ღარიბაშვილის ადგილზე ნებისმიერი წესიერი ადამიანი ასე მოიქცეოდა, როცა ხედავს, რომ მისი მინისტრი ხელს ითბობს ხალხის ხარჯზე და პოლიტიკურად ეს ნეგატივში ეწერება მთელ გუნდს და განსაკუთრებით, პრემიერ-მინისტრს, რადგან სწორედ პრემიერ-მინისტრია პასუხისმგებელი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე... რა თქმა უნდა, მის ადგილას ყველას გაუჩნდებოდა შინაგანი პროტესტის გრძნობა და ყველა შეეცდებოდა კალაძის თავის ადგილზე მოსმას და ეტყოდა, დაიკმაყოფილე შენი სიხარბე, შეწყვიტე ტარიფებზე ლობირება და საქმეს მიხედეო. უბრალოდ, მე გულწრფელად მაოცებს, ამ საკითხზე რატომ დუმს ბიძინა ივანიშვილი?
- კახი კალაძე ბერა ივანიშვილის ნათლიაა, შეიძლება ეს იყოს შემაკავებელი ფაქტორი?
- არა მგონია, ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება ერთ დღეს წაუყრუოს, მეორე დღეს თვალი დახუჭოს, მაგრამ დიდხანს რომ ვერ წაუყრუებს, ეს ვიცით, რადგან მისი ხასიათი უკვე გავიგეთ. არადა, კახი კალაძე უკიდურესი ნაბიჯების გადადგმას აპირებს, რამაც შესაძლოა, "ოცნების" ხელისუფლება გადაიყოლოს. ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი სწორედ მაშინ ამოიღებს ხმას, როცა უკვე ამ საშიშროების პირისპირ დადგება. ქვეყანაში უმძიმესი სოციალური და ეკონომიკური ვითარებაა, თქვენ ხედავთ ლარის კურსის კატასტროფულ ვარდნას, იცით, რა არის ამის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი? - ინვესტიციების შეჩერება, რაც გააკეთეს ბოდოკიასმაგვარმა ჩინოვნიკებმა, რომლებიც ნებისმიერ ინვესტორთან ჯერ თავის წილს "აიასნებენ" და შემდეგ ელაპარაკებიან საქმეზე. შესაბამისად, ასეთმა დამოკიდებულებამ შეაჩერა ინვესტიციები, რამაც გამოიწვია დოლარისა და ლარის მასას შორის ბალანსის დარღვევა. კორუფციამ განსაზღვრა ქვეყნის ეკონომიკის შეფერხება, ბოდოკიას მაგალითი კი გახლავთ კორუფციის ანატომია და უბედურება ის არის, რომ მის მსგავსად იქცევა ძალიან ბევრი თანამდებობის პირი, ისინი ინვესტორებთან წილებში ჩაჯდომას ცდილობენ, ამან მიიღო მასიური სახე. მე ხელთ მაქვს დოკუმენტები, როგორ ბლოკავს თბილისის მერია ინვესტიციების განხორციელებას, მერიის მაღალჩინოსნების პასუხებიდან მიხვდებით, რომ ინვესტორებს რეალურ არგუმენტს არ ეუბნებიან, რატომ არის შეჩერებული ესა თუ ის ინვესტიცია. თუ ოდნავ ჭკუა გაქვს, უნდა მიხვდე, რომ ფული გადაიხადო, ან ბიზნესიდან წილს შეჰპირდე.
- თქვენი დოკუმენტებიდან რა იკვეთება, ნარმანია დაინტერესებულია ბიზნესწილებით?
- ნარმანია ამ დოკუმენტზე ხელს არ აწერს, მაგრამ პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება, მათ შორის დავით ნარმანიას. მე ვერ ვიტყვი მასზე, რომ ის კორუმპირებულია, მაგრამ როდემდე უნდა ჰქონდეს ნარმანიას ასეთი მდგომარეობა, როცა ვერ აკონტროლებს თავის ვერტიკალს? სამწუხაროდ, ახლა ვერ გეტყვით მერიის რომელი თანამდებობის პირები ვაჭრობენ ინვესტორებთან ბიზნესწილების დათრევის მიზნით, ამაზე ცალკე ბრიფინგი მექნება, ეს არის უსერიოზულესი მასალები და ვფიქრობ, ამ საქმეებით ასევე უნდა დაინტერესდეს პროკურატურა.