28 მაისს საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნო საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც შეეხება ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების დადგენის წესს. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ნორმებით არჩევნებზე ირღვევა ხმათა თანაბრობის პრინციპი, რადგანაც სხვადასხვა საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულია ამომრჩეველთა მკვეთრად განსხვავებული რაოდენობა. საუბარია ნორმებზე, რომელთა შეცვლისკენაც ბოლო წლებში საერთაშორისო თანამეგობრობა არაერთ ანგარიშში მიუთითებდა საქართველოს. რას აპირებს პარლამენტი?
აწ უკვე დაკმაყოფილებული სარჩელის თანახმად, რომელიც მოქალაქეებმა უჩა ნანუაშვილმა და მიხეილ შარაშიძემ ორი წლის წინათ შეიტანეს საკონსტიტუციო სასამართლოში, მაჟორიტარულ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმები თანაბარი ძალის მქონე არ არის და სხვადასხვა მასშტაბის ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს არ აქვთ შესაძლებლობა თანაბარი გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე. მაგალითად, საბურთალოს საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული 129 ათასამდე ამომრჩეველი ირჩევდა ერთ მაჟორიტარ დეპუტატს, მაშინ როდესაც ყაზბეგის საარჩევნო ოლქში ერთ მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდა მხოლოდ 6 ათასამდე ამომრჩეველი. ამდენად, მოსარჩელეთა გამოთვლით, „ყაზბეგის ამომრჩევლის ხმა 22-ჯერ უფრო წონადი იყო, ვიდრე საბურთალოს საარჩევნო ოლქის ამომრჩევლის ხმა, „რაც აშკარად მეტყველებდა სისტემის დისკრიმინაციულობაზე“.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საარჩევნო კოდექსის სადავო ნორმები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რომელიც თანასწორობის უფლებას უზრუნველყოფს, და ასევე ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლითაც საყოველთაო საარჩევნო უფლებაა გარანტირებული. საკონსტიტუციო სასამართლო აუცილებლობად მიიჩნევს, რომ ხალხის ნება თანაბრად აისახოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ფორმირების პროცესში.
საარჩევნო კოდექსის არაკონსტიტუციურად მიჩნეული ნორმები, რომლებიც მანამდე მრავალგზის გახდა საერთაშორისო თანამეგობრობის კრიტიკის სამიზნე, სინამდვილეში ყველა ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი ნორმებია, – აღნიშნავს კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე. შესაბამისად, მისთვის ნათელია, თუ რატომ შემორჩა ეს ნორმები საქართველოს საარჩევნო კოდექსს:
„მმართველ პარტიას ყოველთვის დაბალი რეიტინგი აქვს ურბანულად მსხვილ დასახლებებში და, ამდენად, მას არ აწყობდა ურბანულად მსხვილი დასახლებებიდან აერჩია ბევრი მაჟორიტარი და უფრო სასოფლო ტიპის (რურალური) დასახლებიდან არჩევას უჭერდა მხარს, რადგანაც იქ უფრო მეტი მხარდაჭერით სარგებლობდა. დღეს ასეთი მანიპულაციის შესაძლებლობა საკონსტიტუციო სასამართლომ მას მოუსპო“.
თუკი საარჩევნო კანონმდებლობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად შეიცვლება, ეს უკვე იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, – აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი. თუმცა საუკეთესო ვარიანტი, რომელიც სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს უზრუნველყოფდა, სამოქალაქო და პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილის აზრით, მაჟორიტარული არჩევნების მთლიანად გაუქმება იქნებოდა:
„ჩვენ ამ ეტაპზე შეჯერებული ვართ შერეულ ვარიანტზე, რომ, ვთქვათ, დეპუტატების ნახევარი აირჩიონ საერთო პროპორციული სიით და ნახევარი – ე.წ. რეგიონალურ–პროპორციული სიით. ჩვენ მიერ შეთავაზებული პროპორციული სისტემა უფრო მიმართულია მრავალპარტიული პლურალისტური პარლამენტისკენ, ანუ უფრო მეტ შანსს აძლევს პატარა პარტიებს, რომ მოხვდნენ პარლამენტში“.
ლევან ნატროშვილის მიერ ხსენებულ ვარიანტს, რომელსაც მე-3 სექტორისა და პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი უჭერს მხარს და მემორანდუმითაც არის გამყარებული, ჯერჯერობით ურეაქციოდ ტოვებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და, შესაბამისად, უცნობია, რას აპირებს ის ამ მიმართულებით.
თუმცა 28 მაისს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, ცვლილებების აუცილებლობაზე ილაპარაკა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა. ბიუროს სხდომაზე მან შეახსენა დეპუტატებს, რომ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმები წინამორბედ ხელისუფლებათა შექმნილია, ისინი უკვე „20 წლის განმავლობაში ფიგურირებს“ საარჩევნო კოდექსში და რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სიტუაციას, დაპირებისამებრ, გამოასწორებს:
„ჩვენ, კოალიცია „ქართულ ოცნებას“, ამ საკითხზე გვქონდა ძალიან მკაფიო პოზიცია წინასაარჩევნო პერიოდშიც და შემდგომაც, რომ ეს ხარვეზი არის გასასწორებელი, – ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და უახლოეს ხანებში ჩვენ საზოგადოებას შევთავაზებთ საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპს“.
დავით უსუფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ის ფაქტიც, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს პარლამენტს მაჟორიტარული ოლქების გათანაბრების პროცესში ჩარჩოებს არ უწესებს და მოუწოდებს მოქმედებისკენ, არსებული შესაძლებლობის ფარგლებში. „საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია თავად განსაზღვროს როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის მოდელები და თავისებურებები იმ პირობით, რომ ამ პროცესში დაცული იქნება საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები“, – ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, რომელიც მოქალაქის ამპლუაში თანაავტორობდა აწ უკვე დაკმაყოფილებულ სარჩელს. ნანუაშვილი თვლის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ საფუძველი უნდა დაუდოს „სერიოზულ საარჩევნო რეფორმას ქვეყანაში“ და რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიქმნას მაქსიმალურად სამართლიანი საარჩევნო სისტემა.