“პრემიერმა მითხრა, მალე თამარ სანიკიძე მინისტრი აღარ იქნებაო...”

“პრემიერმა მითხრა, მალე თამარ სანიკიძე მინისტრი აღარ იქნებაო...”

პროფესიული განათლების პროფკავშირების თავმჯდომარის, დენის დავითაშვილის განცხადებით, განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე განათლების სფეროს ძირს უთხრის და ამიტომ პრემიერს მის გადაყენებას ურჩევს:

- საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ განათლებისა და მეცნიერების სისტემა, დაწყებული სკოლამდელი აღზრდით დამთავრებული პროფესიული განათლებით, ღრმა კრიზისშია. ყველაფერი ეს კი ქვეყნის ეკონომიკაზეა მიბმული. აქედან გამომდინარე, ზოგიერთმა ცნობილმა და პროფესიონალმა მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც შევიდნენ რამაზ ხუროძე, ომარ ქუცნაშვილი, მიხეილ ანდღულაძე, ვალერი ასათიანი, გივი აბდუშელიშვილი, ავთანდილ არაბული, როინ მეტრეველი, ავთანდილ სილაგაძე,  ლადო პაპავა, ჰამლეტ გეგია, მანუჩარ მაჩაიძე, თქვენი მონა-მორჩილი და ა.შ. ზემოთ დასახელებულმა საპატივცემულო პიროვნებებმა იმსჯელეს და გადაწყვიტეს, დაფუძნებულიყო განათლებასა და მეცნიერებაში არსებული პრობლემების გადაჭრის წარმომადგენლობითი საბჭო, რომელმაც შვიდი სხვადასხვა მიმართულებით უნდა იმუშაოს. ესაა სკოლამდელი, ზოგადი, უმაღლესი, პროფესიული განათლება, მეცნიერება, შრომა, დასაქმება და ეკონომიკა. საინიციატივო ჯგუფმა, საორგანიზაციო საქმიანობის შემდეგ, ჩაატარა დამფუძნებელი შეკრება და შექმნა განათლების სფეროში არსებული წარმომადგენლობითი საბჭო.

- ბატონო დენის, ამ საბჭოს გეგმ როგორია?

- წლების განმავლობაში, საუბარია, რომ განათლების და მეცნიერების დარგში რეფორმა უნდა განხორციელდეს. ამიტომ, ამ საბჭომ გადაწყვიტა, ჩვენს მიერ შემუშავებული კონცეფცია ხელისუფლებას და პარლამენტს წარვუდგინოთ, რათა რეფორმის განხორციელება დავაჩქაროთ. დღემდე არაა პროფესიული განათლების შესახებ კანონი შექმნილი. მიუხედავად ამისა, სანიკიძის მოადგილე  ქეთევან ნატრიაშვილი ურცხვად აცხადებს, რომ უკვე შემუშავებული აქვთ პროექტი პროფესიული განათლების შესახებ, რომელიც პარლამენტში დასამტკიცებლად შეაქვთ.

- იქნებ, მართლაც, შეაქვთ?

- ეს ტყუილია, რადგან ამ კანონზე მომუშავე ჯგუფის წევრი ვარ. ჩვენი მოთხოვნით, შარშან, 31 მარტს, შეიქმნა კომისია, მაგრამ აღნიშნული კანონპროექტი თვალითაც არ უნახავს. ეს კომისია თავად ნატრიაშვილმა შექმნა, მაგრამ მის 27 წევრს აბუჩად იგდებს - არ აცნობს “პროფესიული განათლების შესახებ კანონში” შესატანი ცვლილებების ტექსტს. როდემდე შეიძლება, მინისტრის პირველი მოადგილე იყოს?! არც მინისტრია მოსაწონი!

- ყველაფერ ამის შესახებ პრემიერი საქმის კურსში?

- დიახ, უკვე იცის, რომ შეიქმნა საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც უკმაყოფილოა სანიკიძის მუშაობით. ამიტომ, პრემიერმა პასუხი უნდა მოსთხოვოს და ჩემთან ნათქვამი სიტყვა დაადასტუროს.

- რა ნათქვამი უნდა დაადასტუროს?

- ღარიბაშვილმა შემომჩივლა, თამარ სანიკიძემ ორჯერ უკვე მომატყუაო. დიახ, სანიკიძე ყველას ატყუებს!

სანიკიძემ მაშინაც მოიტყუა, როცა თქვა, ორი წლის წინ, ორი პროფესიული კოლეჯი - წინამძღვრიანთკარისა (მცხეთის რაიონი) და თბილისის სახელოვნებო კოლეჯი დაფუძნდაო. დღეს ერთიც არ ფუნქციონირებს. მეტიც, წერეთლის №134-ში არსებული შენობა, ავარიულობის გამო, ინგრევა. არ არსებობს აღდგენითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი.

ანალოგიურ მდგომარეობაშია წინამძღვრიანთკარის პროფესიული კოლეჯიც - არ დაწყებულა სარეაბილიტაციო სამუშაოები და სასწავლო პროცესი შეიძლება, 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყოს.

სანიკიძემ პარლამენტარებს დაუმალა, რომ მეორე წელია, ორივე ხსენებულ კოლეჯში 6-6 შტატზე აყვანილ მუშაკებს აფინანსებს. გაურკვეველია, ისინი რა მოვალეობებს ასრულებენ მაშინ, როცა იქ სასწავლო პროცესი ჯერჯერობით არ მიმდინარეობს.

სანიკიძემ პასუხი უნდა აგოს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად დახარჯვისა და განიავების გამოც. იცრუა, როცა აღნიშნა, უახლოეს პერიოდში 25 ახალი პროფესიული კოლეჯის დაფუძნებაა დაგეგმილიო.

2013 წლის 19 აპრილიდან, მინისტრს 26 პროფესიული კოლეჯის დაფუძნების მოთხოვნით, სპეციალური კომისიის რეკომენდაცია უდევს, მაგრამ მესამე წელია, სანიკიძე 26 რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს, გამგებელს, საკრებულოს თავმჯდომარესა და დამსაქმებლებს ატყუებს, კოლეჯები აუცილებლად დაფუძნდებაო და ეს მაშინ, როცა ამ 26 პროფესიული კოლეჯის დაფუძნების კონკრეტული გეგმა არ აქვს!

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2013-2014 წლებში, სამინისტრო პროფესიულ კოლეჯებში სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს ვერ ითვისებდა. კრიტიკას ვერ უძლებს სანიკიძის განცხადება, რომ სამინისტრომ ევროკავშირის მოთხოვნები შეასრულა და მასთან შეთანხმებით შეიმუშავა „პროფესიული განათლების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები. ეს კანონპროექტი ამჟამად საქართველოს პარლამენტში იხილება, თუმცა სამინისტრომ ყველაფრისმომცველი კანონპროექტის ნაცვლად, პარლამენტში ისეთი დოკუმენტი შეიტანა, რომელსაც თავმოყვარე ადამიანები კანონპროექტად ვერ შევაფასებთ. ეს საჭირო კანონპროექტიდან ნაწილობრივ და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ჩანაწერია, რომელიც იურიდიული თვალსაზრისითაც გაუმართავია, არ შეესაბამება დღეს მოქმედი კანონის ძირითად ჩანაწერებს - შემოტანილია ახალი ტერმინები მაშინ, როცა კანონში შესაბამისი განმარტებები არაა. ამასთან, ეს დოკუმენტი კოლეჯებსა და, ექსპერტებთან შეთანხმებული არაა.

- ბატონო დენის, თუკი ყველაფერი, რასაც ამბობთ, პრემიერმა ახალ მინისტრთა კაბინეტში თამარ სანიკიძე რატომღა წარადგინა?

- პრემიერმა ისიც მითხრა, მალე სანიკიძე მინისტრი აღარ იქნებაო, მაგრამ ახლა მის გადასაყენებლად შესაბამისი დრო არ იყო, უახლოეს მომავალში, იმედია, მოვალეობას შეუწყვეტენ. ალბათ, გახსოვთ, გიორგი მარგველაშვილის „ჯიპა”-ში ბუღალტრად მუშაობდა, მერე, მარგველაშვილმა დააწინაურა და თავის მოადგილედ დანიშნა, თუმცა სანიკიძისთვის მეგობრობა და ერთგულება უცხო ხილი აღმოჩნდა - თავი ღარიბაშვილის გუნდის წევრად მოიაზრა და მარგველაშვილს ზურგი აქცია. საბოლოო ჯამში, სანიკიძე, ჩემი ღრმა რწმენით, თავისი ტყუილებით დაბნეულია და ამ თანამდებობაზე მისი დატოვება ყოვლად  დაუშვებელია, რადგან პირველ მოადგილესთან, ნატრიაშვილთან ერთად, პროფესიული განათლების სისტემას ანგრევს!

- ბატონო დენის, პრემიერ რას სთხოვთ?

- “პროფესიული განათლების პროფესიული კავშირი”, სხვა მრავალ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან ერთად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრისგან, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილისაგან მოითხოვს, ღრმად ჩახედოს სანიკიძის საქმიანობას, შეასრულოს თავისი დანაპირები და უახლოეს პერიოდში დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლოს!

“პროფესიული განათლების პროფესიული კავშირი” თითოეულ ფაქტზე, რასაკვირველია, პასუხისმგებელია და საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტს ყველა საჭირო მტკიცებულებას წარუდგენს!

- ბოლოს, ბატონო დენის, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრზე გკითხავთ...

- ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი თავიდანვე უპატრონოდ იყო მიგდებული. სანიკიძემ, ცხადია, იცოდა, მეცნიერ-მუშაკებს რომ კაპიკებზე ამუშავებდა, მაგრამ ანაზღაურება არ მოუმატა. განაცხადა, საცავების მოწესრიგება და პროგრამების დაფინანსება დავიწყეთო, მაგრამ ამ ქალს ქართული კულტურა და ისტორია საერთოდ არ აინტერესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, განათლების სისტემას ასე არ გაანადგურებდა. იმედია, მის თვალთმაქცობას წერტილი მალე დაესმება და განათლების მინისტრად შესაფერის კანდიდატურას მოძებნიან.