მირიან მირიანაშვილმა, რომელიც საქართველოს უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატია, თავის დროზე, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შექმნა, თუმცა დღევანდელმა “ნაციონალებმა” პარტია, უბრალოდ, წაართვეს. მოკლედ, “ქართული სიტყვა” ცნობილი პარტიის დამფუძნებელს ესაუბრა:
- 1999 წლის შემოდგომაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოვაყალიბე და 2002 წლამდე პარტიის თავმჯდომარეც ვიყავი, თუმცა პარტიის საიტზე წერია, რომ 2002 წელს ჩამოყალიბდა. საბედნიეროდ, ამავე საიტზე, აღიარებული ვარ, როგორც პარტიის პირველი თავმჯდომარე. შემდეგ, დარეგისტრირდა პარტია „ნაციონალური მოძრაობა საქართველოს გადასარჩენად“, რომელიც „ორკაციანი“ პარტია იყო და რომელიც იმისთვის შეიქმნა, რომ ჩემი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მოშორების პლაცდარმი შეექმნათ. საბოლოოდ, „ნაციონალური მოძრაობა საქართველოს გადასარჩენად“ ფიქტიურად შემოუერთდა ძირითად პარტიას. მათი შტაბი მერაბიშვილის ერთოთახიან ბინაში იყო. ზემოხსენებული ორი პარტიის შეერთების იმიტაცია ყრილობაზე შედგა, რომელზეც არ ვესწრებოდი. ამავე ყრილობაზე თავმჯდომარეობიდან გადამირჩიეს და ამ თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილი დანიშნეს. ვაკუუმში ერთი ნორმალური პოლიტიკური ორგანიზაციაც არ ყალიბდება. აუცილებელია პოლიტიკური ამოცანები და მათი გადაჭრის გზების ძიება. ჩემი პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იმისთვის ჩამოყალიბდა, რომ მაშინდელი ხელისუფლება რევოლუციის გზით ჩამოგვეშორებინა - ხელისუფლების დასამარცხებლად, ქუჩაში ვიღაც უნდა გამოსულიყო. მაშინ ერთადერთი აქტიური სოციალური ფენა ნაციონალურ-ზვიადისტური იყო. საზოგადოების ამ ნაწილს შიმშილობის, მიტინგების და სხვადასხვა რადიკალური ქმედების დიდი გამოცდილება ჰქონდა. სწორედ ამ მასის მაორგანიზებელი უნდა ყოფილიყო “ნაციონალური მოძრაობა”. პარტიის ჩამოყალიბების არსებითი დეტალი ის გამოცდილებაა, რომელიც 10-წლიანი პერიოდის განმავლობაში დამიგროვდა...
- დღევანდელი “ნაციონალებიდან” თქვენი თავმჯდომარეობისას პარტიაში რომელიმე იყო?
- არა. პარტიის იმდროინდელი წევრები არაცნობილი სახეები იყვნენ, ჩემი გარემოცვიდან. მაშინ ხშირი იყო ფაქტები, როცა სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაცია პოლიტიკოსებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის პირობით იბირებდა. სწორედ ასეთი ფაქტის თავიდან ასაცილებლად, პარტია პოლიტიკაში ჩაუხედავი ადამიანებისგან დავაკომპლექტე.
- ბატონო მირიან, მოდით, დეტალურად აღწერეთ, თუ როგორ გადაგირჩიეს თავმჯდომარეობიდან...
- შემომითვალეს, პარტია სააკაშვილისთვის გადამებარებინა, რაზეც არ ვთანხმდებოდი. შემდეგ, მთაში დამიგულეს, ფიქტიური მე-2 ყრილობა ჩაატარეს და გადამირჩიეს. ყველა ამ ფაქტის ამსახველი დოკუმენტი ხარვეზებითაა სავსე. როცა თბილისში დავბრუნდი, იუსტიციის სამინისტროში მივედი, თუმცა არც მან და შემდგომში, არც სასამართლომ ჩემი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. იმ ადმინისტრაციულ აქტს ვასაჩივრებდი, რომლის საფუძველზეც, 2002 წელს “ნაციონალური მოძრაობა” ახლიდან დარეგისტრირდა. სასამართლოში სარჩელი მქონდა შეტანილი, პარტიის საქმიანობა კი, მაინც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ესეც, თავის მხრივ, კანონდარღვევაა. მოსამართლეს კანონის მიხედვით რომ ემოქმედა, სააკაშვილი არჩევნებამდე ახალი პარტიის დარეგისტრირებას ვეღარ მოასწრებდა. ამის თავიდან ასაცილებლად, მიშა ჯორბენაძესთან გაიქცა, არიქა, მიშველეო...
სხვათა შორის, ჯორბენაძეს მიშაზე კომპრომატები ჰქონდა და კარგა გვარიანად ამიტომაც სცემეს.
- პარტიის ყრილობის ჩატარება თქვენს გარეშე რამდენად კანონიერი იყო?
- ეს ყრილობა, რა თქმა უნდა, კანონგარეშე იყო, რასაც ჩემი მხრიდან მყისიერი რეაქცია მოჰყვა - სასამართლოში ვიჩივლე, თუმცა ჯერ ამ პროცესების პრელუდიურ ნაწილზე შევჩერდები:
პარტიის შექმნიდან, გარკვეული დროის შემდეგ, ზურაბ ჟვანიამ ჩემთან თანამშრომლობა მოინდომა. მიშა სააკაშვილი ჩემთან სწორედ ზურაბ ჟვანიამ მოიყვანა...
- სააკაშვილს მანამდე არ იცნობდით?
- ვიცნობდი - ჩვენი გზები რამდენჯერმე გადაიკვეთა, თუმცა 1991 წლიდან ცუდი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. უზენაეს საბჭოში ვიყავი, როცა მიშას ბიძამისი “შპიონად” გვიგზავნიდა - კურიერი იყო და ოპოზიციურ ფრაქციებში გაურკვეველი სახის დოკუმენტებს არიგებდა.
ერთ დღესაც, ჩემი კაბინეტიდან გამოვედი და სააკაშვილი შემეფეთა; ყალბი საშვი აღმოაჩნდა. ვცადე, დაცვასთან წამეყვანა... საშვი დავუხიეთ, პანღური ვუთავაზეთ და გავაგდეთ. სხვათა შორის, ეს შემდეგი შეხვედრებისას გაიხსენა.
- ზურაბ ჟვანიას თქვენთან თანამშრომლობა რატომ სურდა?
- უნდოდა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მაგვარ ძალებს რევოლუციური მუხტი აეგორებინათ. მეც მსურდა, რევოლუციაში მონაწილეობა მიმეღო. მთავარი ისაა, რომ ჟვანია არ მენდობოდა, ამიტომ ჰყავდა ორი კანდიდატურა, რომელთაგან ერთ-ერთი “ნაციონალურ მოძრაობას” შემოუერთდებოდა და ჩემი მოკავშირე გახდებოდა. მიშა უნდა გამხდარიყო “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, მე კი, - მოადგილე (რა თქმა უნდა, ამ წინადადებას არ ვთანხმდებოდი.)
ეს პარტია “ტარანად” უნდა გამოეყენებინათ - რევოლუციას უნდა შეწირვოდნენ ნაციონალისტ-ზვიადისტები და საბოლოოდ, ხელისუფლება ჟვანიას უნდა შერჩენოდა.
პირველად, როცა ზურამ მიშასთან შეხვედრა მთხოვა, ვუთხარი, ბიძამისი რუსეთის სადაზვერვო სამსახურის პოლკოვნიკია, მიშა კი, მისი „ნასეტკაა“ და რატომ „მტენი“-მეთქი. ისე, რომ იცოდეთ, სააკაშვილი, როცა საბჭოთა სასაზღვრო ჯარში იყო, ბორისპოლში აგენტად მუშაობდა... ზურამ გამომიცხადა, რომ მიშაზე რაღაც კომპრომატები ჰქონდა. საბოლოოდ, სააკაშვილი სასაუბროდ დავიბარეთ და როცა ზურამ უთხრა, ხვალიდან “ნაციონალისტი” უნდა გახდეო, მიშა სკამიდან გადავარდა. კითხვა შემოგვიბრუნა, რამე ხომ არ დავაშავეო? ალბათ, არც კი იცოდა, რა ქერის ორმოში ვარდებოდა.
- ჟვანიას სცენარში სააკაშვილს რა როლი უნდა ეთამაშა?
- ზურას ქუჩაში სირბილი არ უნდოდა და მიშა ამისთვის უნდა გამოეყენებინა. ეს უკანასკნელიც, კომპრომატების შიშით, ყველაფერს გააკეთებდა. მე კი, მიშასთან ერთად, ქუჩის აქციების ორგანიზატორი უნდა ვყოფილიყავი. ზურას სააკაშვილი შტერად მიაჩნდა და შემდგომ პერიოდში, მიშა პარტიის პირველ პირად ამიტომაც აირჩიეს...
- ჟვანიას მიშაზე რა სახის კომპრომატები ჰქონდა?
- ეს იმდროინდელი კომპრომატები იყო, როცა მიშა იუსტიციის მინისტრი გახლდათ.
- ბატონო მირიან, მაინც, რა კომპრომატებს გულისხმობთ...
- მიშას იუსტიციის მინისტრობისდროინდელს...
- ისე, თქვენი საუბრიდან შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ ჟვანიას სიკვდილი სააკაშვილს სწორედ ამ კომპრომატების გამო აწყობდა...
- ვერაფერს ვივარაუდებ... ისიც შეიძლება ითქვას, მიშას ადგილას ზურა რომ ყოფილიყო, საქმე კარგად მაინც ვერ იქნებოდა. ჩემი აზრით, ჟვანია პოზიტიური პიროვნება სულაც არ იყო და უფრო უარყოფითი ძალებისგან იყო მართული.
- ვის გულისხმობთ?
- ზურა ბადრი პატარკაციშვილის კაცი იყო. “მოქალაქეთა კავშირიც” სწორედ ამ უკანასკნელმა ჩამოაყალიბა. ბადრის და ბერეზოვსკის სურდათ, საქართველო მათი „ჯიბის რესპუბლიკა“ ყოფილიყო, ფულის გასათეთრებელი საშუალება. პატარკაციშვილს ჟვანია ჟურნალისტმა განაპოლსკიმ გააცნო...
- “ნაციონალების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იდევნებოდით?
- კი, ორი წელი ემიგრაციაში ყოფნა მომიწია. აქ ჩამოსვლის საშუალება 2007 წლის მოვლენების შემდეგ მომეცა, როცა მიშას ჩემთვის აღარ ეცალა.
- „ოცნების“ მოსვლის შემდეგ, სასამართლოში სარჩელი ისევ შეიტანეთ?
- როცა საქართველოში არ ვიყავი, “ნაციონალებმა” კიდევ ბევრი დოკუმენტის გაყალბება მოახერხეს - სასამართლოდან სარჩელი გამოიტანეს და დოკუმენტებზე ხელს, ჩემს მაგივრად, მიშა სააკაშვილი აწერდა. ამის დამტკიცებას, სასამართლოს გზით, 2013 წელს ვაპირებდი, მსურდა, ექპერტიზის ჩატარება, მაგრამ სასამართლომ ეს მოთხოვნა არ გაიზიარა. მაშინ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კუბლაშვილი იყო.
ახლა ექსპერტიზის მოთხოვნას განვაახლებ, რადგან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გვენეტაძეა და ამ საკითხის მიმართ პირადი ინტერესი არ აქვს. თუ ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნას კიდევ არ დააკმაყოფილებენ, პროკურატურის წინ აქციებს გავმართავ.
ისე, “ნაციონალები” დღესაც მემუქრებიან.
- მუქარებს ვისი პირით გითვლიან?
- ამას მხოლოდ გამოძიებას გავანდობ. “ნაციონალურ მოძრაობაში” დღესაც მყავს ჩემი ხალხი, ეს ეხება საშუალო და ქვედა რგოლებს და სწორედ მათთან მაქვს კომუნიკაცია.
- ბატონო მირიან, თქვენს სარჩელს წარმატების შანსი აქვს თუ თქვენი გააქტიურება მხოლოდ პოლიტიკურ რეაბილიტაციას ემსახურება?
- ეს საქმე უცხოეთში საკმაოდ გავლენიან იურისტებს გავაცანი და მათი დახმარების იმედიც მაქვს. ამიტომ დიდი შანსია, სარჩელი დაკმაყოფილდეს. როგორც მათ შემირჩიეს მომენტი პარტიის წასართმევად, მეც ასე მოვიქცევი, რათა არჩევნებში მონაწილეობა ვეღარ მიიღონ!
- “ნაცმოძრაობის” ანგარიშისა და ქონების დაყადაღებასაც ითხოვთ...
- ეს ქონება ჩემს ინტელექტუალურ საკუთრებაზე დააგროვეს. ამიტომ სამართლებრივად, ამ ქონების დაყადაღება შესაძლებელია.
- თუ სასამართლო თქვენს სარჩელს დააკმაყოფილებს და, როგორც ამბობთ, თვითმარქვია “ნაციონალებს” ქონებასა და სახელს ჩამოართმევს, რა პოლიტიკურ ნაბიჯს გადადგამთ?
- პარტიას გავაუქმებ და სახელს შევუცვლი. დაახლოებით, ასამდე თანამზრახველი მყავს, საჭირო დროს ყრილობასაც ჩავატარებთ და პარტიასაც შევქმნით.
- რომელი „პრო“ ხართ - რუსული თუ დასავლური?
- ჩემი საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, რა თქმა უნდა, დასავლურია. სხვათა შორის, “ნაციონალები” დასავლური ღირებულებების მიმდევარნი სულაც არ არიან. მათ ხელს სომხური დაზვერვა უმართავდა. ნუგზარ საჯაიას მკვლელობისას, „ქილერები“ სომხეთიდან ჩამოიყვანეს.
- თქვენთვის რუსეთთან დიალოგი მისაღებია?
- როცა ვინმესთან დიალოგი გინდა, რაღაცას უნდა წარმოადგენდე. ამ სახით საქართველო მოკავშირედ არავის უნდა. ჩვენ ვარსებობთ აშშ-ის მიერ შექმნილი მსოფლიო წესრიგის გამოისობით, თუმცა ამ ხელსაყრელ შანსს მაინც ვერ ვიყენებთ...
- აშშ-სთან დამეგობრება სააკაშვილის დამსახურება არაა?
- სააკაშვილი ორმაგი აგენტია და ორმაგ თამაშს თამაშობს. 2008-ში, რუსეთთან ომი გააჩაღა. რუსებს, ასევე, სტრატეგიული ობიექტებიც მიჰყიდა.
- ბოლოს, თქვენი მოთხოვნები შეაჯამეთ...
- ექსპერტიზის ჩატარება დოკუმენტებზე არსებული ხელნაწერების შესახებ, პარტიის ქონების დაყადაღება, სახელის ჩამორთმევა და მისი საბოლოოდ გაუქმება.