ანრი ჯოხაძე: “ქართული პოლიტიკა მოსაწყენი გახდა!”

ანრი ჯოხაძე: “ქართული პოლიტიკა მოსაწყენი გახდა!”

მთელ ქვეყანას პირზე ლარის კურსი აკერია. ცხოვრება, მართლაც, გართულდა, მაგრამ ხანდახან ყურადღების სხვა თემაზე გადატანა, მოდუნება და დაძაბული სახეების გარეშე საუბარი კარგი... მინისტრებისა არ იყოს, მეც სპონტანურად წავედი, მაგრამ ინტერვიუზე და არა - კაბინეტიდან... მოკლედ, ჩემი მასპინძელი მომღერალი ანრი ჯოხაძე...

- ანრი, როგორ ფიქრობ, საქართველოში პოპულარული შეიძლება, მარტივად გახდე?

- კი, რა თქმა უნდა, თუმცა პროფესიას გააჩნია. ასევე, იმ პერიოდსაც აქვს დიდი მნიშვნელობა, რომელშიც მოღვაწეობ. ამჟამად მომღერალს აქვს შესაძლებლობა,  თავისი სიმღერა ინტერნეტში განათავსოს, შემდეგ, მეგობრებმა მისი ვიდეორგოლი გაავრცელონ და ასე, ეტაპობრივად პოპულარული გახდეს. 90-იანებში კი, გარკვეული ჯგუფები წყვეტდნენ, უნდა გემღერა თუ არა. ამ ჯგუფების არცნობის გარეშე, შეიძლება, სცენაზეც ვერ ასულიყავი.

- მხოლოდ 90-იანებში კი არა, როგორც ამბობენ, “ნაცმოძრაობისმმართველობის დროსაც, გარკვეული ჯგუფი წყვეტდა, ვის უნდა ემღერა და ვის - არა...

- ჩემი აზრით, კარგი მომღერალი, რომელიც სხვადასხვა კონცერტზე იმღერებს, ყველა მთავრობას სჭირდება...

- ქართულ სატელევიზიო სივრცე მუსიკალური კონკურსებითაა გაჯერებული. პროექტის მიმდინარეობისას, კონკურსანტები პოპულარულნი არიან, შემდეგ კი, საზოგადოებას ავიწყდება. ასე რატომ ხდება?

- ეს კონკურსში მონაწილე მომღერლებს უნდა ჰკითხო.

- არ ფიქრობ, რომ მათი დავიწყება ქართული ბაზრის სიმცირის ბრალია?

- მომღერალი იმ შემთხვევაშია რეალიზებული, თუ საკუთარი რეპერტუარი აქვს. ეს მსოფლიო შოუბიზნესის დაუწერელი კანონია. შემსრულებელი თუთიყუშის როლში არ უნდა იყოს და მხოლოდ სხვისი კოპირებით არ უნდა იფარგლებოდეს.

რაც შეეხება ბაზარს, ასეთია მოცემულობა და ყველა ამას უნდა მოერგოს.

- დამწყები მომღერალი რომ იყო, ზემოხსენებულ შოუებში მონაწილეობას მიიღებდი?

- რატომაც არა?! მაშინ, როცა პოპულარული გავხდი, აბსოლუტური ვაკუუმი იყო და ასეთი მასშტაბის პროექტებზე ვერც ვიოცნებებდი. კონკურსანტები ძალიან ბევრს სწავლობენ - 15-16 წლის ბავშვისთვის დიდი სცენა უდიდესი გამოცდილებაა.

- ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება შოუბიზნესზე მოქმედებს?

- შოუბიზნესზე ყველაზე მეტად ზეგავლენას სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები ახდენს. ეს კი, პოლიტიკურ პროცესებთან პირდაპირ კავშირშია.

- ლარის გაუფასურებამ შოუბიზნესიც დაამძიმა?

- ბოლოდროინდელმა კრიზისებმა კორპორატიული საღამოები შეამცირა - როგორც ჩანს, მსხვილი კომპანიები წვეულებებისა და ზეიმების მოწყობას თავს არიდებენ. ამგვარი ღონისძიებები ქართველი მომღერლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან დიდი კონცერტები საკმაოდ იშვიათად ტარდება. მიუხედავად ამისა, უახლოეს მომავალში დიდ სოლო კონცერტს ვგეგმავ, მაგრამ ყველა ანრი ჯოხაძე არაა. სპონსორის პოვნა ბევრს არ შეუძლია.

- ერთ ძველ კლიპში ნინო ბურჯანაძის პაროდია გააკეთე. მსგავსპროვოკაციასკიდევ ხომ არ გეგმავ?

- ქართული პოლიტიკა მოსაწყენი გახდა, აღარაა საინტერესო.

- მიუხედავად ამისა, საზოგადოებას პოლიტიკა აინტერესებს...

- საზოგადოების პოლიტიზირებულობა შეიძლება, მისი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებით აიხსნას.

- პოლიტიკა არ გაინტერესებს?

- მეტ-ნაკლებად...

- საზოგადოების რაღაც ნაწილი რუსთავი-2-ის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი. შენ, როგორც ამ ტელევიზიის თანამშრომელი, ამის გამო დისკომფორტს არ გრძნობ?

- ადამიანები, კრიტიკის მიუხედავად, მაინც “რუსთავი-2”-ს უყურებენ. ჩემთვის, როგორც მომღერლისთვის, “რუსთავი-2”-ის ერთ-ერთ უდიდეს პროექტში მუშაობა საამაყოა!

- რამდენიმე წლის წინ, გაადცემა „სიმართლის დრო“-ში შეკითხვაზე - გშურდა თუ არა შენი ძმის, უარყოფითად პასუხ, რაც სიცრუეაღმოჩნდა...

- ეს იყო შოუ.

- ანუ, სცენარი შეთანხმებული იყო?

- დაახლოებით...

- როგორც იტყვიან, 90-იან წლების ბავშვი ხარ... ქუჩა, როგორც ბევრ სხვას, რატომ არ გიზიდავდა?

- ამპარტავნებაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ ერთი კარგი თვისება მაქვს: სოციუმის გათვალისწინებით, შემიძლია, რაღაცები „განვჭვრიტო“. ჩემგან “ძველი ბიჭი” არ გამოვიდოდა. 90-იანების სტანდარტები ჩემთვის მისაღები რომ გამხდარიყო, დღეს ის, ვინც ვარ, ვერ ვიქნებოდი!

- ბევრი მომღერლისთვის ნარკოტიკი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია...

- მიმაჩნია, რომ ნარკოტიკს სუსტი ადამიანები მოიხმარენ. ეს სისუსტეა, ეს მდგომარეობა, როცა ადამიანს სიღრმე აკლია და თავის თავს რომ არ ჩაუღრმავდეს, სხვა განზომილებაში გადადის.

- შენი ინსპირაციის წყარო რა არის?

- ძირითადად, სიყვარული და ზოგადსაკაცობრიო თემები, რაც არასოდეს გაცვდება. ხანდახან სოციალურ თემატიკაზე “დაფუძნებული” სიმღერებიც მაქვს.

- ქართველი მსმენელის გემოვნებაზე რას იტყვი?

- პატივს ვცემ და მსმენელის კრიტიკა ჩემთვის მიუღებელია. ცუდი და კარგი მსმენელი არსებობს, მაგრამ ყველას თავისი მენტალიტეტი აქვს, რაც იმითაა განპირობებული, ესა თუ ის პიროვნება სად, ან როდის ჩამოყალიბდა.

- ქართულ შოუ-ბიზნესს სტაგნაციის პერიოდი რატომ აქვს?

- “ვარდების რევოლუციამდე” მასაში უფრო მეტი „შავი ფული“ იყო  გადანაწილებული. მაშინ ხალხი კონცერტებზე ხშირად დადიოდა და მომღერლებიც დიდი ენთუზიაზმით იყვნენ. დღეს ვითარება შეიცვალა და კონცერტის გამართვა კოლოსალურ თანხას მოითხოვს.

- და მაინც: რომელი უფრო დიდი პრობლემაა - ფინანსები თუ კრეატიულობა?

- ჩემი აზრით, კრეატიულობა.

- სამომავლო გეგმები...

- უახლოესი სამი თვე “X-ფაქტორ”-ში ვარ. მერე, სოლო კონცერტზე დავფიქრდები...