2014 წლის 19 აგვისტოს, მოქალაქე კახაბერ ასათიანი დააკავეს და ბრალად სისხლის სამართლის 260-ე მუხლი წაუყენეს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს და 7-14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კახა ასათიანის ადვოკატის, მაგდა კოტრიკაძის თქმით, სასამართლო დავა თითქმის წელია, იმის გამო მიმდინარეობს, რომ ბრალდების მხარე სუსტათაა წარმოდგენილი. შეგახსენებთ: ბლადებული კახა ასათიანი ჩვენი კოლეგის, აწ გარდაცვლილი ჟურნალისტის, თეა ასათიანის ძმაა. კახა პოლიციის განყოფილებაში სწორედ მაშინ წაიყვანეს, როცა მისი მძიმე სენით დაავადებული და სიცოცხლის უკანასკნელ საათებს ითვლიდა. “ქართული სიტყვა” კახა ასათიანის ადვოკატს, მაგდა კოტრიკაძეს ესაუბრა.
- ქალბატონო მაგდა, როგორც ამბობთ, თქვენი დაცვის ქვეშ მყოფს პოლიციის თანამშრომელმა “სუბოტექსი” ჩაუდო. ამას რის საფუძველზე ასკვნით?
- მოდით, ყველაფერი ქრონოლოგიურად გავიხსენოთ: ვიდრე დაპატიმრება მოხდებოდა, კახა ასათიანი, მეგობართან ერთად, გლდანის საშაურმედან გამოვიდა. ორი პირი მიუახლოვდა და თავი გლდანის პოლიციის მეორე განყოფილების თანამშრომლად წარუდგინა. შენთან საქმე გვაქვსო, განუცხადეს. კახა მათ მოთხოვნას დაემორჩილა და უპრობლემოდ გაჰყვა - მანქანაში, სადაც ხელბორკილები დაადეს, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ჩაჯდა. მეგობარმა გოჩა მუკბანიანმა, რომელიც კახას ახლდა, ერთ-ერთ პოლიციელს ჰკითხა, სად მიგყავთ, ადვოკატი დასჭირდება თუ არა და მის ოჯახს შევატყობინოო? მათ მიაძახეს, ჩაჯექი მანქანაში და უკან გამოგვყევიო. გოჩამ ნახა, თუ როგორ გადმოიყვანეს კახა გლდანის პოლიციის მეორე განყოფილებაში და როგორ შევიდნენ შენობაში.
- როცა განყოფილებაში მიიყვანეს, რა უთხრეს, რის საფუძველზე გაკავებთო?
- დაკავების მიზეზი არ ჰქონდათ. ამიტომ, ერთ-ერთი პოლიციელი, ზურა დათუაშვილი ცდილობს, ჯინსის შარვლის უკანა ჯიბეში “სუბოტექსი” ჩაუდოს, თუმცა კახა ამას ხვდება და ეუბნება, “ნაციონალების” დრო არ გეგონოთ და არაფერი შეგეშალოთო. შესაბამისად, მათი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა.
როცა კახა საპყრობილეში გადაიყვანეს, წყალსაც კი არ სვამდა - ფრთხილობდა, რადგან მოსალოდნელი იყო, ნარკოტიკული საშუალება წყალში გაერიათ და ამით თავიანთი მიზნისთვის მიეღწიათ.
დაკავების შემდეგ, კახა შეჰყავთ პოლიციის უფროსის კაბინეტში, თავად განყოფილების უფროსი იქ არ იყო. მოგვიანებით, მისი მოადგილე, ტუხაშვილი მოდის და ჩხრეკას ესწრება. კახა ჯიბიდან საფულეს თავისი ხელით იღებს და მაგიდაზე დებს. შემდეგ, უტარდება ზედაპირული ჩხრეკა. ამ დროსაც ვერ ხერხდება ნარკოტიკის ჩადება და აღმოჩენა, თუმცა ეს ზურა დათუაშვილს ხელს არ უშლის, „ნივთმტკიცება“, რომელიც ვითომდა კახას ჯიბეში აღმოაჩინა, პირდაპირ აჩვენოს.
ყველამ, ვინც კახას იცნობს, კარგად იცის, რომ ნარკოტიკულ საშუალებებთან შეხება არასოდეს ჰქონია, მაგრამ შეთითხნილი ბრალდების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის გამო მაინც დააკავეს.
- ასათიანსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის უთანხმოება მანამდეც ხომ არ არსებობდა?
- ყველაფრის მიუხედავად, კახა გირაოთი გამოუშვეს. მისი გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობა დავაყენეთ, რადგან ოჯახში მძიმე მდგომარეობა ჰქონდა - მისი დის, ჟურნალისტ თეა ასათიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი-დღე უარესდებოდა. ამის მერე, ადვოკატები უფრო გავაქტიურდით - ამ უსამართლო ქმედების გახმაურება გვინდოდა და ამიტომ საჩივარი პროკურატურაში შევიტანეთ... როგორც სჩანს, პოლიციელებს ეს არ ესიამოვნათ და გლდანის მეორე განყოფილების თანამშრომლები შეეცადნენ, კახა პროვოკაციაზე წამოეგოთ.
- რას გულისხმობთ?
- საცხოვრებელ კორპუსთან პერიოდულად დარაჯობდნენ. ერთ დღეს კი, ერთი მათგანი, ტუხაშვილი მანქანიდან გადმოვიდა და კახას უთხრა, შენ, ბიჭო, ისევ გარეთ ხარ, რატომ არ დაგიჭირესო?! ასეთი ქმედებები გვაძლევს საფუძვლიან ეჭვს, ვივარაუდოთ, რომ ამ ადამიანებს კახა ასათიანის დაკავების ინტერესი ჰქონდათ.
- რატომ?
- ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
- როგორც ვიცი, საქმეში ბევრი უზუსტობაა...
- დიახ, ასეთი ფაქტი ბევრია დ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. უმთავრესზე მოგახსენებთ: როცა ასათიანი დაიჭირეს, ოქმში ჩაიწერა, რომ მისი აყვანა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, მერე გადათქვეს და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია საშაურმეთი ჩაანაცვლეს. თუ კახას ნარკოტიკი, მართლაც, ჰქონდა, რატომ ადგილზევე არ გაჩხრიკეს? იქ ბევრი ხალხი იყო და განყოფილებაში გადაყვანა ვარჩიეთო, თავი იმართლეს. გეკითხებით, როდის იყო, პოლიცია სპეცოპერაციას, ან ჩხრეკას ხალხის ხათრით არ ატარებდა? ბუნებრივია, არავის არაფერი გამოუძიებია. გამოძიების დაწყების მოთხოვნით, პროკურატურაში საჩივარი შევიტანეთ, მაგრამ გამოძიება ისევ გლდანის მეორე განყოფილებას დაევალა. შეგახსენებთ: ეს ის ადამიანები არიან, ვინც კახა ასათიანის წინააღმდეგ შეგნებულად მოქმედებდნენ.
- დაკავების შემდეგ, კახას ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარდა?
- ცხადია, ჩაუტარდა და ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედება არ აღმოაჩნდა. საგულისხმოა, რომ კახა ასათიანის დაკავება კონკრეტული პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა, რაც მიღრმავებს ეჭვს, რომ საქმე შეიძლება, პირად ანგარიშსწორებასთან გვაქვს: პოლიციელ მელაძეს ვიღაცამ ინფორმაცია მიაწოდა, რომ ასათიანი ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად მიღებული პასუხებით კი, მისი ბრალდება გაბათილდა. პროკურატურამ სასამართლოს წინაშე ის მოწმეები წარადგინა, რომლებიც კახაბერ ასათიანის დაკავებაში მონაწილეობდნენ. დღეის მდგომარეობით, პროკურატურამ მოწმეთა დაკითხვა ამოწურა.
ასევე, მინდა ყურადღება გაამახვილოთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტზე: ვიდრე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებდა, მოსამართლე არევაძემ საქმის პროკურორს მიმართა, თუ რატომ არ იყო საქმის გამოძიება დაწყებული. პროკურატურის წარმომადგენელმა საქმის გამოძიების არდაწყება იმით განმარტა, რომ ამ კონკრეტულ სიტუაციაში დანაშაულის ნიშნები, თურმე, არ იკვეთება.
- როგორც ვიცი, შემდეგი სასამართლო პროცესი 25 მაისსაა ჩანიშნული...
- დიახ, მაგრამ სავარაუდოდ, კიდევ გადაიდება. პროცესი აქამდეც რამდენჯერმე გადადეს, რადგან ბრალდების მხარე მომზადებული არ იყო, რომ კახა ასათიანზე ბევრი სიცრუე ელაპარაკა. ვიმედოვნებ, მოსამართლე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან ჩვენს მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება კარგად შესწავლილი, არგუმენტირებულია და საბოლოო განაჩენის მიღებაში დადებით როლს ნამდვილად ითამაშებს.
აქვე, მინდა, ერთი ფაქტიც გავიხსენო: ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე მოსული იყო ვანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა ლეჟავა, რომელმაც განაცხადა, რომ კახა ნარკოტიკულ საშუალებას ცხოვრებაში არ გაკარებია. არც რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრია და არც - ცნობადი სახე, ამიტომ ხალხს მოუწოდა, რომ ამ უსამართლობის წინააღმდეგ ხმა აემაღლებინა. აუცილებელია, შესწავლილ იქნეს ზურა დათუაშვილის, ტუხაშვილისა და მათი თანმხლები პირების ქმედებები, დაიკითხოს გლდანის მეორე განყოფილების უფროსის მოადგილე და ყველა ის პირი, ვინც კახა ასათიანის დაკავებაში მონაწილეობდა.
- ქალბატონო მაგდა, ბევრს არ სჯერა, რომ ნარკოტიკების ჩადება ახალი ხელისუფლების დროსაც ხდება...
- სამწუხაროდ, პოლიციაში ძველი კადრები - “ნაციონალების” დროს მომუშავე ჩინოვნიკები ისევ არიან და ისინი დანერგილი მეთოდის გამოყენებას აგრძელებენ. პოლიციაში განუკითხაობა კვლავ ხდება და ძალიან ცუდია, თუ ეს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა არ იცის. თუ იცის და ჩუმადაა, კიდევ უარესი. “ნაციონალები” ხელისუფლებიდან იმიტომ გავუშვით, რომ სამართლიანობა დაგვემკვიდრებინა. თუკი საქმეები ისევ მათ მიერ შემუშავებული მეთოდებით უნდა შეითითხნოს, ხალხი ამას აღარ მოითმენს. გარეთ გამოვალთ და აქციებს მოვაწყობთ!