ვინ როგორ აპირებს 26 მაისის აღნიშვნას და რატომ მართავს აქციას ოპოზიცია ოპოზიციის წინააღმდეგ
26 მაისს საქართველოსთვის რამდენიმე დატვირთვა აქვს: ეს დღე პირველად 1918 წელს ვიზეიმეთ, როცა საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. შვიდი ათეული წლის შემდეგ, დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მივიღეთ, 1991 წლის 26 მაისს კი ქვეყნის პირველ პრეზიდენტად ზვიად გამსახურდია ავირჩიეთ. ეს საყოველთაო ზეიმის დღე 2011 წლის 25 მაისის ღამეს, ოპოზიციის აქციის სასტიკად დარბევის გამო დაიჩრდილა და რუსთაველის გამზირზე სისხლიანი 26 მაისი გათენდა. დღეს მოქმედ პოლიტიკურ სპექტრში, სადაც ეროვნული მოძრაობის ლიდერებიც გვხვდებიან, 26 მაისთან ყველას თავისი დამოკიდებულება აქვს _ თუმცა ვიღაცისთვის იგი სააკაშვილის ,,პირსისხლიანი რეჟიმისთვის' ნიღბის ჩამოხსნასთან ასოცირდება. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი, დამოუკიდებლობის დღეს, სამხედრო აღლუმი აღარც ჩატარებულა, ხელისუფლების დემონსტრაციული პოზიციით, ,,დამარცხებული ჯარის აღლუმს' არ ჩავატარებთო. მოკლედ, გთავაზობთ ხელისუფლებისა და ოპოზიციის საოცდაექვსმაისო გეგმებს და თავად განსაჯეთ, ვინ რამდენად ადეკვატურად აპირებს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ,,ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო ღონისძიებების' სია ასეთია: ზეიმი 12:00 საათზე თეატრალიზებული მსვლელობით დაიწყება; 13:00 საათზე ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ, რუსთაველზე ავიაშოუ გაიმართება და საღამოს 20:00 საათამდე სახელმწიფო უწყებები თავიანთ კუთხეებს მოაწყობენ. ყველაზე ორიგინალური მაინც ხელოვნური დათოვლიანების იდეაა, სადაც საგუნდაო და საციგურაო ადგილები იქნება გამოყოფილი. სადმე, ერთ მოკრძალებულ კუთხეში, სამხედრო ტექნიკასაც გამოფენენ, 20:00 საათზე კი პარლამენტის წინ გალაკონცერტი გაიმართება, რომელიც დიდი ფოიერვერკით დასრულდება. ყველაზე დიდი რეზონანსი, მათ შორის, პოლიტიკურ ძალებშიც, რა თქმა უნდა, გაზაფხულის მიწურულს, რუსთაველზე სრიალისა და გუნდაობის იდეამ გამოიწვია და ლეიბორისტ გიორგი გუგავას ბიძინა ივანიშვილის ლეგენდარული პინგვინი გაახსენა. თუმცა 26 მაისთან დაკავშირებით არაფერს აპირებენ და სხვისი გეგმების შესახებაც ჩვენგან გაიგეს: ,,ერთი ის ვიცი დანამდვილებით, რომ ბიძინა ივანიშვილის არქტიკულ პინგვინს საციგურაო მოედანს უწყობენ. რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციებს, ინფორმაცია არ მაქვს და იმედია, ორგანიზატორები შეგვატყობინებენ, რას აპირებენ და რისკენაა მიმართული მათი აქციები. ჩვენ, 26 მაისთან დაკავშირებით, არავითარ აქციას არ ვმართავთ, საკუთარი დღის წესრიგითა და სოციალური საკითხებით ვართ დაკავებული. სწორედ ახლა, წყალი გააძვირეს მცხეთაში და აქციას ამ თემაზე ვმართავთ'. სამაგიეროდ, წელს ნინო ბურჯანაძემ გადაწყვიტა გააქტიურება და რამდენიმე პარტიასთან ერთად, 2011 წლის მოვლენების გაპროტესტებას ისევ აპირებს. სხვათა შორის, მისი პარტიისა და სახალხო კრების აქცია, თავის დროზე, სააკაშვილმა იმიტომ დაარბია, რომ ხალხი 25 მაისის ღამეს რუსთაველზე პარლამენტის წინ იყო შეკრებილი და სამხედრო აღლუმის ჩაშლას აპირებდა. მართალია, ახლა სამხედრო აღლუმი არ ტარდება, თუმცა სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი, ამიტომ იმის გარკვევას შევეცადეთ, ტექნიკურად, ზეიმსა და აქციას მრავალტანჯული რუსთაველი ერთად როგორ დაიტევს. ამ თემაზე კომენტარი ,,ქართული დასის' ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ გაგვიკეთა, რომელიც ბურჯანაძის პოლიტიკურ დეჟა ვუ-ს უერთდება: ,,25 მაისს, ღამის 11 საათზე ყველანი შევიკრიბებით რუსთაველზე და ეს აქცია 26 მაისთან იქნება დაკავშირებული. აქციას ნინო ბურჯანაძის ოპოზიციურ კოალიციასთან ერთად ვმართავთ და თუ ამ ღონისძიებას რომელიმე პარტია შეუერთდება, მოხარულები ვიქნებით. ახლა გარკვეული ესაა, ფორმასა და სხვა დეტალებზე მოგვიანებით გეტყვით'. ,,ვერსიასთან' თემა ლეიბორისტებიდან წამოსულმა სოსო შატბერაშვილმა განავრცო, რომლის ,,მემარცხენე ალიანსი' ბურჯანაძეს გასულ 2 არჩევნებზეც მხარს უჭერდა. მისი თქმით, 26 მაისს აქციაზე ხალხი უნდა გააფრთხილონ, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში დაბრუნებას სამოქალაქო არეულობის გზით აპირებს. ,,ჩვენს აქციას 2 დატვირთვა ექნება: 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და მეორე - 26 მაისი სააკაშვილის პირსისხლიანი რეჟიმის ყველაზე საზარელ, ცეცხლისმფრქვეველი გველეშაპის ამოსუნთქვასთან ასოცირდება. ამ აქციას მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა და 4 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. მაპატიონ გარდაცვლილთა სულებმა, მაგრამ მათი გვამები შენობების სახურავებზე შეყარეს და ურცხვად განაცხადეს, რომ მათ დენმა დაარტყა. ყველაზე დიდი ცინიზმი კი მეორე დღეს ვიხილეთ, როცა სააკაშვილმა ახლადსისხლმოწმენდილ ტერიტორიაზე ე.წ. ინტელიგენტებს ჯილდოები გადასცა და ახალგაზრდა გოგონამ ამ სისხლისოხშივარიან ღონისძიებაზე იმღერა კიდეც. აი, ამიტომ ვიკრიბებით 25 მაისს, ღამე, რომ ხალხმა ეს ყველაფერი არ დაივიწყოს. რაც შეეხება ტექნიკურ ნაწილს, კონსტიტუციით, აქციის ჩატარების უფლება ნებისმიერ ადგილასა და დროს გვაქვს, თუ ეს ტრანსპორტის მოძრაობას ხელს არ უშლის. ხოლო თუ უშლის და გზა უნდა გადაიკეტოს, მერიისგან ნებართვა ამ შემთხვევაში უნდა ავიღოთ. 2011 წლის 26 მაისის აქციასაც არ სჭირდებოდა სანქცია, მაგრამ ხელისუფლებამ ის მაინც ბარბაროსულად დაარბია. ამ აქციას ნინო ბურჯანაძის პარტია, ,,ქართული დასი', სახალხო კრების წარმომადგენლები და ჩვენი პარტია დაესწრება. მინდა, მოქალაქეებს მოვუწოდო, გამოვიდნენ ღამის 11 საათზე და გააპროტესტონ ამ მიტინგის სისხლიანი დარბევა და მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს.
ასევე, ძალიან გააქტიურებულია ნაციონალური მოძრაობა, რომელიც არეულობის შედეგად ხელისუფლებაში დაბრუნებას გეგმავს. მათ სახელმწიფო გადატრიალებისა და 2003 წლის გამეორება სურთ, ამიტომ საზოგადოებას მოვუწოდებთ, ფრთხილად და ფხიზლად იყოს. 25 მაისს კი რომ გავალთ ადგილზე, ვითარების მიხედვით გადავწყვეტთ, როგორ და რამდენ ხანს გავაგრძელოთ აქცია'. თუმცა ალბათ, 2015 წლის 26 მაისი ფორმითაც და შედეგებითაც განსხვავებული იქნება, რადგან ბურჯანაძე ,,ოცნების' ოპოზიციონერობით თავს დიდად არ იწუხებს. ამ დღეებში, ოპოზიციის მეორე ნაწილის მხრიდან ხმაურიანი ანონსი ისმოდა _ რაკი რუსთაველზე აღლუმი არ ტარდება, ჩვენ ჩავატარებთ ბიძინა ივანიშვილის სახლთან ,,გადაგდებული და მოტყუებული ხალხის მარშსო'. თუმცა, სავარაუდოდ, რამდენიმე პარტია, მათ შორის, ქრისტიან- დემოკრატები და ,,რეფორმატორები' გეგმას შეცვლიან და ,,სირცხვილის აღლუმს' აღარ ჩაატარებენ. ამის შესახებ გოჩა ჯოჯუა გვესაუბრა, რომლის თქმით, დანარჩენი ოპოზიცია ნინო ბურჯანაძის გეგმებს არ იცნობს: ,,არაფერი რომ არ ჩატარებულიყო, საპროტესტო აქციას ამ შემთხვევაში გავაკეთებდით, მაგრამ თუ ღონისძიებებია დაგეგმილი, ხალხი გამოდის და ზეიმს აპირებენ, შენ შავი ჩაიცვა და ყვირილი დაიწყო, ცოტა არასწორია. პირადად ჩემი აზრია, რომ როცა კონცერტია ქვეყანაში, რამდენიმე მეტრში აქციის გამართვა არცთუ სასიამოვნოა. ამის მომხრე არ ვარ, არ მინდა, ხალხის ნაწილს საზეიმო განწყობა ჩავუშხამო. ისიც საინტერესოა, რას აპირებს ნინო ბურჯანაძე 25-ში, ღამით. აქამდე მას თავშეკავებული პოზიცია ჰქონდა და თუ გააქტიურება დაიწყო, ე.ი. მიმხვდარა, რომ გაჩუმება არაფრისმომცემია. აქამდე მისი გეგმების შესახებ არ ვიცოდით. თუმცა ბურჯანაძეს ეს მომენტი ყოველთვის ჰქონდა - აი, მე აქ დავდგები და მერე ყველა პარტია მოვა, აბა, რას იზამსო. ჩანს, ახლაც ასე იქცევა და როგორ უნდა გავყვე, როცა არ ვიცი, საით მივყავარ და არც ორგანიზატორების რიგში ვარ?! ერთიანი ოპოზიციაც ზუსტად იმიტომ არ არსებობს, რომ ნინო ბურჯანაძეს სურდა, თავად მმართველი ყოფილიყო, ყველა დანარჩენი კი შემსრულებელი. საერთოდაც, ყოველთვის ამ ამბიციების გამო იშლებოდა ოპოზიციური ერთობა'. ყველაზე რადიკალური კი, გეგმებსა და გამოხატვის ფორმებში კვლავ ეროვნული მოძრაობის ერთერთი ლიდერი, ირაკლი წერეთელია, რომელიც აცხადებს, რომ 20 დღეზე მეტია შიმშილობს და კონკრეტულ აქციასაც აანონსებს: ,,ჩემი შიმშილობა ფატალური შედეგითაც რომ დასრულდეს, ამით ქვეყანა არ დაიქცევა. ჩემს ვიდეომიმართვებს ხალხი სოლიდარობას უცხადებს, ამიტომ 26 მაისს, 15:00 საათზე, რუსთაველის ძეგლთან მინიმუმ 50 000 კაცი თუ გამოვა და სერიოზული დემონსტრაცია მოეწყობა, შეიძლება, შიმშილობა შევწყვიტო. 52 დღე იშიმშილა ორმა გამხდარმა ირლანდიელმა, მე კი დათვივით ვარ, ცხიმის იმხელა მარაგი მაქვს, ერთი ზამთარი მეყოფა. თუ 26 მაისს ყველაფერი ისე იქნება, როგორც ვთქვი და გრანდიოზული, ანტისაოკუპაციო, ატლანტიკური, განმათავისუფლებელი დემონსტრაცია ჩატარდება, ვიძლევი პირობას, რომ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ძირფესვიანად შევცვლი'. როგორც გავარკვიეთ, შედარებით მოკრძალებული გეგმები აქვს ნაციონალურ მოძრაობას. შესაძლოა, მათ ლოკალური საზეიმო ღონისძიებები თბილისსა და რეგიონებში ჩაატარონ, უფრო კონკერტულად კი ამის შესახებ, თურმე, ,,უიქენდზე' იმსჯელებენ. მოკლედ, 2015 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ბურჯანაძის პოლიტიკური დეჟა ვუს, სასიკვდილო შიმშილობის, გადადებული ,,სირცხვილის მარშია' და რუსთაველზე გუნდაობის ფონზე ჩაივლის!