ვის სჭირდება ბანკებზე ზედამხედველობა

ვის სჭირდება ბანკებზე ზედამხედველობა

საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტი შესაძლოა საქართველოს ეროვნულ ბანკს ჩამოსცილდეს და დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდეს, თუ პარლამენტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის საკანონმდებლო ინიციატივას მხარს დაუჭერს. ინიციატივის ავტორის განაცხადით, მისი სურვილია პოლიტიკურად ანგაჟირებულ ეროვნული ბანკის ზედამხედველობის დეპარტამენტს პოლიტიკური საპირწონე შეუქმნას. რამდენად მიზანშეწონილია ეს ინიციტივა, თუ ლარის კურსთან მიმართებით არსებულ ფონს გავითვალისწინებთ? 

საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის დაქვემდებარების თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივის სრულყოფილ ტექსტს ჯერჯერობით ეკონომიკური სფეროს ექსპერტები არ იცნობენ. ამ დროისთვის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის ინიციატივა მხოლოდ ზეპირი განცხადებების მიხედვითაა ცნობილი. ხანგრძლივი მცდელობის მიუხედავად, თამაზ მეჭიაურს რადიო თავისუფლება ვერ დაუკავშირდა. ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში საუბრისას კი მან განაცხადა, საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია ზედამხედველობის დეპარტამენტი ეროვნული ბანკის დაქვემდებარებიდან გამოვიდეს, რათა გამოირიცხოს შესაძლებლობა, რომ ეროვნული ვალუტის რყევით ვინმემ ისარგებლოსო. ამასთან, მისი თქმით, ერთმაპოლიტიკურმა ჯგუფმა მეტი იცის ეროვნული ბანკის საქმიანობისთაობაზე, ვიდრე პარლამენტმა, ვის წინაშეც ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკი:

„მე მინდა მოვახდინო - უფრო სწორად, პარლამენტმა მოახდინოს - ეროვნული ბანკის დეპოლიტიზება და ამის ერთადერთი საშუალებაა პოლიტიკური საპირწონე შევუქმნათ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ეროვნული ბანკის საბჭოს. ამ სააგენტოს გამოსვლა მათი უშუალო დაქვემდებარებიდან მინიმუმ გააკეთებს იმას, რომ დღეის შემდეგ მაინც აღარ გაუჩნდებათ ზოგიერთებს ცდუნება ლარის კურსის ასეთი რყევების პერიოდში რაღაც სპეკულაციური მიზნებისთვის გამოიყენონ ეს“.

ეროვნული ბანკი საბანკო ოპარაციებთან დაკავშირებით ისედაც არის პარლამენტის მიმართ ანგარიშვალდებული, ამბობს ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე. მისი თქმით, ლაპარაკი როცა იწყება არა იმაზე, ზოგადად, მაკონტროლებელი სად უნდა იყოს, არამედ როცა ეს საკითხი მიბმულია ლართან დაკავშირებულ სპეკულაციებზე, ჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლებას სურს უფრო მეტად ჩაიხედოს საბანკო სფეროში და გავლენები დაამყაროს მის ხელმძღვანელობაზე, რაც დაუშვეებლია:

„თუ ცალკე გამოყოფენ, ეს იქნება პოლიტიკური ნაბიჯი და, მე ვფიქრობ, ეს არის უნდობლობა ერთი ადამიანის, გიორგი ქადაგიძის მიმართ, რადგან ჩვენ გვესმის პოლიტიკური ბრალდებები, კონსპირაციული თეორიები, თითქოს ძალით აკეთებენ ამას. გიორგი ქადაგიძე, რომელიც 2009 წლიდან არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, მაინც წინა ხელისუფლების კადრად აღიქმება და „ქართული ოცნება“ ცდილობს რაც შეიძლება ნაკლები ბერკეტი დაუტოვოს მას, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ თებერვალში გიორგი ქადაგიძეს ვადა ეწურება, შემდეგ უკვე ახალი ხელისუფლების მიერ შერჩეულ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეიძლება ისევ უკან დაუბრუნონ ეს ფუნქციები“.

ორგანიზაცია „მომავლის ინიციატივების“ ხელმძღვანელის ლევან ალაფიშვილის თქმით, პარლამენტი ისედაც აკონტროლებს ეროვნულ ბანკს და, შესაბამისად, მის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა დეპარტამენტს, თუმცა დღეს ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობის გარანტიას იძლევა მისი ფინანსური დამოუკიდებლობა. საკანონმდებლო ცვლილების შემთხვევაში კი, პოლიტიკურ ორგანოებს მიეცემათ საშუალება საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გამოყოფილ უწყებას თავისი შეხედულებისამებრ დაუდგინონ ბიუჯეტი, რათა ლოილობა მოიპოვინ ან არ მოიპოვონ. ლევან ალაფიშვილისთვის ეს გადაწყვეტილება ნაჩქარევია და მიღებულია პოლიტიკური მიზნით. ეროვნული ბანკი, ამბობს ის, გარდა ინფლაციისკონტროლისა, უზუნველყოფს ასევე საფინანსო სისტემის სტაბილურობას, რაც შეიძლება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს:

„მაკონტროლებელ ორგანოს აქვს კანონისმიერი საშუალება შეაჩეროს ან გააუქმოს მის კონტროლქვეშ მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება. ეს ნიშნავს პირდაპირ ჩარევას საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობაში და ამის უფლებას მოიპოვებს სხვა. დღეს ამის უფლება საბანკო სისტემასთან მიმართებაში არავის არ აქვს და ეს არის კონსტიტუციური, კანონით გათვალისწინებული გარანტია და ხვალ ამის საშუალება გაუჩნდება სხვას“.

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, თუმცა საქართველოს უახლოეს წარსულში იყო დრო, როცა საბანკო ზედამხედველობის სააგენტო არ წარმოადგენდა ეროვნული ბანკის ნაწილს, მაგრამ ამჯერად, რამდენადაც მისთვის ცნობილია, საუბარია დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნაზე, რომელსაც ისევ ეროვნული ბანკი გაუწევს ზედამხედველობას.

ექსპერტთა შეფასებით, სხვადასხვა საფინანსო ინტიტუტისა და, მათ შორის, იმ უცხოელი ინვესტორებისთვის, რომელთაც საქართველოს ბანკებში აქვთ ფულადი მიმოქცევა, ეს შესაძლოა უსიამოვნო სიგნალი იყოს. მათივე განცხადებით, ინიციატივის თაობაზე საბანკო სექტორთან კონსულტაციები გავლილი არ არის.